კარტოგრაფების საქმე, ხანგოშვილის მკვლელობა და ყარაბაღის კონფლიქტი — GWB-ის მეთორმეტე გამოცემა
Georgia Watch Briefing (საქართველოს გუშაგი) წარმოადგენს ორგანიზაცია ევროპული ღირებულებების, პუბლიკაციების Kremlin Watch Briefing და Balkan Watch Briefing იდენტურ პროექტს საქართველოში.
Georgia Watch Briefing ყოველ ორ კვირაში ერთხელ გამოიცემა და მისი ამოცანაა, მკითხველს მიაწოდოს უახლესი ინფორმაცია იმ მიმდინარე მოვლენების შესახებ, რომლებიც საქართველოში მტრული უცხოური ზეგავლენის მონიტორინგს, გამოაშკარავებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლას შეეხება. On.ge პროექტის პარტნიორია.
კარტოგრაფების საქმე - რუსეთიდან მოპოვებული რუკა და წინასაარჩევნო პოლიტიკური ტურბულენტობა საქართველოში
არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე (17 აგვისტოს) საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 7 ოქტომბერს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შელახვის მცდელობის ბრალდებით (მუხლი 308) სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი წევრი დააკავეს — საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი, ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი, ნატალია ილიჩევა.
საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე საეჭვო გარემოება გამოიკვეთა:
- პოლიტიკური მოტივაცია — ქართული ოცნების ლიდერებმა საქმესთან დაკავშირებით პოპულისტური და პოლიტიკურად მოტივირებული უამრავი განცხადება გაავრცელეს, რითაც უხეშად დაარღვიეს უდანაშაულობის პრეზუმფცია. ეს განცხადებები კეთდებოდა მანამდე, სანამ პროკურატურა ოფიციალურად წარუდგენდა ბრალს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩევას და სასამართლო იმსჯელებდა აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე. ასევე, არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ექსპერტმა თუ პოლიტიკოსმა მიუთითა საქმეში არსებულ ხარვეზებსა და შერჩევით მიდგომაზე.
- დრო — წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი ტიპის გამოძიების დაწყება შესაძლოა მიზნად ამომრჩევლებზე ზემოქმედებას ისახავდეს, გასაკუთრებით მაშინ, როდესაც დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის შესაძლო უკანონო ქმედებებს წინა ხელისუფლებას (ერთიან ნაციონალურ მოძრაობას) უკავშირებენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უამრავი სადავო სასაზღვრო მონაკვეთი გაჩნდა სამხრეთ კავკასიაში, ქართველებისთვის კი განსაკუთრებით სენსიტიურია აზერბაიჯანთან საზღვრის ის მონაკვეთი, რომელიც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს მიუყვება. შესაბამისად ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნოდ ამ საკითხის წამოწევა შესაძლოა მიზნად მთავარი პოლიტიკური ოპონენტის მიმართ ნდობისა და მხარდაჭერის შესუსტებას ისახავდეს. ამას გარდა, გამოძიების ცხელი ფაზა (დაკავებები) დროში ემთხვევა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის განახლებულ საომარ კონფლიქტს ყარაბაღში, რაც, რა თქმა უნდა, არ არის საუკეთესო დრო მეზობელთან სასაზღვრო დავის საკითხების აქტუალიზაციისთვის.
