ყურის სეკრეტის საშუალებით ფსიქიკური აშლილობის დიაგნოსტირებაა შესაძლებელი — კვლევა
ყურში არსებული ზეთოვანი სეკრეტის საშუალებით ფსიქიკური ჯანრთელობის პრობლემების დიაგნოსტირებაა შესაძლებელი, აცხადებენ ჰორმონ კორტიზოლის მკვლევარი მეცნიერები. ამ უკანასკნელებმა კვლევაში 37 მოხალისე ჩართეს, რის ფარგლებშიც, მათ პერიოდულად, ყურის გარეთა სასმენი მილის ირგვლივ გამოყოფილ ზეთოვან სეკრეტში სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის შემცველობას უზომავდნენ. "როგორც ირკვევა, ეს მიდგომა სხვადასხვა ფსიქიატრიული დაავადების სადიაგნოსტიკოდაც შეიძლება გამოდგეს", — აცხადებს კვლევის მთავარი ავტორი, ანდრეს ჰერან-ვაივსი. მანვე გამოიგონა სპეციალური ჩხირი, რომელიც გამოყენებისას ყურის დაფის აპკს არ აზიანებს.
კორტიზოლს სტრესის ჰორმონს შემთხვევით არ უწოდებენ. სტრესზე საპასუხოდ იგი ორგანიზმს განგაშის სიგნალებს უგზავნის, რასაც სხეულში არსებულ ყველა სისტემაზე შეუძლია ზეგავლენის მოხდენა. თუმცა, მისი ზუსტი როლის შესახებ, დეპრესიასა თუ შფოთვით აშლილობაში, ბოლომდე ყველაფერი ცნობილი არ არის.
ექიმი ჰერან-ვაივსი ლონდონის კოგნიტური ნეირონეცნირების უნივერსიტეტის ფსიქიატრი გახლავთ. მისი მიზანია, ზუსტად გამოკვეთოს, თუ რისი გამოწვევა შეუძლია კორტიზოლის გაზრდილ ან შემცირებულ რაოდენობას.
ჯერ დასკვნების გაკეთება ნაადრევია, მაგრამ ჰერან-ვაივსს იმედი აქვს, რომ იგი ფსიქიატრიული დაავადებების სადიაგნოსტიკო ობიექტურ, ბიოლოგიურ საზომს შექმნის. თეორიულად, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სიმპტომების დროს კორტიზოლის დონის კონტროლი დიაგნოზის დასასმელად კარგი დამხმარე საშუალება შეიძლება გამოდგეს.
ამჟამად, მსგავსი დიაგნოზები უმეტესად სუბიექტური შეფასების შემდგომ ისმება, ამიტომაც, ახალი სადიაგნოსტიკო საზომი სპეციალისტებისთვის ზუსტი დიაგნოზის დასმას გაამარტივებდა. ზუსტი დიაგნოზი კი "სწორი მკურნლობის მისაღებად ერთადერთი გზაა", — აღნიშნავს ექიმი ჰერან-ვაივსი. მისი ნოვატორული საშუალება ანტიდეპრესანტების ეფექტიანობის შესამოწმებლადაც შეიძლება გამოდგეს.
კორტიზოლის განსაზღვრა სისხლშიც შეიძლება, მაგრამ ის მხოლოდ იმ კონკრეტულ მომენტში არსებულ დონეზე გვიქმნის წარმოდგენას. ამას გარდა, უშუალოდ სისხლის აღების მანიპულაცია, თავის მხრივ, სტრესულია, რამაც ცრუ-დადებითი შედეგები შეიძლება მოგვცეს
ანდრეს ჰერან-ვაივსს სურდა პაციენტის კორტიზოლის დონე რეგულარულ რეჟიმში გაეზომა. ამისათვის მათ ჯერ ჰორმონს იქ უნდა მიაკვლიონ, სადაც იგი ყველაზე დიდი რაოდენობით გროვდება. ჰერან-ვაივსს მსგავს თემაზე წარსულში უმუშავია, რა დროსაც კორტიზოლის დონეს თმის ფოლიკულებში ზომავდა. ამისათვის მას 3 სანტიმეტრის სიგრძის თმა სჭირდებოდა, რაც ბევრს არ გააჩნდა, ან არ ეთმობოდა, როგორც ამას თვითონვე აღნიშნავს.
მკვლევარი ანალოგიას ფუტკრებთან ავლებს. ისინი შაქარს ცვილისგან დამზადებულ ფიჭაში ინახავენ, სადაც იგი ოთახის ტემპერატურაზეც კი საიმედოდ არის დაცული. ამის მსგავსად, ჰორმონები და სხვა ნივთიერებები ჩვენი ყურის ცვილის მსგავს ზეთოვან სეკრეტში კარგად და დიდი ხნით ინახება. მასში კორტიზოლის დონე თმის ნიმუშებში ნაპოვნზე ბევრად მეტი იყო, როგორც ამას მკვლევრები აღნიშნავენ.
სამომავლოდ, ასევე შესაძლებელი იქნება, რომ მსგავსი მეთოდოლოგია სხვა მონაცემების, მაგალითად: გლუკოზის დონის ან ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების გასაზომად გამოვიყენოთ.
კომენტარები