ჯაშუში მტრედები და მეომარი დელფინები — როგორ იყენებდნენ ცხოველებს სამხედრო მიზნებისთვის
ისტორიის ფურცლებზე მრავლადაა შემორჩენილი ამბები ცხოველების შესახებ, რომლებიც მნიშვნელოვანი სამხედრო მოქმედებების დროს ადამიანებს ეხმარებოდნენ. ერთი შეხედვით, ეს ამბები გულისამაჩუყებელია და გაოცებას იწვევს ის, თუ რაოდენ გონიერები შეიძლება იყვნენ ცხოველები. თუმცა პოლონელმა ხელოვანმა ამ პრაქტიკის ბნელი, აქამდე დაფარული მხარის ჩვენება გადაწყვიტა და ცხოველთა გმირობით შენიღბული, ადამიანის არაჰუმანური განზრახვები გაამხილა.
ნატურალისტი მწერალი, ესტერ ვულფსონი თავის წიგნში, სინათლესა და ქარიშხალს შორის, წერს, რომ ადამიანთა მცდელობა, შეიმეცნონ სხვა სახეობების ინტელექტი, წარუმატებლობისთვისაა განწირული, რადგან "ჩვენ გვინდა, მათი ინტელექტი ადამიანურის ანალოგიური იყოს". როცა ცხოველებს ვაკვირდებით, მათ თვისებებსა და ქმედებებში რაიმე ადამიანურის ამოცნობას ვცილობთ. ამის გამო ვულფსონი სხვა სახეობების შემეცნებითი შესაძლებლობების გაგების მცდელობას დაუსრულებელ და ამოუხსნელ ამოცანას უწოდებს.
ამ ამოცანასთან გამკლავება სცადა პოლონელმა ფოტოგრაფმა, მარტა ბოგდანსკამ, როცა თავის წიგნზე, ჩამნაცვლებლები, დაიწყო მუშაობა. 750-გვერდიან ნაშრომში ისტორიულ ფაქტებთან ერთად წარმოდგენილია ფოტოგრაფიული მასალა. ამ კადრების მეშვეობით გამორჩეული გამომსახველობითაა აღწერილი, როგორ იყენებდნენ ცხოველებს სამხედრო საიდუმლო სამსახურები, წითელი ჯვარი და პოლიცია ისეთი დავალებებისა და მისიების შესრულების დროს, რომლებიც ადამიანებისთვის ზედმეტად სახიფათო, რთული ან მოუხერხებელი იყო. წიგნის ავტორი ასევე გამოთქვამს ვარაუდს, რომ ცხოველებს, რომლებსაც ჩვენი მიზნებისთვის ვიყენებთ, აქვთ საკუთარი მოტივაცია და შემეცნების ისეთი უნარი, რომელსაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადამიანები ჯერ ვერ ჩავწდომივართ.
მარტა აღნიშნავს, რომ მონებისა და ქალების ჩაგვრის მერე, ცხოველების შრომითი ექსპლუატაცია უკანასკნელი ხელშეუხებელი სივრცეა. "ამ წიგნით შევძელი, პრობლემის სიმძიმის ჩვენების მატერიალური გზა მომეძებნა", — ამბობს ავტორი, — "მინდოდა მეჩვენებინა, მცირე დროის განმავლობაში რამდენი ისტორიული ფაქტის მოძიება შევძელით იმის დასამტკიცებლად, თუ რამდენად სასტიკი მეთოდებით ამუშავებდნენ ადამიანები ცხოველებს. მსურდა, მათი ტანჯვა და ყველა ის ემოცია, რასაც ამ დროს განიცდიდნენ, აღქმადი და ხელშესახები გამეხადა".
ამ პროექტის წამოწყების იდეა ბოგდანსკას ფრანგი ისტორიკოსის — როგორც თავად უწოდებს, "ცხოველთა სამყაროს გურუს" — ერიკ ბარათეის ფილოსოფიის გაცნობის შემდეგ გაუჩნდა. ბარათეიმ საზოგადოებას ისტორიის ცხოველების პერსპექტივიდან გადააზრება შესთავაზა. "ამ იდეამ ძალიან დამაინტერესა", — იხსენებს მარტა, — "რა თქმა უნდა, ამგვარი მიდგომა ზედმეტად ამბიციურია, რადგან ჩვენ, ადამიანებს, არ შეგვიძლია, სრულად უარვყოთ ანთროპოცენტრული პერსპექტივა, მაგრამ ჩავთვალე, რომ ცდად ნამდვილად ღირდა".
ფოტო: Marta Bogdanska
ფოტო: Marta Bogdanska
უშუალოდ სამხედრო თემით ბოგდანსკა პირველად იმ რამდენიმე სტატიის გაცნობის შემდეგ დაინტერესდა, რომელიც ცხოველების ჯაშუშებად გამოყენებას ეხებოდა. მისი ყურადღება მედიის მიერ საკითხის წარმოჩენის მეთოდმა მიიქცია. თავდაპირველად სტატიები ქვეყნდებოდა ისეთი ქვეყნების ადგილობრივ გაზეთებში, როგორებიცაა ეგვიპტე და ინდოეთი, შემდეგ კი ამ სტატიებს ბეჭდავდნენ BBC, LA Times და მსგავსი გამოცემები. ამ ახალ კონტექსტში ცხოველების ჯაშუშებად გამოყენების იდეა გამასხარავებული იყო და აქცენტი კეთდებოდა უფრო მსუბუქ შემთხვევებზე, როცა მათ სათვალთვალო მოწყობილობებს სამეცნიერო და გარემოსდაცვითი კვლევებისთვის უმაგრებდნენ. მაგრამ საკითხში ჩაღრმავების მერე ბოგდანსკამ აღმოაჩინა, რომ დასავლური მედიის დამცინავი ტონი უსაფუძვლო იყო და ცხოველების სამხედრო მიზნებით გამოყენების ხანგრძლივ ისტორიას უბრალოდ უგულებელყოფდა.
ფოტო: Marta Bogdanska
წიგნი იწყება სტატიების განხილვით, სადაც ნახსენებია ცხოველთა სამხედრო ექსპლუატაციის რამდენიმე ისეთი ფაქტი, როგორიცაა პაკისტანში მტრედის ჯაშუშად გამოყენება და ისრაელში მკვლელად ქცეული დელფინი. ამის შემდეგ ტექსტში ცხოველების გამოყენების კიდევ უფრო წარმოუდგენელი მიზნები იკვეთება. ეს ყოველივე ფარდას ხდის ადამიანის გამომგონებლობის უნარს, როცა საქმე ცხოველების ქცევებისა და შესაძლებლობების თავის სასიკეთოდ გამოყენებას ეხება. ამის შედეგია ყველა ის ისტორიული ფაქტი, რომელსაც მარტამ წიგნში მოუყარა თავი — დაწყებული ცხენებისა და სპილოების სამხედრო ტვირთმზიდებად გამოყენებიდან, დასრულებული მტრედების საჰაერო სადაზვერვო ფოტოგრაფობამდე. გარდა ამისა, CIA დელფინებს განაღმვითი სამუშაოებისთვის წვრთნიდა და მისიების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იყენებდა.
ფოტო: Marta Bogdanska
წიგნის 14 თავი ცალკეული ცხოველის ბიოგრაფიის გარშემოა აგებული. ერთ-ერთი ისტორია, რომელიც პოლონეთში საკმაოდ ცნობილია, მოგვითხრობს დათვის ობოლი ბელის, ვოიტეკის შესახებ, რომელიც პოლონურმა არმიამ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში შეიფარა. თავდაპირველად ვოიტეკი არმიის თილისმა იყო. ადამიანების გარემოცვაში გაზრდილი ბელი ჯარისკაცებთან ერთად სვამდა ლუდს და ეწეოდა სიგარეტს. თუმცა არმიის მკაცრი წესები საბრძოლო ზონაში შინაური ცხოველის ყოლას კრძალავდა, ამიტომ ვოიტეკი ჯარისკაცთა რიგებში ჩაწერეს. მაგრამ ეს ფაქტი არ ყოფილა უბრალო ფორმალობა. ვოიტეკს, რომელიც 200 კილოგრამს იწონიდა, თავისუფლად შეეძლო ადამიანზე სწრაფად ეზიდა იარაღი და სხვა საბრძოლო მასალა.
