სვანეთში 18 ივლისს დაკარგული ილია ფილფანის მშობლები პირს, ვინც დაკარგული მოზარდის ზუსტ ადგილსამყოფელ შეატყობინებს 50 000 ლარს გადაუხდიან. 30 000 ლარი კი მათთვის არის განსაზღვრული, ვინც მის პოვნაში მშობლებს რაიმე სახის ინფორმაციას მიაწვდის.

ფილფანის მშობლებმა დღეს, 7 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ მათთვის მთავარი პრობლემა ინფორმაციის ნაკლებობა, რაც ძებნას ართულებს, ამიტომ მიიღეს მსგავსი გადაწყვეტილება.

გუშინ, 6 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 13 წლის ილია ფილფანს ინტერპოლის ყვითელი ცირკულარით ეძებენ. ბიჭის მოძებნისთვის ინტერპოლის ჩართვა ოჯახმა ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში მოითხოვა. მოზარდი სვანეთში ისვენებდა, როცა 18 ივლისს დილით ველოსიპედით სახლიდან გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა.

ილია ფილფანის ძებნის სამუშაოები ჩატარდა ანაკლიასა და ურეკშიც, რადგან, როგორც ოჯახში ამბობენ, მოზარდი ზღვისპირეთში რამდენჯერმე ისვენებდა მამასთან ერთად და არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა იქ წასულიყო.

მოზარდის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთას