ანაზღაურებადი სტაჟირება 100 რჩეული სტუდენტისათვის — ყველაფერი, რაც ICDC-ის პროექტის შესახებ უნდა იცოდეთ
სწავლის დასრულება და სამსახურის ძიება ახალგაზრდებისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული, გამოწვევებით სავსე პერიოდია. სწორედ ამ დროს მიღებული გადაწყვეტილებები, პირველი სამსახური, სამუშაო პირობები თუ დამოკიდებულებები განსაზღვრავს იმას, თუ რა სფეროს ავირჩევთ სამომავლო საქმიანობისთვის და სად დავიმკვიდრებთ ადგილს. ამგვარად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ახალგაზრდები ჯანსაღ გარემოში მოხვდნენ და საკუთარი უნარების რეალიზების საშუალება ჰქონდეთ.
ახალგაზრდების დასაქმება და სტაჟიორთა უფლებების დაცვა დიდი გამოწვევაა საქართველოში ისევე, როგორც მსოფლიოში. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდებსა და დამსაქმებლებს შორის საქმიანი ურთიერთობების ქსელის განვითარებას, ახალგაზრდებში პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებასა და დასაქმების ხელშეწყობას ემსახურება სტუდენტების სტაჟირებისა და სამუშაო ადგილზე სწავლის შესაძლებლობის ხელშეწყობის პროექტი, რომელიც ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრის — ICDC (Institutional and Capacity Development Center) მიერ ხორციელდება. პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის — USAID Economic Security Program (DAI) მხარდაჭერით და დაფინანსებით ჩამოყალიბდა.
პროექტის ფარგლებში საქართველოს ხუთი სხვადასხვა რეგიონიდან 100 სტუდენტი შეირჩევა, რომლებიც სტაჟირებას გაივლიან, მიიღებენ საჭირო ცოდნას სხვადასხვა დარგში და გამოიმუშავებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. ეს კი მნიშვნელოვნად გაზრდის ახალგაზრდების დასაქმების კუთხით არსებულ ვითარებას და, თავის მხრივ, ბიზნესებსაც საჭირო ადამიანური კაპიტალით გააძლიერებს.
პროექტი ითვალისწინებს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების სტაჟირებას შემდეგ სექტორებში:
- ტურიზმის სექტორი;
- კრეატიული ინდუსტრიის სექტორი;
- მსუბუქი მრეწველობის სექტორი;
- ინტელექტუალური მომსახურების სექტორი;
- სექტორები რომლებიც მნიშვნელოვანია ყველა ინდუსტრიის განვითარებისთვის: საინფორმაციო და კომუნიკაციის ტექნოლოგია; ელექტრონული კომერცია — online გაყიდვები და სხვა; ასევე ტრანსპორტი და ლოჯისტიკა.
შერჩეული 100 სტუდენტი და კურსდამთავრებული 3-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას საქართველოს 5 რეგიონში (თბილისში, იმერეთში, აჭარაში, სამეგრელოს და შიდა ქართლში), წამყვან ბიზნეს კომპანიებში გაივლის. პროექტის მონაწილეები ყოველთვიური ანაზღაურების სახით 430 ლარს მიიღებენ. 300 ლარი გამოიყოფა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის — USAID Economic Security Program(DAI) ფინანსური მხარდაჭერით.
შერჩეული სტაჟიორები:
- გაივლიან შეხვედრებს და მასტერკლასებს დასაქმებისა და კარიერული განვითარებისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხებზე: დასაქმების უნარ-ჩვევები; ინტერვიუს ტექნიკები; ორგანიზაციაში ადაპტაცია; შრომის უფლებები.
- მონაწილეობას მიიღებენ სამუშაო შეხვედრებსა და პანელურ სესიაში სხვადასხვა დარგების და კომპანიების HR დირექტორებთან;
- პროფესიული და კარიერული მიზნების განსაზღვრის მიზნით გაივლიან ჯგუფური ქოუჩინგის სესიებს ამ სფეროს წამყვან ექსპერტთან;
- ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს. შეხვედრების შედეგად ისინი მიიღებენ ინფორმაციას განათლებისა და დასაქმების სხვადასხვა პროგრამებისა და შესაძლებლობების გარშემო.
პროექტის პარტნიორები არიან უნივერსიტეტები, კოლეჯები და ბიზნეს კომპანიები. ICDC პროექტში ჩართვის მსურველ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ბიზნეს კომპანიებთან მემორანდუმებს გააფორმებს.
ICDC სტაჟირების გავლის პერიოდში ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების შესრულების, ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სტაჟიორის უფლებების დაცვის მონიტორინგს უზრუნველყოფს. ICDC სპეციალური ელექტრონული შეფასების ფორმებს დაუგზავნის კომპანიების წარმომადგენლებს, რითაც უზრუნველყოფს, რომ სტაჟირების პროცესი ხარისხიანი იყოს და მოსალოდნელი შედეგების ანალიზიც შესაძლებელი გახდეს.
სტაჟირების დასრულების შემდგომ ICDC-ს ორგანიზებით გაიმართება პროექტის დახურვის საზეიმო ცერემონია. სტუდენტებს გადაეცემათ სტაჟირების გავლის სერტიფიკატები. ასევე, მადლიერებისა და პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის სერტიფიკატები გადაცემათ პროექტის პარტნიორ/მხარდამჭერ/ბენეფიციარ კომპანიებს.
კომენტარები