ადამიანად ყოფნის სირთულე — ფსიქიატრია და მისი პრობლემები

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

ფსიქიატრია როგორც მედიცინის დარგი

მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დარგი — მათთვისაც კი, ვისაც მედიცინასთან არანაირი შეხება არ აქვს — ფსიქიატრიაა. ეს ბუნებრივია, რადგან ფსიქოლოგიის მსგავსად, ფსიქიატრიაც, ძირითადად, ადამიანის "გონებას", უფრო კონკრეტულად კი ეგრეთ წოდებულ "ფსიქიკურ აშლილობებს" სწავლობს, ხოლო ფსიქიატრები ამ აშლილობების მკურნალობას ან კონტროლს ცდილობენ.

ფსიქიატრიის და ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ხიბლი ისაა, რომ ადამიანის ფსიქიკა ბიოლოგიურ დონეზე მეტწილად შეუსწავლელია. ამიტომაც, ადამიანის გონების და შესაბამისი ქცევის შესახებ უამრავი თეორია არსებობს, რომელთა "სისწორე" ხშირად სპეკულაციის საკითხია. ადრეული თანამედროვე ფსიქოლოგების და ფსიქიატრების ნაწერები ფსიქიკურ აშლილობებზე და მათ შესაძლო მიზეზებზე ძალიან თვალწარმტაცი და პოეტურია, თუმცა ხშირად ადრეული ფსიქიატრიული პრაქტიკა, ისევე როგორც ფსიქოლოგიური დახმარების სერვისები, თანამედროვე სტანდარტებით ძალიან არაეთიკური იყო.

ფსიქიატრიული პრაქტიკის არაეთიკურობა და მისი მჭიდრო კავშირი პოლიტიკასთან ანტი-ფსიქიატრიული მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რის შედეგადაც მთლიანად ამ დარგისადმი ახლებური მიდგომები გაჩნდა. მეცნიერებმა მთლიანად გადაიაზრეს "ფსიქიკური დაავადების" ცნება. თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურაში, მაგალითად, შიზოფრენია დაავადებად იშვიათად მოიხსენიება და მას "აშლილობას" ეძახიან. თუ რატომაა ეს ასე, ამ სტატიაში ვრცლად განვიხილავ.

ფსიქიკური აშლილობების სტიგმა

ფოტო: Shagey

ბოლო ათწლეულებში მომხდარი ტექნოლოგიური პროგრესის და კოგნიტური რევოლუციის გამო, მეცნიერები, მათ შორის ბევრი ფსიქიატრი მიიჩნევს, რომ ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკის უკეთესი ხელსაწყოები გვაქვს. მაგალითად, ბევრი მეცნიერი ფსიქიკური აშლილობების ბიოლოგიური მარკერების და გენეტიკური საწყისების ძიებაშია.

თუმცა, გვაქვს მიზეზი ვივარაუდოთ, რომ ფსიქიკური აშლილობების კვლევა არასწორი მიმართულებით მიდის და რიგი აშლილობების ბიოლოგიური საწყისების ძიება ადამიანის ფსიქიკაზე არსებული არასწორი წარმოდგენებით არის განპირობებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ფსიქიკური აშლილობები და ამ აშლილობის მქონე ადამიანები, მოსახლეობაში და პრაქტიკოს ექიმებშიც კი ყველაზე სტიგმატიზებული ჯგუფია.

ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანებს ხშირად თავიანთ პრობლემებზე საჯაროდ ან ზოგჯერ კონფიდენციალურად, ოჯახთან და მეგობრებთან საუბარიც კი უჭირთ. ამის მთავარი მიზეზი იმგვარი სტერეოტიპებია, რომელთა მიხედვითაც, მსგავსი აშლილობის მქონე ადამიანები კოგნიტურად "ჩამორჩენილებად" ან "მოძალადეებად" თუ "საშიშებად" აღიქმებიან.

