თავისუფლება ბრიტნის — მაინც რა ხდება პოპის პრინცესის თავს
ბრიტნის ხსენებისას ბევრ ჩვენგანს, ალბათ, თინეიჯერობის წლები, ზარის დარეკვა და სკოლის დერეფანში ცეკვა, პერფორმანსი ცოცხალი გველით, სექსუალური სტიუარდესა, ჯასტინ ტიმბერლეიკთან ერთად ჯინსის სამოსით გამოჩენა, კოცნა მადონასთან, თმის გადაპარსვა და კიდევ სხვა ბევრი რამ გაახსენდება, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ უკვე არაერთი წლის განმავლობაში პოპის პრინცესას დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება შეზღუდული აქვს: როგორც ინსტაგრამზე ცნობილი კრიტიკოსი Diet Prada წერს, ბრიტნი სპირსს სახლიდან გასასვლელად თუ ადვოკატის ასაყვანადაც კი სპეციალური ნებართვის აღება სჭირდება.
თუ უცებ თქვენს თავშიც იფეთქა კითხვებმა: როგორ და რატომ წარიმართა ბრიტნის ცხოვრება მსგავსად, მაშინ ამ სტატიაში შევეცდებით, რომ ამომწურავად მიმოვიხილოთ [სხვადასხვა მიზეზით] ამ მრავალჯერ ჩამქრალი და ამდენჯერვე კვლავ აკაშკაშებული ვარსკვლავის ირგვლივ განვითარებული ჩახლართული ისტორია, რომლის შესახებაც ბოლო თვეების განმავლობაში მისი ერთგული ფანები განსაკუთრებულად აქტიურად საუბრობენ.
რატომ აქვს შეზღუდული ბრიტნის თავისუფლება
ვისაც ბრიტნის შესახებ სმენია, ალბათ, ყველას ახსოვს 2007 წელს ქმართან, კევინ ფედერლაინთან განქორწინების შემდეგ მისი კარიერის სკანდალური ცვლილება: პაპარაცებზე თავდასხმა, თმის გადაპარსვა, შვილებზე მეურვეობის დაკარგვა, წარუმატებელი კონცერტები და საბოლოოდ, სარეაბილიტაციოდ კლინიკაში მკურნალობა.
BBC-ის ცნობით, სწორედ ამის შემდეგ, 2008 წელს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ბრიტნი სპირსზე მეურვეობა მამამისმა, ჯემი სპირსმა და ადვოკატმა, ენდრიუ უოლეტმა აიღეს, რის შედეგედაც უკვე 12 წელია მომღერალს უფლება არ აქვს, თავის ფინანსებთან თუ კარიერასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოს.
მსგავს ზომებს სასამართლო იმ პირებთან მიმართებაში ატარებს, რომელთაც არ აქვთ უნარი, გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღონ: მაგალითად, დემენციის ან სხვა ფსიქიკური დაავადების მქონე პირების მიმართ.
სწორედ ამის გამო ბოლო წლების განმავლობაში ბრიტნის ქონებასა და პირად ცხოვრებას მამამისი და ადვოკატი განკარგავდნენ — ისინი განსაზღვრავდნენ, თუ ვისი ნახვის უფლება ჰქონდა მას ან თავის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რომელ ექიმთან უნდა გაევლო კონსულტაცია.
2019 წლის მარტს ადვოკატმა ენდრიუ უოლეტმა უარი განაცხადა მეურვეობის პასუხისმგებლობაზე. რამდენიმე თვეში, 2019 წლის სექტემბერში იგივე გააკეთა ჯემი სპირსმაც და ამის მიზეზად თავისი "ჯანმრთელობის მდგომარეობა" დაასახელა, თუმცა ცოტა ხნით ადრე ის თავის შვილიშვილზე არასათანადო მოპყრობაში დაადანაშაულეს.
ეს ორი მეურვე სასამართლოს დადგენილებით ჯოდი მონტგომერიმ ჩაანაცვლა, რომელიც მანამდეც თანამშრომლობდა ბრიტნისთან და მას სწორედ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში ეხმარებოდა.
