ეს მხოლოდ ხუმრობაა, ამხანაგო! — იუმორი სტალინის საბჭოთა კავშირში
1935 წლის მარტში გამოცემული დირექტივა აცხადებდა, რომ პოლიტიკური ხუმრობების გაცვლა ისეთივე დანაშაული იყო, როგორ სახელმწიფოს საიდუმლოებების გაცემა. ამ კანონმა ხუმრობის მთქმელები იმ ფანატიკოსი მოხელეების მთავარი სამიზნე გახადა, რომლებსაც ფარული მტრების ამოძირკვა ევალებოდათ, მრავალ მოქალაქეს კი "დაასმინე ან დაგასმენენ" ტიპის ტოქსიკურ კლიმატთან ბრძოლა მოუწია.
სტალინის საბჭოთა კავშირში ერთი არასწორი სიტყვა შეიძლებოდა დამღუპველი აღმოჩენილი. ყველაზე უწყინარ ხუმრობასაც კი ზოგჯერ შუაღამით საიდუმლო პოლიციის მიერ კარების შემომტვრევა, მდგმურების ქონების კონფისკაცია და მათი საპყრობილეში გაშვება მოყვებოდა ხოლმე. აქ ამ უიღბლო ხუმარებს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (ნკვდ-ს) ოფიცრების მხრიდან ძალადობრივი და ხშირად რამდენიმედღიანი დაკითხვა ემუქრებოდათ, რათა მათი სახუმარო შენიშვნა კონტრრევოლუციური შეთქმულების მტკიცებულებად ქცეულიყო.
ერთმა ახალგაზრდა ექიმმა დავით სიგუამ ეს ხუმრობა თქვა საავადმყოფოს სასადილოში:
სტალინმა ეკონომისტები მოიხმო თავისთან და უთხრა, რომ ხალხისთვის დიდებული ნადიმის გაშლა სურდა, იმდენად დიდებულის, რომ ზეიმობა კვირების განმავლობაში გაგრძელებულიყო. შემდეგ იკითხა, რამდენი დაჯდებოდა ეს ყველაფერი, თუმცა პასუხს ვერავინ სცემდა. მერე ერთმა ეკონომისტმა წამოყო თავი: "მაგის მოწყობა ძალიან იაფად შეიძლება. ერთი ტყვია იყიდე და თავში დაიხალე — მერე ყველანი ვიზეიმებთ".
სიგუა დაასმინეს, დაიჭირეს და 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ნამდვილად ძალიან მკაცრი სასჯელია, თუმცა მისი ბედი უჩვეულო როდი იყო: გულაგის სისტემაში კიდევ ურიცხვი მისნაირი პატიმარი იმყოფებოდა.
მიუხედავად ამისა, უგულო ბიუროკრატების დღიურები, მემუარები და ჩანაწერები იუწყება, რომ სიცილი სრულფასოვნად ვერასდროს დაითრგუნა — ის ბეტონიდან გამომავალი ყვავილებივით იყო.
თუკი რეჟიმი ხუთწლედის შედეგად სიმდიდრით აღსავსე მომავალს ჰპირდებოდა ხალხს, მოსახლეობა ამის პასუხად მღეროდა:
თუკი საბჭოური მედია ცდილობდა, სტალინის პიროვნების კულტი შეექმნა და კრიტიკის მიღმა დაეყენებინა ის, ჩვეულებრივი მოქალაქეები მის პორტრეტს ტუალეტებში კიდებდნენ, მის მძიმე ქართულ აქცენტს დასცინოდნენ და მის სახელში "ტ-ს" ანაცვლებდნენ "რ-თი", რითაც "ფოლადის კაცი" ხდებოდა "განავლის კაცი" — "სრალინი".
წარმოუდგენლად დიდი რისკის გათვალისწინებით, რატომ იყო ასეთი რთული მეგობრებისა და კოლეგებისთვის რეჟიმის დაცინვის სურვილების დათრგუნვა, არა მხოლოდ პირადი ურთიერთობებისას, არამედ საჯარო გამოსვლებზეც? საკმაოდ მარტივი იქნებოდა ასეთი ხუმრობების რეპრესიული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ სიმამაცის აქტებად ინტერპრეტირება — ხოლო თუ ჯორჯ ორუელს დავუჯერებთ, "ყოველი ხუმრობა პატარა რევოლუციაა". მიუხედავად ამისა, თუკი ამ რეპრესიული რეჟიმის პერიოდში გაჟღერებულ თითოეულ ხუმრობას სიმამაცის აქტად განვიხილავთ, ჩვენ არა მხოლოდ საბჭოთა ლიდერების პარანოიდულ მსოფლმხედველობას შევითვისებთ, არამედ აგრეთვე ვერ დავინახავთ, თუ რას ნიშნავდა ეს ხუმრობები მათი მთქმელი ადამიანებისთვის.
