რა ხდება ბელარუსში — შეფასებები
საპრეზიდენტო არჩევნებიდან 24-ე დღეს, ბელარუსში მიმდინარე აქციების მასშტაბურობა კვლავ იზრდება. მზარდია ძალოვანი სტრუქტურების მობილიზება და მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავებების რიცხვიც. უცვლელია მხოლოდ დემონსტრანტების მოთხოვნა — გათავისუფლდნენ ევროპის უკანასკნელი დიქტატორის, ალექსანდრე ლუკაშენკოსგან.
26-წლიანი მმართველობის შემდეგ, 9 აგვისტოს არჩევნების შედეგები ბელარუსი ხალხისთვის გადამწყვეტი გახდა. მოქალაქეები დარწმუნებულები არიან, რომ ლუკაშენკოს ხმების 80% არ აუღია და არჩევნები გაყალბდა. ისინი მის გადადგომს 9 აგვისტოს ღამიდან ითხოვენ.
რატომ გამოვიდნენ მოქალაქეები ქუჩაში ახლა და რა მოხდება, თუ რუსეთი ჩაერევა? როგორ აისახება ბელარუსში მიმდინარე პროცესები საქართველოზე? — ამ და სხვა საკითხებზე On.ge საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებს ესაუბრა.
რა შეიცვალა, რატომ ახლა?
ეს არჩევნები ერთგვარი ბოლო წვეთი რომ იყო ბელარუსი ხალხისთვის, ამაზე მიმდინარე მოვლენებიც მეტყველებს. საზოგადოებაში ეს "აფეთქება", წამიერი მოვლენა არ ყოფილა და მას მრავალწლიანი პროცესები უძღოდა წინ.
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მკვლევარი, გიორგი ბადრიძე, On.ge-სთან ამბობს, რომ თუ ხელისუფლება არჩევნებს, ანუ ხალხის გაერთიანებისთვის ყველაზე უფრო მაორგანიზებელ მოვლენას, ურცხვად, ღიად და უხეშად იპარავს, საზოგადოებაში დგება მომენტი, როცა მათი მოთმინება იწურება. მისი თქმით, ხალხის მასობრივად გაღიზიანება გასაკვირი არ ყოფილა.
"ვისაც უკვირს, უბრალოდ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ბელარუს ხალხზე უმეტესად სტერეოტიპული წარმოდგენა აქვს. ეს წარმოდგენა არის ორი ძირითადი ტიპის: პირველი, რომ იქ ყველაფერი კარგად არის და მათ თავიანთი ლიდერი მოსწონთ, მეორე, კიდევ უფრო ნეგატიური, რომ ბელარუსი ხალხი არის შეჩვეული დიქტატურას და მათ არა აქვთ მოთხოვნილება თავისუფლების, კეთილდღეობის, როგორიც აქვს, მაგალითად, სხვა ევროპელ ხალხს. ეს ორივე მცდარი სტერეოტიპი იყო, ხოლო ბელარუსის კეთილდღეობა მოჩვენებითი", — ამბობს ის.
რონდელის ფონდის მკვლევარი, გიორგი ბილანიშვილი კი აღნიშნავს, რომ ყველაფერს თავისი დასასრული აქვს. ამიტომ თანამედროვე ეპოქაში, სადაც ადამიანები მეტად სოციალიზებულები არიან, ხანგრძლივად ინფორმაციის ნაკადის შეჩერება და საზოგადოების დახურულ ჩარჩოებში გამოკეტვა შეუძლებელია.მისი თქმით, ლუკაშენკოს რეიტინგი ახლა ბევრად შესუსტებული იყო და ამას თავადაც კარგად გრძნობდა.
"ლუკაშენკომ ამ არჩევნებზე, რეალურად, უფრო მაღალი პროცენტი დაიწერა, ვიდრე წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე. მაგრამ ერთია, რა დაიწერა და მეორე — რა მიიღო. როგორც ჩანს, მას საკმაოდ დაბალი მხარდაჭერა ჰქონდა ამომრჩევლების და ამ თავხედურმა გაყალბებამ საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია", — აღნიშნავს იგი.
დიპლომატი გია ჯაფარიძე მიუთითებს იმაზეც, რომ დღეს ბელარუსის ქუჩებში გამოსულია ის თაობა, რომელიც ლუკაშენკოს მოსვლის პერიოდში დაიბადა, მისი მმართველობის დროს მომწიფდა და ქვეყანაში არსებული მოცემულობა მათთვის უკვე მიუღებელია. მისი თქმით, ეს ის ხალხია, ვისაც უკეთესი ბელარუსი სურს, მეტი პიროვნული უფლებებით და თავისუფლებებით.
დღეს მიმდინარე საპროტესტო მსვლელობებიც, ამის ნათელი გამოხატულებაა. დემონსტრანტების მთავარ მოთხოვნად ფუნდამენტური თავისუფლება რჩება, მათ სიმბოლოდ — ძველი, დამოუკიდებელი ბელარუსის დროშა აირჩიეს. მოქალაქეებს დემოკრატია სურთ, თუმცა მიღწევადია თუ არა ამ ბრძოლაში მათი გამარჯვება, ჯერ ისევ ბუნდოვანია.
გიორგი ბადრიძე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ლუკაშენკოს ხელისუფლება ძალოვანი უწყებებისა და ჯარის ძალისხმევაზეა დარჩენილი, მაგრამ როგორც კი ის მათ მხარდაჭერას დაკარგავს, მისი ხელისუფლების გაგრძელება რთული წარმოსადგენი იქნება.
"ეს არ ნიშნავს, რომ იგი თავისით გადადგება. ლუკაშენკო ძალაუფლებას ნებაყოფლობით არ დათმობს და ყველაფერი იქნება დამოკიდებული ბელარუსი ხალხის ძალისხმევაზე", — ამბობს ის.
თუმცა, როცა ბელარუსი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლაზე ვსაუბრობთ, ერთია, ის რაც ხდება და მეორე, როგორ განიხილავს იქ მიმდინარე პროცესებს რუსეთის პოლიტიკური ელიტა. გიორგი ბილანიშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ამას იქ განიხილავენ, როგორც გავლენის სფეროებისთვის ბრძოლას დასავლეთსა და რუსეთს შორის, ამიტომ არ დაუშვებენ იმ ტიპის პროცესების განვითარებას, რაც რუსეთის გეოპოლიტიკურ გავლენას შეასუსტებს. მისი თქმით, თუკი პროცესები "დესტაბილიზაციის სცენარით" განვითარდება, პუტინი ამ შემთხვევაში, პირდაპირი ჩარევის სცენარსაც განიხილავს.
"მეორეს მხრივ, პუტინი არის ძალიან თავშეკავებული, რადგან რეალური მონაცემები აქვს, რამდენად შესუსტებულია ლუკაშენკოს რეიტინგი. იგი საუბრობს იმაზე, რომ ლუკაშენკომ ქვეყანაში საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობის თაობაზე განცხადება თავად გააკეთა. პუტინი ამით აღიარებს, რომ რაღაც ტიპის ცვლილებები ბელარუსში უნდა მოხდეს, მაგრამ არა რევოლუციური სცენარით, რაც რუსეთისთვის კატეგორიულად მიუღებელია. თუ მოვლენები ამ სცენარით განვითარდა, რუსეთი, ალბათ, უფრო აქტიურად ჩაერევა ბელარუსში მიმდინარე მოვლენებში", — ამბობს ის.
რა მოხდება, თუ რუსეთი ჩაერევა?
მსოფლიოს ყურადღება ახლა აქტიურადაა მიმართული ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტისკენ. აქციების გამწვავების შემდეგ, ალექსანდრე ლუკაშენკომ და ვლადიმერ პუტინმა ბელარუსში მიმდინარე მოვლენები რამდენჯერმე განიხილეს. კრემლის ინფორმაციით, რუსეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მზადყოფნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ბელარუსს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მეშვეობით დაეხმარება.
რამდენიმე დღის წინ კი, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს თხოვნით, მან ბელარუსისთვის სპეციალური რეზერვი შექმნა. ამას, თავის მხრივ, გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოებაც. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა ბელარუსში სამხედრო ინტერვენციაც განახორციელოს, თუმცა მისი თქმით, ამის არანაირი სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს.
რუსეთის ინტერვენციის საფუძველს ვერ ხედავენ ჩვენი რესპონდენტებიც. გია ჯაფარიძის თქმით, რუსეთის მხრიდან პირდაპირი ჩარევა საკმაოდ რთული იქნება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი რაღაც ფორმით ყოველთვის ერევა ბელარუსის საქმეებში, ამ შემთხვევაში ამას გარკვეული წინაპირობა სჭირდება. მისივე განცხადებით, ეს შესაძლებელია მოხდეს, თუ ლუკაშენკო ამას რუსეთს პირდაპირ სთხოვს. ეს კი ჯაფარიძის განმარტებით, იქნება უკიდურესი ნაბიჯი, ანუ, როცა ლუკაშენკოს სხვა ვარიანტი, უბრალოდ, აღარ ექნება დარჩენილი.
იგი, ასევე განიხილავს მეორე შემთხვევასაც — თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს და რუსეთი მისი უსაფრთხოებისა და გრძელვადიანი პოლიტიკური ინტერესებისთვის საფრთხეს დაინახავს, როგორც, თავის დროზე, უკრაინაში.
"თუმცა აქ ერთი საინტერესო მომენტია. განსხვავებით უკრაინისგან, დემონსტარტები ბელარუსში ითხოვენ მხოლოდ ლუკაშენკოს წასვლას, ამ ხალხის მოთხოვნა არ არის, რომ ვთქვათ ბელარუსი უფრო მეტად იყოს ევროპულ ან ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. მათი მოთხოვნაა უფრო მეტი დემოკრატია და ლუკაშენკოს წასვლა. ამიტომ, ამ შემთხვევაშიც, რუსეთის მხრიდან ასეთი პირდაპირი ჩარევა იქნება საკმაოდ რთული", — ამბობს ჯაფარიძე.
რონდელის ფონდის მკვლევარის, გიორგი ბადრიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ლუკაშენკო ცდილობს პუტინი დაარწმუნოს, თითქოს ბელარუსში არსებული საფრთხე მათი საერთო საფრთხეა, რუსეთს დასავლეთთან სიტუაციის რეალურად გამწვავება, გაუარესებული ეკონომიკის ფონზე, არ აწყობს. თუმცა მისი განცხადებით, თუ ლუკაშენკოს რეალურად დაემუქრება ძალაუფლების დაკარგვის საფრთხე, რუსეთი ყველანაირად ეცდება, რომ არ დაუშვან დემოკრატიული, პროდასავლური ხელისუფლების ჩამოყალიბება.
"ეს შეიმიძლია ზუსტად ვთქვა, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჯერ კიდევ პუტინამდე, კრემლის დამოკიდებულება თავისი მეზობლების მიმართ იყო, რომ არ დაუშვას მდგრადი, მით უმეტეს, წარმატებული და დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება ყოფილ საბჭოთა რესპულიკებში. ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე, რასაც კრემლი მიიჩნევს თავის სამეზობლოში. არა ნატო, არა რაიმე სამხედრო, ეკონომიკური თუ სხვა ფაქტორი, არამედ ალტერნატიული, წარმატებული მოდელის შექმნა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე", — ამბობს ბადრიძე.
მოვლენების განვითარებას თვალს ადევნებს დასავლეთიც. იმის მიხედვით, თუ რა სცენარით განვითარდება ბელარუსში პროცესები და რამდენად გააქტიურდება რუსეთი მეზობელი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, საპასუხო რეაქცია წამოვა ევროკავშირისგანაც.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, უკვე შეთანხმდნენ, რომ არჩევნების გაყალბებისთვისა და აქციების დარბევისთვის სანქციებს ბელარუსის 20-მდე მაღალჩინოსანს დაუწესებდნენ. იმ შემთხვევაში კი, თუ რუსეთი ბელარუსში ჩაერევა და მით უფრო, სამხედრო ძალას გამოიყენებს, სანქციები გამორიცხული არც მისთვის იქნება. ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების განხორციელების შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უკვე მოქმედებს. გიორგი ბილანიშვილი On.ge-სთან აღნიშავს, რომ თუკი რუსეთის მხრიდან ბელარუსში უხეში სამხედრო ჩარევა იქნება, რაღაც ტიპის დამატებითი სანქციები შესაძლებელია, მათაც დაუწესონ ან არსებული სანქციების გაუქმების საკითხი, რომელიც ამ ბოლო დროს აქტიურად განიხილებოდა, დღის წესირიგიდან მოხსნან.
როგორ აისახება ეს ყველაფერი საქართველოზე?
ზუსტად არავინ იცის, რა მოხდება მომავალში და როგორ შეიცვლება ბელარუსში სიტუაცია. იმის ფონზე, რომ იქ არა ერთი, არამედ რამდენიმე ალტერნატიული სცენარის განვითარების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს, განსხვავებულია პროგნოზებიც იმის შესახებ, თუ რა გავლენას მოახდეს ეს პროცესები მსოფლიოზე, მათ შორის, საქართველოზე.
გიორგი ბილანიშვილი აღნიშნავს, რომ თუ ლუკაშენკო ძალაუფლებას რაღაც ფორმით შეინარჩუნებს, იგი საკმაოდ დასუსტდება და ბევრად უფრო დამოკიდებული გახდება რუსეთზე. რუსეთის გავლენის ზრდა ბელარუსზე კი საქართველოსთვის მოვლენების არახელსაყრელი განვითარება იქნება, რადგან ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების საკითხი კვლავ წინ წამოიწევს. ბელარუსს ამჟამად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების "დამოუკიდებლობა" აღიარებული არ აქვს.
"თუკი ლუკაშენკო დასუსტდება, რუსეთს უფრო მეტი შესაძლებლობა გაუჩნდება რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო პროექტი დაასრულოს იმ ფორმით, რა ფორმითაც თვითონ აწყობს და ეს ნიშნავს, რომ მისი პოზიციები პოსტსაბჭოთა სივრცეში გამყარდება. თუკი სამოკავშირეო სახელმწიფო შეიქმნება, რა თქმა უნდა, წამოიწევს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების საკითხი. სამოკავშირეო სახელმწიფოს შემთხვევაში, ალბათ, რთული იქნება ვივარაუდოთ, რომ ერთ მოკავშირე სახელმწიფოს აღიარებული ჰყავდეს ეს ტერიტორიები დამოკიდებელ სახელმწიფოდ და მეორეს არა", — აცხადებს ბილანიშვილი.
მისი თქმით, დადებითი სცენარის განვითარების შემთხვევაში, თუ ბელარუსში დემოკრატიული სახელმწიფო შეიქმნება, მაშინ იქ არსებული ჩაკეტილობა მოიშლება და იგი უფრო ორიენტირებული გახდება დასავლეთზე. ეს კი, თავის მხრივ, დაგვეხმარება, რომ დასავლეთმა პოსტსაბჭოთა სივრცე აღარ განიხილოს რუსეთის ექსკლუზიური გავლენის სივრცედ და დაინახოს, რომ მიუხედავად კულტურული თუ ენობრივი მსგავსებისა, რუსეთის ფედერაციაში არსებული ფასეულობები, ამ საზოგადოებისთვის მიუღებელია.
ბელარუსის მოვლენები რომ საქართველოზე უკვე ახდენს გავლენას, ეს ჩვენი ხელისუფლების მიერ (არ) დაჭერილი პოზიციიდანაც კარგად ჩანს. საქართველოს ხელისუფლებამ არც ლუკაშენკოს მიულოცა არჩევნებში გამარჯვება და არც მხარდაჭერა გამოხატა დემონსტრანტების მიმართ. ზოგადი განცხადება გააკეთა მხოლოდ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ სჯერა, ბელარუსი ხალხი საკუთარი მომავლის დემოკრატიულად გადაწყვეტას შეძლებს.
ჩვენი რესპონდენტები ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას რამდენიმე ჭრილში განიხილავენ. გია ჯაფარიძის თქმით, გამომდინარე იქედან, რომ საქართველო "ოკუპაციის ტყვეობაში" იმყოფება, ჩვენი სახელმწიფო თავის ქმედებებში სრულად თავისუფალი არ არის.
"ნებისმიერი ქმედების და განცხადებების უკან, ნებისმიერ საქართველოს ხელისუფლებას აქვს ის აზრი, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოვლენები სხვანაირად განვითარდა, მაშინ ხომ არ დადგება პრობლემა კიდევ ერთი სახელმწიფოს მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების? ჩვენ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მთელი ამ წლების განამვლობაში, ლუკაშენკო იყო მოსკოვის წნეხის ქვეშ და ის ჩვენთან მიმართებაში მოიქცა ღირსეულად — ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახლემწიფოებად არ აღიარა", — აღნიშნავს ჯაფარიძე.
მისივე განცხადებით, ხელისუფლების ეს დუმილი იყო სწორი საქციელი, თუმცა საკმარისი — არა, რადგან საჭიროა, პროაქტიური კომუნიკაციამ როგორც ლუკაშენკოსთან, ასევემ ქუჩაში გამოსულ ჯგუფებთან.