ჯოდი მონტგომერის მეურვეობის ვადა 2020 წლის 22 აგვისტოს გადის, როცა სასამართლომ ხელახალი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში ბრიტნის ფანებმა ახალ მოძრაობას ჩაუყარეს საფუძველი, რომლის მიზანიც მომღერლისთვის მეტი დამოუკიდებლობის მინიჭებაა, რამაც შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა იქონიოს.
თავისუფლება ბრიტნის — რას ითხოვენ ფანები
ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ 90-იანებში დაწყებული კარიერიდან დღემდე ბრიტნი სპირსს მილიონობით ერთგული ფანი ჰყავს. მათი არც ისე მცირე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ პირადი ცხოვრების მსგავსი კონტროლი უსამართლობაა და მეტიც — აქტიურად ვრცელდება თეორიები, რომელთა მიხედვითაც, ბრიტნი ამ მდგომარეობაში იძულებითაა და ის შველას ითხოვს.
სწორედ ამის გამო ბოლო თვეების განმავლობაში ფანები სისტემატურად ავრცელებენ მოწოდებას #FreeBritney (თავისუფლება ბრიტნის). New York Times-ის ინფორმაციით, ეს ფრაზა პირველად 2009 წელს გამოჩნდა, როცა ფანების მიერ შექმნილ ვებსაიტზე BreatheHeavy.com სასამართლოს დადგენილებას აპროტესტებდნენ.
ასევე ბრიტნის ფანებმა 2017 წელს დაიწყეს პოდკასტების სერია Britney’s Gram, რომლის ფარგლებშიც ბოლო დროს სულ უფრო ხშირად საუბრობენ ბრიტნის მეურვეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. როგორც Rolling Stones წერს, ამის შემდეგ პოდკასტის ავტორებმა ანონიმური ზარი მიიღეს, რომელშიც მათ ეუბნებიან, რომ "სიმართლესთან ახლოს არიან".
ფანებთან ერთად #FreeBritney-ის მოძრაობას სხვადასხვა ფორმით მხარს უჭერენ ცნობილი სახეებიც: 2019 წლის მაისში გამართულ კონცერტზე მომღერალმა მაილი საირუსმა სცენიდან ეს კარგად ნაცნობი ფრაზა დაიყვირა — თავისუფლება ბრიტნის.
ცოტა ხნის წინ აშშ-ის ხელისუფლების მისამართით პეტიციაც შეიქმნა, რომლითაც ითხოვენ, რომ სასამართლომ მეურვეობასთან დაკავშირებული დადგენილება გააუქმოს და ბრიტნის თავისუფლება მიანიჭოს.
"2007 წლის შემდეგ ბრიტნი ფსიქიკურად საკმარისად ჯანმრთელი ჩანდა, რომ სამი მსოფლიო ტურნე გაემართა, მაგრამ იმდენად ჯანმრთელი არ არის, რომ ადვოკატის აყვანა შეძლოს?" — ვკითხულობთ პეტიციის განცხადებაში.
ამჟამად პეტიციას 247 ათასზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.
რას ფიქრობს ამ ყველაფერზე თავად ბრიტნი
ბრიტნიმ კარიერაზე, ფინანსებსა და პირად ცხოვრებაზე დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უფლების დაკარგვის შემდეგ ბოლო 12 წლის განმავლობაში 4 ალბომი გამოუშვა, გამართა არაერთი კონცერტი, გამოუშვა სუნამო და იყო The X Factor-ის ჟიური, რა დროსაც დიდი დოზით არა, თუმცა ყოველთვის საუბრობდნენ მისი მეურვეობის პრობლემატურ დეტალებზე, მაგრამ თავად ამასთან დაკავშირებით პირდაპირი განცხადება არასდროს გაუკეთებია.
2019 წლის აპრილში ბრიტნიმ ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა შემდეგი აღწერით: "მინდოდა, მოგსალმებოდით, რადგან ის, რასაც ამბობენ, უკვე ყოველგვარ საზღვარს სცდება. ჩემი ოჯახისა და შემოქმედებითი გუნდის შესახებ ჭორები და მუქარა ვრცელდება. ვცდილობ, საკუთარ თავს დრო დავუთმო, მაგრამ ეს ყველაფერი ამის მიღწევაში ხელს მიშლის".
ამის მიუხედავად, როგორც Vox წერს, ფანების ნაწილი მიიჩნევს, რომ მისი ვიდეოები თუ გამოქვეყნებული ტექსტები წინასწარ შეთანხმებულია და ბრიტნის საკუთარი სოციალური ქსელების დამოუკიდებლად განკარგვის უფლებაც კი არ აქვს.
ამის გამო ფანები სოციალურ ქსელებში სხვადასხვა მითითებებსაც კი უტოვებენ: "ჩაიცვი ყვითელი, თუ დახმარება გჭირდება, ხოლო შავი, თუ თავს ცუდად გრძნობ". მსგავს მოწოდებებს ბრიტნის თითქმის ყველა ვიდეოსა თუ ფოტოს კომენტარებში შეხვდებით.
ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ პოსტში ბრიტნი წერს:
"შეიძლება, ზოგიერთს ჩემი პოსტები არ მოსწონს ან არ ესმის, თუ რატომ ვაქვეყნებ მათ, მაგრამ ამით უბრალოდ ჩემს ბედნიერებას გამოვხატავ..."
"ეს უბრალოდ სასაცილოა"
ამდენწლიანი ბრალდების შემდეგ პოპის პრინცესის მეურვეობასთან დაკავშირებულ ბრალდებებს ბრიტნის მამა, ჯემი სპირსი გამოეხმაურა და ფანების თეორიებს უსაფუძვლო და არასერიოზული უწოდა.
"ამ კონსპირაციული თეორიების ავტორებმა საერთოდ არაფერი იციან. კალიფორნიის სასმართლო წყვეტს, თუ რა არის უკეთესი ჩემი შვილისთვის და ეს სხვა არავის საქმეა", — განაცხადა ბრიტნის მამამ.
ის ბრიტნის მეურვეობით შესაძლო სარგებლის მიღების ბრალდებებსაც გამოეხმაურა:
"სასამართლოს ყოველწლიურად ვაბარებთ ანგარიშს, თუ სად და როგორ დაიხარჯა თითოეული ცენტი. როგორ შევძლებ რამის მოპარვას? მე მიყვარს ბრიტნი, ჩემი ყველა შვილი მიყვარს. და ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენ გვეხება, ჩვენი პირადი საქმეა".
რა ხდება ახლა
22 ივლისს სასამართლო პროცესი იყო დაგეგმილი, სადაც ბრიტნის მეურვეობის საკითხი უნდა განხილულიყო, ამჟამინდელ მეურვეს — ჯოდი მონტგომერს მეურვეობის ვადა გახანგრძლივებოდა და ა.შ.
თუმცა, როგორც უკვე არაერთგზის აღვნიშნეთ, ბოლო თვეებში ამ თემით განსაკუთრებით დაინტერესდა მედია და სოციალური ქსელების ათასობით მომხმარებელი, რის გამოც პროცესი აგვისტოს ბოლომდე გადაიდო. Vulture-ს ცნობით, ბრიტნის მომავალზე 23 ივლისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ისაუბრა მისმა უფროსმა ძმამ, ბრაიან სპირსმა:
"რაღაც პერიოდის განმავლობაში ის მეურვეობის ქვეშ იყო. ცხადია, თავდაპირველად ამის აუცილებლობა არსებობდა. აპირებენ, რომ ამ მხრივ რაღაც ცვლილებები შეიტანონ და ვიმედოვნებთ, ყველაფერი ბრიტნის სასიკეთოდ გადაწყდება", — განაცხადა მან.
ასევე ცნობილია, რომ ბრიტნი სპირსზე მეურვეობის უფლების მისაღებად სასამართლოს მომღერლის დედამ, ლინ სპირსმაც მიმართა, რათა თავის შვილს ფინანსების განკარგვასა და შვილებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დეტალების გადაწყვეტაში დაეხმაროს.
ისღა დაგვრჩენია, სასამართლოს მომავალ განაჩენს და მოვლენების განვითარებას დაველოდოთ, ამავდროულად კი ბრიტნის ბევრი ფანის მსგავსად მისი ცნობილი ჰიტი My Prerogative გავიხსენოთ, რომელშიც ამბობს: "გადაწყვეტილებების მისაღებად ნებართვა არ მჭირდება".
კომენტარები