ქართველი ქალები, რომლებმაც კაცების დაწერილ ისტორიაში კვალის დატოვება შეძლეს
"ისტორია კაცების მიერ და კაცებისთვის იწერება, ქალები იკარგებიან", — გვითხრა მწერალმა თამთა მელაშვილმა და On.ge-სთან იმ ქართველ ქალებზე ისაუბრა, რომლებმაც კაცების დაწერილ ისტორიაში კვალის დატოვება შეძლეს.
"ყოველთვის, ყველა პერიოდში იყვნენ ქალები, რომელთაც საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება ჰქონდათ, მაგრამ ამას მასობრივი სახე არ ჰქონია. საჯარო სივრცეში ქალები მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20-ს დასაწყისში "შეიჭრნენ". გამოჩნდნენ მწერალი ქალები, რომლებიც პუბლიკაციებს აქვეყნებდნენ ქალთა საკითხებზე. ერთ-ერთი იყო ბარბარე ჯორჯაძე, რომელიც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან წერდა ფემინისტურ წერილებს. 70-იანი წლებიდან უკვე საგანმანათლებლო მოძრაობა დაიწყო ევროპაშიც და საქართველოშიც. გვყავდა ქალები, რომლებიც განათლების მისაღებად შვეიცარიაში წავიდნენ. მათ ციურიხელ გოგოებს უწოდებენ", — აღნიშნა თამთა მელაშვილმა.
განათლება, მეტწილად, არასრული იყო, რადგან რუსეთის მთავრობის მიერ გამოიცა ბრძანებულება, რომელიც სტუდენტ ქალებს ციურიხის დატოვებასა და უკან დაბრუნებას სთხოვდა. იყო მეორე, სავარაუდო, ფაქტორიც — დაფინანსება. საქართველოდან წასულ სტუდენტს არ შეეძლო წლების განმავლობაში სწავლის საფასურისა და სხვა ხარჯების დაფარვა.
ერთადერთი, ვინც სწავლის დასრულება შეძლო, თბილისის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი, ოლგა სუტიაგინა იყო, რომელმაც ხარისხიც მოიპოვა.
70-იანი წლების ბოლოდან ჩნდება ეკატერინე გაბაშვილი. ის ერთ-ერთი მათგანი იყო, რომელიც ქალების განათლებაზე ზრუნავდა. სკოლა საკუთარ სახლში ჰქონდა გახსნილი და გამორჩეული იყო იმით, რომ იქ განათლების მიღება დაბალი წრის ქალებსაც შეეძლოთ.
მერე ჩნდებიან კატო მიქელაძე, ნინო ტყეშელაშვილი, ბაბილინა ხოსიტაშვილი — სუფრაჟისტი ქალები, რომლებიც უკვე ხმისა და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებისთვის იბრძოდნენ. მათი ნაწილი 1905 წლის რევოლუციურ აქტივიზმში იყო ჩართული. ამ პერიოდში გამოიცა გაზეთი — ხმა ქართველი ქალისა, რომელიც ქუთაისში გამოდიოდა და რომელშიც იბეჭდებოდა წერილები და სტატიები. გარდა ამისა, კატო მიქელაძეს ჰქონდა ქალთა პოლიტიკური კლუბი, სადაც ქალებს პოლიტიკური ცხოვრებისთვის ამზადებდნენ. ქართველი სუფრაჟისტები დიდი იმედებით შეხვდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას და ამის შესახებ სტატიებსაც წერდნენ.
სწორედ ამ პერიოდს მოჰყვა პირველი 5 პარლამენტარი ქალი, რომლებიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს დამფუძნებელთა კრების 130 დეპუტატს შორის იყვნენ არჩეულები — მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე, ქრისტინე შარაშიძე, ანა სოლოღაშვილი და ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე.
"შემდეგ იყო საბჭოთა კავშირის პერიოდი, როცა ითქვა, რომ ყველა თანასწორია, ყველას აქვს უფლება და თემა დაიხურა. თითქმის, 70 წლის განმავლობაში ქალთა მოძრაობა აქტიურად არ გამოჩენილა და არ ყოფილა საუბარი რაიმე ცვლილებებზე ამ მიმართულებით", — აღნიშნა თამთა მელაშვილმა.
საბჭოთა კავშირის დაშლას მოჰყვა ცნობილი 90-იანი წლები საქართველოში, სადაც მთლიანად ქვეყანა იყო სრულ გაუგებრობასა და არაერთი მიმართულებით კრიზისში.
2000-იანი წლებიდან დაიწყო ქალთა მოძრაობა არასამათვრობო ორგანიზაციების დახმარებით.
"ამ ორგანიზაციის ქალები დიდად ფემინისტებად არ იდენტიფიცირდებოდნენ, მაგრამ აკეთებდნენ საქმეს, რომელიც სასარგებლო იყო ქალებისთვის. 2010-იანი წლებიდან იყო უკვე ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი, რომელშიც მეც ვიყავი და ეს იყო პირველი ჯგუფი, სადაც ღიად ვამბობდით, რომ ვიყავით ფემინისტები, გვქონდა გარკვეული მოთხოვნები და გვინდოდა, რაღაცები გვეკეთებინა", — გვიყვება თამთა მელაშვილი.
ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი და სხვა აქტივისტები ითხოვდნენ ფემიციდის, ოჯახში ძალადობის, სექსუალური შევიწროებისა და ქალთა უფლებების სხვა დარღვევების წინააღმდეგ გარკვეული ღონისძიებების გატარებას, პრობლემებზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობასა და ცნობიერების ამაღლებას.
"თავის დროზე ეკატერინე გაბაშვილს, კატო მიქელაძეს რომ არ ებრძოლათ, არ ჰქონოდათ ეს ჟინი, არ გვექნებოდა ის, რაც დღეს გვაქვს. თუნდაც ის, რომ შარვალს ვიცვამთ, ავტომობილს ვმართავთ. კაცები, როგორც პრივილეგირებულები, საერთოდ ვერ იგებენ ზოგიერთ პრობლემას, რადგან მათთვის აქტუალური არ არის. დღევანდელ პოლიტიკას აკლია ქალები. სადაც ძალაუფლება და ფულია, იქ არიან კაცები, პოლიტიკაში კი ეს ორი ყველაზე მეტადაა და ქალს არ უშვებენ", — გვითხრა მელაშვილმა.
თამთას თქმით, ქალები არ არიან მაღალ რგოლებში, მმართველ პოზიციებზე.
On.ge ესაუბრა გენდერის მკვლევარს, მარიამ ჭანჭალეიშვილს. მარიამი იმ ქალებზე მოგვიყვა, რომლებმაც სხვადასხვა დროში სხვადასხვა პროფესია თუ საქმიანობა აირჩიეს, წინააღმდეგობები გადალახეს და ისტორიაში კვალი დატოვეს.
"იულია მლოკოსევიჩი იყო პოლონელი ბიოლოგი, რომელიც ცხოვრობდა ლაგოდეხში. მამა ჰყავდა ბუნებისმეტყველი და თავადაც ამ ხაზს გაჰყვა. სწორედ მისი ბრძოლის დამსახურებაა, რომ ლაგოდეხის ტყის დიდი ნაწილი, როგორც იგეგმებოდა, ყუბანის სამხედრო პოლკს სამხედრო-საწვრთნელი მიზნებისთვის არ გადაეცა და ნაკრძალის წოდება მიეცა", — აღნიშნა მარიამ ჭანჭალეიშვილმა.
მარიამი გვიყვება, რომ იყო მსახიობი ქალი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის. ეს იყო მე-19 საუკუნის ბოლო, როცა ქალისთვის მსახიობობა სრულიად წარმოუდგენელი იყო და საკუთარი პროფესიული გადაწყვეტილების გამო ნათესავების მხრიდან გაკიცხვაც დაიმსახურა, რომლებიც ელისაბედის გადაწყვეტილებას "სცენაზე კუნტრუშს" უწოდებდნენ.
ასევე, იყო ფოტოგრაფი ქალი, ნინო ჯორჯაძე. ჯორჯაძე პირველ მსოფლიო ომში იყო როგორც მედდა, სადაც თან ჰქონდა ფოტოაპარატი და ომის დოკუმენტირებას ახდენდა. ნინო იყო თვითნასწავლი ფოტოგრაფი ქალი, რომელსაც კავკასიის ფრონტის ფოტოგრაფსაც უწოდებენ. იმ პერიოდის ომის ფოტოგრაფებისგან იმით განსხვავდება, რომ ის ამ ომის უშუალო მონაწილე იყო. მის ობიექტივში მოხვდა ბრძოლის შემდგომი სცენები, ომის მონაწილეთა პორტრეტები, საბრძოლო მოქმედებებისას დანგრეული ინფრასტრუქტურა და ლანდშაფტები.
მარიამის მონათხრობით, უკვე მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში იყო ზემფირა იოლჩევა, ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალი, რომელიც გარდაბანში ცხოვრობდა. ზემფირამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უნდა გამხდარიყო ექიმი და გახდა კიდეც. დაამთავრა ბაქოს სამედიცინო ინსტიტუტი, დაბრუნდა საქართველოში და გარდაბანში მუშაობდა ექიმი-ქირურგის პოზიციაზე.
მარიამ ჭანჭალეიშვილის თქმით, ზემფირას შემთხვევა იმითაა გამორჩეული, რომ იმ პერიოდში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ქალი ქირურგები მედიცინაში არ ჰყავდათ, ამიტომ ზემფირას სურვილი და შემდეგ გადაწყვეტილება, გამხდარიყო ქირურგი, ხმამაღალი განაცხადი და გადაწყვეტყილება იყო.
დღეს კანონით, მიუხედავად სქესისა, ყველა თანასწორია, თუმცა, ქალები მაინც უამრავი გამოწვევის წინაშე დგანან — პოლიტიკაში მონაწილეობა, დასაქმება, არათანაბარი ანაზღაურება თუ ძალადობა. იმისთვის, რომ ეს პრობლემები შემცირდეს, საჭიროა, არამხოლოდ კანონმდებლობის დახვეწა, არამედ, მისი აღსრულება, ცნობიერების ამაღლება და ჩართულობა.
კომენტარები