ოკუპაციის პირისპირ — თინა გუგუტიშვილი
დამწვარი სახლი და ავეჯი, მწვანე ღობის მიღმა მოქცეული ბაღები, დაწვას გადარჩენილ სარდაფში შენახული კომპოტები — ასე გამოიყურება მცოცავი ოკუპაციის კვალი გუგუტიშვილების ოჯახისთვის.
შედეგი
— გუგუტიანთკარში ბოლომდე გინდათ?
— ჰო, სოფელში უნდა შევიდე.
— სულ ბოლომდე ვერ აგიყვანთ, "საზღვარია"...
— სადამდეც ამიყვანთ, იქამდე იყოს.
... გორიდან ტაქსის მივყვები. გზად რამდენიმე სოფელს გავივლით. ყველგან სიწყნარეა. კარბის საგუშაგოს მერე მერეთს გავდივართ და გუგუტიანთკარში შევდივართ. მეზობელს ვეკითხები, გუგუტიშვილები სად ცხოვრობენ-მეთქი. ინტერესდება, ვინ ვარ, რა მინდა, სამტროდ ვარ მისული თუ სამოყვროდ და იქვე, მარცხენა მხარეს, შენობისკენ მამისამართებს. შენობა ერთსართულიანია, ძველი, ხის ფანჯრები აქვს და სახლის კვალობაზე უცნაურ პროექტად გამოიყურება.
ძველი სკოლა აღმოჩნდა.
თინას ინტერვიუსთვის წინასწარ შევუთანხმდი. რომ დავურეკე, ეგონა, ჯერ კიდევ ჩასული არ ვიყავი და მითხრა, ვიფიქრე და არ მინდა, უარს ვამბობ ჩაწერაზეო. უკვე მის ეზოში ვიდექი და ფანჯარას ვუყურებდი, საიდანაც, წესით, უნდა გამოეხედა. უარი აღარ გამოდიოდა. გამოიხედა და მიმიპატიჟა.
"იცით, რა არის? არა აქვს აზრი ამ ლაპარაკსაც. 12 წელია ეს მდგომარეობაა, არაფერი იცვლება. დავიღალე".
ძველი სკოლის ერთსართულიან შენობაში ოთხი ოჯახი ცხოვრობს. გუგუტიშვილებს ერთი ოთახი უჭირავთ. სამზარეულო არ აქვთ, არც სააბაზანო.
2008 წლის ომის მერე ოკუპანტებმა გუგუტიშვილების ორსართულიანი სახლი მთლიანად დაწვეს.
ბაღის ტერიტორია მიიტაცეს და ღობე შემოავლეს.
რამდენიმე წლის მერე, თინა ბიძინაშვილის ქმარი, ამირან გუგუტიშვილი გაიტაცეს.
ნაცემი დააბრუნეს.
მას მერე მწოლიარე ავადმყოფს ცოლი უვლის.
"სულ უფრო უარესდება. დღეში ერთხელ თუ დავბან, შვებაა. შემოიტანე წყალი, გაათბე, დაბანე. "იაშიკები" მაგიტომ მაქვს შემოწყობილი, რომ მოფარებული ადგილი შევქმნა. აბანო არ მაქვს. ტუალეტი შორსაა. 21-ე საუკუნეში აბაზანის გარეშე როგორ უნდა იყოს ადამიანი, მით უმეტეს მოსავლელი ავადმყოფით".
თინა იმ ერთი ოთახის შესყიდვას ითხოვს, რომ საშუალება ჰქონდეთ, ცოტათი გადააკეთონ და აბაზანა მოაწყონ. ვისაც მიმართა, პასუხი ყველგან ერთია — თუ გაიყიდება, მხოლოდ აუქციონის გზითო. თავად აუქციონით ყიდვის საშუალება არ აქვთ.
"განა ჩუქებას ვითხოვ, მოგვყიდონ".
ომის მერე, დეკემბერში გუგუტიანთკარსა და ერგნეთში დაზარალებულებს ახალი ცხოვრების დასაწყებად 15 ათასი დოლარი მისცეს. თავიდან 10 ათასს აძლევდნენ.
"ერგნეთი ძალიან დაზარალდა. მერე ისინი მიაწვნენ და ჩვენცა და ერგნეთს 15 ათასი მოგვცეს იმ იმედით, რომ იმ სახლების რეაბილიტაცია მოხდებოდა".
