ბელარუსში ათიათასობით ადამიანი ქალაქის ცენტრში გავიდა, რათა ხელისუფლებისგან პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოეთხოვა, პოლიციამ კი აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ასევე, მინსკში კვირას დღის განმავლობაში ინტერნეტთან წვდომა შეზღუდული იყო.

ბელარუსში აქციები 9 აგვისტოს დაიწყო, რითაც ხალხი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდა. მოქალაქეები ალექსანდრ ლუკაშენკოს კვლავ გაპრეზიდენტებას აპროტესტებენ და არჩევნების თავიდან ჩატარებას მოითხოვენ. არჩევნების შედეგებს არ აღიარებს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია, რომელიც შედეგების გამოცხადების შემდეგ იძულებული იყო, ქვეყანა დაეტოვებინა. მისი ინიციატივით, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა.