ამერიკული კინოს ლეგენდარული რეჟისორი 84 წლის ასაკშიც აგრძელებს თავის შემოქმედებით საქმიანობას და ერთგულ გულშემატკივრებს უკვე მისი უახლესი და ჯერჯერობით ბოლო ფილმის ტრეილერის ხილვაც შეუძლიათ.

Rifkin’s Festival — ასე ჰქვია ვუდი ალენის ახალ ფილმს, რომლის პრემიერაც 18 სექტემბერს ესპანეთში, სან-სებასტიანის კინოფესტივალზე შედგება. ეს ფაქტი სიმბოლურია, რადგან ფილმის სიუჟეტიც სან-სებასტიანის კინოფესტივალზე განვითარებულ მოვლენებზე მოგვითხრობს და მისი გადაღებებიც ესპანეთის ამ ცნობილ ქალაქში — სან-სებასტიანში მიმდინარეობდა.

როგორც ტრეილერიდან ვიგებთ, კინოსურათი ამერიკელი წყვილის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ესპანეთის ზღვისპირა ქალაქში გამართულ კინოფესტივალზე ჩადის. სწორედ აქედან იწყება ვუდი ალენისთვის დამახასიათებელი სიუჟეტური კვანძის შეკვრა — ცოლს ცნობილი ფრანგი რეჟისორი უყვარდება, ქმარს კი ადგილობრივი ახალგაზრდა ქალი.

Rifkin’s Festival-ში მთავარ როლებს ჯინა გერშონი და ულეს შონი ასრულებენ. მათთან ერთად მაყურებელი ისეთ ცნობილ სახეებსაც იხილავს, როგორებიც არიან ლუი გარელი და კრისტოფ ვალცი.

ვუდი ალენის ახალი ფილმი რამდენიმე თვის შემდეგ გამოჩნდა, როცა ის კრიტიკის ქარცეცხლში ხელახლა გაეხვა: მარტის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ რეჟისორი მემუარების გამოქვეყნებას გეგმავდა. ამის გამო გამომცემლობა ჯერ რეჟისორის შვილმა, რონან ფეროუმ გააკრიტიკა, მალევე კი გამომცემლობა პროტესტის ნიშნად თანამშრომლებმა დატოვეს, რის გამოც Hachette-მ წიგნის გამოცემა გადაიფიქრა.

ეს ყველაფერი იმან გამოიწვია, რომ მედიაში წინასწარ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვუდი ალენი თავის მემუარებში კიდევ ერთხელ უარყოფდა თავისი შვილის, დილან ფეროუს ბრალდებებს სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით და აღნიშნავდა, რომ ეს მისი ყოფილი ცოლის, მია ფეროუს შურისძიება იყო მის წინააღმდეგ.

აღსანიშნავია, რომ შარშან გამოვიდა ვუდი ალენის ფილმი A Rainy Day in New York, თუმცა რეჟისორის მიმართ არსებული ბრალდებების გამო ფილმის მწარმოებელმა კომპანიამ ის აშშ-ის კინოთეატრებიდან მოხსნა, მთავარი როლის შემსრულებლებმა — ტიმოთი შალამემ და რებეკა ჰოლმა კი მიღებული ჰონორარი სექსუალური შევიწროების მსხვერპლთა დასახმარებელ ორგანიზაციაში გადარიცხეს.

ჯერჯერობით არც Rifkin’s Festival-ის საკინოთეატრო პრემიერაა დაგეგმილი და უცნობია, საერთოდ იხილავს თუ არა მას ფართო მაყურებელი დიდ ეკრანზე.