მეორეული საშენი მასალა შედარებით დაბალ ფასად შეიძინეს, გაზაფხულზე მშენებლობა უნდა დაეწყოთ, მაგრამ უთხრეს, რომ ის ტერიტორია სიცოცხლისთვის საშიშ ზონად გამოცხადდა. თანხის ნაწილი გახარჯული იყო. ნაწილით მოშორებით სოფელში სამეურნეო მიწა იყიდეს. დარჩენილი თანხით გადასახური მასალა შეიძინეს და ცოტათი კედლები გაამაგრეს, რათა მიღებული მოსავლის დასაბინავებელი სივრცე შეექმნათ.
სახლის აშენება ვეღარ მოხერხდა.
"გავიგეთ, რომ ფული გვაქვს აღებული, ამიტომ ვამბობ, შეგვასყიდეთ, ხო ჩუქებას არ ვამბობთ. ვისაც დაეწვა სახლი, უშენებდნენ დროებით საცხოვრებელს. ეგ არ აგვიშენეს. შეგვასყიდეთ ჩვენი შესაძლებლობის შესაბამისად, რითიც საშუალება მოგვეცემა, საცხოვრებელი ბინის ფორმა მივცეთ".
უკუსვლით
2019 წელი
"7 აგვისტო იყო, მეზობელმა მითხრა, თინა ძალო, თქვენს სახლთან რუსები დაფრატუნობენო. ავედი და რას ვხედავ, გაჰფოთებული ბოძებსა ყრიან ჩვენს ბაღში. ერთადერთი, რაც ისმოდა, არ აყვეთ პროვოკაციასო. პროვოკაცია ისაა, როცა ვინმე გაშინებს: ამას გავაკეთებ, იმას გავაკეთებო და არ აკეთებს. ეს რა პროვოკაცია იყო. ეს იყო მოპარვა, წატაცება, მიტაცება. 7-ში ხმა არავინ ამოიღო. კარგად რომ ჩამოვიდნენ და ჩემი ბაღი შიგნით მოიტოვეს, ორი სახლიც მოიმწყვდიეს, მერე გადაყვნენ გზას და იქით კიდე მეორე ბაღია ჩემი, 60/100 ნაკვეთი, ეგ ბაღიც წაიღეს. ჯოხი მიჭირავს, გაალმასებული ვარ, უნდა მეცემა ის რუსის ჯარისკაცები. ახლაღა ვნანობ, რატომ დროზე არ მივედი და არ დავუშინე ის ჯოხი. მოვიდა ჩვენი სპეცრაზმი. დღესაც ვერ ვიგებ, რა დანიშნულებით მოიყვანეს. რომ კარგად იმუშაონ რუსის ჯარისკაცებმა, კაცო?! არაფერი გაუკეთებიათ — რომ ქართველებს არაფერი ეთქვათ და პროვოკაცია არ ყოფილიყოო. იქ მარტო მე ვიყავი, ვინ უნდა დაეცვათ. მე უკვე თავი გადადებული მქონდა. პოლიციამ შემბორკა ხელებით და წამომიყვანეს. მანამდე ბაღის ერთი ნაწილი იყო საზღვრის იქით მოქცეული, სანამ მავთულხლართები იყო დაგდებული. შარშან რომ ახალი ღობე დააგეს, ჩემი ორი ბაღი მთლიანად მოექცა იქითკენ. შარშანდლამდე ხილის დამამზადებელი პუნქტის შენობა, ჩვენ რომ შევიძინეთ, ის მიიჩნიეს ზღვარად. მავთულხლართები მაგას მოაყარეს. მერე აიღეს მავთულხლართები და აქეთ გადმოწიეს ღობე. იმოდენა ქონებიდან გადამწვარი სახლი დამრჩა".
2019 წელს სოფელ გუგუტიანთკარში რუსმა სამხედროებმა მანამდე დაგებული მავთულხლართები აიღეს, "საზღვარი" გადმოწიეს და ღობე გაავლეს. ღობის გავლება იყო რუსული მცოცავი ოკუპაციის მორიგი შემთხვევა, როცა საზღვრები თვითნებურად დაადგინეს და ტერიტორია მიიტაცეს. მიტაცებულ მიწაზე აღმოჩნდა გუგუტიშვილების ბაღები და ყოფილი ხილის დამამზადებელი შენობა, რომელიც ოკუპაციამდე შეიძინეს.
