როცა აზერბაიჯანში ჩამიყვანეს და ციხეში ვიჯექი, აზერბაიჯანის რამდენიმე მაღალჩინოსანი შემხვდა, მათ შორის ერთ-ერთი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა. მაშინ მითხრეს, რომ ქართულ მხარეს ქრთამი მისცეს — სამი მილიონი დოლარი. მე არ ვიცი ამ ადამიანის სახელი, მაგრამ მისი ციხის უფროსსაც ეშინოდა.

გატაცებამდე ძალიან ვრცელი ინტერვიუ მივეცი ამერიკის ხმას. ვუთხარი, რომ გამიტაცებდნენ და აზერბაიჯანს გადამცემდნენ. 5-7 დღეში გამიტაცეს.

აზერბაიჯანში ერთ-ერთი გენერლის სასამართლო ტარდებოდა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროში მუშაობდა. ეს სამინისტრო გააუქმეს, რის შემდეგაც სასამართლო პროცესი დაიწყო. ეს გენერალი წარმოშობით საქართველოდან იყო. სასამართლოში მან თქვა, რომ აგენტურაზე ძალიან დიდი თანხა იხარჯება და თუ ამის შესახებ ისაუბრებდა, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ომი დაიწყებოდა. ამის შემდეგ სასამართლო პროცესი დასრულდა, ამაზე აღარაფერი უთქვამს.

რატომ ივარაუდეთ, რომ გაგიტაცებდნენ?

მანამდე საქართველოში მეიდან TV-ის წინააღმდეგ აქცია ჩატარდა. ამ ინტერნეტტელევიზიის ერთ-ერთი თანამშრომელი ვიყავი. აქციაზე მოითხოვეს, რომ ჩვენ დავეჭირეთ და საქართველოდან გავეძევებინეთ. საქართველოს მთავრობას ბინადრობის უფლებისთვის მივმართე, თუმცა უარი მითხრეს.

იქამდე ოპოზიციური პარტია სახალხო ფრონტის თავმჯდომარის მოადგილე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, აზერბაიჯანის მხარეს დააკავეს. ასევე, თბილისში, აზერბაიჯანის დაკვეთით, დააკავეს ერთ-ერთი მსხვილი კლინიკის ექიმი. ის ჩვენი მეგობარი იყო და ახლაც ციხეშია. იყო კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი, ბლოგერი, რომელიც თბილისში ცხოვრობდა. ალიევის რეჟიმზე წერდა და აზერბაიჯანის საელჩოსთან საპროტესტო აქციებს აწყობდა. იგი იძულებული იყო ბაქოში ჩასულიყო, სადაც დააკავეს და ციხეში მოკლეს. ამის შემდეგ მე გამიტაცეს.

თუმცა მაინც არ მეგონა, თუ გამიტაცებდნენ...

რა გზა გაიარეთ გატაცებიდან გათავისუფლებამდე? როგორ გექცეოდნენ აზერბაიჯანის ციხეში?

ნორმალურად მექცეოდნენ. ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ძალიან ნორმალური დამოკიდებულება იყო. არანაირი წამება არ ყოფილა.

რაიმე სახის თანამშრომლობაზე ხომ არ ყოფილა შემოთავაზება?

არიან ადამიანები მთავრობაში, რომლებთანაც მოლაპარაკება შეუძლებელია. ჩემთვისაც არაფერი უთქვამთ. როცა გამომიშვეს, მხოლოდ ის მითხრეს, რომ აზერბაიჯანში აღარ უნდა მეცხოვრა.

ჩემი პატიმრობა განდევნით შეიცვალა

სასამართლო სხდომა იყო, სადაც ათასი მანათით, დაახლოებით 500 დოლარით დამაჯარიმეს. ციხიდან პირდაპირ აეროპორტში წამიყვანეს. ღიად საუბრობდნენ, რომ აზერბაიჯანში ჩასვლის უფლებას არ მომცემდნენ.

ჩემი ციხის პატიმრობა განდევნით შეიცვალა. აზერბაიჯანში არ მიშვებენ და ახლა აღმოჩნდა, რომ თბილისშიც ვერ შემოვდივარ.

ოფიციალური ბრალდება საზღვრის უკანონოდ კვეთაა. ამასთან, თითქოს საბაჟოს თანამშრომელს, სპეცრაზმის მეთაურს ვცემე. საბუთებში წერია, რომ ერთი მუშტი დავარტყი, რის გამოც მან ტვინის შერყევა მიიღო და ასევე, ორი ნეკნი გავუტეხე. საუბარია სპეცრაზმის მეთაურზე, ახალგაზრდა, მაღალი ძლიერი კაცია. რა თქმა უნდა, ამის დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს.

ამასთან, ჩემს ჯიბეში იპოვეს 10 ათასი ევრო. ეს ჩემი ფული არ არის, მათ ჩამიდეს.

რატომ გადაწყვიტეთ თბილისში ჩამოსვლა ახლა?

ახლა არა. მე ბილეთი ნაყიდი მქონდა აგვისტოს ბოლოსთვის. მაშინ თქვენი ხელისუფლება აცხადებდა, რომ ევროკავშირის ქვეყნებისთვის და იქ მცხოვრები პირებისთვის საზღვრები გახსნილია. პოლონურ ავიახაზებზე ვიყიდე ბილეთი, თუმცა გამოფრენის წინ საქართველოს მთავრობამ უბრალოდ ყველა რეისი გააუქმა და მაშინ ჩამოსვლა არ შემეძლო.

ახლა საზღვრები გაიხსნა. გერმანიის და ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქისთვის, ასევე, იქ მაცხოვრებლებისთვის საქართველოში ჩამოსვლა დასაშვები გახდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ბლანკი შევავსე, სარეგისტრაციო ნომერი მომცეს. მერე ბილეთი ვიყიდე და კორონავირუსის ტესტი გავიკეთე.

აფგან მუხთარლი გათავისუფლების შემდეგ აეროპორტში ოჯახის წევრებს შეხვდა.

ფოტო: ლეილა მუსტაფაევა / Facebook

აეროპორტში ერთი კაცი დამხვდა და მითხრა, Georgian Airways-ის წარმომადგენელი ვარო. მან მკითხა, ის ჟურნალისტი ხართ, ვინც თბილისიდან გაიტაცესო? მე მეგონა, რომ ქართველები მცნობენ, რადგან ტელევიზორში მაჩვენებდნენ, ჩემზე წერდნენ. მან მითხრა, რომ თბილისში ვერ შემიშვებდნენ.

განმიმარტა, რომ ჩემი დოკუმენტები წესრიგში არ იყო. ყველა დოკუმენტი ვაჩვენე. ჯერ საელჩოში დარეკა, შემდეგ საკონსულოში. დოკუმენტებს გადაუღო და საკონსულოს გადაუგზავნა, საიდანაც ნახევარ საათში უთხრეს, გავეშვი. ბარგი გამომართვეს და "ბორდინგპასიც" მომცეს.

კონტროლი გავიარე და ბოლოს, თვითმფრინავში ჩაჯდომამდე, როცა "ბორდინგპასი" შეამოწმეს, მითხრეს, რომ ის დადასტურებული არ არის და მე თვითმფრინავში ვერ ჩავჯდები. მორჩა. ისტორია ამით დასრულდა.

ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურია. თქვენი პარლამენტის სპიკერმა [არჩილ თალაკვაძე], განაცხადა, რომ თითქოს მე საარჩევნოდ ჩამოვდივარ და ხელისუფლების წინააღმდეგ საარჩევნო კამპანიაში მივიღებდი მონაწილეობას. ამაზე არ მიფიქრია. არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან მჭიდრო კავშირი არ მაქვს.