ფოტო: Marta Bogdanska
პენსიაზე გასვლის შემდეგ ვოიტეკმა დარჩენილი სიცოცხლე ედინბურგის ზოოპარკში გაატარა. უამრავი ადამიანი ღიმილიანი სახით პოზირებდა კამერის წინ ვოიტეკთან ერთად, მაგრამ რთულია ამ ფოტოებში მის გამომეტყველებაზეც ანალოგიური მხიარულების ამოკითხვა. ადამიანების სახეზე სიამაყით ათამაშებულ ღიმილთან წარმოუდგენელ კონტრასტს ქმნის ვოიტეკის ყელზე მომჯდარი ჯაჭვი, რომელიც მას აშკარად იძულებით აკავებს ადგილზე და გვაფიქრებინებს, რომ თავისუფლების შემთხვევაში მისი ქმედებები, შესაძლოა, აბსოლუტურად განსხვავებული ყოფილიყო იმისგან, რასაც კამერის ობიექტივი ასახავდა.
წიგნში ნახსენები სხვა ბევრი ცხოველის მსგავსად, ვოიტეკის როლიც ადამიანების საჭიროებების მიხედვით იცვლებოდა. ველური მტაცებლიდან ის ჯერ შინაურ ცხოველად, შემდეგ ჯარისკაცად, ბოლოს კი ზოოპარკის სანახაობად აქციეს. ჩამნაცლებლებში წარმოდგენილი ფოტოები ასევე ააშაკარავებს იმას, თუ როგორი მრავალფეროვანი შეიძლება იყოს ადამიანთა ემოციები ცხოველების მიმართ. ჩვენ შეიძლება გაგვეცინოს ვიკინგი მებრძოლების სამოსში გამოწყობილი კატის დანახვისას, შეგვეშინდეს საბრძოლოდ გაწვრთნილი ძაღლის ან საოცარი მზრუნველობის გრძნობა გაგვიჩინოს ჯარისკაცის ხელისგულზე შემომჯდარი პატარა ლეკვის დანახვამ.
ფოტო: Marta Bogdanska
ფოტო: Marta Bogdanksa
ფოტოების უმრავლესობა ჯარისკაცებსა და ცხოველებს შორის მოსიყვარულე ურთიერთობას ასახავს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ეს უკანასკნელები ფიზიკური ჯაფის გარდა ემოციურ სამუშაოსაც ასრულებდნენ. ჩნდება განცდა, რომ ომის ექსტრემალურ გარემოში, სადაც მებრძოლებს მეტოქეების ფიზიკური განადგურება ევალებოდათ, ცხოველებთან სიახლოვით ისინი ჰუმანურობის შენარჩუნებას ცდილობენ. როგორც ბოგდანსკა აღნიშნავს, ამგვარი კონტრასტული ქცევა შემაშფოთებელია, რადგან "მეომრები ზოგჯერ ძალიან დიდ დროს ატარებდნენ ცხოველებთან და ზრუნავდნენ მათზე, მაგრამ ამის შემდეგ მაინც შეეძლოთ, სისასტიკით მოეკლათ ერთმანეთი". ამასთან, ჯარისკაცების ერთგულება ცხოველებისადმი არ იყო მუდმივი და წიგნის ავტორი ბოლო თავში, სახელწოდებით, "მკვდარი სხეულები", ისტორიის ამ ნაწილის ჩვენებასაც არ ერიდება. ახლო კავშირების მიუხედავად, მეომრები ცხოველებს მაინც "კლავდნენ, ექცეოდნენ როგორც უსულო საგნებს და ჭამდნენ კიდეც", — ამბობს ავტორი.
ფოტო: Marta Bogdanska
ფოტო: Marta Bogdanska
ბოგდანსკას მიერ გამოყენებული ერთ-ერთი წყარო CIA-ის გასაიდუმლოებული მასალები იყო, რომლებიც 2019 წელს გასაჯაროვდა. დოკუმენტები ეხება ცხოველებზე 1950-1970 წლებში ჩატარებული ექსპერიმენტების პროექტს, რომელსაც თვალშისაცემად შეცდომაში შემყვანი სახელი — "პარტნიორი ცხოველები" ერქვა. აღმოჩენილი მასალები შეიცავდა ინფორმაციას ცხოველთა გამოყენების კიდევ უფრო სასტიკი მცდელობების შესახებ. მაგალითად, მათში დეტალურადაა აღწერილი მოწყობილობები, რომელთა ძაღლების ტვინში ჩამონტაჟების შემდეგ ცხოველთა მოქმედებების შორი მანძილიდან გაკონტროლება იქნებოდა შესაძლებელი.
