ოდესმე წარმოგიდგენიათ ენ ჰეთეუეი საშიში ანტიგმირის როლში?

თუ არა, მაშინ მსახიობი ახალი ფილმით თქვენს გაოცებას შეეცდება.

ალქაჯები (The Witches) სტრიმინგ სერვისის HBO Max ახალი ფილმია, რომელშიც მთავარი (ანტი)გმირის როლს სწორედ ენ ჰეთეუეი ასრულებს, სიუჟეტის მიხედვით მას წინააღმდეგობას კი ოსკაროსანი ოქტავია სპენსერის პერსონაჟი, მზრუნველი ბებია გაუწევს.

სულ ახლახანს გამოქვეყნებული ფილმის პირველი ტრეილერი ნამდვილ ჯადოსნურ, მხიარულ და დაძაბულ სანახაობას გვპირდება:

ეს ახალი კინოსურათი ცნობილმა ამერიკელმა კინორეჟისორმა რობერტ ზემეკისმა გადაიღო, რომელსაც მაყურებელი კარგად იცნობს ისეთი ლეგენდარული ფილმებით, როგორებიცაა უკან მომავალში და ფორესტ გამპი.

როგორც IndieWire წერს, ამ პროექტზე მუშაობის დაწყებას თავდაპირველად ოსკაროსანი მექსიკელი რეჟისორი გილერმო დელ ტორო აპირებდა, თუმცა საბოლოოდ პროექტის განხორციელება თავის თავზე ზემეკისმა აიღო, დელ ტორო კი აღმასრულებელი პროდიუსერის ამპლუით შემოიფარგლა. მასთან ერთად ამ მოვალეობას იყოფს კიდევ ერთი სახელოვანი მექსიკელი რეჟისორი — ალფონსო კუარონი.

ალქაჯები საბავშო ლიტერატურის საკულტო მწერლის, როალდ დალის ამავე სახელწოდების მქონე ნაწარმოების მიხედვით გადაიღეს. 1983 წელს გამოქვეყნებული რომანის მიხედვით რობერტ ზემეკისის მიერ გადაღებული ახალი ფილმი ამ წიგნის პირველი კინოეკრანიზაცია სულაც არ არის: 1990 წელს ნიკოლას როუგმა გადაიღო ამავე სახელწოდების ეკრანიზაცია, რომელშიც მთავარ როლს ანჯელიკა ჰიუსტონი ასრულებს.

The Witches (1990)

ფოტო: Warner Bros. Pictures

ახალ ეკრანიზაციაში როალდ დალის პირველწყაროს მსგავსად, სიუჟეტი 1967 წელს ვითარდება და მოზარდი ბიჭის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ალაბამას პროვინციულ ქალაქში ბებიასთან ერთად ცხოვრობს. მოულოდნელად ბებია და შვილიშვილი ალქაჯების გაერთიანებას დაუპირისპირდებიან, რაც მათ ცხოვრებას უსიამოვნებებით აავსებს.

ალქაჯების პრემიერა 22 ოქტომბერსაა დაგეგმილი და ჩვენც სწორედ მაშინ შეგვეძლება ამ ახალი ეკრანიზაციის შეფასება, რომლის როგორც სამსახიობო, ისე შემოქმედებითი გუნდი ყველასთვის კარგად ნაცნობი სახეებითაა დაკომპლექტებული.