რა ხდება ბელარუსში — პროტესტის ქრონიკა
არჩევნებიდან 12 დღის შემდეგაც, ბელარუსში აქციები არ წყდება. ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური პროტესტია. მოქალაქეები ცვლილებებს ითხოვენ.
ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნების შედეგებზე არასამართლიანი ზეწოლით თუ პირადი ინტერესის გამო კონსტიტუციური შესწორებების მიღებით, 1994 წლის შემდეგ ყველა არჩევნები მოიგო და ევროპის უკანასკნელი დიქტატორის ტიტულიც მოიპოვა.
მისი კრიტიკოსებისთვის ყველა არჩევნები იყო ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ აკონტროლებს ლუკაშენკო პოლიტიკურ სისტემას ბელარუსში. წლების განმავლობაში მან, მოსკოვის მოკავშირემ, დანიშნა მოსამართლეები და უსაფრთხოების სამსახურების და სახელმწიფო მედიის მთავარი ლიდერები. მისი ყველაზე მეტად ეშინია ქვეყნის საიდუმლო პოლიციას, რომელიც დღემდე საბჭოთა პერიოდის ძველ სახელს ატარებს.
წლების განმავლობაში ლუკაშენკო ასრულებდა ბელარუსის ერის მამის, ანუ "ბატკას" როლს. მომხრეები მას უმადლიან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყნის სტაბილურობისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებას.
ლუკაშენკოს 26-წლიანი მმართველობის შემდეგ, როგორც ჩანს, ბელარუსმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ ცვლილებების დროა. 9 აგვისტოს საარჩევნო უბნებთან რამდენიმემეტრიანი რიგები იდგა.
მოქმედი პრეზიდენტის მთავარ კონკურენტად სვეტლანა ტიხანოვსკაია მოიაზრებოდა, რომელიც პოლიტიკაში მას შემდეგ ჩაერთო, რაც მისი ქმარი, ბლოგერი სერგეი ტიხანოვსკი დააკავეს. რამდენიმე თვეში ტიხანოვსკაია უკვე ოპოზიციის ლიდერი იყო და მალევე ცხადი გახდა, რომ ეს არჩევნები იქნებოდა ბევრად მნიშვნელოვანი, ვიდრე ბოლო 26 წლის განმავლობაში.
ლუკაშენკომ ნიადაგი ეგზიტპოლების გასაჯაროვებით მოსინჯა, შემდეგ კი ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოფიციალური შედეგებიც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, მოქმედ პრეზიდენტს მხარს 80% უჭერდა, ტიხანოვკაიას კი, მხოლოდ 10%.
ბელარუსი ხალხი გაბრაზდა და ქუჩაში გამოვიდა. საპასუხოდ, ხელისუფლებამ 9 აგვისტოს ღამესვე შეზღუდა წვდომა ინტერნეტთან, ძალადობრივად დაარბია თავისივე მოქალაქეები, დააკავე ათასობით დემონსტრანტი. პოლიციამ მათ დასაშლელად რეზინის ტყვიები, ყუმბარები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, მომიტინგეები ქვებითა და ფეიერვერკით ბარიკადებს აშენებდნენ.
აქციებზე ათასობით ადამინი დაშავდა, ხოლო გარდაიცვალა ორი, მათ შორის ერთს დამიზნებით ესროლეს. შემთხვევის ამსახველი ორი სხვადასხვა ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა. ქუჩის თითქმის ცარიელ მონაკვეთზე მდგომ კაცს სპეცრაზმელი ესვრის, ის ძირს ეცემა, შეიარაღებული "სამართალდამცველი" კი მშვიდად აგრძელებს გზას.
ვრცელდება ინფორმაცია მესამე გარდაცვლილის შესახებაც, თუმცა ოფიციალურად არ არის დადასტურებული, რომ ეს აქციებს უკავშირდება.
