სექსისტური სიძულვილის ენა და მისი ადრესატები — როგორ ესხმიან თავს ქალ პოლიტიკოსებს
კითხვაზე, თუ რატომ არის საქართველოში ქალების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის ხარისხი მნიშვნელოვნად დაბალი, ბევრჯერ გაგონილ პასუხებს მიიღებთ, მაგალითად, ისეთებს, როგორიცაა — "ქალებს პოლიტიკა ნაკლებად აინტერესებთ", "პოლიტიკა ქალების საქმე არ არის", "პოლიტიკას მეტი გამბედაობა სჭირდება", ან თუნდაც "პოლიტიკის ოჯახურ საქმიანობასთან შეთავსება რთულია". რეალურად, ქალების მხრიდან პოლიტიკაში ნაკლები ჩართულობის მიზეზები ბევრად უფრო ღრმაა და სხვადასხვა სოციალური თუ კულტურული ფაქტორითაა განპირობებული.
წინასაარჩევნო, საარჩევნო და პოსტსაარჩევნო პერიოდში, ანუ მაშინ, როცა პოლიტიკოსების აქტიურობა იზრდება და მათი განცხადებების გაშუქება მედიასა და სოციალურ ქსელში იმატებს, ქალი პოლიტიკოსები უფრო ხშირად ხდებიან დისკრიმინაციული კამპანიების სამიზნეები.
ორგანიზაცია საფარმა მედიაექსპერტების, პოლიტიკოსებისა და გენდერის სპეციალისტების მონაწილეობით ფოკუს ჯგუფები ჩაატარა. ამით ორგანიზაციამ საერთაშორისო გამოცდილებასა და ქართულ პოლიტიკურ რეალობაზე მორგებული სექსისტური სიძულვილის ენის ინდიკატორები ჩამოაყალიბა. ამ ინდიკატორებზე დაყრდნობით და ფეისბუკის ანალიტიკური ხელსაწყოს Crowdtangle-ს გამოყენებით, მედიის განვითარების ფონდმა (MDF) სოციალური მედიის მონიტორინგის მეთოდოლოგია შეიმუშავა და წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.
მონიტორინგის პერიოდში (4 აგვისტოდან 4 ნოემბრის ჩათვლით), სექსისტური სიძულვილის ენის/გენდერული სტერეოტიპიზაციის სულ 213 შემთხვევა გამოვლინდა. გამოვლენილი დარღვევები სამ თემატიკას ეხებოდა: პოლიტიკა, გენდერი და კანონმდებლობა. ყველაზე მეტი დარღვევა — 136 შემთხვევა პოლიტიკის თემაზე გამოვლინდა, რაც მეტწილად წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესს და მასში მონაწილე სუბიექტებს უკავშირდებოდა. ამ თემატიკის ქვეშ გაერთიანდა ის შემთხვევები, რომლებშიც ქალი პოლიტიკოსები სექსისტური სიძულვილის ენის და სტერეოტიპიზაციის სამიზნეები ხდებოდნენ მათი პოლიტიკური კუთვნილების და საქმიანობის გამო. მეორე თემატიკის, გენდერის მიხედვით 75 შემთხვევა იყო, სადაც გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებია გაერთიანებული, რომლის სამიზნეც ქალი პოლიტიკოსები მათი გენდერული იდენტობის გამო გახდნენ.
ქალებს პოლიტიკაში თავს ესხმიან მორალური კრიტერიუმებით, კიცხავენ გენდერული სტერეოტიპებით, დასცინიან და შეურაცხყოფას აყენებენ გარეგნული მახასიათებლისა და გონებრივი შესაძლებლობების ნიშნით, მათ მიმართ იყენებენ სექსისტურ ენას და დამოკიდებულებაში შეინიშნება ეიჯიზმიც. იმაზე, თუ რატომ არის გამახვილებული ყურადღება ქალი პოლიტიკოსების მიმართ განხორციელებულ დისკრედიტაციის კამპანიებზე სოციალურ ქსელებში, On.ge მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, თამარ კინწურაშვილს ესაუბრა. როგორც ის განმარტავს, ხშირად პოლიტიკაში ქალების მიმართ განხორციელებული დისკრედიტაციის კამპანიების მთავარი საფუძველი გენდერული იდენტობაა და არა – პოლიტიკური საქმიანობა.
"მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს დისკრედიტაციის კამპანია, რომელსაც ადგილი აქვს პოლიტიკური საქმიანობის გამო და დისკრედიტაციის კამპანია, რომლის საფუძველი არის გენდერული იდენტობა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ შემთხვევაში მოტივაცია არის პოლიტიკური ოპონირება და არა გენდერული იდენტობა, სექსისტურ ენას ორივე შემთხვევაში მიმართავენ, რაც ქალებს დისკრედიტაციის კამპანიების მიმართ უფრო მოწყვლადებს ხდის. ასეთი ტიპის მონიტორინგი სამომავლოდაც მნიშვნელოვანი იქნება, როგორც პრობლემების იდენტიფიცირების კუთხით, ასევე, ამ პრობლემების დაძლევაზე დისკუსიის ინიცირების მხრივაც, ყველა იმ აქტორის მონაწილეობით, ვინც ამ საკითხებზე მუშაობს", — განაცხადა თამარ კინწურაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ დისკრედიტაციის კამპანიაში სწორედ გენდერულ სტერეოტიპებს იყენებენ, თუმცა თვითონ კამპანიის დაწყების მიზეზი პოლიტიკური საქმიანობა ხდება.
"ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ კამპანია პატრიოტთა ალიანსის რუსული კავშირების შესწავლის მოთხოვნით პროკურატურისთვის მის მიმართვას უკავშირდებოდა. ეს იყო პოლიტიკური პროცესის შემადგენელი, მაგრამ პრობლემაა, როდესაც პოლიტიკური ოპონირების პროცესში ხაზგასმა ოპონენტის "კაცურ თვისებებზე" ხდება და შეურაცხმყოფელი ტერმინები გამოიყენება",— ამბობს თამარ კინწურაშვილი.
ელენე ხოშტარიამ პროკურატურაში განცხადება მას შემდეგ შეიტანა, რაც ცენტრმა დოსიემ პატრიოტთა ალიანსის რუსეთიდან დაფინანსების შესახებ ჟურნალისტური გამოძიება გამოქვეყნა.
სოციალურ ქსელში ელენე ხოშტარიას ახსენებდნენ რუსეთში მიღებულ განათლებას და ამით მას რუსეთისადმი კეთილგაწყობას აწერდნენ, ამის პარალელურად კი, ხოშტარიას შეურაცხყოფას აყენებდნენ მისი "არაქალური" ქცევების გამო.
3 ნოემბერს ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრაზე ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილისა და პარტია სამართლიანობისთვის ლიდერის, ეკა ბესელიას შორის გამართული დიალოგი კიდევ ერთი დიკრედიტაციის კამპანიის მიზეზი გახდა. ამ შეხვედრაზე ბესელიასა და ნათელაშვილს შორის პირადი საუბარი პირდაპირ ეთერში გაშუქდა, სოციალურ ქსელებში კი ის აიტაცეს და მასზე მრავალი ინტერპრეტაციაც გააჟღრეს, მათ შორის ფლირტი.
მსუბუქი იუმორით დაწყებული ტალღა მალე დაცინვის კამპანიაში გადაიზარდა ე.წ სლატშეიმინგის (slut-shaming), მორალური კრიტერიუმებით გაკიცხვის ფორმა მიიღო.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ პატრიარქალურ საზოგადოებაში მსგავსი თავდასხმები, რომელიც თუნდაც იუმორისტულ ხასიათს ატარებს, ქალს ბევრად მეტი სოციალური ფასი უჯდება, ვიდრე კაცს და მისი ეფექტი ხშირად ქალის გაჩუმებით გამოიხატება — მისი იძულებით, მოექცეს გარკვეულ ჩარჩოში და პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოცილდეს.