მე მაქვს მოწვევა პროკურატურიდან. რომელიც ერთი თვის წინ მივიღე. საქართველოში ვაპირებდი ჩამოსვლას, რომ პროკურატურისთვის მიმეცა ჩვენება და დანაშაულის ადგილი მეჩვენებინა.

როცა გამიტაცეს, თქვენმა ხელისუფლებამ ქრთამის სახით 3 მილიონი დოლარი აიღო. ახლა საზღვარზე რომ არ გავეტარებინე, ალიევისგან რამდენი აიღეს?

პროკურატურაში აცხადებენ, რომ თქვენ უკვე მიეცით ჩვენება გერმანიაში და თქვენი გამოკითხვა აღარ იგეგმება

რამდენიმე თვის წინ გერმანულმა პოლიციამ დამკითხა. კითხვები თბილისიდან გაუგზავნეს. პოლიციის განყოფილებაში დავიკითხე, სადაც ჩემთან ერთად ჩემი გერმანელი ადვოკატი იყო.

მინდა, რომ თბილისშიც ჩამოვიდე. რატომ არ მიშვებენ, რა პრობლემაა? თუ ისინი ასე ამბობენ, ოფიციალური მოწვევა რატომ გამომიგზავნეს?

მოწვევა თქვენი ინიციატივით ითხოვეთ?

მე თავდაპირველად მათ ფეისბუქზე მივწერე და პირადად მიპასუხეს. ამის შემდეგ, ჩემმა ადვოკატმა მიმართა გენერალურ პროკურატურას და ოფიციალური წერილი მისცეს. თუ არ აპირებდნენ დაკითხვას, მაშინ რატომ მიმიწვიეს.

პარლამენტის სპიკერი ამბობს, რომ ბევრი კითხვა გაუჩნდა და მეც გამიჩნდა ერთი კითხვა — როცა გამიტაცეს, თქვენმა ხელისუფლებამ ქრთამის სახით 3 მილიონი აიღო. ახლა, იმისთვის, რომ საზღვარზე არ გავეტარებინე, ალიევისგან რამდენი აიღეს? მინდა, რომ პასუხი მივიღო.

ფოტო: აფგან მუხთარლი

საბოლოოდ, Georgian Airways-მა რა გიპასუხათ?

მათ არაფერი მითხრეს. უბრალოდ არ შემიშვეს. ოფიციალური პასუხი აქამდე არ მიმიღია. არავისგან.

უბრალოდ არის განცხადება, რომელიც მათ მედიას მისცეს. ის განცხადებაც მეგობრებმა გამომიგზავნეს. ეს სამართლებრივი გადაწყვეტილება არა არის.

როგორ გგონიათ, გერმანიაში გამოკითხვის შემდეგ საქმე მცირედით მაინც დაიძრა?

სამი თუ ოთხი თვის წინ ჩვენება მივეცი, მაგრამ გადაწყვეტილება ამ დრომდე არაა. პროკურატურა უბრალოდ გაჩუმდა.

თბილისში რამდენი ხნით ჩამოდიოდით? პროკურატურისთვის ჩვენების მიცემის გარდა, რა გეგმები გქონდათ?

არაფერი, უბრალოდ სეირნობას ვაპირებდი. ათი დღით ჩამოვდიოდი.

თბილისი ჩემთვის ძალიან მშობლიური ქალაქია. მე იქ უნივერსიტეტში ვსწავლობდი. იქ ვცხოვრობდი ბოლო სამი წელი, იქ მეგობრები მყავს. თბილისი ჩემთვის მეორე სამშობლოა, ძალიან მიყვარს.

იმედი მაქვს, რომ ეს ივანიშვილისთვის საბოლოო არჩევნები იქნება. ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი ამ კორუფციონერებს მხარს არ დაუჭერს.

აპირებთ ისევ თბილისში ჩამოსვლას?