რეალურად, მაშინაც და ახლაც, ხუმრობები ძალაუფლებასთან შეწინააღმდეგებაზე ბევრად მეტს მოიცავს საკუთარ თავში — ისინი ადამიანებს ბრაზისგან დაცლასა და მძიმე რეალობის შემსუბუქებაში ეხმარება, ასევე სხვებთან ერთიანობის განცდას აჩენს. საბჭოელი ხუმარები იშვიათად იყვნენ ისეთი აქტივისტები, რომლებიც განზრახ იყენებდნენ იუმორს საბჭოთა კავშირის დასაკნინებელ იარაღად; ისინი ძალაუფლებისთვის სიმართლის თქმას იშვიათად რისკავდნენ, თუმცა ამ ძალაუფლების ზურგს უკან დიდი სიამოვნებით ამბობდნენ სიმართლეს.
სანამ გაზეთებში ბოლშევიკთა მიღწევების ქება-დიდება მიმდინარეობდა, ადამიანთა უმეტესობას საბაზისო დღიური რაციონების მისაღებად საათობით უწევდა რიგში დგომა. ერთი ასეთი სახუმარო კითხვა-პასუხი არსებობდა:
სხვა ხუმრობის თანახმად, საკვების მუდმივი უკმარისობა სოციალიზმის ყალბ გამარჯვებად გარდაიქმნა:
ორი კაცი დავობს, ვინაა ყველაზე დიადი ლიდერი, პრეზიდენტი ჰუვერი თუ ამხანაგი სტალინი. ერთ-ერთი ამბობს "ჰუვერმა ამერიკელებს ასწავლა, რომ არ უნდა სვან". მეორე პასუხობს: "ეგ რაარი — რუსებს სტალინმა ის ასწავლა, რომ არ უნდა ჭამონ".
საბჭოეთში სიმწირით მხოლოდ საკვები არ გამოირჩეოდა. უცხოელმა კორესპონდენტმა იუჯინ ლაიონსმა, რომელიც ადრეულ 1930-იანებში ცხოვრობდა მოსკოვში, ხუმრობა მოისმინა გლეხებზე, რომლებიც წუწუნებდნენ, რომ ტანსაცმელი თითქმის არ ჰქონდათ. საბჭოელი მოხელე მათ გადარწმუნებას ცდილობს: "ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ ტანსაცმელს, ამხანაგებო. აგერ, ჰოტენტოტებსა და სხვა აფრიკელებს შეხედეთ. მხოლოდ ძონძები აცვიათ, მაგრამ ძალიან ბედნიერები არიან". ერთ-ერთი გლეხი მაშინვე პასუხობს: "ვგონებ, ამხანაგო, ეს აფრიკელები ჩვენზე დიდხანს ცხოვრობდნენ სოციალიზმში!"
ასეთი ხუმრობები სულისშემხუთველ მორჩილებასა და მტანჯველ სიღარიბეში მცხოვრებ ადამიანებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ჟანგბადს აწვდიდა, თუმცა, როგორც ავტორიტარულ რეჟიმებს სჩვევიათ ხოლმე, საბჭოელები იუმორს მკაცრად უსწორდებოდნენ, რადგან, მათი წარმოდგენით, ის სამყაროს ახალი წყობისადმი მიუღებელი წინააღმდეგობის ფორმა იყო. თვითონ ბოლშევიკები იუმორს ძველი რეჟიმის დასაკნინებლად იყენებდნენ და ცარიზმის სისტემის დამცინავ სატირულ პამფლეტებს ავრცელებდნენ ანეკტოდებითა და პოლიტიკური ხუმრობებით, რომლებიც, დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის განმარტებით, "პოლიტიკური ბრძოლის სპეციალური იარაღი" იყო.
თუმცა 1917 წელს ძალაუფლების დრამატული დამხობის შემდეგ ბოლშევიკებს გაუჭირდათ ჯინის ბოთლში დაბრუნება. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის განმანათლებლობის პირველი კომისარი ანატოლი ლუნაჩარსკიმ ეს დილემა ასე შეაჯამა: "სიტყვები იარაღებია. როგორც რევოლუციურ მთავრობას არ შეუძლია იმის უყურადღებოდ დატოვება, რომ ყველა პისტოლეტებითა და ავტომატებით დარბოდეს [...] ისევე არ შეიძლება სახელმწიფოს მხრიდან ბეჭდური პროპაგანდის შემწყნარებლობა". 1930-იანი წლებისთვის ეს მიდგომა გაფართოვდა და მოიცვა რეჟიმისადმი მიმართული ყველა ხუმრობა.
როგორც 1934 წელს საბჭოთა მწერლების კონგრესის დელეგატმა შეაჯამა, საბჭოური კომედიის მიზანი იყო არა მხოლოდ მოწინააღმდეგეების სიცილით "მოკვლა", არამედ რეჟიმისადმი ერთგული ხალხის "სიცილით შესწორება". პოლიტიკური იუმორის ნებისმიერი სხვა უნებართვო გამოყენება ახლა უკვე "ანტისაბჭოურ აგიტაციად" მიიჩნეოდა და სისხლის სამართლის კოდექსის 58-10 მუხლით ისჯებოდა — საყოველთაოდ ცნობილი კანონით, რომელიც რეჟიმის რეალური თუ წარმოსახვითი მტრების გასაჩუმებლად გამოიყენებოდა. ამის შედეგად, სტალინის დროს ნებისმიერი პოლიტიკური ხუმრობა, რომელიც რეჟიმის მიერ არჩეული და ფრთხილად მართვადი სატირისტების მხრიდან არ მოდიოდა, ტერორიზმის აქტად განიხილებოდა.
ამ პარანოიის სამიზნე ზოგჯერ რეჟიმის ყველაზე ჭეშმარიტი მორწმუნეებიც კი ხდებოდნენ. კომუნისტური პარტიის წევრები თვითონაც ამბობდნენ ანეკდოტებს იმისადმი უკმაყოფილების გამოსახატად, რომ სახელმწიფო თავის დიად დაპირებებს ვერასდროს ასრულებდა. პარტიის ახალგაზრდა წევრმა პარასკოვაია პომელოვამ 1934 წელს თავის ერთ-ერთ კოლეგას ცნობილი ხუმრობა უთხრა:
სტალინი მდინარე ნევაში შევიდა საცურაოდ და იხრჩობოდა. იქვე კოლმეურნე ჩამოდიოდა და მის გადასარჩენად გადახტა წყალში. ნაპირზე რომ გამოვიდნენ, სტალინმა ჰკითხა კოლმეურნეს, რას ისურვებდა ჯილდოდ. ამან რომ გაიაზრა, თურმე ვინ გადაურჩენია, უთხრა: "არაფერს! ოღონდაც არავის უთხრა, რომ მე გადაგარჩინე!"
პომელოვა პოლიტიკურ წმენდაში მოყვა. ის დაიჭირეს და ძლივს გადაურჩა დახვრეტას. მაგრამ მართლა ეწინააღმდეგებოდა კი პარასკოვაია საბჭოურ რეჟიმს მხოლოდ იმიტომ, რომ "უფროსზე" იხუმრა?
სხვა თუ არაფერი, ბოლშევიკები შეუძლებელს მოითხოვდნენ: მათ აბსოლუტური მორჩილება უნდოდათ იმ პარტიისადმი, რომელიც მუდმივად ეწინააღმდეგებოდა საკუთარ თავს, უფრო და უფრო ეშვებოდა სრულ პარანოიაში და ყველგან "ფარულ მტრებს" ხედავდა. პომელოვა მეხუთე კოლონელი არ ყოფილა — ის, უბრალოდ, იმ პურიტანული იდეოლოგიის მორიგი მსხვერპლი იყო, რომელსაც საკუთარი თავის განადგურება დაეწყო (მეტიც, პომელოვას სასამართლოდან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მოსამართლეს, რომელმაც ის დამნაშავედ სცნო, თვითონ მიესაჯა 25 წელი გულაგში).
ალბათ, სიწმინდის ამ სპირალის ყველაზე დამღუპველი ასპექტი რეჟიმის რეტროაქტიული სამართლიანობა იყო. როგორც დღევანდელ ფანატიკოსებს სჩვევიათ ხოლმე 10 წლის წინანდელი ტვიტების ამოქექვა, ნკვდ და მისი დამსმენთა ქსელი ინფორმაციულ ანგარიშებში იქექებოდნენ ისეთი ხუმრობებისა და ირონიული ნათქვამების საპოვნელად, რომლებიც წლების წინ მხოლოდ მცირეოდენ თუ იყო სარისკო, მაგრამ ახლა ფარული მტრის ამომცნობ ნიშნად განიხილებოდა. პომელოვამ სტალინის ცურვაზე 1934 წელს იხუმრა, თუმცა ამისთვის ის 1937 წელს დაიჭირეს, როდესაც დიდი წმენდის მასობრივმა რეპრესიებმა პიკს მიაღწია.
