აშშ-ს სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური ევროპაში ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ საქართველო უკვე ახლა უნდა გახდეს NATO-ს წევრი მაშინ, როცა უკრაინა ჯერ ამისთვის მზად არაა. როგორც უკრაინული გამოცემა ევროპეისკაია პრავდა წერს, ჰოჯესმა ამის შესახებ კიევის უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.

"მჯერა, რომ საქართველო NATO-ს წევრი ახლა უნდა გახდეს. უკრაინას ამისთვის ცოტა მეტი დრო დასჭირდება", — განაცხადა ჰოჯესმა.

ამავე დროს, მან მტკიცედ თქვა, რომ უკრაინა საბოლოოდ გახდება ალიანსის წევრი, როგორც ეს "წლების წინ პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა".

სექტემბრის ბოლოს NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა საქართველოს, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რათა ალიანსს დაუახლოვდეს. მან საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორი უწოდა.