არჩევნების შემდეგ, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ გამოაცხადა, რომ გაიმარჯვა და ლუკაშენკოს გადადგომისკენ მოუწოდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც 7 საათის განმავლობაში ცესკო-ში ჰყავდათ, ქვეყანა დატოვა. მალევე, მისი სახელით გავრცელდა ვიდეო, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებს დარჩნენ შინ და ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას პრობლემები არ შეუქმნან. გამოცემა Meduza-ს ინფორმაციით, ეს ვიდეო წინასწარ, ზეწოლის შედეგად არის ჩაწერილი — კადრებში ზუსტად ის სავარძელი და ფანჯარა ჩანს, რომელიც ცესკო-ს ხელმძღვანელის ძველ ინტერვიუში. არადა, იმ დროს, როცა ტიხანოვსკაიას ვიდეო გავრცელდა, ის უკვე ლიეტუვაში იყო და ცესკო-ს შენობაში ვერ იქნებოდა, თუ ვიდეო წინასწარ არ იყო დამონტაჟებული. კითხვის ნიშნები გააჩინა იმანაც, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი კამერაში არ იყურება და ტექსტს, სავარაუდოდ, კითხულობს.
შედეგად, ვიდეომ პროტესტი კი არ შეაჩერა, კიდევ უფრო გააძლიერა. არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა რიცხვმა 200 000 ათასს გადააჭარბა.
"პირველად შეგვიძლია ვისუნთქოთ თავისუფლება ჩვენს ცხოვრებაში! ეს გასაოცარი გრძნობაა", — აცხადებენ ახალგაზრდა მომიტინგეები.
დემონსტრაციების ახალი ტალღა მასობრივმა დაკავებებმაც წარმოშვა. დაკავებული ადამიანების მეგობრები და ნათესავები მათი გათავისუფლების მოთხოვნით შეიკრიბნენ.
17 აგვისტოს გამოქვეყნებულ ახალ ვიდეო მიმართვაში სვეტლანა ტიხანოვსკაიამ თქვა, რომ ის მზად არის უხელმძღვანელოს ბელარუსს და უსაფრთხოების ოფიცრებს სწორ მხარეზე გადასვლისკენ მოუწოდა.
გასულ დღეებში პროტესტს სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი არაერთი კომპანია და ქარხანა შეუერთდა. რიგი ოფიციალური პირები, ისევე, როგორც პოლიციელები, გადადგნენ. ბელარუსის ელჩმა სლოვაკეთში, იგორ ლეშჩენმა, მომიტინგეებს სოლიდარობა გამოუცხადა, ხოლო ქვეყნის წამყვანი საფეხბურთო კლუბის დირექტორმა პოლიციელის ძველი ფორმა გადააგდო. გარდა ამისა, ფეხბურთელმა ილია შკურინმა განაცხადა, რომ არ ითამაშებს თავისი ქვეყნისათვის, სანამ ლუკაშენკო არ გადადგება. აქციებზე გავიდნენ სახელმწიფო ტელევიზიების ჟურნალისტები, ეთერში კი ცარიელი სკამები დატოვეს.
სიმბოლოები
მინსკში მიმდინარე პროტესტი მრავალი სიმბოლური დეტალით ხასიათდება. მარტივი და კრეატიული სიმბოლოები კი პროცესს უფრო ეფექტურს და დასამახსოვრებელს ხდის.
მომიტინგეები წითელ და თეთრ დროშას იყენებენ, როგორც ერთ დროს დამოუკიდებელი ბელარუსის სიმბოლოს, რომელსაც არ ჰქონდა თვითმყოფადობის კრიზისი. რუსეთის ან სხვა ქვეყნების მიერ მართული ბელარუსი ახლა როგორც ნაციონალური სულისკვეთების, ისე ეროვნული სიმბოლოების გარეშე დარჩა. პირველი მსოფლიო ომის დროს რუსეთის იმპერიიდან გამოსვლის და დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ბელარუსის დროშა თეთრი იყო, რომელსაც შუა ნაწილში წითელი ჰორიზონტალური ხაზი ჰქონდა. საბჭოთა ბელარუსმა სხვა დროშა შექმნა, რომელსაც ქვეყანა ამ დრომდე იყენებს.