2017 წელი
"23 თებერვალი იყო. სახლში რაღაცას ვაცხობდი, ჩემი ქმარი წავიდა, იმ ჩვენს ბაღში ხეებს ხმელ ტოტებს შევაჭრი და ჩამოვიტანო. მოვიდა პოლიცია და მეკითხება, ამირანი (თინა ბიძინაშვილის ქმარი) სად არისო და მივხვდი, რომ წაუყვანიათ. როტაცია მომხდარა, შეცვლილა პოლიცია, ახლები მოსულან, უცნობები და წაუყვანიათ. 23 თებერვალი საბჭოთა არმიის დღეა და ეგენი ისევ აღნიშნავენ, თანაც ორი დღით. ხუთშაბათი იყო, პარასკევსაც დღესასწაულობდნენ. შაბათ-კვირა დასვენების დღეები უწევდა და ორშაბათს უკვე ველოდებოდით, რომ გამოუშვებდნენ. გვიან საღამოთი გამოუშვეს, ნაცემი. საავადმყოფოში რომ წავიყვანეთ და თავზე გადაუღეს, ასე თქვეს, კულტურულად არის ნაცემი, ძვლები არ აქვს დამტვრეულიო. მაშინ ცენტრი ემპათია დაგვეხმარა. ორი წელი, რაც სჭირდებოდა, ყველაფერს უკეთებდნენ და მკურნალობდნენ. საბოლოოდ მაინც ვერ გამოჯანმრთელდა და თანდათან, ყოველწლიურად უარესდება ჯანმრთელობა".
მესამე წელია, ამირან გუგუტიშვილი "კულტურული" ოკუპაციის შედეგებს საკუთარ თავსა და ჯანმრთელობაზე განიცდის.
2011 წელი
"12 აპრილი, ჩემი დაბადების დღე იყო. ჩემი გოგოც ჩემთან იყო სტუმრად. ჩემი ბიჭი მირეკავს — დედა, ჩქარა ადი ძველ სახლთანო. გავვარდი, ჩემი გოგო და ქმარი მომდევენ, რა ხდებაო, მეძახიან. ვერ ამოვითქვი სული, რომ მეპასუხა. ბოლოს მივაძახე, ჩქარა, ძველ სახლთან-მეთქი. ისინი სხვა გზით წავიდნენ, მე ვუყელე და მოკლე გზით ავედი. ვხედავ, ზის ოსი და ჩემი ხეივნის ბოლო რკინას ჭრის. იქით სხვები ელოდნენ. იქვე "ბალგარკა" ეგდო. სხვა რკინები დაეჭრათ და დაელაგებინათ ცალკე. ორიღა ჰქონდათ დარჩენილი. მივვარდი ყვირილით — თქვე ქურდებო და ყაჩაღებო, ამოწყდით-მეთქი. უუუო, დამცინეს და გაიქცნენ. ჩემი სახლის ზემოთ დისევი იწყებოდა, ცხინვალის სოფელი. იმ სოფელსა და ჩვენ შორის ასფალტის გზა გადის. იმ ასფალტზე ეყარა მავთულხლართები. რომ გადახტნენ მავთულხლართებზე, იქ ერთი მშენებარე სახლი იყო და იქ შეცვივდნენ. გადავხტი და ვდიე იმ სახლამდინ, ისე თავდაკარგული მივდევდი და ვუყვიროდი. ამასობაში პოლიციაც მოვიდა. ის არის შოფერი უნდა მივიდეს და ჩაჯდეს და აქედან ვეუბნები, არ გაბედოთ, არ ჩაჯდეთ, თორემ ჩვენი პოლიცია მოვიდა, გესვრიან-მეთქი. იმათაც თავიანთი სამხედრო ჩამოიყვანეს და იმას ეუბნებოდა ჩემი ქმარი — ჩამოდი, რაღაც უნდა გითხრაო. არა, თქვენ ამოდითო. ბოლოს აპირებდა ჩამოსვლას და ამასობაში დაინახა, რომ ევროკავშირის ხალხიც მოდის და —"ვოტ ბარანი იძიოტ" თქვა. ის რკინები ჩამოვაცლევინეთ და წამოვიღეთ. რომ მოგვქონდა, შორიდან ყვიროდნენ — მაინც ჩამოვალთ ქვევით და წავიღებთო".
