რა გზებით ერეოდა რუსეთი სხვა ქვეყნების არჩევნებში ბოლო 30 წლის განმავლობაში
მართალია რუსეთი ათწლეულებია, ცდილობს სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო პროცესზე გავლენის მოხდენას, მსოფლიო მედიის ყურადღება 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევამ მიიპყრო.
რამდენად წარმატებულია რუსეთის მცდელობები? ამის შესაფასებლად 1991 წლიდან 2018-მდე რუსეთის მიერ საარჩევნო პროცესში ჩარევის 27 შემთხვევა შეისწავლეს.
ადრეული 1990-იანი წლებიდან სხვა ქვეყნების არჩევნებით რუსეთის დაინტერესების ორი ძირითადი ტალღა შეინიშნება. პირველი 2014 წლამდე გრძელდება და მიზანში პოსტსაბჭოთა ქვეყნები ჰყავს ამოღებული. ამის შემდეგ კი მეორე ტალღა ერთბაშად წამოიმართა და დასავლური დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას შეუდგა.
ორივე ტალღის ანალიზი აჩვენებს, რომ რუსეთის მცდელობებმა არსებული სიტუაცია მცირედით მაინც შეცვალა.
პირველი ტალღა — პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, 1991 წლიდან 2014 წლამდე
1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლიდან მალევე რუსეთმა სსრკ-ის ყოფილი წევრი ქვეყნების საარჩევნო პროცესში ჩარევა დაიწყო. მკვლევრების უმეტესობა მიიჩნევს, რომ რუსეთი ავტორიტარიზმის იდეის გავრცელებას ცდილობდა. რეალურად, მათი მიზანი ხშირ შემთხვევაში არა დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა, არამედ პრორუსი კანდიდატების მხარდაჭერა იყო. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად, 1994 წელს, უკრაინაში, რუსეთმა ანტირუსული განწყობის მქონე ავტოკრატების მიზანში ამოღებით უნებლიეთ პლურალიზმს დაუჭირა მხარი.
რუსეთის ჩარევის მცდელობა არცთუ იშვიათად კრახით სრულდებოდა. მიუხედავად რეგიონში კრემლის ძალაუფლებისა, ჩარევის 11 შემთხვევიდან მხოლოდ 4 აღმოჩნდა რუსეთისთვის შედეგიანი. ამასთან, საინტერესოა ისიც, რომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში — უკრაინაში, 1994 წელს — არსებობს დამამტკიცებელი საბუთი, რომ რუსეთის საარჩევნო ჩარევამ არჩევნების შედეგი გადაწყვიტა. ამ დროს რუსულმა ტელევიზიამ ოპოზიციის პრორუს პრეზიდენტობის კანდიდატს მნიშვნელოვანი მედიაპლატფორმა დაუთმო, რაც, კრემლის ფავორიტობის გარეშე არ ექნებოდა.
მეორე ტალღა — დასავლურ დემოკრატიაში, 2014 წლიდან 2018 წლამდე
ამ წლების განმავლობაში, რუსული ძალები ისეთი ქვეყნების შიდა პროცესებში ჩაერივნენ, როგორებიც არიან ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო.
მაგალითად, NATO-ში მონტენეგროს გაწევრიანების ხელის შესაშლელად, კრემლის ძალები 2016 წლის ოქტომბერში ქვეყანაში არეულობის მოწყობასა და სახელმწიფო გადატრიალებას შეეცადნენ.
რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში რუსეთმა დააფინანსა ულტრამემარჯვენე ძალები, როგორიცაა, მაგალითად, 2017 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ეროვნული ფრონტი, რომლის კანდიდატურაც მარინ ლე პენი იყო.
სხვა ქვეყნებში რუსეთმა დეზინფორმაციის კამპანია წამოიწყო. 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას ყალბი ფეისბუქანგარიშები შეიქმნა, რომელთა საშუალებითაც კავშირი დამყარდა 126 მილიონ ამერიკელ მოქალაქესთან. WikiLeaks-ის საშუალებით ისინი "გამჟღავნებული" იმეილებისდა ყალბი დოკუმენტების გავრცელებას შეეცადნენ. მათ განახორციელეს კიბერთავდასხმები ხმის მიცემის სახელმწიფო რეგისტრაციის სისტემებზეც.