პომელოვას მსგავსად, ხუმარების უმეტესობა კონტრრევოლუციონერი არ ყოფილა; ისინი ულმობელი პოლიტიკური ცენზურის უიღბლო მსხვერპლნი იყვნენ. 1937 წლისთვის რეჟიმი გაშმაგებით ცდილობდა ყველაფერი ისეთის განადგურებას, რაც ცოტათი მაინც წააგავდა კრიტიკას: ნკვდ-ს აგენტებს დაკავების კვოტები დაუწესდათ, რომლებსაც ბევრი ზედმეტი მოწადინებითაც კი ასრულებდა, განურჩევლად იმისა, ამის მართლა სწამდათ, ზეწოლას გრძნობდნენ თუ დაწინაურების იმედი ჰქონდათ. 1935 წლის მარტში გამოცემული დირექტივა აცხადებდა, რომ პოლიტიკური ხუმრობების გაცვლა ისეთივე დანაშაული იყო, როგორ სახელმწიფოს საიდუმლოებების გაცემა. ამ კანონმა ხუმრობის მთქმელები იმ ფანატიკოსი მოხელეების მთავარი სამიზნე გახადა, რომლებსაც ფარული მტრების ამოძირკვა ევალებოდათ, მრავალ მოქალაქეს კი "დაასმინე ან დაგასმენენ" ტიპის ტოქსიკურ კლიმატთან ბრძოლა მოუწია.
სტალინის საბჭოთა კავშირი უკიდურესი "გამაუქმებელი" გახდა და სამყაროს უკეთეს ადგილად ქცევის უკომპრომისო სურვილმა ყველაზე ორთოდოქსული მოსაზრებების გარდა სხვათა ადგილი აღარ დატოვა. კიდევ ერთი ანეკდოტი იდეალურად აჯამებს შექმნილ სიტუაციას:
ქმარი და ცოლი ტრამვაიში სხედან. ქმარი ამოიხვნეშს. "აპ, აპ!", საყვედურობს ცოლი, "პოლიტიკაზე არ ისაუბრო!"
წარმოსახვითი შეთქმულებების მხილების გაშმაგებულ მცდელობებში გახვეულმა საბჭოურმა ხელისუფლებამ ვერ დააფასა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკური იუმორი მისთვის. ხუმრობის თქმას ყოველდღიურობის სიმძიმისგან დროებითი თავისუფლების მოცემა შეეძლო და, რეალურად, ყველაზე გესლიანი იუმორიც კი ჩვეულებრივ ხალხს ეხმარებოდა სწორედ იმაში, რისი მიღწევაც რეჟიმს სურდა: ყოფილიყვნენ წყნარად და მორჩილად.
როგორც ბევრ ჩვენგანს დღეს, საბჭოელებსაც არ ესმოდათ, რა არის იუმორი და რა სიკეთე მოაქვს მას ხალხისთვის. რაიმეზე ხუმრობა იგივე არ არის, რაც მისი დაგმობა ან დამოწმება. იუმორი ხშირად გვეხმარება, მოვსინჯოთ ახალი აზრები და იდეები, შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობის შეგრძნება და ავირიდოთ იზოლაციის, შიშისა და მარტოობის განცდები.
რაც უფრო მნიშვნელოვანია, როდესაც სტალინის ეპოქის პოლიტიკურ იუმორს ვუყურებთ, ვხედავთ, რომ ხშირად ხუმრობის სამიზნე თვითონ ამ ხუმრობის მთქმელივე იყო. როდესაც ადამიანები ცუდი ამბის მოსმენისას სარკასტულად იმეორებენ ისეთ პროპაგანდისტულ სლოგანს, როგორიცაა "ცხოვრება გაუმჯობესდა, ამხანაგებო!", ან სტალინს აქებენ იმისთვის, რომ მათ "ასწავლა, რომ არ უნდა ჭამონ", ისინი ამით ტანჯვას სასაცილოს ხდიან და ამსუბუქებენ. ისინი, ყველა ჩვენგანის მსგავსად, იუმორს რთული გარემოებების სიმძიმის სხვებთან გასაზიარებლად იყენებდნენ.
ჯონათან უოტერლოუ ავტორია წიგნისა ეს მხოლოდ ხუმრობაა, ამხანაგო! იუმორი, ნდობა და ყოველდღიურობა სტალინის რეჟიმში. წიგნის ყიდვა შესაძლებელია აქ.
კომენტარები