ეს ქონების მიტაცების მრავალთაგან ერთ-ერთი შემთხვევა იყო. თინა იხსენებს, რომ მანამ, სანამ ყველაფერს დაკარგავდნენ, როგორც მეურნეებს, ჰქონდათ სატვირთო მანქანაც და ტრაქტორიც. ამ მანქანების სათადარიგო ნაწილები სარდაფში ეწყოთ. სარდაფი სახლის ის ერთადერთი ნაწილია, რაც გადაწვას გადაურჩა. მოგვიანებით ოკუპანტებმა ყველაფერი ნაწილ-ნაწილ გაიტანეს.
2008 წელი
"11 აგვისტოს, წინა ღამით მაზლიშვილმა დაგვირეკა — მეჯვრისხევში შემოსულან უკვე, ფხიზლად იყავითო. მერე ქალები გადავედით ერთ სარდაფში, ვიმალებოდით. განა რას უნდა დავეცავით, მაგრამ ერთად რომ ვიყავით, ვითომ იმედი იყო. იქიდან დავინახეთ, რომ ტყეში სანთებელათი მოდიოდნენ ვიღაცები. ერთმა თქვა, ნამდვილად დესანტები გადმოსხესო. სად აღარ ვირბინეთ იმ ღამით. ასე თუ ისე ის ღამე მშვიდობით დასრულდა. მეორე დღეს ჩემს ქმარს ვუთხარი, თბილისში შვილებთან წავიდეთ-მეთქი. ჩვენ რომ გავსულვართ, ფეხდაფეხ მოგვყვებოდა, თურმე, რუსის ჯარი. ტყვიავში "ბირჟაზე" გავაჩერებინე მანქანა, ჩემი ნამოწაფარი ბიჭები იდგნენ და ვკითხე — ბიჭებო, სად არიან ე "ბირჟავიკები", რომ აღარ არიან-მეთქი. იმათაც მითხრეს — რა ვიცით, თინა მასწავლებელო, როგორცა ქუხს, ისე არა წვიმსო და დაიფანტნენო. ნასვამი იყო ის ორი ბიჭი. მერე ორივე წაუყვანიათ მძევლად. ერთი მოკლეს და ერთი გამოუშვეს... ნახევარი საათით გამისწრია, თორემ რომ შევხვედროდით, გადაგვივლიდნენ. იმ პირველ შემოსვლაზე ტყვივაში მოუკლიათ კიდეც რამდენიმე. თბილისის გზაზე რომ გავედით, "ტაჭკებით" ხალხს რაღაცები გაჰქონდა, საოჯახო ნივთები. ჩემს ქმარს ვუთხარი, რაღაც ცუდი სუნი ტრიალებს, მძიმე მდგომარეობა ჩანს, ხალხი გარბის-მეთქი. შევედით თბილისში და ვხედავ, დროშებით დარბიან და ასიგნალებენ — გავიმარჯვეთ, გავიმარჯვეთ, ყვირიან. თუ გავიმარჯვეთ, ის ხალხი რათ გარბოდა, ვერ გავერკვიე. ჩავედით თბილისში და დავურეკე ჩვენს ახლობელს, მოვიკითხე, ვუთხარი, დილაზე ადრე უნდა წავიდეთ ისევა გორში-მეთქი. რა გორში თინა, გორი ჩვენი აღარ არის, არ იციო? რას მელაპარაკები, ერთი საათის წინ ჩამოვედით-მეთქი. ჩავრთეთ ტელევიზორი და ვხედავთ — გორში, მთავრობის სახლის წინ რუსები დაშლაგუნობენ ბეტეერებით".
ივლისში დაწყებული აგვისტოს ომი
საქართველოს პარლამენტის დადგენილებით რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია შეიქმნა.
კომისიამ 2008 წლის აგვისტომდე და აგვისტოში განვითარებული მოვლენები შეისწავლა. ფაქტების დასადგენად და ინფორმაციის მისაღებად მოსმენები ჩაატარა. დიდი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, მოსმენები ღია იყო. კომისიის სხდომები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, სხდომათა ნაწილი დახურულ რეჟიმში ჩატარდა. კომისიის შეკითხვებს 22-მა მაღალი სამოქალაქო და სამხედრო თანამდებობის პირმა უპასუხა.
გარდა მოსმენებისა, ინფორმაციის წყაროდ კომისიამ საერთაშორისო, ქართული და რუსული მასმედიის მასალები, პუბლიკაციები და ავტორიტეტული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები გამოიყენა.