ამავე პერიოდში, ნორვეგიასა და გერმანიაში რუსეთმა საარჩევნო კამპანიებისთვის ხელის შესაშლელად კონფიდენციალური ინფორმაციის შეგროვება სცადა.
რამდენად შედეგიანი აღმოჩნდა რუსეთის ჩარევის მცდელობები
2015 წლის შემდეგ ჩატარებული არჩევნებიდან ორ შემთხვევაში — 2016 წელს ბრექსიტის პროცესსა და 2017 წლის ჩეხეთის რესპუბლიკის არჩევნებში — საქმე ისე წარიმართა, როგორც კრემლი იმედოვნებდა, შვიდ შემთხვევაში კი საბოლოო შედეგებზე რუსეთის ინტერესები ნაწილობრივ აისახა.
მეორე ჯგუფიდან ერთ-ერთი მაგალითი 2017 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებია. ეროვნულმა ფრონტმა უპრეცედენტო მხარდაჭერის მობილიზება მოახერხა — თუმცა გამარჯვება მაინც დასავლური განვითარების ინიციატორმა კანდიდატმა, ემანუელ მაკრონმა მოიპოვა.
2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონი დამარცხდა — თუმცა ამერიკის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ძალაში დარჩა.
რუსეთის სხვა სამიზნეებს წარმოადგენდა 2016 წლის არჩევნები ავსტრიაში, ბულგარეთში, რეფერენდუმი ნიდერლანდებში და 2017 წლის არჩევნები გერმანიასა და ნიდერლანდებში. 16 საარჩევნო პროცესიდან 9-ში კრემლის სასურველი შედეგის მიღება, შესაძლოა, დიდ გავლენად ჩანდეს, თუმცა საერთოდ არ არის ნათელი, თუ რა შეცვალა რუსეთის მცდელობებმა.
რეალურად, მხოლოდ სამი არჩევნების შედეგებია დანამდვილებით დაკავშირებული რუსეთის მცდელობებთან. თუმცა, საქმეში უფრო ღრმად ჩახედვით იმას ვიგებთ, რომ ყველაფერი უფრო ბუნდოვანია და რუსეთის რეალური მიზანი გაურკვეველია.
შესაძლოა რუსული დეზინფორმაციის კამპანიის წყალობით მოხდა, რომ 2016 წლის აპრილში, ნიდერლანდების მოქალაქეებმა უარი თქვეს არასავალდებულო რეფერენდუმში მონაწილეობაზე. რეფერენდუმი ევროკავშირისა და უკრაინის ასოცირების ხელშეკრულებას უკავშირდებოდა. თუმცა, არაერთი ნიდერლანდელი დიდი ხნის განმავლობაში ისედაც გამოთქვამდა უკმაყოფილებას ევროკავშირის პრიორიტეტების არასწორ განაწილებაზე. თუმცა, საბოლოო ჯამში, ნიდერლანდების პარლამენტმა რეფერენდუმის შედეგები უგულებელყო და ასოცირების ხელშეკრულებას მხარი დაუჭირა.
2016 წლის ნოემბერში, ბულგარეთის პრეზიდენტად აირჩიეს რუმენ რადევი — პრორუსი კანდიდატი, რომელიც რუსული სადაზვერვო სამსახურიდან იღებდა დახმარებას. ამას მოჰყვა პროდასავლური ორიენტაციის მქონე პრემიერმინისტრის, ბოიკო ბორისოვის, თანამდებობიდან წასვლა. თუმცა, მოგვიანებით, ბორისოვის პარტიამ 2017 წლის მარტში, საპარლამენტო არჩევნებში, ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა და იგი პრემიერად დაბრუნდა.
აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
დაბოლოს, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა ერთმნიშვნელოვნად დაადგინეს, რომ რუსეთი 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში აქტიურად იყო ჩართული. გარდა ეგრეთ წოდებული გამჟღავნებული იმეილების გაგზავნისა, რომელთა მიზანიც კლინტონის რეპუტაციის შელახვა იყო, კრემლის ორკესტრირებით შეიქმნა ფეისბუქისა და ტვიტერის ყალბი ანგარიშები, რომლებიც სოციალურ მედიაში ნეგატიურ, და ხშირ შემთხვევაში არასწორ, ინფორმაციას ავრცელებდნენ.
