იტალიის უხუცესმა სტუდენტმა უნივერსიტეტის დიპლომი 96 წლის ასაკში აიღო
თავისი ცხოვრების 96 წლის განმავლობაში ჯუზეპე პატერნოს მრავალი განსაცდელი დაუძლევია; მათ შორის, სიღარიბეში გატარებული ბავშვობა, ომი და სულ ახლახან — კორონავირუსის პანდემიაც. ამჯერად კი მან უნივერსიტეტის დამამთვარებელი გამოცდების წარმატებით ჩაბარებაც შეძლო და იტალიის ისტორიაში უხუცეს კურსდამთავრებულად იქცა.
რკინიგზის ყოფილ მუშაკს დიპლომი გამოსაშვებ ცერემონიაზე ამ კვირაში გადაეცა და, იტალიური ტრადიციისამებრ, მას თავზე დაწნული გვირგვინიც დაადგეს. ოჯახის წევრებმა, ლექტორებმა და მასზე 70 წლით ახალგაზრდა თანაკურსელებმა ის ტაშითაც დააჯილდოეს.
"მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, მრავლის მსგავსი", — განაცხადა მან, როცა ჰკითხეს, რა გრძნობა იყო უნივერსიტეტის ასეთ ასაკში დასრულება, — "წლოვანებით სხვა ყველას კი გადავასწარი, მაგრამ ეს ამისთვის არ მიქნია".
პატერნოს პატარაობიდანვე უყვარდა წიგნები, თუმცა უმაღლესში სწავლის საშუალება არ მისცემია. პალერმოს უნივერსიტეტის ისტორიისა და ფილოსოფიის კურსის გავლა რომ დაიწყო, ის უკვე 90-ს იყო გადაცილებული.
"ჩემს თავს ვუთხარი, ან ახლა ან არასოდეს-მეთქი. და, შედეგად, 2017 წელს უნივერსიტეტში ჩაბარება გადავწყვიტე", — განაცხადა მან ინტერვიუში, რომელიც Reuters-მა სიცილიის ქალაქ პალერმოში მდებარე მის ბინაში ჩაწერა; ჯუზეპე ფიზიკური სისუსტის გამო ამ დღეებში იშვიათად ტოვებს საკუთარ სახლს.
პატერნო თავის საბეჭდ მანქანასთან ერთად.
ფოტო: Guglielmo Mangiapane
"მშვენივრად მესმოდა, რომ სამწლიანი ხარიხსის ასაღებად ცოტა გვიანი იყო, მაგრამ გადავწყვიტე მენახა, თუ შევძლებდი ამის გაკეთებას", — დაურთო მან.
სწავლის დასწრულება პატერნომ წარჩინებით შეძლო და მილოცვა თავად უნივერსიტეტის კანცლერისგან, ფაბრიციო მიკარისგანაც კი მიიღო.
ამ 1933 წლის ფოტოზე დაწყებითი სკოლის მოსწავლე პატერნოს მეზღვაურის ფორმა აცვია.
სიცილიაში დიდი დეპრესიის წინა პერიოდში ღარიბ ოჯახში გაზრდილმა პატერნომ მხოლოდ დაწყებითი განათლება მიიღო. ის შემდეგ სამხედრო-საზღვაო ფლოტს შეუერთდა და მეორე მსოფლიო ომში იბრძოლა. ამის შემდეგ პატერნომ რკინიგზაზე დაიწყო მუშაობა, დაოჯახდა და ორი შვილიც ეყოლა.
საზოგადოებაში, რომლის მთავარი მიზანიც ომისშემდგომი აღმშენებლობა გახლდათ, მუშაობა და ოჯახის შექმნა პრიორიტეტებად მიიჩნეოდა, მაგრამ პატერნოს სწავლაც სურდა. ის სკოლაში დაბრუნდა და 31 წლის ასაკში დიპლომი აიღო, თუმცა უმაღლესში ჩაბარების სურვილი მაშინაც ჰქონდა.
"ცოდნა ჩემთვის ჩემოდანს ჰგავს, რომელსაც თან დავატარებ, ის ნამდვილი საგანძურია", — განაცხადა მან ინტერვიუში.
პატერნო თავის საბეჭდ მანქანაზე ბეჭდავს.
ფოტო: Guglielmo Mangiapane
პატერნო გამოცდებისთვის საგულდაგულოდ ემზადებოდა.
უნივერსიტეტში სწავლისას პატერნო დავალებულ ესეებს იმ საბეჭდ მანქანაზე კრეფდა, რომელიც დედამისმა 1984 წელს პენსიაზე გასვლისას აჩუქა. მან Google-ს დაბეჭდილი წიგნები არჩია და არც სტუდენტური მხიარული თავყრილობების ცდუნებას აჰყვა.
"თქვენ ახალგაზრდა სტუდენტებისთვის სიბეჯითის მაგალითს წარმოადგენთ", — ეს სიტყვები პატერნოს სოციოლოგიის პროფესორმა ივნისში, ზეპირი გამოცდის ჩაბარების შემდეგ უთხრა.
პატერნომ უკანასკნელი გამოცდა დისტანციურად, საკუთარი სახლიდან ჩააბარა.
ფოტო: Guglielmo Mangiapane
პატერნო აღიარებს, რომ კარანტინის გამო დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შემდეგ ვიდეოზარების გამოყენების აუცილებლობამ ცოტა დააფრთხო. თუმცა იმასაც ხაზს უსვამს, რომ ომისა და მრავალი გასაჭირის გამოვლის შემდეგ თავად დაავადებას ის არ შეუშინებია.
"ამ ყველაფერმა ჩვენი თაობა — ყველანი, ვინც კიდევ ცოცხლები ვართ — გაგვაძლიერა", — ამბობს ის, — "ამას დიდად არ დავუფრთხივართ".
პატერნო თავის ოჯახთან ერთად, დიპლომის მიღების შემდეგ.
რაც შეეხება მის შემდგომ გეგმებს, პატერნო აცხადებს, რომ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ გაჩერებას სულაც არ აპირებს.
"ჩემი სამომავლო პროექტი თავის წერისთვის მიძღვნაა; მინდა, ყველა იმ ტექსტს მივუბრუნდე, რომელთა უკეთ გათავისების შანსი აქამდე არ მომცემია. ესაა ჩემი მიზანი".
პატერნო დღეს წვერის გაპარსვით იწყებს.
ფოტო: Guglielmo Mangiapane
კომენტარები