ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, თუ ფრენების აღდგენასთან დაკავშრებით რუსეთის მხრიდან რაიმე წინადადებ იქნება, საქართველოს მთავრობა ამას განიხილავს არამხოლოდ ტურიზმის, არამედ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებითაც. ასე ეხმაურება ნათია თურნავა ფრენებთან დაკავშირებით სერგეი ლავროვის განცხადებას, სადაც ის საქართველოსთან შესაძლო ავიამიმოსვლის განახლების იმედს გამოთქვამ.

"დღემდე ჩვენთან რაიმე ოფიციალური წინადადება ან განაცხადი რუსული ავიაკომპანიებისგან არ შემოსულა. ჩვენთვის არ არის ცნობილი ოფიციალურად. თუ რაიმე გადაწყვეტილება იქნა მიღებული რუსეთის მხარის მიერ იმ შეზღუდვის გადახედვაზე, დაველოდებით ამ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ მაშინაც ვამბობდით, როცა რუსეთმა შეწყვიტა ავიამიმოსვლა, რომ იმ გადაწყვეტილებას მაშინ რაიმე მიზანშეწონილობა არ ახლდა. დღესდღეობით, თუკი მსგავსი წინადადება შემოვა, ჩვენ ამას განვიხილავთ უკვე არა მხოლოდ ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, არამედ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალიწინებითაც", — ამბობს თურნავა.

რუსული პროსახელისუფლებო გამოცემა რია ნოვოსტის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოსთან ავიამიმოსვლოს განახლების იმედს გამოთქვამს. ლავროვის განცხადებით, ეს უახლოესი მომავლის საკითხია.

რუსეთმა საქართველოს ე.წ. ტურისტული ემბარგო 8 ივლისიდან, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაუწესა. ამ დღეს საქართველოში მოქალაქეების პროტესტი საქართველოში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას მოჰყვა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წაყვანის დროს სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა, რასაც ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ოპოზიციის წევრები პლენარულ სხდომათა დარბაზში შევიდნენ და თავმჯდომარის ადგილი დაიკავეს, გავრილოვს კი დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ თავმჯდომარის ადგილას ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი, რომელმაც აფხაზეთი და ცხინვალი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, არ უნდა იჯდეს.