არის ასტრონომიული მოვლენები, რომლებსაც ვერ მოვესწრებით, მაგრამ რამდენიმე მათგანს ამ საუკუნეშიც ვიხილავთ. ადამიანთა უმეტესობა, დიდი ალბათობით, საკმარისად ხანგრძლივად იცოცხლებს საიმისოდ, რომ ზოგი ამგვარი სანახაობა საკუთარი თვალით ნახოს.

სტატიაში 6 მსგავს მოვლენაზე მოგიყვებით და გეტყვით, როდისაა თითოეული მათგანი მოსალოდნელი.

აპოფისის სტუმრობა

2029 წლის 13 აპრილს დედამიწიდან 32 000 კილომეტრ მანძილზე ასტეროიდი აპოფისი ჩაივლის. ეს მთვარესთან დისტანციის მეათედზე ნაკლებია, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნული ობიექტი ჩვენს პლანეტას საკმაოდ მოუახლოვდება. ამის მიუხედავად, შეჯახების საფრთხე არაა.

მისი აღმოჩენისას მსგავს საშიშროებას განიხილავდნენ. მართალია, აპოფისის სიგანე 370 მეტრამდეა, თუმცა დედამიწაზე ამ ზომის ასტეროიდის ჩამოვარდნაც კი მაინც სერიოზულ კატასტროფას გამოიწვევდა. საბედნიეროდ, მისი ორბიტის შესწავლის შედეგად დავრწმუნდით, რომ ასეთი რამ არ მოხდება, ყოველ შემთხვევაში ამ საუკუნეში.

2029 წელს მოსალოდნელი ვიზიტი ასტრონომებისთვის კარგი შესაძლებლობა იქნება, რომ ასტეროიდი უკეთ შეისწავლონ და მისი ტრაექტორიაც დააზუსტონ. ამ ობიექტზე დაკვირვებას უბრალოდ კოსმოსით დაინტერესებული ადამიანებიც შეძლებენ და მსოფლიოს ნახევარს ამისთვის ოპტიკური ხელსაწყო სულაც არ დასჭირდება. პროგნოზირებენ, რომ ხელოვნური სინათლისგან მოშორებით მდებარე არეალებიდან ღამის ცაზე აპოფისი ისედაც გამოჩნდება.

კომეტა ჰალეის დაბრუნება

კომეტა ჰალეი ჩვენს კოსმოსურ სამეზობლოს 1986 წელს ეწვია. მაშინ ბევრი ადამიანი ელოდა, რომ ცაზე ამ გასაოცარ მოვლენას დაინახავდა, მაგრამ გაწბილებულნი დარჩნენ. საქმე ისაა, რომ მაშინ მის მიმართ დედამიწის მდებარეობა არც ისე ხელსაყრელი იყო.

სამაგიეროდ, 2061 წელს იმედი არ გაგვიცრუვდება, რადგან ჰალეი თითქმის 10-ჯერ უფრო კაშკაშა იქნება. ასევე, იგი ვენერას ახლოს ჩაუვლის და შთამბეჭდავ სანახაობას შექმნის.

ორი წლის წინ კომეტამ საკუთარ ორბიტაზე მზესთან ყველაზე შორეულ წერტილს მიაღწია, ანუ ნახევარი გზა უკვე გავლილია. რამდენიმე დეკადაში ის ხელახლა მოგვიახლოვდება და ამჯერად მთელი თავისი დიდებულებით "დაგვენახება".

ფოტო: NASA/W. Liller

ვარსკვლავის აფეთქება

ვარსკვლავების სიცოცხლის დასასრულის ზუსტი დროის პროგნოზირება რთულია, მაგრამ ასტრონომები V Sagittae-ს აფეთქება ამ საუკუნის ბოლო ორ დეკადაში ელიან.

ესაა მკრთალი მნათობი, რომელიც ისრის თანავარსკვლავედში მდებარეობს. 1902 წელს ასტრონომმა ლიდია ცერესკაიამ შენიშნა, რომ ამ ვარსკვლავს უჩვეულო მახასიათებლები ჰქონდა, კერძოდ, მას სიკაშკაშე ემატებოდა.

