თბილისის საქალაქო სასამართლომ არჩევნებთან დაკავშირებით ევროპული საქართველოსა და დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველოს სარჩელები არ დააკმაყოფილა. ორივე პარტია გადაწყვეტილების სააპელაციოში გასაჩივრებას აპირებს.

ევროპული საქართველო ცესკოს პროპორციული არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გაუქმებასა და არჩევნების შედეგების ბათილობას ითხოვდა. როგორც პარტიის წევრმა, ოთო კახიძემ On.ge-ს განუცხადა, შემაჯამებელი ოქმი კანონის დარღვევით მიიღეს, რადგან სასამართლოს დასრულებამდე შედეგების შეჯამება იკრძალება.

რაც შეეხება მეორე სარჩელს, კახიძე ამბობს, რომ 30-ვე ოლქში მძიმე დარღვევები დაფიქსირდა, მათ შორის დაუბალანსებელი ოქმები, ე.წ. კარუსელები და ბიულეტენების ჩაყრა. კახიძის თქმით, ისინი ასეულობით უბანზე ხმების გადათვლას მოითხოვდნენ, თუმცა მხოლოდ სამი უბანი გაიხსნა და სამივეგან დარღვევები დაფიქსირდა.

"ამათ არ აინტერესებთ არც რეალური შედეგები, არ აინტერესებთ არც ის, რომ პარლამენტს ლეგიტიმაცია უნდა ჰქონდეს, საზოგადოების ნდობით უნდა სარგებლობდეს ის, ვინც საზოგადოებას მართავს და გადაწყვეტილებებს იღებს", — განაცხადა კახიძემ.

დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო ოლქებში ხმების გადამოწმებასა და პროპორციული არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გაუქმებას ითხოვდნენ. პარტიის წარმომადგენლის, ირაკლი ჭყოიძის თქმით, ისინი იმ ოლქების გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვდნენ, სადაც მათ ხმები მოპარეს.

"არანაირი ილუზია ჩვენ არ გვქონდა, რომ ივანიშვილის სასამართლო რაიმე ლოგიკურ და კანონიერ გადაწყვეტილებას მიიღებდა და ეს დადასტურდა კიდეც. არ დააკმაყოფილა ჩვენი საჩივრები სასამართლომ. ვერც არგუმენტი მოიყვანეს და არც ჩათვალეს საჭიროდ. საერთოდ მოწინააღმდეგე მხარე არც გამოცხადდა. სასამართლო ხელმძღვანელობს არა კანონით, არამედ ივანიშვილის პირდაპირი ბრძანებებით", — ამბობს ჭყოიძე On.ge-სთან.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების შემაჯამებელი ოქმი 13 ნოემბერს მიიღეს. ცესკომ ოპოზიციის არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა.

სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, რადგან ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ცესკო შემაჯამებელ ოქმს უკანონოდ და დაჩქარებული ვადებით იღებს.