გაძლიერდება თუ არა შრომის ინსპექცია — რა ეტაპზეა რეფორმა
საქართველოს პარლემენტში ინიცირებულია შრომის რეფორმა, რომლის ერთ-ერთი ნაწილის, შრომის ინსპექციის მანდატის გაზრდის საკითხი კვლავ ეჭვქვეშ დადგა. ცვლილებით, შრომის ინსპექციას მიეცემა საშუალება, მონიტორინგი გაწიოს და რეაგირება ჰქონდეს შრომის უფლებების დარღვევაზე, შესაბამისად, გადაცდომებზე შეამოწმოს კერძო კომპანიები. საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებით გათვალისწინებულია სანქციების დაწესებაც. პროექტი პირველი მოსმენით ჯანდაცვის კომიტეტზე უკვე განიხილეს, თუმცა კენჭისყრა მომდევნო სხდომისთვის გადაიდო.
3 ივლისს შრომის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრესკონფერენცია გამართეს და მთავრობასა და პარლამენტს მოუწოდეს, არ დაუშვან კანონპროექტიდან შრომის ინსპექციის გაძლიერების ჩანაწერის ამოღება.
EMC-ს სოციალური პროგრამის დირექტორი, კოტე ერისთავი ამბობს, რომ რეალური საფრთხეა, ინსპექტირების გაძლიერების საკითხი კანონპროექტიდან ამოიღონ, რაც მისი შეფასებით, ამ რეფორმას ძალას დაუკარგავს, გახდის მას ფიქტიურს და ილუზორულს.
რატომ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ შრომის ინსპექციის მანდატის ზრდა?
შრომის ინსპექციის ეფექტიანი და სრულფასოვანი მუშაობა, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ნაწილია. 2017-2020 წლების ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგში ნათქვამია, რომ "უნდა გაგრძელდეს ეფექტიანი შრომის ინსპექციის სისტემის ჩამოყალიბება, ინსპექტორებისთვის შესაბამისი კომპეტენციითა და შესაძლებლობებით, ყველა სამუშაო პირობისა და შრომითი ურთიერთობისთის, რაც გათვალისწინებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სტანდარტებით".
წინააღმდეგობები იყო წინა წლებშიც, როდესაც საქმე შრომის უსაფრთხოების ინსპექტირებას ეხებოდა. მიზეზი ახლაც იგივე სახელდება — არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავ აცხადებენ, რომ იკვეთება ბიზნეს ლობის ფორმალური და არაფორმალური გავლენა.
შრომის კოდექსის ცვლილებაზე მუშაობა ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს. EMC-ს იურისტის, კოტე ერისთავის ცნობით, სხდომაზე, სადაც კანონპროექტს განიხილავდნენ, ბიზნესისგან წინააღმდეგობები იყო შრომის ინსპექციის მანდატის საკითხსა და ზეგანაკვეთური ანაზღაურების გაზრდილ ტარიფზე.
"ბიზნეს ლობის აქტიური მუშაობის შედეგად, დაიჩეხა, შეთხელდა ეს კანონპროექტი. მაინც რჩება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხები, განსაკუთრებით, ეს ეხება შრომის ინსპექციის საკითხს, მისი მანდატის საკითხს, რაც დღეს საფრთხის წინაშე დადგა.
ეს იქნება სამარცხვინო დათმობა, კიდევ ერთი სამარცხვინო კომპრომისი ბიზნესის სასარგებლოდ და რეალურად, ღალატი ასიათასობით დასაქმებულის, რომელიც ელოდება ამ ცვლილებებს, მათი მდგომარეობის მინიმანალურად გაუმჯობესებას", — ამბობს კოტე ერისთავი და მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს, ევროკავშირის წარმომადგენლობას, აშშ-ს ელჩს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომ მოუწოდონ პარლამენტს, მიიღოს ის ცვლილებები, რაც ევალება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის დირექტორი, მერაბ ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ამ რეფორმის შემუშავებაში ბევრი საერთაშორისო პარტნიორი იყო ჩართული. მისივე თქმით, თავდაპირველი ვერსია ბევრად პროგრესული იყო, პარლამენტში კი "შესუსტებული" კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომელსაც გარკვეული მუხლები განხილვის დროსაც აკლდება:
"ამ რეფორმის მთავარი ღირებულებაა შრომის ინსპექციის მანდატი და ამ მანდატის გავრცელება შრომით უფლებებზე. თუ ამ ნაწილს ამოიღებს პარლამენტი, რაც არ უნდა კარგი ჩაიწეროს, არ მოყვება ამას აღსრულება და რეალური შინაარსი არ ექნება".