შესაძლოა, 2083 წელს (±10 წელი) ის ისეთივე ელვარე გახდეს, როგორიც სირიუსია. ეს პროგნოზი ემყარება ვარაუდს, რომ საქმე მჭიდრო ორბიტაზე განლაგებულ ორ ვარსკვლავთან გვაქვს, რომლებიდანაც ერთი თეთრი ჯუჯაა (ვარსკვლავის ბირთვის ნარჩენი), მეორე კი — უფრო მასიური მთავარი მიმდევრობის მნათობი. პირველი კომპანიონის გარე შრეებიდან მატერიას იზიდავს, რის გამოც წყალბადი გროვდება და უეცარ "ანთებას" იწვევს. ეს სიკაშკაშე კვირები ან თვეები შეიძლება გაგრძელდეს.

ფოტო: University of Southampton

მაშინ, როცა ვარსკვლავები ერთმანეთს საბოლოოდ შეერწყმება, გასაოცარი ზეახალი წარმოიქმნება, რომელიც დედამიწიდან დღისითაც გამოჩნდება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ჰიპოთეზას ყველა მეცნიერი არ იზიარებს, რადგან, მათი აზრით, მეორე ობიექტი ვოლფ-რაიეს ვარსკვლავია, რომელიც თავის კომპანიონთან უკვე ძალიან ახლოსაა.

ასეა თუ ისე, ორივე შემთხვევაში დასასრული ძალიან ენერგიული და კაშკაშა იქნება.

პლანეტების 3 დიდი შეერთება

ზოგჯერ დედამიწის პერსპექტივიდან ორი პლანეტა ერთმანეთთან ძალიან ახლოს ჩანს, რასაც შეერთება ეწოდება. მერკურის შემთხვევაში ასეთი მოვლენა საკმაოდ ხშირია, მაგრამ, მაგალითად, იუპიტერი და სატურნი ცაზე ძალიან ნელა გადაადგილდება და "გვერდიგვერდაც" იშვიათად ხვდება. ასეთ მოვლენას დიდ შეერთებას უწოდებენ და მსგავსი რამ ყოველ 20 წელში ერთხელ ხდება.

შესაძლოა, ამ დროს პლანეტები მზესთან ზედმეტად ახლოს იყოს, რის გამოც არ გამოჩნდეს. სწორედ ასეთი რამ მოხდა 2000 წლის დიდი შეერთებისას, თუმცა 2020-ში ბოლო 800 წლის განმავლობაში ყველაზე ახლო დიდი შეერთება ვიხილეთ. ის სამხრეთ ნახევარსფეროდან მხოლოდ ცოტა ხნით ჩანდა, რადგან მზის სიკაშკაშემ მალევე დაჩრდილა.

მომდევნო ორი დიდი შეერთება 2040 და 2060 წლებში იქნება. ორივე შემთხვევაში ცაზე პლანეტებს შორის შედარებით დიდ დისტანციას შევნიშნავთ, თუმცა 2060 წლის მოვლენაზე დაკვირვებაში მზე ხელს ვეღარ შეგვიშლის; პირველი შეერთება უფრო ძნელად დასამზერი იქნება, მაგრამ ამ პერიოდში (სექტემბერში) სატურნსა და იუპიტერს სხვა პლანეტებიც შეუერთდება, რასაც შეუიარაღებელი თვალით დავინახავთ.

ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობა მაინც 2080 წელს გველის — ამ დროს იუპიტერი და სატურნი ერთმანეთთან იმაზე ახლოს გამოჩნდება, ვიდრე 2020-ში. ასევე, ისინი მზისგან მოშორებით იქნება, რაც ნიშნავს, რომ ამ მოვლენას თვალს თითქმის მთელი მსოფლიოდან მიადევნებენ.

რა თქმა უნდა, ამ 6-ის გარდა, მომდევნო ათწლეულებში სხვა ასტრონომიული მოვლენებიც იქნება, როგორიც, მაგალითად, მეტეორული "წვიმებია". შეიძლება სრულიად უცნობი კომეტებიც გვესტუმროს, რომლებიც ამჟამად ზედმეტად შორსაა იმისთვის, რომ შევამჩნიოთ. ამის მიუხედავად, ჯერ ზუსტი პროგნოზები არ გვაქვს, ამიტომ ისღა დაგვრჩენია, ღამის ცას დავაკვირდეთ და დავიცადოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.