კი, ვაპირებ. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და თბილისის სასამართლოსაც უნდა მივმართო. ვაპირებ, ავიაკომპანიას ვუჩივლო. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და სპიკერის განცხადებაც ამაზე მეტყველებს. თქვენი მთავრობა შეიკრიბა და გადაწყვიტა, რომ თბილისში არ შევეშვი.

ამ ხელისუფლებას ერთი ჟურნალისტის ეშინია. სამარცხვინოა, ძალიან სამარცხვინოა. თუ მათ ჩემი ეშინიათ, როგორ უნდა მართონ ამხელა სახელმწიფო?

გულწრფელად გითხრათ, ასეთს არ ველოდი. უბრალოდ სამარცხვინოა.

კავკასიაში შესვლა ამიკრძალეს, იქ, სადაც დავიბადე

თქვენ ადრე ამბობდით, რომ საქართველოში დაბრუნება და ცხოვრება გინდათ...

მე თბილისში ცხოვრება მინდა, მაგრამ როგორც ვხედავ, ამის უფლებას არ მომცემენ.

არ მინდა გერმანიაში ან ევროპაში ცხოვრება, ასჯერ მქონდა გერმანიაში ცხოვრების შესაძლებლობა. სამშობლოში მუშაობის საშუალებას არ მაძლევენ, მასთან ყველაზე ახლო ადგილი არის თბილისი.

ვიცავდი ყველა კანონს, არანაირი კრიმინალური წარსული არ მაქვს. რატომ არ მაძლევენ თბილისში მუშაობის საშუალებას?!

კავკასიაში შესვლა ამიკრძალეს, იქ, სადაც დავიბადე. აზერბაიჯანში ვერ ჩავდივარ, სომხეთში საერთოდ არ შემიძლია ჩასვლა, იცით რა მდგომარეობაა. გამოდის, რომ კავკასიას ვერასდროს ვნახავ. ეს როგორ?! კავკასიელს კავკასიაში ჩასვლა არ შეუძლია?! ეს ხომ უსამართლობაა.

აფგან მუხთარლი და ლეილა მუსტაფაევა თბილისში

ფოტო: აფგან მუხთარლი / Facebook

ახლა რას აპირებთ, თქვენი გეგმები ხომ არ შეიცვალა?

არა, არანაირად. უბრალოდ, მინდა, რომ აზერბაიჯანთან ახლოს ვიცხოვრო.

მე ჟურნალისტი ვარ, აზერბაიჯანზე დავწერ სტატიებს. თბილისში კანონიერად ვიყავი დასაქმებული, გადასახადებს ვიხდიდი. სამი წლის განმავლობაში თბილისში ნორმალურად ვცხოვრობდი.

პრობლემა გაჩნდა მაშინ, როცა ივანიშვილი ერთიანი მმართველი გახდა. სანამ კოალიციური მთავრობა იყო, პრობლემებიც არ იყო. მას ძალიან მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა ალიევთან, ის იღებდა მისგან ფულს, ქრთამს. როგორც ჩანს, ალიევსა და ივანიშვილს რაღაც საერთო საიდუმლო ბიზნესი აქვთ. მქონდა გამოძიება, რომლის დასრულებაც არ შემიძლია. საკმაო მტკიცებულებები მქონდა, მაგრამ ამ დროს მათ დამაკავეს.

ჟურნალისტი და აქტივისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს. ის ამაში ქართველ სპეცსამსახურებს ადანაშაულებდა და ამბობდა, რომ გატაცების შესახებ ინფორმირებული იყო იმჟამინდელი პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილიც.

თითქმის სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, 2020 წლის მარტში მუხთარლი ბაქოს ციხიდან გაათავისუფლეს. მას შემდეგ ის გერმანიაში, ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

საქართველოს გენერალური პროკურატურა ჟურნალისტის გატაცების საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით იძიებს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. უცნობია, გამოიკითხა თუ არა საქმეზე ექსპრემიერი კვირიკაშვილი. პარლამენტში ყოფნისას მან მუხთარლის საკითხს "სერიოზული ჩავარდნა" უწოდა.