გაიცანით თიბისის სტარტაპ დეკრეტის გამარჯვებულები აქ, ახლა
საკუთარი ბიზნესის წამოწყებაზე ბევრს გვიფიქრია, მაგრამ სინამდვილეში ამ ფიქრების რეალობად ქცევას დიდი დრო, ყურადღება და ენერგია სჭირდება. ხშირად განსაკუთრებული ბიზნესიდეებიც კი დღის სინათლეს ვერ ნახულობს, რადგან მათ განსახორციელებლად ძირითადი სამსახურის პარალელურად ადამიანებს დრო იშვიათად რჩებათ. სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად წამოიწყო თიბისიმ 2019 წელს სტარტაპ დეკრეტი. პროექტი, ინოვაციური ტექნოლოგიური იდეების მქონე თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, 6-თვიანი სრულად ანაზღაურებული დეკრეტით ისარგებლონ და ახალი ბიზნესის "მშობლები" გახდნენ.
ახლა სტარტაპ დეკრეტის კონკურსი მეორედ გამოცხადდა. თიბისის თანამშრომლებს იდეების დარეგისტრირება უკვე შეუძლიათ. ამ სტატიაში კი გაგაცნობთ პროექტის პირველი ნაკადის სამ გამარჯვებულს, რომლებმაც საკუთარ პროექტებზე ზრუნვა უკვე დაიწყეს.
თორნიკე ყიფიანი — სტარტაპი ინვენტორი
ავტომობილების მფლობელებმა კარგად იციან, რომ მეორადი ავტონაწილების შეძენა ხშირად დისკომფორტთანაა დაკავშირებული. თორნიკეს სურდა, ისეთი სივრცე შეექმნა, რომელიც მძღოლებს ამ დამღლელ პროცესს გაუმარტივებდა. სტარტაპ დეკრეტმა მას Inventor-ის შექმნის საშუალება მისცა. ის გამარჯვებული სამეულიდან პირველია, რომელიც დეკრეტული შვებულებით უკვე სარგებლობს და სტარტაპის გაძლიერებაზე ყოველდღიურად ზრუნავს.
"სტარტაპზე უკვე წელიწადნახევარია ვმუშაობ და აქამდე ძირითად სამსახურთან ვცდილობდი შეთავსებას. ახლა დაახლოებით 3 თვეა, რაც დეკრეტში ვარ. ამ ხნის განმავლობაში მოვახერხეთ, ისე გაგვევითარებინა სტარტაპი, რომ როცა დეკრეტი დასრულდება და სამსახურს დავუბრუნდები, ჩემი პირდაპირი ჩართულობა აღარ იქნება საჭირო", — გვიყვება თორნიკე.
დასაწყისი საკმაოდ რთული იყო. მან "დაშლილების" ყველა პუნქტი შემოიარა, მომწოდებლები შეკრიბა და ბაზა შექმნა. ახლა სტარტაპი 11 ადამიანს აერთიანებს, ვებსაიტიც გამართულია, სისტემაც აეწყო და 1500-მდე კომპანიასთან პარტნიორობაც შედგა.
სტარტაპის კონცეფცია მომხმარებლებს ძალიან უმარტივებს საქმეს. სასურველი ავტონაწილის საძებნელად ბაზრობებიდან "დაშლილებამდე" სიარულის ნაცვლად, უბრალოდ ინვენტორს უნდა დაურეკოთ ან მისწეროთ ფეისბუქ გვერდზე. ისინი მაშინვე იწყებენ ნაწილის მოძებნას. პარტნიორებთან არკვევენ ნაწილის ადგილმდებარეობას და ფასს და ცოტა ხანში სასურველი ნივთის სურათებიც აქვთ. თუ დილით შეუკვეთავთ, ნაწილებს 5 საათამდე მიიღებთ, ხოლო თუ 5 საათის შემდეგ — მეორე დღეს.
ინვენტორის გუნდი მომხმარებლებისგან შექებებით საკმაოდ განებივრებულია. "ხშირად უთქვამთ, "რა კარგია, რომ არსებობთ" და ისიც აღუნიშნავთ, რომ ჩვენ სახლში უფრო იაფად მივუტანეთ ნაწილი, ვიდრე თვითონ იპოვეს. ასე რომ, დროსაც ვუზოგავთ ადამიანებს და ფულსაც", — აღნიშნავს თორნიკე.
თორნიკე თიბისიში გარე გაყიდვების ქსელის განვითარების მენეჯერია. 9 წელია, აქ მუშაობს და ამბობს, რომ თიბისი მხოლოდ სამსახური არაა. "ეს ჩემი ოჯახია. ადამიანები, რომელთან ერთადაც ვმუშაობ, ამ წამოწყებაშიც ყოველთვის მხარს მიჭერდნენ. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა სამსახური შენს ინტერესებს აფასებს", — ამბობს ის.
მალე ინვენტორი აპლიკაციის სახითაც იქნება ხელმისაწვდომი, სამომავლო გეგმები კი რეგიონის სხვა ქვეყნებში გაფართოებას უკავშირდება.
თორნიკე კაჭკაჭიშვილი — სტარტაპი სოკო
კიდევ ერთი გამარჯვებული თორნიკე ჯაჭკაჭიშვილია, რომელიც აპირებს, წვეულებების მოწყობის სტრესული პროცესი გაამარტივოს და შექმნას პლატფორმა — სოკო, რომელიც ყველა საჭირო სერვისს გააერთიანებს. "ქორწილის, დაბადების დღის ან წვეულების მოსაწყობად სხვადასხვა საიტზე ფოტოგრაფი, დიჯეი, აპარატურა, დიზაინერი და კიდევ უამრავი სხვა რამ უნდა მოძებნოთ. ეს ხშირად დამღლელია და ზოგჯერ უშედეგოც — გვიჭირს, ვიპოვოთ ჩვენთვის სასურველი სერვისი თანაც ისე, რომ ყველა მათგანს შერჩეულ დროს ეცალოს", — აღნიშნავს ის.
სტარტაპის შექმნის მცდელობები მანამდეც ჰქონია, მაგრამ ეს დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვდა. "ეს საქმე ძალიან უნდა გიყვარდეს და მის განვითარებაზე შვილივით უნდა ზრუნავდე, თუმცა სამსახურთან ერთად ამის გაკეთება რთულია. თიბისის ეს წამოწყება განსაკუთრებულია ჩემთვის, ის დიდი ხნის ოცნების ასრულებაში დამეხმარა," — ამბობს ის.
"ვებსაიტზე მითითებული იქნება, დროის რა მონაკვეთშია თავისუფალი ამა თუ იმ სერვისის მომწოდებელი. გარდა ამისა, მინდა, ამ ინდუსტრიის განვითარებაც შევძლო — ფოტოგრაფები, დიზაინერები თუ სხვა სერვისის მიმწოდებლები პლატფორმაზე ერთმანეთის გვერდით გამოჩნდებიან, მათ მიენიჭებათ რეიტინგი, რითაც მათ შორის კონკურენცია გაჩნდება და ხარისხის გაუმჯობესებაზეც იზრუნებენ", — აღნიშნავს თორნიკე.
თორნიკე თიბისიში ანდროიდის დეველოპერია, მანამდე კი მომხმარებლების ქცევას იკვლევდა, აკვირდებოდა გზას, რომლითაც ისინი თიბისის ციფრულ არხებში ხვდებოდნენ და მიზნის მისაღწევად საუკეთესო ტაქტიკას სთავაზობდა. ეს გამოცდილება თორნიკეს სტარტაპის ამუშავებისას გამოადგება — შეძლებს, გამოიკვლიოს, რა სურს მომხმარებლებს და პლატფორმაც მათ ინტერესებს მოარგოს. ახლანდელ პოზიციაზე დაგროვილი გამოცდილებით კი ანდროიდ პლატფორმის შექმნაც არ გაუჭირდება.