- რუსეთის ჩარევა - რუკა, რომელიც გამოძიების საფუძველი და მოგვიანებით მთავარი სამხილი გახდა, ივანიშვილთან დაახლოებულმა ქართველმა ბიზნესმენა დავით ხიდაშელმა, მისივე ინფორმაციით, რუსეთიდან ჩამოიტანა. ხიდაშელი 2009-2014 წლებში რუსული ფინანსური კონგლომერატის — სისტემას ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, კომპანიის, რომელიც კრემლთან და რუსეთის უშიშროების სამსახურთან სიახლოვით გამოირჩევა. ამჟამად ხიდაშელი ბერძნული კომპანია ინტრაკომის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარეა, თავად კომპანია კი, შუამავალი ორგანიზაციის გავლით, ასევე სისტემას მფლობელობაშია. ხიდაშელსა და კრემლის შიდა წრის წარმომადგენლებს შორის არსებული კავშირები და თავად ის ფაქტი, რომ რუკა მოპოვებულ იქნა რუსეთის არქივებში, ქართული საზოგადოების დიდ ნაწილში აჩენს ლეგიტიმურ ეჭვებს, რომ რუსეთი ცდილობს საქართველოს არჩევნებში ჩარევას და რეგიონში დესტაბილიზაციის შექმნას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის დაძაბვით.
კრემლის პირდაპირი მოკავშირეები, თუ უბრალოდ საარჩევნო ციებ-ცხელებით შეპყრობილი "სასარგებლო იდიოტები", რომლებიც რუსულ ანკესს წამოეგნენ, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები, ფართოდ გავრცელებული მოსაზრებით, სცდება სამართლებრივ მოტივებს, რაც ასევე ნათლად აისახა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ საერთო განცხადებაში, სადაც გამოძიებას "პოლიტიკურად მოტივირებული საქმე" უწოდეს.
რუსული კვალი ხანგოშვილის მკვლელობაში — გერმანიის მკაცრი პოზიცია და საქართველოს ხელისუფლების პასიურობა
ბერლინში საქართველოს ეთნიკურად ქისტი/ჩეჩენი მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობიდან ერთი წლის შემდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო. ხანგოშვილი, რომელიც ჩეჩნეთის მეორე ომში მონაწილეობდა, კრემლისთვის გაცხადებულად მიუღებელი პირი იყო. გერმანელი გამომძიებლების ცნობით, ხანგოშვილის სიკვდილში დამნაშავე 55 წლის რუსი მამაკაცია და მკვლელობა მოსკოვის დაკვეთით განხორციელდა. ამასთან, როგორც Bellingcat-ის გამოძიებით დგინდება, მკვლელობაში ეჭვმიტანილი გერმანიაში ყალბი დოკუმენტებით, ვადიმ სოკოლოვის იდენტობით ჩავიდა, თუმცა, სინამდვილეში, მისი სახელი ვადიმ კრასიკოვია და ის 2013 წელს, მოსკოვში ერთ-ერთი რუსი ბიზნესმენის მკვლელობაშიც იყო ეჭვმიტანილი.
8 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ, გერმანული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასა და ობიექტურობაში ეჭვი შეიტანა და სასამართლო პროცესს "დადგმული", "პოლიტიზირებული" და "რუსეთის საწინააღმდეგოდ მიმართული პროვოკაცია" უწოდა.
"ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ბერლინში პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს იმ განაჩენის თაობაზე, რომელსაც გერმანული სასამართლო რუსეთის მოქალაქეს ვ. სოკოლოვს გამოუტანს, 2019 წელს შამილ ბასაევის თანამებრძოლის და ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტების ერთ-ერთი მეთაურის, ზ. ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე" — განაცხადა ზახაროვამ. მისივე თქმით, უდავოა, რომ გერმანული სასამართლო რუსეთის სამთავრობო სტრუქტურებს იმ პირზე თავდასხმის დაგეგმვაში დაადანაშაულებს, რომელმაც "თავისი დანაშაულებრივი კარიერის განმავლობაში, უამრავი მოსისხლე მტერი შეიძინა".
სასამართლო პროცესმა, შესაძლოა გერმანიისა და რუსეთის ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვიოს. ხანგოშვილის საქმე ძალიან ჰგავს სკრიპალების მკვლელობის მცდელობას, რომელიც 2018 წელს განხორციელდა და ევროკავშირის ქვეყნებსა და რუსეთს შორის მნიშვნელოვანი დიპლომატიური დაპირისპირება გამოიწვია, რაც საბოლოოდ ევროკავშირის ქვეყნებიდან რუსი დიპლომატების გაძევებით დასრულდა. საქართველოს მთავრობის წევრებს, სავარაუდოდ, კრემლის "არ გაღიზიანების პოლიტიკის" გამო, სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარები არ გაუკეთებიათ. თუმცა, 2019 წელს, პრემიერმა გახარიამ აღნიშნა, რომ საკითხზე განცხადებას სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთებდა.
ყარაბაღის კონფლიქტი: კრემლის აქტორები საქართველო-სომხეთის ურთიერთობის დაძაბვას ცდილობენ
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო შეტაკებების პარალელურად ვრცელდება დეზინფორმაცია, რომ საქართველო ამ კონფლიქტში ნეიტრალური მხარე არაა. DFRLab-ის ანალიზი აჩვენებს, როგორ ცდილობენ პრორუსული აქტორები, რეგიონში დაძაბულობა საქართველოს პოზიციების შესარყევად გამოიყენონ.
კრემლთან დაკავშირებული აქტივისტი შეცდომაში შემყვან ვიდეოებს ავრცელებს. 3 ოქტომბერს ტვიტერის მომხმარებელმა გლებ ბაზოვმა სამი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც, მისი თქმით, აღბეჭდილი იყო სატვირთოების გადაადგილება საქართველოს გზებზე. ის ირწმუნებოდა, რომ ვიდეოებში ასახული იყო სამხედრო ტექნიკის გადაადგილება თურქეთიდან აზერბაიჯანისაკენ, საქართველოს გავლით. ბაზოვი აცხადებდა, რომ საქართველო თურქეთს უფლებას აძლევს, სამხედრო ტვირთი გადაზიდოს და, შესაბამისად, ნეიტრალური არაა.
ბაზოვის ვიდეოში არ ჩანს არანაირი მინიშნება იმაზე, რომ სატვირთოებს სამხედრო ტვირთი გადააქვთ. საქართველოს მთავრობამ ყარაბაღში სიტუაციის დაძაბვისთანავე, 27 სექტემბერს შეაჩერა საკუთარ ტერიტორიაზე სამხედრო ტვირთის გადაადგილება როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო გზით. გადაწყვეტილების შესახებ ორივე მხარე ინფორმირებული იყო, თუმცა აკრძალვა არ შეჰხებია კომერციულ ტრანსპორტს, რომელიც ახლაც უპრობლემოდ კვეთს საქართველო-აზერბაიჯანისა და საქართველო-სომხეთის საზღვრებს. მოქმედი აკრძალვების ფონზე რთული წარმოსადგენია, ვიდეოში ნაჩვენებ სატვირთოს სამხედრო ტვირთი გადაეტანა.
გლებ ბაზოვის ტვიტერის სურათზე პუტინის პროპაგანდის სიმბოლო, გეორგიევსკის ლენტია გამოსახული. ამ ლენტს რუსი აქტივისტები უკრაინის ოკუპაციის ლეგიტიმაციისათვის იყენებენ. ტვიტერის აღწერილობაში ასევე ვკითხულობთ, რომ ბაზოვი Slavyangrad.org-ში წერს სვეტებს. Euromaidan Press-ის განცხადებით, ეს გამოცემა უკრაინის დისკრედიტაციისა და ე.წ ნოვორასიას ლეგიტიმიზაციისთვის შეიქმნა (თვითაღიარებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკები აღმოსავლეთ უკრაინაში).
