ცნობილი წიგნების ადრეული ხელნაწერები, რომლებიც საოცარ საიდუმლოებებს ინახავენ
რა ირკვევა ისეთი მწერლების კლასიკური ლიტერატურული ნამუშევრების ადრეული ესკიზებიდან, როგორებიც ოსკარ უაილდი, ვირჯინია ვულფი, სკოტ ფიცჯერალდი, მარსელ პრუსტი არიან? — ამ საკითხს მწერალი და ჟურნალისტი, ჰეფზიბა ანდერსონი იკვლევს.
შემოქმედებით პროცესში პროკრასტინაციის ეტაპზე მყოფმა მწერლებმა მარსელ პრუსტის ყველაზე ცნობილი ნამუშევრის, დაკარგული დროის ძიებაში, პირველი ხელნაწერის გვერდებს უნდა გადახედონ. მრავალჯერ გადახაზული წინადადებებით, ათასნაირი კომენტარით, ნაჯღაბნებითა და პატარა ჩანახატებით გადავსებულ იმ ფურცლებზე მეტად, რომლებზეც პრუსტმა თავისი შვიდტომეული დაწერა, ვერაფერი ცხადყოფს შემოქმედებითი წერის სწავლებისას გამოყენებულ მაქსიმას — "წერა იგივე გადაწერაა".
მართალია, გაუფერულებული მელნით გადაჭრელებული გაცვეთილი ფურცლებით სავსე რვეული, ერთი შეხედვით, უბადრუკი ნივთის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ, ამავდროულად, მასში სიმტკიცე და ლამის აგრესიული მიზანმიმართულება იკვეთება. ეს ლიტერატურული ნაშრომის შექმნისთვის საჭირო შავი სამუშაოს მანიფესტია; მასში ჯერ არაფერია არც წმინდა და არც ხელშეუხებელი. მიუხედავად იმისა, რომ პრუსტი ეჭვქვეშ აყენებდა საკუთარ შესაძლებლობებსა და ხელოვნების თავის მიერ არჩეულ დარგსაც, ის მაინც აგრძელებდა შრომატევად საქმიანობას, რომელსაც, საბოლოოდ, მთელი ცხოვრება მიუძღვნა. რაც შეეხება პრუსტისეულ ცნობილ მეტაფორას — მოგონებების აღმძვრელ ნამცხვარ მადლენს — ის თავდაპირველ ვერსიაში ფინჯან ჩაისთან მიტანებულ გახუხულ პურად იყო წარმოდგენილი.
ცნობილი ლიტერატურული ნაშრომების პირველი ესკიზების ნახვა გასაოცარი შეგრძნებების მომგვრელია: ეს ხომ რაღაც ძალიან ინტიმურსა და პირადულზე დაკვირვების ტოლფასია. ესეც რომ არ იყოს, ჯერ მარტო იმის ცოდნა რად ღირს, რომ იმ ფურცლებს, რომლებსაც დასცქერი, შენამდე ლეგენდარული ავტორის ხელი ეხებოდა. ამ ყველაფრის გარდა, ესკიზებისგან ბევრი რამ ირკვევა მწერლის თავდაპირველ ზრხავებსა და, ზოგადად, მუშაობის ტექნიკებზე — ზოგჯერ გადახაზული და ჩანაცვლებული სიტყვების საშუალებით ყველაზე კარგად ცხადდება ის, რისი გადმოცემაც ავტორს სურდა. ზოგან კი ამ გზით აღმოჩენილი დამაბნეველი სხვაობები, შესაძლოა, რიგი ინტეპრეტაციების შექმნის საწინდარი გახდეს და მკითხველს ყველაზე კარგად გააზრებულ ტექსტებშიც კი ახალი ხედვის მიგნებისკენ უბიძგოს.
როგორც წესი, საბოლოო ვერსიასთან შედარებით, ესკიზებში დასაწყისები და დასასრულები განსხვავებულია და საყვარელ პერსონაჟებსაც სულ სხვა სახელები აქვთ ხოლმე შერჩეული. მაგალითად: ქარწაღებულნის მთავარ გმირს, სკარლეტ ო’ჰარას, წესით, პენზი უნდა რქმეოდა; არტურ კონან დოილის საკულტო გამომძიებელი შერინფორდ ჰოუფის სახელით უნდა გაცნობოდა მკითხველს, ხოლო დიდ გეტსბიში დეიზისა და ნიკს თავიდან ადა და დადი ერქვათ.
