რამ წარმოქმნა ცაზე სპირალური ნათება, რომელიც საქართველოდანაც ჩანდა

ფოტო: საბა გლოველი
თბილისის დროით 25 მარტის დადგომისთანავე ევროპის მოსახლეობა უჩვეულო და შთამბეჭდავი სანახაობის მომსწრე გახდა. მათ სპირალური ნათება შენიშნეს, რომელიც ნელ-ნელა ზომაში გაიზარდა, შემდეგ კი გამკრთალდა და გაქრა. ეს დაახლოებით 12 წუთს გაგრძელდა და ყველაზე კარგად ინგლისიდან მოჩანდა.
ამის მიუხედავად, აღნიშნული მოვლენა უკრაინაში, პოლონეთში, უნგრეთში, შვედეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებშიც დააფიქსირეს. კაშკაშა სპირალი ქართველმა ასტროფოტოგრაფიებმაც გადაიღეს, რომლებიც ღამის ცაზე დასაკვირვებლად სწორ დროსა და ადგილას მოხვდნენ.
რა თქმა უნდა, ეს ელვარე სპირალური ნათება არც გალაქტიკაა და არც უცხოპლანეტელთა ხომალდი. მისი ფორმირება ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის რაკეტის გაშვებას უკავშირდება და საკმაოდ გავრცელებული ფენომენია, რომელიც ამგვარ მისიებს მოჰყვება ხოლმე.
საქმე ისაა, რომ კოსმოსში გაშვებული რაკეტა დედამიწის ატმოსფეროში დაბრუნებისას ბრუნავს და მასში არსებულ საწვავს გარეთ გამოყოფს. ეს საწვავი აპარატის ტრიალის გამო სპირალურად იღვრება და როცა სინათლეს ირეკლავს, სწორედ ამ ფორმის ელვარებას წარმოქმნის.

ეს კადრები ლინკოლნშირიდანაა გადაღებული.
ფოტო: Simon Minnican
ამ შემთხვევაში, მსგავსი სანახაობა Falcon 9-მ გამოიწვია, რომელიც ფლორიდაში მდებარე კანავერალის კონცხიდან თბილისის დროით 24 მარტის 21:48 საათზე გაუშვეს. ეს ადგილი 6 400 კილომეტრზე მეტითაა დაშორებული იმ რეგიონიდან, სადაც მოგვიანებით სპირალური ნათება დააფიქსირეს.
რაკეტამ კოსმოსში სადაზვერვო სამსახურის გასაიდუმლოებული ტვირთი გაიტანა. ამის შემდეგ მისი მეორე საფეხური ან ატმოსფეროში იწვება, ან ოკეანეში ვარდება ხოლმე. მანამდე ის საწვავისგან იცლება, რომელიც იყინება და პაწაწინა კრისტალების ღრუბელს ქმნის. როგორც უკვე ვახსენეთ, ეს ნაწილაკები სინათლის სხივებს ირეკლავს, რასაც ხმელეთიდან ვხედავთ.
ვინაიდან Falcon 9-ის მისიები უფრო და უფრო ხშირდება, მოსალოდნელია, რომ მსგავს სანახაობას მომავალში კიდევ ბევრჯერ ვიხილავთ.
კომენტარები