RT-ის კორესპონდენტი საქართველოს ნეიტრალურ პოზიციას ეჭვქვეშ აყენებს. კიდევ ერთი დაუსაბუთებელი ბრალდება საქართველოს წინააღმდეგ RT-ის კორესპონდენტის, მურად გაზდიევის მხრიდან გაისმა. მან დატვიტა, რომ ყველა თვითმფრინავი, რომელმაც აზერბაიჯანში სირიელი მებრძოლები გადაიყვანა, დანიშნულების ადგილზე საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით მოხვდა. საკუთარი მოსაზრების განსამტკიცებლად, გაზდიევმა ტვიტს Flightradar24-ის 29 სექტემბრის სქრინშოთები დაურთო, რომელზეც ასახულია რეისი UZ218, ტრიპოლიდან ბაქომდე. ტვიტის ავტორის თქმით, აზერბაიჯანის Silk Way Airlines-ს ისრაელიდან აზერბაიჯანში სამხედრო ტვირთი გადაჰქონდა, რაც "საქართველოს ნეიტრალურობას საეჭვოს ხდის".
გაზდიევს სქრინშოთის გარდა არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ხოლო Silk Way West Airlines-ის ფრენა, რომელსაც თითქოს ისრაელიდან აზერბაიჯანში სამხედრო ტვირთი გადაჰქონდა, კომერციული იყო. საქართველოს უსაფრთხოების საბჭომ ღიად უარყო ბრალდება სირიელი მებრძოლების გადაყვანასა და სამხედრო ტვირთების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. 7 ოქტომბერს კი სომხეთის პრემიერმინისტრის სამსახურის უფროსმა, ედუარდ აღაჯანიანმა ფეისბუქზე დაწერა, რომ "სოციალურ მედიაში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს საქართველო და ქართველი ხალხი ამ ომში აზერბაიჯანის მხარეს არიან".
წაიკითხეთ სტატია სრულად აქ.
კონსპირაციები კოვიდ-19-ის პანდემიაზე
კონსპირაციის თეორია იმის შესახებ, რომ პანდემია წინასწარ იყო დაგეგმილი ფეისბუქ ჯგუფებში კვლავ ვრცელდება. 5 ოქტომბერს სამი ტყუილის და ორი მანიპულაციური მტკიცების შემცველი პოსტი გამოქვეყნდა ჯგუფში — შევაჩეროთ 5G საქართველოში. პოსტის ავტორი ამტკიცებდა, რომ კოვიდ-19 ხელოვნურად შეიქმნა და მას როტშილდების ოჯახს უკავშირდება. პოსტში ასევე მოყვანილი იყო 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის ვიდეო, როგორც იმის მტკიცებულება, რომ პანდემია დაგეგმილია, რეალურად კი მითების დეტექტორმა გამოავლინა, რომ ეს კადრები ვიდეოფაბრიკაციას წარმოადგენს. ვრცლად იხილეთ მითების დეტექტორის ვებ-გვერდზე.
ყალბი მტკიცებები პირბადეებზე
კოვიდ-19 პანდემიის პერიოდში პირბადეების ტარებაზე სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაცია ვრცელდება. 3 ოქტომბერს ონლაინ მედიამ tvalsazrisi.ge გამოაქვეყნა ინტერვიუ თერაპევტთან, რომელიც ამტკიცებდა, რომ პირბადეები ნახშირორჟანგით ინტოქსიკაციას იწვევს. გარდა ამისა, 5 ოქტომბერს ანტივაქსერმა და პირბადეების მოწინააღმდეგე აქტივისტმა ფეისბუქ ჯგუფებში გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს პირბადე კანის ბაქტერიულ და სოკოვან დაავადებებს იწვევს. პოსტი შეიცავდა ფოტოებს, რომლებიც გადაღებული იყო 2009 და 2017 წლებში და სულ სხვა მოვლენებს ასახავდა.
ირმა ინაშვილის კომენტარი დავით გარეჯის სკანდალურ რუკებზე
7 ოქტომბერს, დავით გარეჯის მიწების უკანონო გადაცემის გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასაზღვრო სადემარკაციო კომისიის ყოფილი წევრები დააკავა. გამოძიება დაიწყო ივანიშვილის რწმუნებული ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის მიერ მოპოვებული რუკების საფუძველზე, რომლებიც ამ უკანასკნელმა რუსეთის საგარეო დაზვერვის ოფიცრისგან, ოლეგ მუბარაშკინისგან მიიღო. ამასთან, პრორუსული პოლიტიკური პარტიის პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი უარყოფს ამ პროცესში რუსეთის მონაწილეობას და აცხადებს, რომ მოსკოვს არ ჰქონდა განზრახული იმ რუკების გადაცემა ქართული მხარისთვის, რომელთა საფუძველზეც საქართველოს შეუძლია მის მეზობელ აზერბაიჯანთან იურიდიული დავის დაწყება.