ერთი შეხედვით პატარა ცვლილებები დიდ სხვაობებს ქმნიან — ავტორებმა, შესაძლოა, ტექსტის სიუჟეტი წერის პროცესშივე რადიკალურად გადაიაზრონ. მაგალითად, როცა ვირჯინია ვულფი მისის დოლოვეის წერდა, მისი თავდაპირველი ჩანაფიქრი ისეთი რომანის შექმნა იყო, რომლის მთავარი პერსონაჟიც, — ვინც, ამასთან, მწერლის სადებიუტო წიგნის, მოგზაურობა გარეთ, ერთ-ერთი გმირიც იყო, — ფინალში თვითმკვლელობით დაასრულებდა სიცოცხლეს. თუმცა მისის დოლოვეის საბოლოო ვერსიაში პროტაგონისტის ნაცვლად სეპტიმუს სმიტი — პირველი მსოფლიო ომისგან ტრავმირებული ვეტერანი, იკლავს თავს. რომანის პირველ ესკიზებში კარგად ჩანს, როგორ განავითარა ავტორმა სეპტიმუს სმიტის გმირი ისე, რომ ამგვარი აღსასრული ლოგიკური გახდა.
ამის გარდა, ცნობილია, რომ რომანის სათაურის სხვა ვერსიაც არსებობდა, კერძოდ — საათები. მოგვიანებით მწერალმა მაიკლ კანინგემმა ეს სახელი ისესხა და დაარქვა თავის წიგნს, რომელშიც ის ვირჯინია ვულფის ნაშრომებსა და ცხოვრებას იკვლევს.
ვულფის ხელნაწერებში გრაფოფილებისთვის განსაკუთრებით ამაღელვებელი დეტალი ისაა, რომ მწერალი, ძირითად, ტექსტს იასამნისფერი მელნით წერდა, ხოლო ლურჯით ფურცლის გვერდზე მინდორის ხაზს ავლებდა და მას არა მხოლოდ კომენტარების ჩასართავად, არამედ სიტყვების რაოდენობის აღსანიშნადაც იყენებდა.
ვირჯინია ვულფის ესკიზების რვეულებში დღიურის ტიპის მინაწერებიც მოიძებნება: "ერთი მშვენიერი იდეა დამებადა: დავწერ ყველაფერს, რაც მსურს" — ეს განცხადება დიდ კონტრასტს ქმნის მისთვის ჩვეულ თვითკრიტიკულობასა და მუდმივ ეჭვებთან, რომლებიც ვულფს ყოველთვის აწუხებდა. ამ ფრაზის დაწერის დღესვე მწერალმა რვეულის მეასე გვერდი შეავსო: "ასე მგონია, რომ ზედმეტად ხისტი, აშკარა და გადაპრანჭული გამომივიდა". ამ შეფასების მიუხედავად, ის მაინც განაგრძობს მუშაობას და ჩასწორებების კეთებას იქამდე, სანამ ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში, 1924 წელს აზრს არ იცვლის: "აი, მეც აქ ვარ — როგორც იქნა, წვეულების სცენას მივაღწიე... ახლა ნამდვილად ვფიქრობ, რომ ეს ჩემი დაწერილი დასასრულებიდან საუკეთესოა". რომანი 1925 წელს გამოქვეყნდა.
მაგიურობა და მნიშვნელობა
კლასიკად ქცეული წიგნი, ფრანკენშტაინი 1818 წელს ანონიმურად გამოიცა, თუმცა რადგან პერსი ბიში შელის წინასიტყვაობა ჰქონდა წამძღვარებული, უამრავმა მკითხველმა ჩათვალა, რომ ავტორი სწორედ ის იყო. 1831 წლის გამოცემაში, რომელსაც უკვე მერი შელის წინასიტყვაობა ჰქონდა დართული, მერიმ აღნიშნა, რომ ხალხი ხშირად ეკითხებოდა, თუ "როგორ მოაფიქრდა ახალგაზრდა გოგოს ასეთი საზარელი სიუჟეტი". წიგნის შემაძრწუნებელი ისტორიის შესაბამისად, მისი შექმნის იდეაც მწერალს მისტიკურ ვითარებაში დაებადა — ჟენევის ტბასთან გატარებული ზაფხულის უმზეო დღეებისა და მშფოთვარე ღამეების წყალობით.