ყველაზე სტიგმატიზებული აშლილობა შიზოფრენიაა, ეს, პრაქტიკულად, მთელ მსოფლიოში ასეა. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითი ისაა, რომ შიზოფრენიის მქონე ადამიანები ძალადობისკენ არიან მიდრეკილნი.

პრაქტიკულად ყველა კვლევა აჩვენებს, რომ შიზოფრენიით დიაგნოსტირებულ ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა პირიქით, ძალადობის მსხვერპლია. მაშინაც კი, როცა შიზოფრენიის მქონე ადამიანები ძალადობენ, ამის გამომწვევი მიზეზი, ძირითადად, ნარკოტიკული საშუალებების ჭარბი მიღებაა.

შიზოფრენიის მქონე ადამიანებში ალკოჰოლიზმის და ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულების ჩამოყალიბების ბევრად მაღალი რისკია — ნაწილობრივ იმიტომ, რომ შიზოფრენიის მედიკამენტოზური მკურნალობა ძალიან ძლიერ წამლებს შეიცავს, რომლებსაც ასევე ძალიან მძიმე გვერდითი ეფექტები აქვთ.

უშუალო ბიოლოგიური გვერდითი ეფექტების გარდა, ეს წამლები ადამიანების სოციალურ ცხოვრებასაც ართულებს ხოლმე. თუმცა შიზოფრენიის მძიმე შემთხვევებში, საზოგადოებაში ფუნქციონირებისთვის, მსგავსი წამლები პაციენტებისთვის აუცილებლად მიიჩნევა.

აღსანიშნავია, რომ შიზოფრენიის ბევრნაირი გამოვლინება არსებობს და კონკრეტულის დიაგნოსტიკა ხშირად რთულია. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ შიზოფრენია შიზოტიპურ აშლილობათაგან ერთ-ერთია. ეს აშლილობები კი მიღებული სიმპტომატიკით ერთმანეთს ხშირად ძალიან ჰგავს.

დაავადების კლასიფიცირების პრობლემები

ფოტო: Shagey

ფსიქიატრიის განხილვისას პირველი პრობლემა, რომელიც თავს იჩენს, კატეგორიზაციის საკითხია. თუმცა, ეს სირთულე მხოლოდ ფსიქიატრიას კი არა, ზოგადად მედიცინასაც ეხება. სიტყვა "დაავადება", კონტექსტის გარეშე, უაზროა. თუ გვინდა, რომ ამ საკითხს სერიოზულად მოვეკიდოთ, პირველ რიგში უნდა ვეცადოთ, ვუპასუხოთ კითხვას, რა არის თავად "დაავადება".

რაც უნდა გასაკვირი იყოს, დაავადების უნივერსალური დეფინიცია არ არსებობს. სამედიცინო პრაქტიკაში გარკვეულ მდგომარეობას დაავადებას ხშირად მაშინ ეძახიან, თუ მდგომარეობის განმაპირობებელი რამ დაკვირვებადი და/ან გაზომვადი პათოლოგიაა.

მაგალითად, COVID-19-ს კონკრეტული რამ, nCov-SARS-2 ვირუსი იწვევს. ამ ვირუსის არარსებობის შემთხვევაში, ეს დაავადება, უბრალოდ, არ ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ს ბევრნაირი გამოვლინება და სიმპტომი აქვს — სუნთქვის პრობლემებით დაწყებული, ყნოსვის დაკარგვით დამთავრებული — ის მაინც ერთი ვირუსითაა გამოწვეული, ამიტომ მისი იდენტიფიცირება შესაძლებელია.

ფსიქიკური დაავადებების დიაგნოსტიკა მსგავსად არ ხდება. არ არსებობს დეპრესიის ან შიზოფრენიის ობიექტური ტესტი, რომელიც ექიმს დიაგნოზის დასმის საშუალებას მისცემს. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ფსიქიკურ აშლილობებს დაავადებებს არ ეძახიან.

თომას სასი, გამოჩენილი აკადემიკოსი და ფსიქიატრი, თავის წიგნში, The Myth of Mental Ilness, ფსიქიკურ აშლილობებს "მითად" მოიხსენიებს. ზემოხსენებული გარემოება ამის ერთ-ერთი მიზეზია. თუმცა, სასი არ უარყოფს დაავადებად წოდებული ამ მდგომარეობების პრობლემურობას: "როცა ვამბობ, რომ ფსიქიკური დაავადებები არ არსებობს, ცხადია არ ვგულისხმობ, რომ ის ფსიქოლოგიური და სოციალური გამოვლინებები, რომლებსაც დაავადებებს ვარქმევთ, არარსებულია".

სასი მიიჩნევს, რომ თუ მავანს ფსიქიკური აშლილობა გარკვეული ანატომიური დეფექტისგან ან ტვინის დაკვირვებადი დაზიანების გამო დაუდგინდა, მაშინ პაციენტის ავადმყოფობა ნევროლოგიის და სხვა, უფრო მეტად "ბიოლოგიური" მედიცინის ნაწილი უნდა იყოს, რადგან ფსიქიკური აშლილობა, რომელიც ქცევითი გამოვლინებაა, მხოლოდ სიმპტომია.

სასის მიერ წახალისებული იდეა, რომ ფსიქიკური აშლილობების დაავადებებად კლასიფიცირება მცდარია, რადგან მათ უჯრედული პათოლოგია და დაზიანებები არ ახლავთ, მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს უშუალოდ დაავადების რაობაზე.

ადამიანად ყოფნა რთულია

ფოტო: Shagey

მიუხედავად იმისა, რომ ბევრ დაავადებას გამომწვევი მიზეზი აქვს, როგორც ეს COVID-19-ის შემთხვევაში განვიხილეთ, არსებობს დაავადებები, რომელთა მხოლოდ უჯრედული პათოლოგიით კლასიფიცირება არ შეგვიძლია — მაგალითად, შაკიკი და კისერმრუდობა (torticollis). ორივე მდგომარეობა სამედიცინო ლიტერატურაში დაავადებად მოიხსენიება.

ამიტომ, როდესაც რამეს დაავადება ერქმევა, ხშირად სხვა გარემოებებიც გათვალისწინებულია. მაგალითად, რამდენად საზიანოა კონკრეტული მდგომარეობა ინდივიდისთვის და რამდენად აისახება ის მისი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. თუმცა, ზიანის ცნებაც საკმაოდ ნორმატიულია. მაგალითად, წლების მანძილზე ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ სიმაღლე ადამიანებში გარკვეული დაავადებების გამოვლინებასთან მჭიდრო კავშირშია.

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, სიმაღლის ყოველი დამატებით 10 სანტიმეტრი პოსტმენოპაუზურ ქალებში კიბოს რისკს 13%-ით ზრდის, რაც ერთობ შთამბეჭდავი მაჩვენებელია. მაღალ ადამიანებში, განსაკუთრებით მაღალ ბავშვებში, ჰიპერტენზიის რისკიც უფრო მაღალია (გასაგები მიზეზების გამო). კვლევები აჩვენებს, რომ მაღალ ადამიანებს სიცოცხლის უფრო მოკლე ხანგრძლივობაც აქვთ.

ცხადია, მსგავსი კვლევები ხშირად წმინდად კორელაციურია, თუმცა მაღალ ადამიანებში კიბოს განვითარების მაღალი ალბათობა იმითაა განპირობებული, რომ მათ, ძირითადად, უფრო დიდი შინაგანი ორგანოები აქვთ. "მეტი უჯრედი = კიბოს გაჩენის უფრო მაღალ ალბათობას". აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კიბოს გამომწვევი მიზეზი ხშირად ცხოვრების არასწორი წესია ხოლმე — იქნება ეს დიეტა თუ მავნე ჩვევები, როგორიცაა სიგარეტის მოწევა. ამ ყველაფერში სიმაღლე მაინცდამაინც დიდ როლს არ თამაშობს, თუმცა სტატისტიკაზე დაკვირვებით, გასათვალისწინებელი ფაქტორი ნამდვილად არის.

სიმაღლის მაგალითი იმიტომ მომყავს, რომ ის ბუნებრივი მოვლენაა. მსოფლიოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი საშუალოზე ბევრად მაღალია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჭარბი სიმაღლე თავისთავად პათოლოგიაა. პათოლოგიად მიჩნეულია კიდურების "შესამჩნევად" არაპროპორციული ზრდა, როგორიცაა აკრომეგალია ან ელეფანტიაზი (იგივე სპილოს სნეულება და სპილოვნება).

ფსიქიატრიის თომას სასისეულმა კრიტიკამ თავის დროზე დარგის განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინა. თავდაპირველად ის ჰომოსექსუალობის დაავადებად კლასიფიკაციას დაუპირისპირდა. იმ პერიოდისთვის ჰომოსექსუალ ადამიანებში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, "ჭარბი სიმაღლის" მქონე ინდივიდების მსგავსად, შესამჩნევად გაზრდილი იყო. მაგალითად, 1994 წლამდე გეი ადამიანების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა აშშ-ში დაახლოებით 50 წელი იყო. მაგრამ მას შემდეგ, რაც გეი ურთიერთობები ნორმალიზდა და ჯანდაცვაზე მათი წვდომის ხარისხი გაუმჯობესდა, სიცოცხლის ხანგრძლივობამაც მნიშვნელოვნად აიწია.

შესაბამისად, დაავადების კლასიფიკაციისას, მეცნიერმა, როცა ის გარკვეულ მდგომარეობას დაავადებად მოიხსენიებს, რელევანტური კონტექსტიც უნდა გაითვალისწინოს. გარკვეული მდგომარეობის გავლენა სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ან ჯანმრთელობაზე, შეიძლება, ძალიან ბევრი ფაქტორით იყოს გამოწვეული.

ზემოხსენებული მაგალითები იმიტომ მომყავს, რომ გითხრათ — ცხოვრება და ადამიანად ყოფნა, უბრალოდ, რთულია (თუმცა ეჭვი მაქვს, რომ ეს უთქმელადაც იცით). სასიც სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ფსიქიკურ აშლილობებად წოდებული ქცევები ხშირად, უბრალოდ, ცხოვრებასთან შეგუებულობის განსხვავებული ფორმებია, რომელთა დაავადებად კლასიფიცირება შეუძლებელია.

ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი სასისთვის კლეპტომანიაა. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც კლეპტომანია ფსიქიკურ აშლილობად კლასიფიცირდება, ისაა, რომ ის უკონტროლოდ მიიჩნევა, ანუ კლეპტომანებს თითქოს ქურდობის მოტივაცია არ აქვთ. თუმცა, ამ გაგებით "იმპულსურობის" აშლილობად კლასიფიცირება არც ისე მართებულია. ზრდასრულებში, ისევე როგორც ბავშვებში, იმპულსური ქცევა ძალიან ხშირია და ასევე ხშირად — სავსებით უვნებელიც.

მაგალითად, მე პირადად ბავშვობიდან ვხატავ. ხატვაში მაინცდამაინც "კარგ" ხატვას არ ვგულისხმობ. როცა ვზივარ და ფურცელზე და პასტაზე ხელი მიმიწვდება, უბრალოდ, რაღაცების ჯღაბნას ვიწყებ და ვერ ვჩერდები. იმავენაირად, ზოგი მუდმივად ღიღინებს, ზოგი უსტვენს, ზოგი თითებს იტკაცუნებს. გარკვეულ ქმედებებს დაკვირვებადი მიზნები ან მოტივაციები არ სჭირდებათ.