"ჩვენ ადეკვატურობა კი არ უნდა დავკარგოთ. საქართველოში რაც არ უნდა მოხდეს, წარმატება იქნება, წარუმატებლობა, მარცხი თუ გამარჯვება, ყველაფერში რუსულ კვალს ეძებენ. ეს მივიდა ძალიან ავადმყოფურ ფორმებამდე...თუ ამ ლოგიკას გავყვებით გამოდის, რომ რუსეთი ჩვენ გვეხმარება, იმაში, რომ ჩვენთვის სამართლიანად გადაწყდეს საკითხი", -— აღნიშნა მან მედიასთან.
ქართული მარშის ძალადობა მთავარ არხის ჟურნალისტებზე დავით გარეჯში
9 ოქტომბერს, პრო-რუსული პოლიტიკური მოძრაობა ქართული მარში თავიანთ ლიდერთან, სანდრო ბრეგაძესთან ერთად დავით გარეჯში ჩავიდა, რათა გაეპროტესტებინა დავით გარეჯის ირგვლივ დატრიალებული მოვლენები და დაეგმო აზერბაიჯანის მიერ ქართული მიწების "ოკუპაცია".
"ჩვენ ყველა ეს რეგიონი (დავით გარეჯის ჩათვლით) უნდა გავათავისუფლოთ ოკუპაციისგან" — განაცხადა ბრეგაძემ. როგორც ჩანს, ქართული მარშის წევრები გააღიზიანა ტელეკომპანია მთავარ არხის ჟურნალისტების კითხვებმა, რომლებიც ადგილზე თავიანთ მოვალეობას ასრულებდნენ და მათ პროტესტს აშუქებდნენ. ქართული მარშის წევრებმა დაიწყეს მათ წინააღმდეგ სიტყვიერი დაპირისპირება, ერთ-ერთი ჟურნალისტის შეურაცხყოფა და მიკროფონის წართმევა. მოგვიანებით ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული მარში ჟურნალისტებზე ძალადობას ახორციელებდა და რომ სამართალდამცავი ორგანოები ფლობდნენ დამნაშავეთა დასჯისთვის მტკიცებულების სახით ყველა საჭირო მასალას.
საქართველოს რეფორმების ასოციაციამ (GRASS) COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინასა და მასზე პრორუსული წყაროების რეაქციასთან დაკავშირებით მცირე კვლევა გამოაქვეყნა. დოკუმენტი აანალიზებს რუსული COVID-ვაქცინის მიერ წარმოქმნილ რისკებსა და საფრთხეებს ვაქცინის ტესტირების სტანდარტების დაუცველოის გამო. იგი რუსეთის მარეგულირებელმა ორგანოებმა დაარეგისტრირეს, სანამ ის მასშტაბურ III ფაზის კლინიკურ ტესტირებას გაივლის. ანგარიში მოიცავს ოთხ პრორუსულ წყაროს — ნიუსფრონტ-საქართველო, სპუტნიკ-საქართველო, საქართველო და მსოფლიო და საქინფორმი. Sputnik-საქართველო ავრცელებდა პირდაპირ პროპაგანდისტულ სტატიებს რუსული COVID-ვაქცინის შესახებ, ხოლო ნიუსფრონტ საქართველოს განსხვავებული ტაქტიკა აისახებოდა შერჩევითად მხოლოდ იმ ამბების გამოქვეყნებაში, სადაც რუსული ვაქცინა არ იყო გაკრიტიკებული და პოზიტიურ კონტექსტში იყო წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ საქართველო და მსოფლიო ბრიტანულ ვაქცინას მისი შექმნისა და ტესტირების პროცესის დაჩქარების გამო აკრიტიკებდა, თუმცა მსგავსი შენიშვნები რუსული ვაქცინის შესახებ არ ჰქონიათ, პირიქით — ის შეაქეს და დასავლეთი უსაფუძლო ბრალდებებში დაადანაშაულეს. საქინფორმი კიდევ უფრო შორს წავიდა და მთავრობას მოუწოდა, რომ რუსეთს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სთხოვოს. სრული ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
16 ოქტომბერს, სამოქალაქო იდეამ გამოაქვეყნა მესამე ანგარიში, რომელიც მოიცავს ჩინურ კომპანიებთან, კერძოდ, სინოჰიდროსა და ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფთან დაკავშირებულ საკითხებს. კვლევა ეთმობა მოცემულ ორ კომპანიას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში მიმდინარე ძირითად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ამავდროულად, გამოირჩევიან თავიანთი შელახული რეპუტაციით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ანგარიში განიხილავს, საქართველოში მათ მიერ წარმოებულ პროექტებში არსებულ დარღვევებს, კერძოდ, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის, შრომითი უფლებების და სახელშეკრულებო პირობების და წესების დარღვევას. ასევე, გთავაზობთ უცხოური ქვეყნების გამოცდილებებს მაგალითების სახით, რათა ხაზი გავუსვათ კომპანიისთვის კონტრაქტების გაცემისას, საქართველოს მთავრობაში გამოვლენილი ე.წ. დიუ დილიჯენსის (Due Diligence) პრობლემას, კომპანიის რეპუტაციის იგნორირებასა და არასათანადო კვლევას.