მერი შელიმ ფრანკენშტაინის შექმნა "უნებურად აკვიატებულ წარმოსახვას" მიაწერა. როგორც წიგნის ხელნაწერიდან ირკვევა, ექიმის მიერ შექმნილმა ურჩხულმა იმ ტრაგიკულ, შემზარავ მონსტრად ჩამოყალიბებამდე, როგორადაც ის მკითხველს გაეცნო და მძაფრადაც დაამახსოვრა თავი, დიდი გზა გამოიარა და ამაში მელნით გაკეთებულმა ჩასწორებებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მართლაც, "ქმნილება" — მონსტრის თავდაპირველი აღმწერელი სიტყვა — მოგვიანებით ჩანაცვლებულია "არსებით" და ის, სხვა შესწორებების წყალობით, კიდევ უფრო ადამიანურდება: მაგალითად, "ეშვებს", რომელსაც ვიქტორი თავის ციებცხელებიან ჰალუცინაციაში ხედავს, მის ყელზე მოჭერილი "თითები" ცვლის.
სამწუხაროდ, ხალხის ნაწილს კვლავ არ სჯერა, რომ ახალგაზრდა ქალს ასეთი შემაძრწუნებელი ისტორიის დაწერა შეეძლო. ამიტომ ისევ არსებობს ის მოსაზრება, რომ პერსი ბიში შელი წიგნის თანაავტორი მაინც იყო. ამ თეორიის გასამყარებლად კი ფრანკენშტაინის ესკიზების ფურცლებზე პერსის მინაწერები მოჰყავთ ხოლმე. სინამდვილეში, მას მერის ტექსტების რედაქტორის როლი ჰქონდა შეთავსებული: რადიკალი რომანტიკოსი, პერსი მოსიყვარულე და გულშემატკივარი პარტნიორი იყო. ის ცოლს სიტყვათა მართლწერას უსწორებდა, ხანდახან კი ჩასწორებებისას კომენტარებში ფლირტსაც ურევდა: "ოჰ, შენ მშვენიერო ჩიტუნია". ამავდროულად, მერი მას მოფერებით "ელფს" ეძახდა.
მხატვრული ლიტერატურის ხელოვნებაში დოროთი პარკერი აღნიშნავს: "წიგნს ან მოთხრობას სამჯერ მაინც დავწერდი: ერთხელ გასააზრებლად, მეორეჯერ დასახვეწად და მესამჯერ ისე გარდასაქმნელად, რომ ნაწერმა სათქმელი ზუსტად გადმოსცეს". მაგრამ სამყარო არ არის ისე მოწყობილი, რომ ჩვენი ყველა სათქმელის მიღება შეძლოს — ეს ოსკარ უაილდმა მშვენივრად იცოდა. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი, დორიან გრეის პორტრეტი, თავიდან მოთხრობა იყო და, როგორც ხელნაწერიდან ჩანს, რომანად გარდაქმნის პროცესში ტექსტში ავტორმა ისეთი ცვლილებები შეიტანა, რომ საკუთარი ნაწერის ცენზორად იქცა. მაგალითად, შესწორებულ ვერსიაში ბეზილ ჰოლუორდისა და დორიანის ურთიერთობა შედარებით შერბილებულია — როცა ბეზილი დორიანზე საუბრობს, მისი "სილამაზის" ნაცვლად "კარგ გარეგნობას" ახსენებს და მისი "ვნებაც" უბრალოდ "გრძნობად" გარდაიქმნება.
ამასთან, ხელნაწერის ზოგიერთი პასაჟი მთლიანად გადახაზულია. მათ შორისაა ბეზილის აღიარება, სადაც ამბობს: "როცა მისი [დორიანის] ხელი მიჭირავს, სამყარო ჩემთვის ახალგაზრდავდება". უაილდის რედაქტორმა, ჯეიმს სტოდარტმა, წიგნი კიდევ მეტად გაატარა ცენზურაში, თუმცა, ამის მიუხედავად, 1890 წლის ივლისში რომანის დებიუტს ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. კრიტიკოსებმა ნაწარმოები მიწასთან გაასწორეს: წიგნს "ბინძური" უწოდეს და ის "მორალური და სულიერი ხრწნის უსიამოვნო სუნით ამყრალებულ" ტექსტად შერაცხეს. წიგნის ერთ-ერთმა მაღაზიამ კი საერთოდ უარი განაცხადა დორიან გრეის პორტრეტის გაყიდვაზე.