კლეპტომანია პრობლემური იმიტომაა, რომ ის, შეიძლება, საზიანო იყოს, რადგან შედეგად ინდივიდი სხვის კერძო საკუთრებას ითვისებს. თუმცა, ამის გამო მსგავსი ქცევის ფსიქიკურ აშლილობად კლასიფიცირება სასისთვის მიუღებელია.

მედიცინა პოლიტიკისგან დაცული არ არის

ფოტო: Esther Sarto

ფსიქიატრიის არაზუსტი ბუნების გამო, მედიცინის ეს სფერო ხშირად პოლიტიზირებულია. ამასთანავე, ტოტალიტარულ სახელმწიფოებში ფსიქიატრიის ბოროტად გამოყენება ძალიან გავრცელებულია. მაგალითად, სსრკ-ში ფსიქიატრებმა "დუნედ მიმდინარე შიზოფრენია" მოიგონეს, ამ დიაგნოზს კი საბჭოთა დისიდენტებს და კომუნისტურ პარტიასთან დაპირისპირებულ პირებს უსვამდნენ. მსგავსი მაგალითები არაერთია.

ფსიქიატრიის "საკანონმდებლო" განზომილება ძალიან მნიშვნელოვანია. თავისუფალ საზოგადოებაში, სადაც სამართლის უზენაესობის პრინციპი მოქმედებს, კანონის თვალში ადამიანები "კონტრაქტულ ინდივიდებად" არიან განხილულნი და გარკვეულ ჯგუფთან მიკუთვნების გამო მათი დისკრიმინაცია არ უნდა ხდებოდეს. ფრაზა, "კანონის წინაშე ყველა თანასწორია", სწორედ ამას გულისხმობს.

თუმცა, ფსიქიატრიის კრიტიკოსების თქმით, თანამედროვე ფსიქიატრია ამ პრინციპს უპირისპირდება. როცა მანქანას ყიდულობთ, თქვენ და გამყიდველი თანასწორუფლებიანი პირები ხართ და მანქანის გაყიდვა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ხდება. თუმცა, ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანს და, მაგალითად, მის მკურნალ ექიმს შორის ეს თანასწორობა ირღვევა.

ძალაუფლების უთანასწორობა ზოგადად ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანებს და დანარჩენ საზოგადოებას შორისაც არსებობს. მაგალითად, სკოლაში ბავშვის ცუდი აკადემიური მოსწრება ხშირად მის ფსიქიკურ აშლილობას, მაგალითად ADHD-ის (ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომი) ბრალდება. ასეთ გარემოებაში ბავშვს არ აქვს შესაძლებლობა, თავი გაიმართლოს და საკუთარი აკადემიური მოსწრება ცუდ მასწავლებლებს ან საგნის არასაინტერესო ბუნებას მიაწეროს, რადგან მას დიაგნოზი აქვს.

ყოველდღიური ცხოვრების სიმპტომად ქცევა

ფოტო: Shagey

ფსიქიატრია ყოველთვის ცნობილი იყო არასტანდარტული მკურნალობის მეთოდიკით, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც დროთა განმავლობაში აიკრძალა. მაგალითად, ლობოტომია და ელექტროკონვოლსიური თერაპია (რომელიც დღესაც გამოიყენება, თუმცა იშვიათად) ხალხს ხშირად კლავდა კიდეც.

წლების მანძილზე ფსიქიატრები დღეს უკვე ნორმალურად მიჩნეულ ქცევებს პათოლოგიურად აღიქვამდნენ და შესაბამისადაც "მკურნალობდნენ". დღეს ფსიქიკური აშლილობების გამო არათუ სამუდამო, არამედ დროებითი ჰოსპიტალიზაციაც კი იშვიათია. ბევრი ფსიქიატრი, მაგალითად დევიდ როშენანი, პიტერ ბრეგინი და პაულა კაპლანი, მიიჩნევს, რომ თანამედროვე საზოგადოებას მედიკალიზაციის პრობლემა აქვს.