დასკვნა 2009 წელს გამოქვეყნდა და პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე დევს. ამ დასკვნაში ნათლად ჩანს, რომ ომი რუსეთმა აგვისტომდე დაიწყო:
- 28 ივლისი — ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ეუთოს დამკვირვებლებსა და მშვიდობისმყოფელებს, რომლებიც სოფელ ჩორბაულის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ;
- 29 ივლისი — ოკუპანტების ფორმირებებმა იმ სოფლების დაბომბვა დაიწყეს, სადაც ეთნიკურად შერეული მოსახლეობა ცხოვრობდა. ასევე, დაბომბეს ქართველი მშიდობისმყოფელები და მათი საკონტროლო პუნქტები. ცეცხლი გაუხსნეს ეუთოს დამკვირვებლებს;
- 1 აგვისტო — ცეცხლი გახსნეს ქვემო ნიქოზში, ზემო ნიქოზში, ერგნეთში, ერედვსა და ავნევში;
- 2 აგვისტო — ქართული სოფლების მიმართულებით ისროდნენ, რა დროსაც 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა;
- 3 აგვისტო — დე-ფაქტო რეჟიმმა ცხინვალიდან და მიმდებარე სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს და ორ დღეს გაგრძელდა;
4 აგვისტო — გვიან ღამით, ოკუპანტებმა სარაბუკის სიმაღლეზე განლაგებულ ქართველ სამშვიდობოთა საგუშაგოს ცეცხლი გაუხსნა და ორი ჯარისკაცი დაჭრა. კონფლიქტის ზონაში დაგომისის ხელშეკრულებით აკრძალულ იარაღს ( 80 მმ კალიბრზე მსხვილი არტილერია) იყენებდნენ; - 5 აგვისტო — სოფელ უბიათიდან სოფელ ნულში საქართველოს პოლიციის საგუშაგოს 3 ყუმბარა ესროლეს;
- 6 აგვისტო — ადგილობრივი ტელევიზიის ცნობით, ჩრდილოეთ კავკასიიდან დაახლოებით 150 მოხალისე შემოვიდა. ასევე, იტყობინებოდნენ, რომ ცხინვალის სამხედრო ბაზის მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანები გაათავისუფლეს და დაიხურა მაღაზიებიც. ამავე დღეს, 16:00 საათზე სოფელ ფრინევიდან, უბიათიდან და ხეთაგუროვიდან ქართულ სოფლებს — ფრისს, ერედვს, ნულსა და ავნევს ცეცხლი გაუხსნეს და საარტილერიო დაბომბვა შუაღამემდე გრძელდებოდა;
- 6 აგვისტო — საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. საქართველოს სამხედრო ძალების საპასუხო მოქმედებამდე 20 საათით ადრე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა როკის გვირაბი დაიკავეს და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შევიდნენ;
- 7 აგვისტო — შუაღამის 00:00 საათიდან საარტილერიო დარტყმა გააქტიურდა ერდევზე, ფრისსა და ვანათზე. იმავე დროს დაიწყო სარაბუკის სიმაღლეებზე შეტევა, რის შედეგადაც სამი ქართველი მშვიდობისმყოფელი დაიჭრა;
- 7 აგვისტო — 11:00 საათისთვის ოკუპანტების ბანდფორმირებებმა ქართული სოფლების: ნულის, ავნევისა და ვანათის მიმართულებით საარტილერიო შეტევა განაახლეს;
- 7 აგვისტო — დაახლოებით, 14:00 საათზე ხეთაგუროვოდან ავნევში ქართველი მშვიდობისმყოფელების საკონტროლო პუნქტი დაიბომბა, რის შედეგადაც ორი ქართველი მშვიდობისმყოფელი და რვა მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა;
- 7 აგვისტო — 19:10 საათზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა და დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებს მშვიდობიანი მოლაპარაკებისკენ მოუწოდა.
