დედამიწის მდინარეების 80% ჟანგბადს კარგავს — ახალი კვლევა
ფოტო: Getty
მსოფლიოს მასშტაბით მდინარეების თითქმის 80%-ში ჟანგბადის დონე დაეცა. ამაზე 1985-2023 წლებში შეგროვებული მონაცემები მეტყველებს. საშუალოდ ეს მდინარეები წლიურად თითო ლიტრზე 0,045 მილიგრამ ჟანგბადს კარგავს.
მკვლევრებმა 3,4 მილიონი სატელიტური გამოსახულება შეაგროვეს, რომლებსაც ბოლო 4 ათწლეულია იღებენ.
თუ ყველაფერი ამ ტემპით გაგრძელდა, საუკუნის ბოლოს სამხრეთ ამერიკის, ინდოეთის, არქტიკისა და აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილის მდინარეები გახსნილი ჟანგბადის 10%-ს დაკარგავს.
ყველაზე მკვეთრი ცვლილება ტროპიკულ მდინარეებში შეინიშნება, მაგალითად, განგსა და ამაზონში. კონკრეტულად განგი ჟანგბადს 20-ჯერ უფრო სწრაფად კარგავს, ვიდრე მსოფლიოს საშუალოსტატისტიკური მდინარე.
ტროპიკულ მდინარეებში წყალი უკვე თბილია, ამიტომ გახსნილი ჟანგბადის დონე მათში უკვე დაბალი იყო. ეს ნიშნავს, რომ ასეთი მდინარეები უკვე ახლოსაა ჰიპოქსიასთან (როცა ჟანგბადი იმდენად მცირე რაოდენობითაა, რომ სიცოცხლის უმეტესი ფორმა იქ ვეღარ ძლებს).
მდინარეების მიერ ჟანგბადის დაკარგვას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, თუმცა, ყველაზე მეტად, კლიმატის ცვლილება. ამის გამო ჟანგბადის ხსნადობა (გახსნილი ჟანგბადის შენარჩუნების უნარი) მცირდება. ჟანგბადის ხსნადობის შემცირება გლობალურად მდინარეებიდან ჟანგბადის გაქრობის 63%-ზეა პასუხისმგებელი.
ჟანგბადის ხსნადობის ცვლილებას მეტწილად, სავარაუდოდ, წყლის ტემპერატურა განაპირობებს. შედარებით თბილ წყალში ნაკლები გახსნილი ჟანგბადია, რადგან ჟანგბადისა და წყლის მოლეკულები სითბოდან მეტ ენერგიას იღებს.
გახსნილი ჟანგბადი ძალიან განსხვავდება ჟანგბადის იმ ატომებისგან, რომელთა წყალბადის ატომებთან ბმაც წყალს წარმოქმნის. მდინარეების ბინადრებს "სასუნთქად" სწორედ გახსნილი ჟანგბადი სჭირდებათ.
მეორე მხრივ, ის ბმები, რომლებიც ჟანგბადს წყალში გახსნილად ინარჩუნებს, სუსტია. ტემპერატურის ოდნავ ცვლილებაც კი საკმარისია, რომ ეს ბმები გაიხლიჩოს, რის შედეგადაც ჟანგბადი იკარგება.
წყლის თითოეულ ბინადარს სასიცოცხლოდ სხვადასხვა რაოდენობის ჟანგბადი სჭირდება. ამის მიუხედავად, მდინარის წყალში თითო ლიტრზე 0,1-მილიგრამიანი ცვლილებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ მდინარის ეკოსისტემებს სერიოზული ზიანი მიადგეს.
სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება, თუ მდინარეები გახსნილი ჟანგბადის დამატებით 4-5%-ს დაკარგავს. ეს იმ რაოდენობას შეესაბამება, რომელიც მომდევნო 70 წლის განმავლობაში დაიკარგება, თუ კაცობრიობა წიაღისეული საწვავის მოხმარებას არ შეამცირებს.
ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.
კომენტარები