შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, ხაშურში, ცხელ კვალზე ორი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულებმა ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარე ავტოგასამართი სადგური "გალფის" ოპერატორს ცივი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით თანხა გასტაცეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, პოლიციამ ორივე პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღები - ორი დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებულები კი დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.