უსაფრთხოების პოლიტიკის ევროპული ღირებულებების ცენტრმა (EVC) გამოსცა კვარტალური ანგარიში, რომელშიც ასახულია საქართველოში მიმდინარე მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენები. ანგარიშში შეჯამებულია საზიანო საგარეო გავლენის ტენდენციები, რაც ხელს უშლის ქვეყნის მიერ გაცხადებულ ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. ასევე, ანგარიში აანალიზებს რუსული დეზინფორმაციის მთავარ შემთხვევებს ბოლო სამი თვის განმავლობაში. პირველი ანგარიში მოიცავს ინფორმაციას 2020 წლის ივნისიდან სექტემბრამდე განვითარებული მოვლენების შესახებ. ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ აქ.
აღნიშნული სტატია ნაწილია პროექტისა — ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მედეგობის გაძლიერება საგარეო მტრული ზეგავლენის წინააღმდეგ, რომელიც ფინანსდება ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამა TRANSITION PROMOTION-ისა და USAID-ის Emerging Donors Challenge Program-ის მიერ. სტატიაში მოცემული ინფორმაცია პროექტის ფარგლებში გამოცემულ ბიულეტინს ეყრდნობა, რომელიც შემდეგ ქართველ პარტნიორებთან ერთად მზადდება: საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), სამოქალაქო იდეა, მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ატლანტიკური საბჭოს ციფრული ექსპერტიზის კვლევის ლაბორატორია (DFRLab).
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა
-
გადახედვათამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს თამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო! სალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!
-
გადახედვარასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად რასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად
-
გადახედვა"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება "ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
-
გადახედვაკობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს კობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს
-
გადახედვაკობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ კობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაწილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა წილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა
-
გადახედვაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
-
გადახედვასაგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა საგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
-
გადახედვაშ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება შ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება
-
გადახედვათავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს თავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს
-
გადახედვა21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს 21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს
-
გადახედვასაზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვამამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი! მამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი!
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის სალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
-
გადახედვაგიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს გიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს
კომენტარები