ბათუმში, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ, საოლქო კომისიასთან საპროტესტო აქცია დაიწყო. შეკრებილების განმარტებით, არჩევნების "მოპარვას" აპროტესტებენ და "ბიძინა ივანიშვილის მონებსა" და "მოღალატეებს" სირცხვილის კორიდორს უწყობენ.

"დღეს სირცხვილს კორიდორს ვუწყობთ მოღალატეებს, იმიტომ რომ მოიპარეს არჩევნები და დემოკრატია ფეხქვეშ გათელეს, ეს ქვეყანა უკვე საქართველო აღარ არის", — ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

დღეს, 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელსაც ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა. ამასთან, მეორე ტური გაიმართა ქუთაისის მერობის არჩევნებზეც.

საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და საღამოს 8 საათზე დაიკეტა, რის შემდეგაც ხმების დათვლა დაიწყო.

მეორე ტური ჩატარდა შემდეგ ოლქებში: მთაწმინდა, კრწანისი; ვაკე; საბურთალო; ისანი; სამგორი; დიდუბე-ჩუღურეთი; ნაძალადევი; გლდანი; თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი; მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი; რუსთავი, გარდაბანი; ხაშური, ქარელი; ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი; ქუთაისი; ზუგდიდი; ბათუმი; ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო.

31 ოქტომბერს გამართული არჩევნების შედეგები პარტიებს შორის ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება — 48,22%;
  • ენმ — ძალა ერთობაშია — 27,18%;
  • ევროპული საქართველო — 3,79%;
  • ლელო — 3,15%;
  • სტრატეგია აღმაშენებელი — 3,15%;
  • პატრიოტთა ალიანსი — 3,14%;
  • გირჩი — 2,89%;
  • მოქალაქეები —1,33%;
  • ლეიბორისტული პარტია — 1%.

პირველი ტურის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს. ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა რვა პარტიამ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ არც პარლამენტში შევა. ტექნიკურად მათი სახელები ბიულეტენებში ჩაწერილი იქნება, თუმცა, როგორც ოპოზიციაში ამბობენ, მათ არც საარჩევნო კამპანია ჩაუტარებიათ და საჯაროდაც მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ წავიდნენ არჩევნებზე.

არჩევნების დღეს ოპოზიცია აქციის ჩატარებას გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ მათ გადაწყვიტეს, რომ საპროტესტო ღონისძიებებს არ ჩაატარებდნენ და სრულ იგნორირებას გამოუცხადებდნენ.

ამ ხნის განმავლობაში მმართველ გუნდში ამტკიცებდნენ, რომ ოპოზიცია მეორე ტურისთვის კოორდინატორებისა და ამომრჩევლის მობილიზებას აპირებდა.

მეორე ტური მიმდინარეობს იმ ვითარების ფონზეც, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები არ იცვლება და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ. თავისი პოზიციების დათმობაზე უარს ამბობს ხელისუფლებაც. როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არც განიხილავენ.