აქციის მონაწილეებმა სიმბოლოდ ძველი, რამდენიმე თვიანი დამოუკიდებლობის პერიოდის დროშა აქციეს, რაც დაახლოებით იმგვარ ემოციებს შეიძლება ატარებდეს, რასაც ჩვენთვის 1918-21 წლების რესპუბლიკა. იმ განსხვავებით, რომ ბელარუსში ბრძოლა იდენტობისთვის არ დასრულებულა, პირიქით, ქვეყანა ახლა ცდილობს საკუთარი ადგილი იპოვოს უკვე ჩამოყალიბებულ საერთაშორისო სისტემაში და ეს არ იყოს პროსაბჭოური.
აქციების კიდევ ერთი სიმბოლოა ვიკტორ ცოის სიმღერა "პერემენ", რაც ითარგმნება, როგორც "ცვლილებები". საბჭოთა კავშირში თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო ბელარუსის მოქალაქეებმა მარტივად მოირგეს, რამდენიმე განსხვავებული ვერსიაც გააკეთეს და მინსკში მიმდინარე ყველა აქციაზე ისმის:
"ცვლილებებს ითხოვენ ჩვენი გულები
ცვლილებებს ითხოვენ ჩვენი თვალები
ჩვენს სიცილსა თუ ცრემლებში
და პულსაციაში ვენების
ცვლილებები!
ჩვენ ველოდებით ცვლილებებს".
[თარგმანი რუსულიდან]
ლუკაშენკოს პასუხ(ებ)ი
როგორც ჭეშმარიტ დიქტატორებს შეეფერებათ, მინსკში ლუკაშენკოს მხარდამჭერებიც "გამოუჩნდნენ". ქალაქში ე.წ. კონტრაქცია გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 65 000-ზე მეტზე ადამიანი შეუერთდა.
თავად ლუკაშენკო კი, გადადგომის მოთხოვნის საპასუხოდ, მომიტინგეებს "ვირთხებს", "ნაგვებს" და "ბანდიტებს" უწოდებს.
მან იმ ქარხნებში დაიწყო სიარული, რომლის თანამშრომლებიც პროტესტს შეუერთდნენ. შეკრებილების მოწოდებას — "წადი!", ის მადლობით პასუხობდა და ამბობდა, რომ მათ შეუძლიათ, ყვირილი განაგრძონ.
სწორედ ერთ-ერთ ქარხანაში ყოფნიას ლუკაშენკომ თქვა, რომ ბელარუსში განმეორებით არჩევნებს არ დაუშვებს.
"ვერ ეღირსებით, რომ ზეწოლის ქვეშ რამე გავაკეთო", — განაცხადა მეექვსე ვადით გაპრეზიდენტებულმა ლუკაშენკომ და დაამატა, რომ თუ საწარმოს თანამშრომლებს მუშაობა არ უნდათ და ამიტომ გამოდიან აქციაზე, შეუძლიათ, სამსახურიდან წავიდნენ.
რამდენიმე საათში ის ახალ კონსტიტუციაზე ალაპარაკდა. ერთ-ერთ ქარხანაში ყოფნის დროს იქ შეკრებილებს უთხრა, რომ თუ ახალი არჩევნების ჩატარება სურთ, მაშინ ჯერ ახალი კონსტიტუცია უნდა მიიღონ, ოღონდ რეფერენდუმით.
"პრეზიდენტმა გადაწყვეტილებები ზეწოლის ქვეშ არ უნდა მიიღოს. იქნება ასე — ჩვენ უნდა მივიღოთ ახალი კონსტიტუცია, რომელიც თქვენ გინდოდათ. თქვენ უნდა მიიღოთ ის რეფერენდუმზე, იმიტომ რომ ჩვენ წინა კონსტიტუციაც რეფერენდუმით მივიღეთ. და ახალი კონსტიტუციით ჩავატაროთ არჩევნები, თუ თქვენ გსურთ, პარლამენტისაც, პრეზიდენტისაც და ადგილობრივი ხელისუფლებისაც", — თქვა მან.
უცნობია, ეს დაპირება რეალურია თუ მხოლოდ სატყუარა, რომელიც ქუჩიდან გამოსულ ხალხს სახლებში შეიყვანს, შემდეგ კი კონსტიტუციაც და არჩევნებიც ისეთი იქნება, როგორიც ლუკაშენკოს სურს.
ამ ეტაპზე კი ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ის ძალაუფლების დათმობას არ აპირებს.
რა ხდებოდა არჩევნებამდე?