ამის მიუხედავად, არსებობს რამდენიმე მიზეზი, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს მოსაზრებას, რომ რუსეთმა არჩევნების შედეგზე გავლენა ტრამპის სასარგებლოდ მოახერხა. უპირველესად, იმიტომ, რომ რუსულმა საინფორმაციო სამსახურებმა ბევრად ნაკლები ყალბი ამბავი და კრემლის რიტორიკის გამავრცელებელი კონტენტი შექმნეს, ვიდრე ქვეყნის შიდა და საერთაშორისო წყაროებმა. რუსეთი, უბრალოდ, პროვოკაციული ნარატივის და დეზინფორმაციის უკვე არსებულ მოგუგუნე კაკაფონიას შეუერთდა.
სკეპტიკური განწყობის მეორე მიზეზი ისაა, რომ, რეალურად, "გამჟღავნებულ" იმეილებს პროცესებზე დიდი გავლენა არ მოუხდენია. ეროვნულ-დემოკრატიული კომიტეტის იმეილების პირველი ნაწილი 2016 წლის ივლისში გავრცელდა, თუმცა ამის შემდეგ კლინტონის რეიტინგი გაიზარდა. ამის მსგავსად, როცა WikiLeaks-მა ოქტომბერში ჯონ პოდესტას იმეილები გამოაქვეყნა, კლინტონის მხარდაჭერა კვლავ გაიზარდა. ბევრი ფიქრობს, რომ ეს ერთგვარი პასუხი იყო ისეთ კამპანიაზე, რომლის მსგავსიც მანამდე ტრამპის წინააღმდეგ განხორციელდა. არჩევნების წინ Access Hollywood-ის ჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც დონალდ ტრამპი და ტელეწამყვანი ბილი ბუში "უკიდურესად უხამსად საუბრობენ ქალებზე".
კლინტონისადმი ნდობა მეტ-ნაკლებად ოქტომბერშიც შენარჩუნდა, რაც დიდად საეჭვო იქნებოდა, იმეილებს რომ რეალურად მოეხდინა მნიშვნელოვანი გავლენა მიმდინარე პროცესებზე.
რასაკვირველია, ყველაფერ ამისდა მიუხედავად, რუსეთის მცდელობებმა, შესაძლოა, მაინც იქონია გავლენა შედეგებზე. ანალიტიკური ონლაინგამოცემა FiveThirtyEight-ის რეპორტიორის, ჰარი ენტენის, განცხადებით, იმეილების გამოქვეყნებამ ნელ-ნელა იქონია გავლენა, თუმცა ამ გავლენის ზუსტად შეფასება შეუძლებელია. ტრამპმა კი მოწინააღმდეგესთან იმდენად მცირე სხვაობით მოიგო არჩევნები, რომ რუსეთის მცირე ჩარევაც კი ადვილად გადაწყვეტდა შედეგს.
უფრო მეტი მტკიცებულება არსებობს, რომ არჩევნების შედეგებში გადამწყვეტი ფაქტორი, რეალურად, სხვა რამ იყო. მაგალითად, საზოგადოებრივი აზრის უეცარი ცვლილება 28 ოქტომბრის შემდეგ, როცა FBI-ის დირექტორმა, ჯეიმს კომიმ კლინტონის სახელმწიფო მდივნობის პერიოდში საიდუმლო იმეილების სერვერის გამოყენებაზე დახურულ საქმეზე გამოძიება განაახლა. არჩევნებში მოწინააღმდეგებს შორის მცირედი სხვაობა დემოკრატებისა და რესპუბლიკელების პოლარიზაციამაც განაპირობა, რაც კვლავაც რუსეთის პრეზიდენტ პუტინსა და ტრამპის აღზევებას უკავშირდება.
საბოლოო ჯამში, დასავლეთის ქვეყნების შიდა პროცესებში ჩარევა რუსეთმა ნამდვილად სცადა, თუმცა მათი უმეტესობა წარუმატებელი აღმოჩნდა და საპასუხო რეაქციაც მოჰყვა. მაგალითად, აშშ-ის არჩევნებში კრემლის ჩარევის შემდეგ უკვე ნაკლებსავარაუდოა, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები შემსუბუქდეს. უცხო ქვეყნის არჩევნებში ჩარევის პუტინისეული ხედვა კი, შესაძლოა, რუსეთის ინტერესებში სულაც არ შედიოდეს.
თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.
სტატია მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. მასალის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
კომენტარები