ქობულეთის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებულ მოქალაქეებსა და მედიკოსებს შორის დაპირისპირება მოხდა. 20 სექტემბერს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ისმის, რომ პაციენტები საავადმყოფოს დატოვებას მოითხოვენ და ამბობენ, რომ ისინი თავს კარგად გრძნობენ.

"ამათ [ჯანდაცვის სამინისტროს] უნდა უთხრან, რომ ესენი კარგად არიან და გაუშვით. ავად რომ იყოთ ლაპარაკის თავი გექნებათ? მით უმეტეს პროტესტის გამოთქმის", — ამბობდნენ პაციენტები.

ამასთან, მოქალაქეები საავადმყოფოში შექმნილ მდგომარეობას აპროტესტებდნენ და მიანიშნებდნენ, რომ იქ არსებული პირობები ეჭვქეშ აყენებს მკურნალობის ეფექტურობას.

"რამდენი სიცხიანია, რამდენს მართლა ახველებს და ყველა ერთად ვართ, საერთო აბანო და საერთო ტუალეტი. რა სისულელეა? დეზინფექციის ხსნარი არ არის, რომ ხელები დავიმუშავოთ [...] ერთიანად ვართ შემოყრილი, ყველა ერთ საავადმყოფოში", — თქვა ერთ-ერთმა კოვიდინფიცირებულმა ვიდეოში.

On.ge კლინიკაში შექმნილი ვითარების გასარკვევად ქობულეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორს დაუკავშირდა. მისი განცხადებით, მაშინ, როცა კლინიკის მედპერსონალი 24 საათის განმავლობაში პაციენტების "სამსახურშია", მისთვის მსგავსი პრეტენზიები გაურკვეველი და მიუღებელია.

"მოგეხსენებათ როგორი რთულია ამ ვირუსთან ბრძოლა, მაგრამ არაფერს არ ვიშურებთ, რომ თითოეული პაციენტის სიცოცხლე შევინარჩუნოთ. ეს ქალბატონი, რომ შემობრძანდა, იმ დღიდან პრეტენზიები ჰქონდა, რადგან მისთვის დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, ამიტომ ეჭვი ეპარებოდა მას ამ ვირუსის არსებობაში, რომელიც დადასტურებულია ლაბორატორიულად", — განაცხადა მან.

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ პაციენტი კოვიდინფიცირებულია, მისი მოთხოვნა, რომ დატოვოს კლინიკა, არასწორია. ექიმის განცხადებით, რადგან პაციენტებისთვის დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ისინი ხშირად ფიქრობენ, რომ სახლებში უნდა იყვნენ.

"ჩვენ დავასრულეთ მისი კვლევა, ყველანაირი ანალიზები გავუკეთეთ. დღეს უკვე ისეთი მდგომარეობაა, გადაცემული გვყავს ეს ქალბატონი, რომ წაიყვანონ კორონავირუსით დაავადებულთა სპეციალურ ზონაში", — გვითხრა კლინიკის დირექტორმა.

რაც შეეხება, პაციენტების პრეტენზიას საერთო მოხმარების აბანოების შესახებ, კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ მათი საავადმყოფოს "გადაკეთება" კორონავირუსით ინფიცირებულთა კლინიკად ნაჩქარევად მოხდა, ამიტომ ის სპეციალური ბოქსირებული პალატებით აღჭურვილი არ არის.