2020 წლის 29 მაისს ვიდეო ბლოგერი, სერგეი ტიხანოვსკი დააკავეს. ამის მიზეზი მის მიერ დაწყებული კამპანია გახდა, რომელიც მიზნად ალექსანდრე ლუკაშენკოს თანამდებობიდან წასვლას ისახავდა. 41 წლის ბლოგერი, რომელიც პოპულარული იყო ვიდეოებით, სადაც მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებდა, საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშა და დევნის სამიზნე გახდა.
31 მაისს დააკავეს მიკოლა სტატკევიჩიც, რომელიც ისტორიული ოპოზიციური ფიგურაა. მან 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაპროტესტების გამო 5 წელი ციხეში გაატარა. 18 ივნისს კი 56 წლის ყოფილი ბანკირი, ვიქტორ ბაბარიკო დააპატიმრეს, რომელიც თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში დაადანაშაულეს.
19 ივნისს სვეტლანა ტიხანოვსკაია უკვე ოფიციალურად იყო პრეზიდენტობის კანდიდატი. საპასუხოდ, ლუკაშენკომ სექსისტური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ქვეყანა არ არის მზად, ხმა ქალს მისცეს. მისი მომდევნო სვლა პოლონეთისა და რუსეთის ბელარუსის შიდა საქმეებში ჩარევაში დადანაშაულება იყო.
14 ივლისს ასობით ადამიანმა ცესკო-ს მიერ ვიქტორ ბაბარიკოსთვის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარის თქმა გააპროტესტა. აქციაზე 250-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
26 ივლისს სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ ლუკაშენკოს წინააღმდეგ საბრძოლველად ძალების გაერთიანება გადაწყვიტა. მალევე სვეტლანა ტიხანოვსკაია ბაბარიკოს კამპანიის მეთაურთან, მარია კოლესნიკოვასთან და ცეპკალოს ცოლთან, ვერონიკასთან ერთად გამოჩნდა. მათ მიერ გამოხატული ჟესტიკულაცია საბოლოოდ მთელი საპროტესტო ტალღის სიმბოლო გახდა.
29 ივლისს ბელარუსში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის რუსი მებრძოლები დააკავეს. ისინი კრემლთან სიახლოვეში და წინასაარჩევნო გარემოს დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულეს.
30 ივლისს სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მინსკის პარკში 60 000 მხარდამჭერი შეკრიბა.
9 აგვისტომდე, არჩევნების დღემდე არაერთი მრავალრიცხოვანი პროტესტი გაიმართა. მომიტინგეები არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებას ითხოვდნენ და ლუკაშენკოს მოუწოდებდნენ, ნება მიეცა საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის, არჩევნებს დასწრებოდნენ. მათი მოთხოვნა იყო პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებაც.
ბელარუსს არჩევნების გაყალბების გრძელი ისტორია აქვს. ევროპის უკანასკნელ დიქტატორად წოდებული ლუკაშენო 1994 წელს აირჩიეს და საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, ეს იყო ერთადერთი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ბელარუსის ისტორიაში. ამის შემდეგ მან ყველა არჩევნები გააყალბა. 2006 წელს ლუკაშენკომ დაიკვეხნა, რომ საჯაროდ შეამცირა ხმების მიღებული რაოდენობა — 93,5 პროცენტი 86 პროცენტამდე, რადგან თავდაპირველი რიცხვი ძალიან მაღალი ჩანდა.
ზოგადად, რთულია მისი რეალური მხარდაჭერის გამოთვლა, რადგან დამოუკიდებელი კენჭისყრა ძირითადად არალეგალურია და სამთავრობო გამოკითხვები, როგორც წესი, ფარულია. დამკვირვებლების აზრით, მას ბოლო დრომდე ფართო მხარდაჭერა ჰქონდა, სანამ კორონავირუსის პანდემიის პირობებში ეკონომიკური სტაბულურობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა.
რას ამბობს საერთაშორისო საზოგადოება?
დასავლეთის რეაქციები, ცხადია, ერთმნიშვნელოვანია და ლუკაშენკოს მოუწოდებენ, ნება მისცეს მოქალაქეებს, გამოხატონ თავიანთი კონსტიტუციური ნება. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს ბელარუსი ხალხის სურვილს, განხორციელდეს ცვლილებები დემოკრატიისთვის.