ესკიზების უბის წიგნაკებისა და ხელნაწერების ორიგინალები უმეტესწილად ბიბლიოთეკებსა და აკადემიურ არქივებში ინახება, სადაც მათზე წვდომა მკაცრად კონტროლდება. თუმცა, ყოველთვის ასე არ ყოფილა. რამდენიმე საუკუნის წინ ასეთი ზედამცველობითი მიდგომა უცნაურად მოეჩვენებოდათ. ამ რელიკვიების გაფეტიშება საფრთხის შემცველიც კი შეიძლება იყოს: ლიტერატურის მაცოცხლებელი თვისება ხომ გვერდებზე გათამაშებული ამბების მკითხველთან დაკავშირებაა — წიგნები, საბოლოოდ, მაინც სწორედ მკითხველს ეკუთვნის.
მართლაც, ძალიან რთულია, ისეთი ხელნაწერების გაცნობის ცდუნებას ვძლიოთ, როგორიც, მაგალითად, ვლადიმერ ნაბოკოვის წიგნის, მოწვევა დასასჯელად, პირველი ესკიზებია, რომელიც გადაჭრელებულია მოკაუჭებული ისრებითა და სხვა სიმბოლოებით. ხელნაწერების წაკითხვა უდავოდ ყველაზე კარგი გზაა ავტორის თავში სამოგზაუროდ. მერილინ რობინსონსის გილეადის პირველი ესკიზებიც მსგავს მძაფრ შთაბეჭდილებას ტოვებს.
რობინსონი, პოლ ოსტერსა და მარტინ ემისთან ერთად, თანამედროვე ავტორების იმ მცირერიცხოვან ჯგუფს მიეუკუთვნება, რომლებიც ტექსტის კომპიუტერში აკრეფვას ხელით წერას ამჯობინებენ. პოეტმა ფილიპ ლარკინმა ჟურნალ Paris Review-სთან საუბრისას თქვა, რომ ლიტერატურულ ესკიზებს "მაგიური" და "მრავალმნიშვნელოვანი" ღირებულება აქვთ. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში მწერლის კალიგრაფიაც კი მრავლისმეტყველია. იქნება ეს კაფკას გაკრული სტილით ნაწერი სიტყვები, რომლებსაც ავტორის ექსცენტრული ენერგია აცოცხლებს თუ ჯორჯ ელიოტის იმ თვითრწმენით გაჯერებული ხელნაწერი, რომელსაც ფურცლების მიღმა იშვიათად გრძნობდა — კალიგრაფია წერის პროცესში მყოფი ავტორის გონების მდგომარეობაზე ისეთ რამეს გვეუბნება, რისი გაცხადებაც ელექტრონულად ნაბეჭდ სიტყვებს არ შეუძლიათ.
ამასთანავე, ხელნაწერების კვლევას პრაქტიკული მიზანიც ახლავს თან. ზოგჯერ სწორედ მათი საშუალებით სწორდება ის ტიპოგრაფიული შეცდომები, რომლებსაც, როგორც წესი, ავტორის ბატიფეხური კალიგრაფია იწვევს ხოლმე. მაგალითისთვის, ერთხელ ჰარვარდის მეცნიერმა ფ. ო. მეთაიესენმა ყურადღება გაამახვილა ჰერმან მელვილის ნაშრომში აღმოჩენილ შეუთავსებელ დეტალზე: ის გულისხმობდა მელვილის მეხუთე წიგნში, თეთრი პიჯაკი, არსებულ ფრაზას — "ზღვის ჭუჭყიანი თევზი". როგორც აღმოჩნდა, ზედსართავ "ჭუჭყიანის" (soiled) ნაცვლად ხელნაწერში "ხვეული" (coiled) ეწერა და ავტორი, უბრალოდ, გველთევზას ახასიათებდა.
თუ მსგავსი ლიტერატურული სიახლეები არასდროს გყოფნის და თან ყოველთვის ეძებ ახალ საკითხავს, შემოგვიერთდი ჯგუფში – რა წავიკითხო?
კომენტარები