შრომის კოდექსის ცვლილების ერთ-ერთი ინიციატორი მმართველი პარტიის ყოფილი დეპუტატი და ახლანდელი დამოუკიდებელი პარლამენტარი, დიმიტრი ცქიტიშვილია. On.ge-სთან საუბარში ის აცხადებს, რომ რეფორმის მხარდაჭერა პოლიტიკური ინტერესის საკითხია და თავად კომპრომისზე არ წავა.
"არასამთავრობო ორგანიზაციებს ეშინიათ, ბიზნესასოციაციის გავლენა არ მოხდეს კომიტეტზე. ვერ გეტყვით, ცალკეულ დეპუტატებზე აქვს თუ არა გავლენა, მაგრამ ეს კენჭისყრაზე გამოჩნდება. ეს ჩემი ჯერ კიდევ უმრავლესობაში ყოფნის პერიოდში დაწყებული საკითხია და აქტიურ კოორდინაციაში ვართ პრემიერმინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. გრძელდება კოორდინაცია უმრავლესობის ლიდერთან, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესთან. ხელისუფლების ცალკე პროექტია ეს. მთავრობასთანაც ვმუშაობთ, ჯანდაცვის სამინისტროსთან და მათთან სრული თანხვედრა გვაქვს პოზიციების", — ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი.
კანონპროექტის ინიციატორი ამბობს, რომ პირველი საკომიტეტო მოსმენები მომდევნო კვირაში დასრულდება და ცვლილებები პირველ მოსმენაზე 14-15 ივლისს უნდა გავიდეს:
"ჯანდაცვის კომიტეტზე კენჭისყრის ნაწილი დარჩა. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ კომიტეტი მხარს დაუჭერს და მომდევნო კვირაში იქნება სესიაზე".
ბიზნესის მხარე
საკომიტეტო განხილვებში მონაწილეობენ ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებიც. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე On.ge-სთან აცხადებს, რომ მათთვის მიუღებელია ისეთი ინსტიტუციის ჩამოყალიბება, რომელსაც "საგამოძიებო ორგანოებზე მეტი უფლებამოსილება" ექნება.
"თავისთავად ამ უფლებამოსილებების განხორციელებაზე კითხვის ნიშნები გვაქვს. ჩვენ ვფიქროიბთ, რომ კანონმდებლობასთან მიმართებით არის წინააღმდეგობები. გადასახედია ეს ყველაფერი.
თუ ვსაუბროიბთ შრომის უსაფრთხოებაზე, მათ აქვთ ეს მანდატი და ამაზე არ არის საუბარი. სხვა ტიპის ურათიერთობებში შესვლა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, სასამართლოს ნებართვის გარეშე, დღე, ღამე, როცა უნდა, მაშინ, როცა საგამოძიებო უწყებებს არ აქვთ ეს უფლებამოსილება, ცოტა უცნაურია.
რატომ უნდა ჰქონდეს ეს შესაძლებლობა, შევიდეს ღამით იმის შესამოწმებლად, ვინ რამდენი საათი იმუშავა? რად უნდა? ვერ ვხვდები. ცოტა ლოგიკას მოკლებულია. [...] თუ ვინმე არღვევს სისხლის სამართლის კოდექსს, გამოიძახონ პატრული და მიხედავს. უფლებების კუთხით, თუკი ვინმე ფიქრობს, რომ მისი უფლება ირღვევა, მას შეუძლია სხვა ინსტიტუციებსაც მიმართოს", — აცხადებს ვეფხვაძე.