გიორგი ბადრიძის თქმით კი, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ესმის ხელისუფლების გადაწყვეტილება, არ გამოეხატა არანაირი პოლიტიკური და დიპლომატიური პოზიცია ბელარუსის არჩევნებთან დაკავშირებით, აუცილებელია გვახსოვდეს, რა მოჰყვა 2014 წელს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების დროს "უყურადღებო პოზიციის დაკავებას".
"შედეგად მივიღეთ, რომ საქართველომ მეტ-ნაკლებად დაკარგა თავისთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორი უკრაინის სახით. ეს იყო პერიოდი, როდესაც პირველად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთს დაუწესეს საერთაშორისო სანქციები და ამ სანქციებსაც საქართველო, მეტ-ნაკლებად, გაემიჯნა. ამის მიზეზია, რომ ეს სანქციები არ ახსენებს საერთოდ საქართველოს — ქვეყანას, რომელსაც ზუსტად იგივე პრობლემა აქვს, რაც უკრაინას და უფრო დიდი ხნის განმავლობაში, ვიდრე უკრაინას. ანუ, რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა, პრინციპში, მხოლოდ გარკვეულ ზარალად დაგვიჯდა ჩვენს სტატრეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობაში, დასავლეთთან ურთიერთობაში, ხოლო რუსეთის მხრიდან, სამაგირეოდ, ჩვენ არანაირი შემხვედრი ნაბიჯები არ მიგვიღია", — აცახდებს ბადრიძე.
მისივე თქმით, როდესაც ხალხის ნება ბელარუსში საბოლოოდ მოიტანს ახალ ხელისფულებას, იქ "შემჩნეული ექნებათ, რომ საქართველოს ამ ხელისუფლების მხრიდან არანაირი მხარდაჭერა, თუნდაც მორალური მათ არ მიუღიათ".
გიორგი ბილანიშვილის აზრით კი, გამომდინარე იქიდან, რომ რთულია ბელარუსში მოვლენების პროგნოზირება, ხელისუფლების ეს თავშეკავება, შეიძლება გამართლებულიც იყოს. რადგან, მისი განცხადებით, ჩვენი პოზიცია იქნება მხოლოდ პოზიცია და ის ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს იქ მიმდინარე პროცესებზე.
"ეს პოსტსაბჭოთა სივრცეა და ბევრად მგრძნობიარე საკითხი შეიძლება გახდეს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის, რაღაც ტიპის არასწორი ნაბიჯი ან შეცდომა, რომ დავუშვათ. ასე თუ შევხედავთ — ასე ფიქრობენ და ამიტომ იკავებენ თავსო, დადებითად უნდა აღვიქვათ, მაგრამ თუკი რუსეთის პოზიციებს ითვალისწინებენ, მაინც და მაინც, დადებითად ვერ შევაფასებდით. ზოგადად, არ ვიცი რის მიხედვით მსჯელობენ, მაგრამ მე ვთვლი, რომ ამ შემთხვევაში არაფრის თქმა ცუდი არ არის ნამდვილად, პირიქით, კარგია", — ამბობს ბილანიშვილი.
რა იქნება შემდეგ?
საპროტესტო აქციები, მასობრივი დაკავებების ფონზე უწყვეტად გრძელდება. როგორც ჩანს, ბელარუსი ხალხი, მიუხედავად ლუკაშენკოს მცდელობებისა, სხვადასხვა ფორმით დააშინოს ისინი, გაჩერებას არ აპირებს. მათ უკვე გამოუცხადეს უნდობლობა მის ავტორიტარულ რეჟიმს, ამიტომ მოახერხებს თუ არა ბელარუსის მმართველი მუქარითა და ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლით ძალაუფლების დიდხანს შენარჩუნებას, რთული სათქმელია.
თუმცა, ამ ვითარების ფონზეც კი, ცალსახა პროგნოზი, რომ სიტუაცია უახლოეს მომავალში დადებითი სცენარით განვითარდება და ლუკაშენკო ხელმძღვანელობას დათმობს, შეუძლებელია. გიორგი ბილანიშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ყველაზე მთავარი, რაც ახლა ბელარუსში ჩანს, საზოგადოებაში ცვლილებების სურვილია. მისი თქმით, ამ მოვლენებმა კარგად დაგვანახა, რომ იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვისაც, რომლებიც თუნდაც, რუსეთის მოკავშირეებად მიიჩნევიან, მიუღებელი ხდება რუსეთის რეჟიმში არსებული დახურული საზოგადოება თუ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის დაბალი ხარისხი.
კომენტარები