ქალი, რომელიც მოძალადე ქმრისგან თავს იცავდა, ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდა
ქალი, რომელმაც პოლიცია ქმრის მხრიდან ძალადობის გამო გამოიძახა, ბრალდებულის სკამზე თავად აღმოჩნდა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ მოძალადისგან თავის დაცვა სცადა და დანით მოიგერია. ქმრის მხრიდან ძალადობით პოლიციის დაინტერესება კი ქალმა მხოლოდ მაშინ შეძლო, როცა წარსულში ჩადენილი ძალადობების მტკიცებულებები მიუტანა. თუმცა სამართალდამცავი უწყება გამოძიებას არ ჩქარობს.
ნინო მარშანია 25 წლისაა. უკვე ყოფილ ქმართან ერთად ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. გვიყვება, რომ ამ პერიოდში იყო ძალადობის არაერთი შემთხვევა, მათ შორის, ორსულობის დროს. გარდა ამისა, ნინო საუბრობს ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, ქმრის მხრიდან ეჭვიანობასა და ამის გამო ცხოვრების წესის შეცვლაზეც.
"ფეხმძიმედ ვიყავი, როცა ძალადობის პირველი ფაქტები მოხდა. კამათის დროს ხელით შეხება მისთვის ჩვეულებრივი მომენტი იყო. ერთხელ მეგობრის დაბადების დღეზე დალია და ეჭვიანობა დაიწყო, ქვა აიღო და თავში მესროლა. უსროლია ზურგჩანთაც და დალურჯებული მქონდა საფეთქელი და შუბლი", — გვიყვება ნინო.
გასული წლის ზაფხულში ქმარს დაშორდა. თუმცა რამდენიმე თვეში შეურიგდა და საცხოვრებლად ისევ ერთად გადავიდნენ. უკვე 2020 წლის იანვარში ქმარმა მასზე კვლავ იძალადა, ნინომ კი თავის დაცვა სცადა.
"სახლში მოვიდა მთვრალი, გინებით, ლანძღვით. ვცდილობდი დამემშვიდებინა, მაგრამ უშედეგოდ. მერე ხელით შემეხო ყელისა და სახის მიდამოებში, დამარტყა ფეხი ზურგზე. სამზარეულოს მიმართულებით წავედი და თან ვეუბნებოდი, რომ 112-ში დავრეკავდი, მაგრამ არ ჩერდებოდა. უკვე ონკანთან ვიდექი, როცა ხელი პირველივე ნივთს მოვკიდე და ვცადე მოგერიება. ეს ნივთი აღმოჩნდა დანა...", — ამბობს ნინო On.ge-სთან.
გვიყვება, რომ პატრული თავად გამოიძახა და უთხრა, რომ ქმარი ძალადობდა, თუმცა პოლიციელებმა ქალი დააკავეს.
"ძალიან ცუდად ვიყავი, იატაკზე ვიჯექი და ვკანკალებდი. ქმარი მირტყამს და პატრული მოვიდეს მალე-მეთქი. გამოვიძახე იმის გამო, რომ წაეყვანათ მოძალადე და პოლიციაში გადამიყვანეს მე. 3 დღე ვიყავი წინასწარი დაკავების იზოლატორში. შემდეგ სასამართლომ გირაო შემიფარდა".
ნინო ამბობს, რომ პოლიციამ ექსპერტიზაც არ დანიშნა და ცოლ-ქმარს მხოლოდ ალკოტესტი ჩაუტარა. ნინოს თქმით, ტესტზეც გამოჩნდა, რომ თავად ფხიზელი იყო და ქმარი არა, მაგრამ პოლიცია მაინც კაცს ენდო.
"ორსანტიმეტრიანი ნაკაწრი ჰქონდა. პატრული რომ მოვიდა, ქალი პოლიციელიც კი მეუბნებოდა, აბა, რა გემჩნევა, რომ ძალადობდა, შენ ხარ მოძალადეო; პოლიციელებმა ისიც კი გვითხრეს, როგორ გიყვარდათ ერთმანეთი და რა მოგივიდათ, არაუშავს, შერიგდებითო და ა.შ.", — იხსენებს ნინო.
იმისთვის, რომ თავისი უდანაშაულობა დაემტკიცებინა, ნინოს პოლიციისთვის ქმრის მხრიდან წარსულში ძალადობების დამადასტურებელი მტკიცებულებების შეგროვება დასჭირდა. მხოლოდ ამის შემდეგ, პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლითაც დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. თუ პროკურატურა შეძლებს დაამტკიცოს, რომ ნინოზე ქმარი წარსულშიც ძალადობდა, კაცს, მაქსიმუმ, 3-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ნინოს კი გამოძიება ოჯახი წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება, რაც 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნინოს ინტერესებს ახლა ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია საფარი იცავს. ადვოკატი ელისო რუხაძე On.ge-სთან ამბობს, რომ გამოძიება ნინოს დაზარალებულად ცნობას არც კი განიხილავდა და მასზე ძალადობის საქმე ფორმალურად მხოლოდ მას შემდეგ გამოყო, რაც ქალმა მტკიცებულებები წარადგინა.
