ევროკავშირის მხარდაჭერით შეცვლილი საქართველოს საზღვაო დარგი
შავი ზღვის რეგიონის სწორად ათვისება არა მხოლოდ საპორტო ქალაქების, არამედ მთელი ქვეყნის ეკონომიკური თუ სოციალური წინსვლის ხელშემწყობი ფაქტორია. საქართველო უკვე მრავალი წელია აქტიურადაა ჩართული საზღვაო დარგში — ხდება უცხოეთიდან ინვესტიციების მოზიდვა, ქართველი მეზღვაურები საქმდებიან სხვადასხვა ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე, ტარდება კვლევითი საქმიანობები, უფრო მეტი ახალგაზრდა ინტერესდება აღნიშნული სფეროთი. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტი, ნანუკა წერეთელია. პროფესიის სიყვარულმა იგი თბილისიდან ბათუმში ჩაიყვანა. ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას დაბრკოლებები შეხვდა, თუმცა საბოლოოდ მისმა მიზანდასახულობამ გაიმარჯვა.
საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი საზღვაო კუთხით — ქვეყანაში აღრიცხულია დაახლოებით 12 600 მეზღვაური, რომელთა კონტრიბუცია ბიუჯეტში ყოველწლიურად ნახევარ მილიარდ ლარს უტოლდება.
მსოფლიო ტვირთების 80% ტრანსპორტირდება ზღვით. 2019 წლის მონაცემთა მიხედვით კი, გასულ წელს ქვეყანაში კონტეინერებით გადაზიდული საქონლის მაჩვენებლის რეკორდული ზრდა გამოიკვეთა (43%). პორტის დანიშნულება და ფუნქცია გამოიკვეთა კორონავირუსის პანდემიის პერიოდშიც, რომლის დროსაც ძირითადი საჭირო რესურსების ქვეყანაში უწყვეტ რეჟიმში შემოტანა ხდება გემებით.
უნდა ითქვას, რომ რამდენიმე წლის წინ ყველაფერი სხვაგვარად იყო — ქვეყანაში აღნიშნული დარგი შედარებით ნაკლებად ვითარდებოდა, აშკარად ჩანდა ცვლილებების საჭიროება. ახალი ნაბიჯების გადადგმა ინდუსტრიამ ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყო. ასპარეზზე გამოჩნდა ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტო (EMSA), რომელიც უკვე მრავალი წელია საქართველოში საზღვაო ტრანსპორტის განვითარებას უწყობს ხელს. ევროკომისიისა და EMSA-ს მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, საქართველო სარგებელს იღებს როგორც ადამიანური, ისე ტექნიკური რესურსების თვალსაზრისით. მისია ნათელია — საზღვაო ტრანსპორტის დარგში ევროკავშირის სტანდარტების ხარისხიანი იმპლემენტაცია.
ბოლო წლებია, ჩვენმა ქვეყანამ არსებულ დარგში გარდამტეხი ცვლილებები განიცადა. კერძოდ, მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების სისტემის აუდიტის შედეგად, 2014 წლიდან ქართველ მეზღვაურებს უფლება აქვთ შეზღუდვების გარეშე დასაქმდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დროშის ქვეშ რეგისტრირებულ გემებზე. თუ 2014 წლამდე ქართველი მეზღვაურები საქმდებოდნენ ძირითადად ორი ევროპული ქვეყნის — მალტისა და კვიპროსის გემებზე, დღესდღეობით მათ ვხვდებით ისეთი ქვეყნების გემებზე, როგორიცაა იტალია, პორტუგალია, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი.
ყოველივე ეს იმის შედეგია, რომ საქართველოს მეზღვაურთა განათლების, წვრთნისა და სერტიფიცირების სისტემამ წარმატებით გაიარა ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს აუდიტი, რის შედეგადაც ევროკომისიამ აღიარა საქართველოს მიერ გაცემული მეზღვაურის სერტიფიკატები. წარმატებული აუდიტის შედეგია ასევე, რომ ევროპის 20-ზე მეტმა ქვეყანამ საქართველოსთან გააფორმა მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების შეთანხმებები, შედეგად გასულ წელს, ევროპულ დროშებზე დასაქმებული იყო 40%-ით მეტი ქართველი მეზღვაური 2015 წელთან შედარებით.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად ისტორიაში პირველად იქმნება დოკუმენტი, რომელიც მოიცავს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის დარგის განვითარების გეგმას.
ქვეყნისთვის კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყანასთან ერთად საქართველოში საზღვაო ინვესტიციის მოზიდვას, მწვანე პრინციპების დაცვით კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლას, საზღვაო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელებას და სხვა.
2019-2020 წლებში ქვეყანაში ასევე ჩატარდა წყლის მონიტორინგის კვლევები, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართველი ექსპერტები. აღნიშნული კვლევის მიზანს წარმოადგენდა სანაპიროსა და გარდამავალი წყლის ეკოსისტემების ხარისხის შეფასება, რომელთა საშუალებითაც მიიღეს წყლის რესურსების დაცვის შესაბამისი ზომები.
აღსანიშნავია, რომ კვლევების გარდა, აქტიურად მიმდინარეობს ბათუმის ლაბორატორიის განახლება, რომელიც მოიცავს ექსპერტებისთვის ტრენინგების ორგანიზებასა და ახალი თანამედროვე ანალიზური აღჭურვილობის დანერგვას. ეს მიზნად ისახავს საქართველოს შესაძლებლობების გაუმჯობესებას წყლის რესურსების მართვის კუთხით. პროექტის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად რჩება საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის წყლის მართვის პოლიტიკასთან.
კომენტარები