საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მეხუთე დღეა სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურის მიმდებარედ, 61 წლის კაცს ეძებენ.

უწყების განმარტებით, 6 ოქტომბერს მიიღეს შეტყობინება, რომ სოფელი ჯგალიდან სქურის მიმართულებით გავიდა 61 წლის კაცი, რომელიც სახლში არ დაბრუნებულა. მათი თქმით, დაკარგულის პირადი ნივთები სქურის მთაში, მიტოვებულ ქოხში იპოვეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ სამაშველო-საძიებო ოპერაციაში ჩართულია 15-კაციანი ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, დრონი. მათივე თქმით, პროცესში, ასევე, ჩართული იყო ექსპერტ-კრიმინალისტების კინოლოგიური სამსახურიც. საგანგებოში ამბობენ, რომ მაშველებმა, ოჯახის წევრებთან ერთად, მთის ფერდის ის ნაწილი დაათვალიერეს, სადაც ფეხით გადაადგილება შეუძლებელია.