დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გარე სივრცეში პირბადეების ტარება მთავრობის მიერ გაცემული მკაცრი რეკომენდაციაა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო და შრომის ინსპექცია გააკონტროლებენ.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, მოქალაქეებსა და რეკომენდაციის დაცვაზე იქნება დამოკიდებული, დაწესდება თუ არა ჯარიმები. ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ პოლიციის რესურსის გამოყენება არ დასჭირდებათ.

"ვნახოთ როგორი იქნება აღსრულება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები ამ წესს შეასრულებენ. პირბადე არის ერთადერთი ქმედითი, დისტანციასთან და სხვა წესებთან ერთად, რომ ვირუსის გავრცელების შენელება მოხდეს. რეალურად ეს პირბადე გვიცავს", — აღნიშნა მეზვრიშვილმა.

გარდა ამისა, მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განმარტა, რა შემთხვევაში იქნება საჭირო გარე სივრცეში პირბადის ტარება. ასეთ ადგილებად ჩაითვლება სივრცეები, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელი ხდება, მაგალითად ტრანსპორტის გაჩერებები, რიგებში და ა.შ.

"აქ არ იგულისხმება შემთხვევები, როცა ქუჩაში მარტო ვსეირნობთ, მაგრამ არ დაგიმალავთ, მე ამ დროსაც მიკეთია პირბადე", — თქვა მეზვრიშვილმა.

23 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან 350 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში კორონავირუსის 24 562 შემთხვევა დაფიქსირდა. კარანტინის რეჟიმშია 4 408 ადამინია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 3 155, კოვიდ სასტუმროში იმყოფება 848 პირი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: