ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ, დღეს ქუთაისში პარტიის ახალგაზრდა სპიკერი, თათია ვახტანგაძე წარადგინა.

თათია ვახტანგაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ბაკალავრია. ის, ასევე, სწავლობდა ნორვეგიის ოსტფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯში.

თათია ვახტანგაძის თქმით, ევროპული საქართველო არის გუნდი, რომელსაც აქვს მომავლის ხედვა, რომელიც აუცილებლად მოიტანს გარდამტეხ ცვლილებებს.

"2 წლის წინ, როდესაც ნორვეგიიდან საქართველოში დავბრუნდი, ვფიქრობდი, რომ ძალიან მალე ისევ უკან დავბრუნდებოდი და გავაგრძელებდი ცხოვრებას ევროპის რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში. ასე ვფიქრობდი, რადგან საქართველოში ვხედავდი ჩამოშლილ საგანმანათლებლო სისტემას, ნეპოტიზმს, კორუფციას, კრიმინალს. ვფიქრობდი, რომ შეუძლებელი იქნებოდა ახლო მომავალში იმ უიმედობის წრის გარღვევა, რომლის გარშემოც საქართველოს მოქალაქეები 30 წელია დავდივართ. თუმცა, ჩამოსვლიდან ძალიან მალე შევხვდი ადამიანებს, რომლებიც ღელავდნენ ამავე პრობლემებზე და აქვთ ხედვა, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ეს ყველაფერი", — აღნიშნა ვახტანგაძემ.

თათია ვახტანგაძის განცხადებით, აპირებს, იცხოვროს შეცვლილ ქვეყანაში, სადაც მთავრობა თითოეული მოქალაქის ინტერესებს გამოხატავს.

"სწორედ ამ გუნდმა, ევროპულმა საქართველომ დამანახა, რომ მათ აქვთ ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები. სწორედ ამიტომ, დღეს მე არ ვაპირებ, რომ ვიცხოვრო სხვა ქვეყანაში, მე ვაპირებ, რომ ვიცხოვრო შეცვლილ ქვეყანაში, სადაც მრავალპარტიული პარლამენტი და კოალიციური მთავრობა გამოხატავს თითოეული მოქალაქის, ჩვენს ინტერესებს და არა წარსულის პოლიტიკოსების ამბიციებსა და ინტერესებს. სწორედ ევროპული საქართველოა გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია კომპეტენტური და პროფესიონალი გუნდით, რომელსაც აქვს სწორი ხედვა. სწორედ ევროპული საქართველოა გუნდი, რომელიც მოიტანს გარდამტეხ ცვლილებებს", — აღნიშნა თათია ვახტანგაძემ.