მედიკალიზაცია ეწოდება პროცესს, რომელიც ადამიანურ მდგომარეობებს და ქცევას სამედიცინო პრობლემებად აღიქვამს და შესაბამისად, ამ პრობლემის გადაჭრის მცდელობები მედიკამენტოზური (წამლების დახმარებით) ხდება — მაშინაც კი, როცა გარკვეულ მდგომარეობას, შეიძლება, "ბიოლოგიური" პათოლოგია საფუძვლად არ ედოს.

ფსიქიატრიის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ დროთა განმავლობაში ყოველდღიური ცხოვრების ასპექტები პათოლოგიებად აღიქმება. ამის საილუსტრაციოდ ADHD და მის გარშემო შექმნილი ვითარება გამოდგება.

ADHD-ს, თავიდან ჰიპერკინეზსს ეძახდნენ და ის 1973 წელს "აღმოაჩინეს". მიუხედავად იმისა, რომ ADHD საერთაშორისოდ აღიარებული აშლილობაა და მისი პათოლოგიის და ბიომარკერების შესახებ ბევრი რამ გავიგეთ, პრობლემები მაინც თვალსაჩინოა.

პირველ რიგში, ADHD-ით დიაგნოზირებული ბავშვების 75% სხვა ფსიქიკური აშლილობის კრიტერიუმებსაც იზიარებენ. ამის მიზეზი ისაა, რომ ADHD-ის დახასიათება, ისევე როგორც მისი სიმპტომატიკა, ძალიან ზოგადია. იმის გამო, რომ ADHD-ის დიაგნოსტიკის განსხვავებული კრიტერიუმები არსებობს, ზოგ ადგილას ADHD ძალიან გავრცელებულია, ზოგან კი ის თითქმის არ აღირიცხება.

მაგალითად, კალიფორნიაში 2011 წლიდან მოყოლებული, ADHD 4-17 წლის მოზარდების 7-9%-ს დაუდგინდა, ზოგ შტატში ეს მაჩვენებელი 13%-ზე მეტია. ამასთანავე, ADHD დროთა განმავლობაში ადამიანების მზარდ რაოდენობას უდგინდება, რაც ზოგის ეჭვით არასწორი ფსიქიატრიული პრაქტიკის ბრალია.

მსოფლიოში, DSM-IV კრიტერიუმით, ADHD მოზარდების 6-7%-ს უდგინდება, მაშინ როცა ICD-10-ის კრიტერიუმებით, ის ბავშვების მხოლოდ 1-2%-ს აქვს. ამხელა სხვაობა დიაგნოსტიკის პრობლემაზე მიანიშნებს. ისიც აღსანიშნავია, რომ ADHD-ს მედიკამენტოზური მკურნალობა ბავშვებისთვის ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტის მქონე წამლების გამოყენებას ითვალისწინებს.

ბევრგან ADHD-ის ჭარბი დიაგნოსტიკა ძალიან სერიოზული პრობლემაა. მაგალითად, ვირჯინიაში აღმოჩნდა, რომ ADHD თეთრკანიანი ბიჭების 33%-ს აღენიშნება, რაც ძალიან დიდი რიცხვია.

ფსიქიატრები, რომლებიც ამ თავში ვახსენე, ხშირად ამტკიცებენ, რომ უყურადღებობა და "ჰიპერაქტივობა" ბავშვებში ნორმალურია. იმის გამო, რომ სასკოლო სწავლება ბავშვების აკადემიურ მოსწრებაზე მნიშვნელოვან აქცენტს აკეთებს, მათ ხშირად შესაძლებელზე მეტი მოეთხოვებათ. სასკოლო განათლების რეფორმის ნაცვლად კი ყურადღება ბავშვების ნორმალური ქცევის პათოლოგიად წარმოჩენაზე გადაირთვება.