მინისტრებმა აღნიშნეს, რომ არჩევნები არც სამართლიანი იყო და არც თავისუფალი. მათი განცხადებით, შედეგები გაყალბებულია და მას არ ცნობენ. ისინი ერთობლივი სანქციების დაწესებაზეც შეთანხმდნენ, მათ შორის, საუბარია ინდივიდუალურ სანქციებზე, რომელიც იმ პირებს დაუწესდებათ, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა არჩევნების არასამართლიანად ჩატარების პროცესში.
ამერიკის შეერთებული შტატებიც მიიჩნევს, რომ ბელარუსში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარებულა. მათ ხელუსუფლებას არაერთხელ მოუწოდეს, მისცენ მშვიდობიან დემონსტრანტებს პროტესტის გამოხატვის საშუალება, პატივი სცენ ადამიანის ფუნდამენტურ ღირებულებებს და ჩაატარონ სამართლიანი არჩევნები.
მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი საერთაშორისო სისტემური აქტორები არ ცნობენ ბელარუსში ჩატარებულ არჩევნებს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ჩინეთის პირველმა პირებმა, ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ლუკაშენკოს გაპრეზიდენტება მიულოცეს.
ამ დრომდე დუმს საქართველოს ხელისუფლება. განცხადება მხოლოდ პრეზიდენტმა ზურაბიშვილიმა გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ "მიმდინარე პროცესი დასრულდება ისე, რომ ბელარუსის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს არ დააზიანებს და არც შეაფერხებს". საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ემიჯნება ყველანაირ ძალადობას და სჯერა, რომ ბელარუსი ხალხი შეძლებს საკუთარი მომავლის დემოკრატიულად გადაწყვეტას.
რას აკეთებს პუტინი?
სამაგიეროდ, აქტიურობს პუტინი.
ისტორიული მეგობრებს, რუსეთსა და ბელარუსს გასული წლიდან დაძაბული ურთიერთობა აქვთ. ლუკაშენკომ თქვა, რომ რუსეთი ცდილობს, ბელარუსი თავის ვასალურ სახელმწიფოდ აქციოს, რასაც, რა თქმა უნდა, კრემლი უარყოფს.
რუსეთსა და ბელარუსს შორის ურთიერთობა უარესდება იმის მიუხედავად, რომ ისინი ერთმანეთთან ლინგვისტურად და კულტურულად მჭიდრო კავშირში არიან. არსებობს ეჭვი, რომ პუტინს თავისი მოკავშირის, ანუ ლუკაშენკოს ჩანაცვლება სურს, რადგან მისი გათვლით, ლუკაშენკოს ხალხში ლეგიტიმაცია და სანდოობა ნელ-ნელა ეკარგება. თუ ლუკაშენკო დანებდება, რუსეთი მოინდომებს მინსკში ახალი მართვადი კანდიდატი დაინიშნოს.
მას შემდეგ, რაც ბელარუსში საპროტესტო ტალღა გაძლიერდა, ლუკაშენკოსა და პუტინს შორის ერთობლივი კოორდინაციის თაობაზე რამდენიმე საუბარი გაიმართა. კრემლის ინფორმაციით, "ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რესპუბლიკაზე გარეგანი ზეწოლის ჭრილში სიტუაციის განხილვა გრძელდება. რუსეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში, დაეხმაროს ბელარუსს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მეშვეობით".
კრემლის განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, რა გარეგანი ზეწოლა იგულისხმება. თუმცა კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულების ორგანიზაციაზე ლუკაშენკოც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბელარუსში შექმნილ სიტუაციაში რუსეთის დახმარება სწორედ ამ შეთანხმების ფარგლებში განიხილება.
ამ შეთანხმების ნაწილია კოლექტიური სწრაფი რეაგირების ძალები, რომელიც დაახლოებით 18 000 ადამიანს აერთიანებს და მათი მთავარი დავალება მუდმივი სამხედრო მზადყოფნის დემონსტრირება, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე სამხედრო დანაყოფების განთავსება და ნებისმიერი ტიპის არეულობაში ან საგანგებო სიტუაციაში ჩართვა და ლოკალიზებაა.
