ჩელსი მენინგი, რომელმაც ვიკილიქსს საიდუმლო მასალები გადასცა, ბარაკ ობამამ პრეზიდენტობის დასრულებამდე შეიწყალა.

როიტერის ინფორმაციით, მენინგს პატიმრობა შეუმცირდება. მას 2013 წელს ქვეყნის ისტორიაში უსაფრთხოების სფეროს ყველაზე სკანდალური საქმის გამო 35 წლით პატიმრობა მიესაჯა.

2010 წელს მენინგმა 700 ათასზე მეტი საიდუმლო დოკუმენტი გაასაჯაროვა, მან დანაშაულის გამო სასამართლოზე ბოდიში მოიხადა:

"ბოდიშს ვიხდი იმისათვის, რომ ადამიანებს ტკივილი მივაყენე, ბოდიშს ვიხდი, რომ შეერთებულ შტატებს ზიანი მივაყენე".

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ მენინგისა და ვიკილიქსის კომუნიკაცია კავშირში არ იყო იმ მასალებთან, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოქვეყნდა.

ობამამ ჩელსი მენინგის პატიმრობის ვადა 7 წლამდე შეამცირა. გადაწყვეტილებამ რესპუბლიკელების პროტესტი გამოიწვია.

მენინგი ციხეს 2017 წლის მაისში დატოვებს. შეწყალების ერთ-ერთი მიზეზი მენინგის გენდერული იდენტობაა. ის ტრანსგენდერი ქალია, რომელსაც საპატიმროს ადმინისტრაციამ კაცების სამხედრო ციხიდან გაყვანაზე უარი რამდენჯერმე უთხრა.

ჩელსი მენინგი დაკავებისას ბრედლი მენინგი იყო. ის 2010 წლის ივლისამდე აშშ-ს ჯარში ანალიტიკოსად მუშაობდა და ხელი მიუწვდებოდა აშშ-ს საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის სისტემაზე.