არაკეთილსინდისიერი პრაქტიკა — შეჯამება

ფოტო: Esther Sarto

სანამ მკითხველს დავემშვიდობები, რამდენიმე რამ უნდა შევაჯამო. ფსიქიკურ აშლილობებს ხშირად დაავადების სტატუსი არ აქვთ. ამის მიზეზები ზემოთ ვრცლად განვიხილეთ. თომას სასის და კოლეგების თანამშრომლობით, ისევე როგორც საჯარო აქტივიზმით და ანტი-ფსიქიატრიული მოძრაობის ხელშეწყობით, ფსიქიატრია იმაზე ბევრად ჰუმანური დარგია, ვიდრე აქამდე იყო.

იმის გამო, რომ ფსიქიკური აშლილობების პირდაპირი გამომწვევი მიზეზები ხშირად უცნობია და უჯრედული პათოლოგიის პოვნა რთულია, აშლილობათა დიაგნოსტიკა და შემდგომ მათი კურსის დაწესება მნიშვნელოვნად ძნელდება. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები ძალიან ხშირად დისკრიმინირებულნი არიან როგორც საკანონმდებლო სისტემის, ისევე, ზოგადად, საზოგადოების მიერ, რაც მათ მდგომარეობას საერთოდ არ ეხმარება.

ამასთან, ყოფილა შემთხვევები, როცა ფსიქიატრებს ძალაუფლებით ბოროტად უსარგებლიათ. მაგალითად, ფსიქიატრები თანამშრომლობენ ხოლმე ფარმაცეპტულ კომპანიებთან, რითიც ფსიქიკურ აშლილობათა მედიკამენტოზური მკურნალობის წახალისება ხდება: 2008 წელს აშშ-ის სენატის დაკვეთილმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ჰარვარდის ფსიქიატრმა ჯოზეფ ბიერდემანმა ფარმაცეპტული კომპანიებისგან მათი პროდუქტის კვლევისთვის და წახალისებისთვის საერთო ჯამში 1,6 მილიონი დოლარი აიღო.

ბიერდმანმა განაცხადა, რომ ფარმაცეპტული კომპანიებისგან აღებულ 1,6 მილიონ დოლარს მის კვლევაზე გავლენა არ ჰქონია. თუმცა ფაქტია, რომ მისი კვლევების შედეგად ბიპოლარული აშლილობის დიაგნოსტირება უფრო ხშირად ხდება.

2004 წელს აშშ-ში, მინესოტას უნივერსიტეტის კვლევის მოხალისემ, დენ მარკინგსონმა თავი მოიკლა. მასზე სამ წამალს, სეროქველ, ზიპრექსას და რიპერდალს ტესტავდნენ, სამივე ანტიფსიქოტური წამალია. კვლევამ აჩვენა, რომ მარკინგსონი კლინიკურ ტესტებში მონაწილეობას საკუთარი ნების წინააღმდეგ იღებდა. მის წინაშე ასეთი არჩევანი იყო: ან ამ ტესტებში უნდა მიეღო მონაწილეობა, ან ფსიქიატრიულ კლინიკაში უნდა გაევლო ფსიქიატრიული მკურნალობა.

ეს მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა, რომელიც ფსიქიატრიის სფეროში არსებულ არაკეთილსინდისიერ პრაქტიკაზე მიანიშნებს. მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ნაკლებად ლიბერალურ ქვეყნებში, მსგავსი უამრავი შემთხვევა არსებობს.


ყველაფრის მიუხედავად, ფსიქიკური აშლილობები რეალური რამაა და ისინი საზოგადოებას ძალიან სერიოზულ პრობლემებს უქმნიან. ფსიქიატრიის დარგის განვითარებას ფსიქიკური აშლილობების გარშემო არსებული ცრურწმენები და სტიგმები ძალიან აფერხებს. ამიტომ, პირველი ნაბიჯი სწორედ ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას.

ფსიქიკური აშლილობა ძალიან ხშირი და ბუნებრივიცაა, რადგან ადამიანად ყოფნა, მართლაც, ძალიან რთულია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მოხდა შავ ზღვაში — ნავთობპროდუქტის ჩაღვრით გამოწვეული პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფა

გირჩევთ