ელისო ამბობს, რომ ბევრჯერ მოითხოვეს ნინოს ფსიქოლოგიური ექსპერტიზა მისი ფსიქო-ტრავმების დასადგენად, ასევე, მოწმეების გამოკითხვა, თუმცა საგამოძიებო უწყებას ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს. ადვოკატის თქმით, სახელმწიფოს უჭირს აღიარება, რომ ადამიანი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.
"ზოგადად, ასეთ საქმეებში ძალიან უჭირს სახელმწიფოს აღიარება, რომ მსხვერპლია ეს ადამიანი და მან აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ან უკიდურესი აუცილებლობის დროს დააზიანა მოძალადე. ამის აღიარება ძალიან რთულია და გამოძიების ეტაპზე, ფაქტობრივად, არ ხდება ხოლმე საქართველოში", — ამბობს ელისო.
ის ასევე აღნიშნავს, რომ მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები პოლიციამ მხოლოდ მას შემდეგ ჩაატარა, რაც საქმეში საფარი ჩაერთო. მათ შორის, არ ჰქონდათ ამოღებული 112-ში ნინოს მიერ შესული ზარი. ელისო ახლა ცდილობს დაამტკიცოს, რომ ნინო მარშანიას ქმედება იყო აუცილებელი მოგერიება და არა განზრახ ჩადენილი დანაშაული.
"როდესაც ხდება ასეთი ტიპის დანაშაული, მთელი სახელმწიფო სისტემა მიმართულია იმისკენ, რომ გამოააშკარაონ ვინმე ბრალდებული, ვისაც წაუყენებენ ბრალს. არ ხდება წინა ისტორიის გამოკვლევა. ეს შეაფასეს როგორც განზრახ დანაშაულის ჩადენა და ამაზეა მერე მთელი გამოძიება დაფუძნებული", — ამბობს ელისო.
ელისო რუხაძემ სასამართლოში ერთხელ უკვე მოიგო საქმე, სადაც ბრალდებულის სკამზე ისევ ძალადობის მსხვერპლი ქალი იყო, რადგან მოძალადე ქმრისგან თავს იცავდა. ქალი ორივე ინსტანციის სასამართლომ გაამართლა და თქვა, რომ ის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.
სამართლიანობის იმედი აქვს ნინო მარშანიასაც.
"მინდა სამართლიანად იყოს ყველაფერი და მართლა ვინც არის მოძალადე, ის დააკავონ, სასჯელი მოიხადოს. იმედია, სამართლიანად დასრულდება პროცესი, საერთოდ ტყუილად დამდეს ბრალი", — ამბობს ის.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის პირველ ექვს თვეში ოჯახში ძალადობის 2 607 შემთხვევა მოხდა, მათ შორის 11 მკვლელობით დასრულდა. 15 ივლისამდე პერიოდში 5 304 შემაკავებელი ორდერი გამოწერა.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ კანონით შესაძლებელია, მოძალადე განარიდონ მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან იმ შემთხვევაშიც, როდესაც საცხოვრებლის მესაკუთრე მოძალადეა. ასევე, შესაძლებელია მსხვერპლისა და მისი არასრულწლოვანი შვილის სახელმწიფო თავშესაფარში გადაყვანა.
ოჯახში ძალადობა არ გულისხმობს მხოლოდ ფიზიკურ შეხებას. ოჯახის წევრის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი, სიტყვიერი შეურაცხყოფა ასევე ოჯახური ძალადობაა და კანონით აკრძალულია.
ოჯახში ძალადობის შემთხვევაში პოლიციის გამოძახება შესაძლებელია 112-ზე დარეკვით. ზარი უფასოა. საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით ფუნქციონირებს ცხელი ხაზი: 116 006. შესაძლებელია 112-ის აპლიკაციის გადმოწერაც, სადაც ღილაკზე SOS დაჭერით პოლიციასთან შეტყობინება შევა და სამართალდამცველები ლოკაციის მიხედვით გიპოვიან. აღსანიშნავია ისიც, რომ არსებობს არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს სხვადასხვა ტიპის დახმარებას უფასოდ სთავაზობენ.
კომენტარები