ფოტო: Marta Bogdanska
აღნიშნული დოკუმენტების გარეშე, შესაძლოა, ბოგდანსკას ვერ მოეძებნა კვლევისთვის საჭირო დასკვნითი მასალა, რაც თავისთავად დიდი გამოწვევა იყო, რადგან ცხოველთა მსგავსი მიზნებისთვის გამოყენება და ჩაგვრა დღემდე გრძელდება. მაგალითად, ცოტა ხნის წინ კუნო, სამხედრო ძაღლი, ცხოველთა გმირობისთვის განკუთვნილი მედლით, PDSA Dickin Medal, დაჯილდოვდა ავღანეთში ალ-ქაიდას წინააღმდეგ ბრძოლის დროს ბრიტანელი მებრძოლების სიცოცხლის გადარჩენისთვის. ამ სიმამაცემ კუნოს უკანა ფეხები დაუზიანა და თათი დააკარგვინა.
სამხედრო ცხოველების გმირებად შერაცხვა ადამიანების დანაშაულის გრძნობის გამოვლინება უფროა, ვიდრე ცხოველების დაფასება, რადგან ჯილდო ცხოველებს გადაეცემათ თავგანწირვისთვის, რაც მათთვის, დიდი ალბათობით, სრულიად უცხო ცნებაა. ბოგდანსკას მიზანი იყო, არ წარმოეჩინა ცხოველები გმირებად და, საუკეთსო შეთხვევაში, დაპირისპირებოდა კიდეც მსგავს აღქმას: "გმირის კულტი ძალიან მნიშვნელოვანია სამხედრო ნარატივისთვის, რომლის გამეორებაც ნამდვილად არ მსურდა. ვფიქრობ, ეს ცხოველები ბევრად უფრო ბედნიერები იქნებოდნენ, თუ მათ მედლებისა და ძეგლების ნაცვლად თავისუფლად ცხოვრების საშუალებას მისცემდნენ".
ფოტო: Marta Bogdanska
ფოტო: Marta Bogdanksa
ბოგდანსკას მიზანი არაა დიდაქტიკური ტონის გამოყენება, მაგრამ ის იმედოვნებს, რომ ჩამნაცვლებლები მკითხველს უბიძგებს, გადაიაზროს ცხოველებისა და ადამიანების ურთიერთობის ფორმები. როგორც თავად აღნიშნავს, ცხოველთა უფლებების დამცველთა მოძრაობისთვის ცხოველების ჩვენგან დამოუკიდებელ არსებებად აღქმა ცენტრალური მნიშვნელობისაა: "ამ გზით ჩვენ იმის შესაძლებლობაზე ვიწყებთ ფიქრს, რომ მათ სუბიექტური მოქმედებების, თვითგანზრახულობის და მიზანმიმართულობის უნარი აქვთ. შესაძლოა, ისინი რაღაც სრულიად განსხვავებულს აკეთებენ, რის შესახებაც ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს. შესაძლოა, ისინი გარკვეული კუთხით თავადაც გვიყენებენ".
კვლევის განმავლობაში ბოგდანსკამ მხოლოდ ერთ მაგალითს მიაკვლია, როდესაც ცხოველებმა ერთმნიშვნელოვნად თქვეს უარი ადამიანებთან თანამშრომლობაზე. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში შვედები და რუსები ცდილობდნენ, ლოსები სამხედრო მოქმედებებისთვის გაეწვრთნათ. "როგორც აღმოჩნდა, ლოსები სულაც არ იყვნენ ამ იდეით აღფრთოვანებულები და წვრთნას არ დამორჩილდნენ", — განმარტავს მარტა, — "შედეგად, ამ სახეობის სამხედრო მიზნით გამოყენების გეგმა ჩაიშალა. ლოსებისთვის ეს დიდი გამარჯვება იყო, რადგან ადამიანები მათ შეეშვნენ და ამის შედეგად, ალბათ უკეთესად ცხოვრების შესაძლებლობაც მიეცათ".
ჩამნაცვლებლებში აღწერილი ცხოველები მისიების შესრულებისას ნამდვილად ავლენენ საოცარ გონიერებასა და გამჭრიახობას, მაგრამ, როგორც ჩანს, ლოსებმა თანამშრომლობაზე უარის თქმით ყველაზე დიდი ინტელექტი გამოამჟღავნეს.
კომენტარები