ორგანიზაციის წევრები კი ამ ეტაპზე რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი არიან. სავარაუდოა, რომ პუტინის მიერ ლუკაშენკოსთვის დაპირებული დახმარება სწორედ ამ სამხედრო ძალების ჩარევას გულისხმობს იმ მშვიდობიანი აქციების წინააღმდეგ, რომელიც ბელარუსში ლუკაშენკოს მეექვსედ გაპრეზიდენტებას მოჰყვა.
მცირე ისტორიული მიმოხილვა
1918 წელს ბელარუსის ეროვნულმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, 1919 წელს კი რუსულმა არმიამ ქვეყანა "გააწითლა". 1921 წელს, რიგის შეთანხმებით, ბელარუსი პოლონეთსა და საბჭოთა რუსეთს შორის გაიყო. 1930-იან წლებში ქვეყანა სტალინისგან მძიმე წნეხს განიცდიდა — 100 000-ზე მეტი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს ან შრომით ბანაკებში გადაასახლეს.
1941 წელს ქვეყანაში ნაცისტური გერმანია შეიჭრა და მრავალრიცხოვანი ებრაული პოპულაცია გაანადგურა. 1945 წელს, ომის დასრულების შემდეგ, დასავლეთ ბელარუსი, რომელიც პოლონეთის ნაწილი იყო, საბჭოთა კავშირს შეუერთდა. საბჭოთა პერიოდში განხორციელებული "რუსიფიკაციის" პოლიტიკის თანახმად, ბელარუსული კულტურა და რელიგია მეორე ხარისხის ნაციონალისტურ მახასიათებლებად ჩამოქვეითდა.
1988 წლიდან ბელარუსის სახალხო ფრონტმა დამოუკიდევლობის მისაღებად იბრძოლა და 1991 წელს დამოუკიდებელიც გახდა. 1994 წელს კი ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთთან დაახლოების დაპირებით არჩევნები მოიგო და ქვეყნის ერთპიროვნული მმართველის იმიჯი ნელ-ნელა მოიხვეჭა.
პოსტ-საბჭოთა იდენტობის კრიზისი
პოსტ-საბჭოთა იდენტური კრიზისი ბევრი ქვეყნისთვის საერთო სიმძაფრით ხასიათდებოდა. პრობლემა იყო, მათ შორის, ახალ მსოფლიოში საკუთარი ადგილის დაკავება და ეროვნული თვითმყოფადობის შექმნა.
ბელარუსის პარადოქსი იმაშია, რომ ლიბერალური ღირებულებებისთვის ბრძოლის ნაცვლად, მათ სოციალური და ეკონომიკური სტაბილურობა და ბელარუსული ნაციონალიზმის შექმნის ნაცვლად, ეთნიკურ-ნაციონალისტური დისკურსის ინდიფერენტულობა ამჯობინეს.
მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმეტესობა რუსულად საუბრობს, მათი იდენტიფიცირება სხვაგვარად ხდება. ბილინგვალიზმმა, რუსეთთან კულტურულმა და იდეოლოგიურმა სიახლოვემ და პრობლემამ, შეექმნა საკუთარი თავი როგორც ახალი, დამოუკიდებელი სახელმწიფო, არაერთხელ იჩინა თავი თანამედროვე პერიოდშიც. რუსეთის მხრიდან გულუხვი მხარდაჭერის გამო, რაც მეტწილად გაზისა და ნავთობის მოდიფიცირებულ ფასებში გამოიხატა, ლუკაშენკო "ხელ-ფეხ შეკრული" დარჩა. რუსეთს ჰქონდა გარანტია, რომ ბელარუსი დასავლეთისკენ არ გაიქცეოდა.
ბევრი ფიქრობს, რომ ამჯერად ბელარუსს ახალი დასაწყისი ელოდება და ამის იმედით გაერთიანებული საპროტესტო მუხტი მე-12 დღეა არ ცხრება. სიბრაზემ უკვე შიშის ინსტიქტები დაამარცხა და ხალხი აქციებზე ღიად გადის.
კომენტარები