ლევან ვეფხვაძეს პრობლემად მიაჩნია ისიც, რომ შრომის არსებული ინსპექცია 50 ინსპექტორისგან შედგება და ამ კანონის მიღების შემთხვევაში მათი რაოდენობა 1000-მდე მაინც უნდა გაიზარდოს:
"დამატებითი ხარჯი იქნება ბიუჯეტისთვის და ბიზნესის წინააღმდეგ გამოსაყენებლი ბერკეტი გახდება. ნუ შექმნით ასეთ პრეცენდენტებს".
რა მექანიზმი ექნება შრომის ინსპექციას
ინიციატივა შრომით უფლებებზე სახელმწიფო ზედამხედველობას გულისხმობს. უფრო მარტივად, დარღვევების შემთხვევაში, დამსაქმებლისთვის განსაზღვრული იქნება ადმინისტრაციული სახდელები, რომელიც შეიძლება იყოს, როგორც გაფრთხილება, ასევე, ჯარიმა. ეს ეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორს.
გაწერილი იქნება წინასწარ განსაზღვრული სტრატეგია იმ კომპანიებისთვის, სადაც რისკები მაღალი ან წინასწარი მოკვლევის ან ანგარიშების საფუძველზე, არის გადაცდომები. ამის შემდეგ, გამოიყოფა პრიორიტეტული მიმართულებები მონიტორინგისთვის, შეიმუშავებენ გეგმას და იქნება მოულოდნელობის ეფექტი — ანუ კომპანიაში სახელმწიფოს წარმომადგენლები გაუფრთხილებლად მივლენ.
დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, შრომის ინსპექციას შეუძლია კონკრეტულ კომპანიაში მივიდეს ეჭვის საფუძველზე ან შეტყობინების შედეგად. შეტყობინების ავტორი შეიძლება იყოს დაინტერესებული მხარე, პროფკავშირები, ბიზნესასოციაცია ან უშუალოდ დაზარალებული. ჩატარდება ხელახალი შემოწმებაც და იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ინსპექციის გაფრთხილებას არ გაითვალისწინებს, დაჯარიმდება.
ჯარიმა დამოკიდებულია კომპანიის წლიური ბრუნვაზე 200-დან 1000 ლარამდე მერყეობს. დარღვევის განმეორების შემთხვევაში, ორმაგი ან სამმაგი ოდენობით იზრდება.
კანონპროექტის ინიციატორი, დიმიტრი ცქიტიშვილი შრომის ინსპექციის რეფორმას ახასიათებს, როგორც შრომითი უფლებების დაცვის ერთ-ერთ მთავარ გასაღებს. მისი თქმით, ამას ექნება როგორც პრევენციული ეფექტი, ასევე აამაღლებს ცნობიერებას და საჭიროების შემთხვევაში, იმუშავებს სანქციებიც.
"ისევე როგორც სისხლის სამართლის კოდექსი ვერ აღსრულდება, თუ არ გვეყოლება სამართალდამცველები, რადგან დამნაშავე თავისით არ გამოასწორებს დანაშაულს. ამ კუთხით ამ კანონს საფრთხე არ დაემუქრება, ყოველშემთხვევაში, მე კომპრომისზე არცერთ შემთხვევაში არ წავალ", — აცხადებს დეპუტატი.
შრომის კოდექსი 2013 წელს შეიცვალა. 2015 წელს დაარსდა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი. მათი ახალი მანდატი შრომის უსაფრთხოების საკითხებით შემოიფარგლებოდა და სამუშაო ადგილზე ინსპექტირებისთვის მას დამსაქმებლის წინასწარ თანხმობა სჭირდებოდა. შესაბამისად, რეკომენდაციებს სავალდებულო ძალა არ ჰქონდა. 2019 წლის თებერვალში მიღებულმა ცვლილებებმა, შრომის ინსპექციის უფლებამოსილება უსაფრთხოების ნაწილში გააფართოვა.
კომენტარები