წინასაარჩევნო პერიოდში მწვავე ბულინგის მსხვერპლი გახდა წამყვანი და ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნანუკა ჟორჟოლიანი. სოციალურ ქსელში იყენებდნენ შეურაცხმყოფელ ეპითეტებს და მის გონებრივ შესაძლებლობებს ეჭვქვეშ აყენებდნენ. ევროპული საქართველოს წევრის, ხათუნა გოგორიშვილის მიმართ კი გამოიკვეთა ეიჯიზმის ნიშნით განსჯა და დაცინვა.
მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ სიძულვილის ენის ადრესატები ხდებიან არამარტო ოპოზიციის წარმომადგენელი ქალები, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლებიც. მაგალითად, პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ხშირადაა მსგავსი თავდასხმების მსხვერპლი. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო მაშინ, როცა პრეზიდენტმა ქუთაისის უნივერსიტეტის გახსნაზე სიტყვა "საშვილიშვილო" არასწორად წარმოთქვა. სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ზურაბიშვილის მიერ წარმოთქმული სიტყვა კიდევ უფრო დაამახინჯეს და სხვა მნიშვნელობა მისცეს. შედეგად მივიღეთ ჩვეულებრივი დეზინფორმაციული კამპანია, რომლის მსხვერპლიც საქართველოს პრეზიდენტი გახდა.
ეს შემთხვევა მისი ინტელექტუალური უნარების დაკნინებას ისახავდა მიზნად. მას შემდეგ, რაც ფაქტების გადამოწმების პლატფორმამ მითების დეტექტორმა ფეისბუკთან Third party Fact-Checking program-ის ფარგლებში ეს ინფორმაცია ფეისბუკზე ყალბად მონიშნა, ციტატის გაყალბების შემთხვევა თავად ანგარიშის მფლობელმა წაშალა.
პოლიტიკაში ქალების მიმართ განხორციელებული ასეთი აგრესიული კამპანიები ხშირად ქალის მხრიდან ამ სფეროში მოღვაწეობაზე უარის თქმას იწვევს ან, თავიდანვე ხელს უშლის საზოგადოებრივი საკითხებით დაინტერესებულ ქალების პოლიტიკაში ჩაბმას.
"მნიშვნელოვანია, ვინ არის ამ ჯგუფების სამიზნე. ბუნებრივია, სამიზნე ხდება ის ხალხი, ვინც ყველაზე მეტად აქტიურია. პოლიტიკური ოპონირების ეს ფორმა მიუღებელი უნდა იყოს ყველასთვის და უნდა არსებობდეს გარკვეული ეთიკური პრინციპები, რაზეც ყველა პოლიტიკური სუბიექტი თანხმდება. ეს არის წითელი ხაზები, რომლებიც არ უნდა გადალახონ, რაც არ უნდა განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდეთ ერთმანეთისგან. მაგრამ ოფიციალურად არცერთი პოლიტიკური სუბიექტი არ აღიარებს, რომ მსგავსი რამ მათი სახელით ხდება, რადგანაც დისკრედიტაციის კამპანიაში სწორედ პარტიებთან ირიბად დაკავშირებული გვერდები არიან ჩართული, რომლებიც სწორედ ოპონენტების დისკრედიტაციისთვის არის შექმნილი", — აღნიშნავს თამარ კინწურაშვილი.
ასეთი ქმედებები ზოგჯერ ბულინგის ხასიათსაც იღებს. პოლიტიკოსებს თუ მათი საქმიანობის გამო გავაკრიტიკებთ და არა მათი გარეგნობის, მორალის, გონებრივი შესაძლებლობის თუ ასაკის, ამაზე არავის ექნება ცუდი რეაქცია და არც ცუდ რეზონანსს გამოიწვევს, მაგრამ კრიტიკამ ადამიანები არ უნდა აიძულოს, რომ მიმართონ თვითცენზურას, ანუ ამან არ უნდა იმოქმედოს მათ პოლიტიკურ საქმიანობაზე.