- 7 აგვისტო — 20:30 საათზე ხეთაგუროვოდან ავნევის დაბომბვა დაიწყო;
- 7 აგვისტო — 23:30 საათზე ოკუპანტების ფორმირებებმა ცხინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე (სოფელ თამარაშენსა და ქურთაში) ქართველი მშვიდობისმყოფელების ყველა საკონტროლო პუნქტს ცეცხლი გაუხსნეს. ქურთაში პოლიციის განყოფილება სრულად განადგურდა;
- 8 აგვისტო — ქართულმა შეიარაღებულმა ნაწილებმა სოფლები წინაგარა, ორჭოსანი, დიდმუხა, მუგუთი, რომი, დმენისი, და არცევი დაიკავეს. დაკავებული სიმაღლეებიდან საარტილერიო შეტევა ხორციელდებოდა ძარას გზაზე, საიდანაც რუსული შეიარაღებული ნაწილები შემოდიოდა, ასევე, სოფელ ხეთაგუროვოზე;
- 8 აგვისტო — 15:00 საათისთვის ცხინვალის რეგიონის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და თბილისის მერმა სამხედრო მოქმედებებზე სამსაათიანი მორატორიუმი გამოაცხადეს. ამ სამი საათის განმავლობაში კონფლიქტის რეგიონიდან სამოქალაქო მოსახლეობა გამოიყვანეს;
- 9 აგვისტო — საქართველოს პარლამენტმა საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ პრეზიდენტის აქტი დაამტკიცა;
- 10 აგვისტო — საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში რუსეთი ფედერაციის საელჩოს საქართველოს მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დიპლომატიური ნოტა გადასცა. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის ტერიტორიის დაბომბვა და ოკუპირება განაგრძეს. მომდევნო სამი დღის განმავლობაში საქართველოს ტერიტორია რუსული ავიაციისა და ტაქტიკური რაკეტების გამოყენებით კიდევ 32-ჯერ დაიბომბა;
- 15 აგვისტო — ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოეწერა. რუსები ქართული დასახლებული პუნქტების დაკავებას აგრძელებდნენ. მათ გადაკვეთეს აბაშისწყალი და ხაშური და იგოეთი დაიკავეს;
- 22 აგვისტო — 12:30 საათზე რუსულმა ჯარმა იგოეთიდან გორის მიმართულებით გასვლა დაიწყო. 20:00 საათზე გორი და ხაშური დატოვეს.
"იგოეთიდან რომ ჯარი გავიდა, მეორე დღესვე წამოვედი თბილისიდან. გაჩერება აღარ შემეძლო. მეურნეობა მქონდა, ვისთვის უნდა დამეტოვებინა, სახლი მქონდა... ხიდისთავთან რომ მოვედით, შემოვლითი გზით წავედით. უგრძესი საცობი იყო, მთელი გორის რაიონის სოფლების მანქანები იქ იდგა. იქიდან საპატრიარქოს მანქანას გამაყოლა ძმისშვილმა. ისინი პირველ დახმარებას არიგებდნენ საკვები პროდუქტის სახით. ვკითხე, რომელ სოფლებში მიგაქვთ-მეთქი. ჩამომითვალეს სოფლები გუგუტიანთკარამდე. ვუთხარი, გუგუტიანთკარმა რაღა დააშავა-მეთქი. მკითხეს, ეგ სადღააო. გამომკითხეს, რამდენი კომლი იყო და ჩვენს სოფელშიც შემოიტანეს, ოღონდ სოფლის შემოსასვლელშივე დატოვეს. მეტი ვეღარ გამოგყვებით, საშიშიაო...
შემოვედი სოფელში და ვფიქრობ, ახლა სად წავიდე, სახლი აღარ მაქვს. ნელა-ნელა, ჩუმად ავედი სახლისკენ. მტერს არ ვუსურვებ იმის ნახვას, რაც მე ვნახე. გაბზრიალებული სახლი დამწვარი იყო. თურმე, ავტომატს რაღაცას უკეთებდნენ, იმას ისროდნენ და ცეცხლი ჩნდებოდა. სარდაფი გადარჩა, კამპოტ-მურაბობა რაშიც მქონდა. ისეთი ბიბლიოთეკა დამეწვა... ყველაფერი ხომ დამეწვა, მაგრამ ყველაზე მეტად ჩემი შვილების ბავშვობის ფოტოები რომ აღარ დამრჩა და ბიბლიოთეკა, მაგაზე მტკივა გული".
... თინასთან საუბრის მერე კარბის პოლიციის თანხლებით საოკუპაციო ხაზთან ავედი. მწვანე ღობე ზედ ბოლო სახლთანაა გავლებული, მერე ქვემოთ მოუყვება, სადაც გუგუტიშვილის ბაღებს შიგნით იქცევს, ქართულ საგუშაგო პუნქტთან დაახლოებით, 50 მეტრში გადის და ტყეში შედის, საიდანაც მცოცავი ოკუპაციის საზღვრებს მავთულხლართები აგრძელებს.
ორ მწვანე ბანერზე თეთრი ასოებით აწერია:
Республика Южная Осетия
ყურადღება!
სახელმწიფო საზღვარი!
გასავალი (მოძრაობა) აკრძალულია!
კომენტარები