შავ ზღვაში უკვე მეორე დღეა ეძებენ იმ ათეულობით პირის ცხედრებს, რომლებიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავის ჩამოვარდნას ემსხვერპლნენ. ავიაკატასტროფა 25 დეკემბერს, სოჭთან ახლოს, ადლერის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე მოხდა.

ჯერჯერობით უცნობი მიზეზის გამო, თვითმფრინავი შავ ზღვაში ჩავარდა. რუსეთის სახელმწიფოს საინფორმაციო სააგენტო, რია ნოვოსტის ინფორმაციით, 26 დეკემბრის შუადღის მონაცემებით, ნაპოვნია 11 ადამიანის ცხედარი, ასევე, ათეულობით სხეულის ნაწილი. მყვინთავებმა 27 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს თვითმფრინავის ოთხი, შედარებით დიდი ზომის ფრაგმენტი, ჯერჯერობით არ არის ნაპოვნი შავი ყუთები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო თითქმის გამორიცხავს ტერორისტულ აქტს, სავარაუდო მიზეზებს შორის სახელდება ტექნიკური გაუმართაობა, ან პილოტის შეცდომა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი რუსეთიდან სირიაში, ლატაკიას სამხედრო ბაზაზე მიფრინავდა. ბორტზე 92 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყვნენ ჟურნალისტები, სამხედრო პირები, ასევე, ანსამბლის წევრები, რომლებსაც კონცერტი უნდა ჩაეტარებინათ სირიაში მდებარე რუსულ ბაზაზე.