მედიის განვითარების ფონდის მკვლევარი, ქეთი მსხილაძე განგვიმარტავს, თუ რატომ გვხვდება სოციალურ ქსელებში სექსისტური დისკრიმინაციული გამოვლინებები ასე ხშირად.
"სექსიზმი საკმაოდ გავრცელებულია. ქალების მიმართ დისკრიმინაციული განწყობა და დამოკიდებულება, ასევე, სექსისტური ენის გამოყენება ხშირია და ეს განსაკუთრებით სოციალურ მედიაში შეიმჩნევა. ტრადიციულმა მედიამ, ტელევიზიებმა თანდათან ისწავლეს, რა არის გენდერული დისკრიმინაცია, რა არის სექსისტური ენა და, წინა წლებთან შედარებით, იქ იშვიათად გვხვდება. სოციალურ მედიაში, რომელიც არ რეგულირდება (არც უნდა რეგულირდებოდეს), სრული თავისუფლება აქვთ და, რასაც უნდათ და როგორც უნდათ, ისე წერენ", — ხსნის ქეთი მსხილაძე.
მკვლევრის თქმით, ისეთ ტერმინოლოგიას, როგორსაც ქალი პოლიტიკოსების მიმართ იყენებენ, კაცი პოლიტიკოსების შეფასებისას ნაკლებად შევხვდებით.
"ისეთ პატრიარქალურ საზოგადოებაში, როგორიც საქართველოა, ქალების შესახებ არსებობს სტერეოტიპი, რომ მათი ადგილი პოლიტიკაში არ არის, რადგან პოლიტიკას სხვა უნარები სჭირდება, რომლებიც თითქოს კაცებს უფრო აქვთ განვითარებული", — აცხადებს ქეთი და სწორედ აღნიშნულს ასახელებს ანგარიშის შექმნის მთავარ მოტივაციად.
ამას ადასტურებს ტერმინოლოგია, რომლითაც სოციალურ ქსელში ქალ პოლიტიკოსებს მოიხსენიებენ — "ერთ-ერთი ლიდერის ცოლი", "არაპოლიტიკური მანდილოსანი", "დიასახლისი მანდილოსანი", "სუსტი ქალი", "უსახური", "კვოტირებული იდიოტი", "გაუნათლებელი" და სხვ.
რაც შეეხება სექსისტური სიძულვილის ენის პრევენციის ან აღმოფხვრის მეთოდებს, ორივე რესპონდენტი თანხმდება, რომ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მთავარი იარაღი დარეპორტებაა, ასევე ყალბი ინფორმაციის შემთხვევაში “მითების დეტექტორის” ფეისბუკთან პარტნიორობის პროგრამის გამოყენებაა, რომელიც მცდარი პოსტების ფეისბუკზე მონიშვნის შესაძლებლობას იძლევა. სხვა საჯარო სივრცეებში კი, ქალების დისკრედიტაციას საუბრითა და არგუმენტებით უნდა ვებრძოლოთ.
უდიდესი როლი აკისრია მედიას და მედიის თვითრეგულირების მექანიზმების ეფექტიან დანერგვას, რომელიც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში დიდ როლს თამაშობს. სოციალურ ქსელში ქალი პოლიტიკოსების მიმართ გამოყენებული სექსისტური სიძულვილის ენა ამ პროცესებს სერიოზულად აფერხებს. პოლიტიკაში გენდერული თანასწორობისთვის აუცილებელია, ქალმა პოლიტიკოსებმა იცოდნენ, რომ მათ გარეგნობით კი არა, საკუთარი მოსაზრებებითა და საქმიანობით შეაფასებენ.
კომენტარები