"ყველასთვის მკაფიო მესიჯად უნდა იქცეს ის, რომ თანამშრომლებზე ზრუნვა პრიორიტეტულია. კარგი იქნებოდა, თუ სხვა ორგანიზაციებიც შეიმუშავებდნენ ასეთ პროექტებს", — აღნიშნავს თორნიკე.
მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შესაძლოა, სოკოს გაშვების თარიღი გადაიწიოს, თუმცა თორნიკე იმედოვნებს, რომ როცა ჩვენს ცხოვრებაში დიდი თავყრილობები ისევ დაბრუნდება, სტარტაპი ერთგულ მომხმარებლებს სწრაფად შეიძენს.
პაატა ბერიაშვილი — სტარტაპი Ge Parts
პაატა ბერიაშვილის იდეაც მძღოლებისთვის ცხოვრების გამარტივებას ეხება. ის ქმნის ვებსაიტს, რომელიც ახალი ავტონაწილების მძებნელებს ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან დააკავშირებს. მომწოდებლებს საშუალება ექნებათ, თავიანთი პროდუქცია ვებსაიტზე განათავსონ და ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი გახადონ.
პაატას იდეა ავტომობილებისადმი დიდმა ინტერესმა განაპირობა. ის წლების წინ ამ ინდუსტრიაში მუშაობისას თვითონ გადააწყდა დაბრკოლებებს და დაიწყო ფიქრი, როგორ შეეძლო ბაზარზე არსებული დანაკლისი შეევსო, თუმცა სტარტაპ დეკრეტამდე იდეის განხორციელებაზე სერიოზულად არ უფიქრია.
"რა თქმა უნდა, ქვეყანაში ავტონაწილები ბევრ ადგილას იყიდება, მაგრამ არ არსებობდა ისეთი სივრცე, სადაც მათთვის სასურველ ნაწილს მომხმარებელი ადვილად იპოვიდა და იყიდდა. ჩემი მიზანია, ყველასთვის მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს ეს პროდუქცია", — აღნიშნავს ის.
დეკრეტში ჯერ არ გასულა, თუმცა სტარტაპისთვის მზადება თიბისიში მუშაობის პარალელურად უკვე დაიწყო — ახლა ის დეველოპმენტის რეჟიმშია, კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფაზე დიზაინერთან და ვებ დეველოპერებთან ერთად ზრუნავს.
თიბისიში პაატა საკრედიტო ბიზნეს განვითარების ლიგაში, სერვის ექსპერტად მუშაობს, მისთვის სტარტაპი და პროფესიული საქმიანობა ერთმანეთთან ახლოსაა, რადგან ორივე შემთხვევაში ტექნოლოგიებთან აქვს საქმე.
სამოქმედო გეგმა უკვე შემუშავებული აქვს — დეკრეტის დაწყებიდანვე აპირებს, მჭიდრო კომუნიკაცია დაამყაროს მომწოდებელ კომპანიებთან, გააანალიზოს, რისი ავტომატიზაციაა შესაძლებელი. ამბობს, რომ ქართულ ბაზარზე ამ ინდუსტრიაში პროგრამულ უზრუნველყოფას ნაკლებად იყენებენ და ბევრი რამ მხოლოდ ხელით მუშაობაზეა დამოკიდებული. ამიტომ, იმედი აქვს, რომ მისი სტარტაპი ამ მოცემულობას შეცვლის და საქმესაც გაამარტივებს. ონლაინ პლატფორმის გამართვის შემდეგ ის აქტიურად შეუდგება მუშაობას და მანქანის ნაწილების განთავსებიდან შეძენილი ნივთის მომხმარებელთან მიწოდებამდე — ყველა საფეხურს ააწყობს.
პირველ რიგში სტარტაპი თბილისის მასშტაბით იფუნქციონირებს, რადგან აქ 70 ათასზე მეტი მომწოდებელია.
პაატა ამბობს, რომ სტარტაპ დეკრეტის პროექტი ჩვენს რეალობაში უპრეცედენტოა, კომპანიისგან კი დახმარებას ყველა ეტაპზე გრძნობს. "დროის სიმცირე მთავარი პრობლემაა, როცა ახალი იდეების დანერგვა გსურს, თიბისი ყველაზე ღირებულს — დროს გაძლევს, ექვსი თვის განმავლობაში გინარჩუნებს სამსახურს და გრთავს სტარტაპერის პროგრამაში, სადაც ბევრი ბენეფიტით სარგებლობ. ხშირად მეკითხებიან, რა ეტაპზე ვარ, რაიმე ხომ არ მჭირდება, მინიშნავენ კონსულტაციას გამოცდილ ადამიანებთან. დროსთან ერთად წინასწარ გადახდილი 6-თვიანი ხელფასიც ისეთი რესურსია, რომ შეგიძლია, შენს იდეებს თავი მოუყარო და ამ ვადაში თავისუფლად განახორციელო. დანარჩენი უკვე მონდომებასა და საქმისადმი სიყვარულზეა დამოკიდებული".
როგორ გაჩნდა სტარტაპ დეკრეტის იდეა?
თიბისი წლების განმავლობაში ტექნოლოგიურ კომპანიად ჩამოყალიბდა. მათი მიზანიც სწორედ ციფრული ტექნოლოგიების ინდუსტრიის განვითარება გახდა. ამის მისაღწევად კი ცდილობენ, ადგილობრივ ტექ-სტარტაპებს ხელი შეუწყონ.
გვანცა მურღვლიანი, თიბისის ადამიანური კაპიტალის მართვის განყოფილების უფროსი ამბობს, რომ თიბისი დღეს მხოლოდ ბანკი ან სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაცია აღარაა, მისი ორგანიზაციული კულტურა დაფუძნებულია ისეთ მახასიათებლებზე, როგორებიცაა ინოვაციურობა და სიახლეები. "გვინდა, გუნდში გვყავდნენ ადამიანები, რომლებიც მუდმივად სიახლეებს ეძებენ, აქვთ ინტერესები და არ ეშინიათ გამოწვევების. ამ ორი იდეის, თიბისის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიის და მეორეს მხრივ — მისი ორგანიზაციული კულტურის გამოძახილია სტარტაპ დეკრეტი", — ამბობს ის.
სტარტაპ-დეკრეტს საქართველოში ანალოგი არ აქვს, თუმცა მსგავსი პროგრამები საზღვარგარეთ სხვადასხვა ორგანიზაციას უკვე აქვს დანერგილი. მაგალითად, გვანცა გუგლის 80/20 ფორმულას იხსენებს. კომპანია თანამშრომლებს მოუწოდებდა, სამუშაო დროის 80% ძირითად საქმიანობაზე დაეხარჯათ, ხოლო 20% იმ ინოვაციური აქტივობებისთვის დაეთმოთ, რომელიც მათ პერსონალურ ინტერესებსა და მისწრაფებებს ეხმიანებოდა.
"ჩვენც გადავწყვიტეთ, მიგვეცა თანამშრომლებისთვის საშუალება, ემუშავათ იდეებზე, თუნდაც დაეშვათ შეცდომები და შემდეგ ამ შეცდომებზე ესწავლათ, ეფიქრათ ისეთ იდეებსა და პროექტებზე, რომელიც ციფრულ ტექნოლოგიებთან იქნებოდა დაკავშირებული", — აღნიშნავს გვანცა.
პროექტის პირველ ეტაპზე 24 იდეა დარეგისტრირდა, ჟიურიმ მათგან სამი ყველაზე ინოვაციური იდეა აარჩია.
გარდა ხელფასის და სამუშაო ადგილის შენარჩუნებისა, თიბისი გამარჯვებულ სტარტაპებს პროექტ სტარტაპერში რთავს. სხვების მსგავსად, მათ წვდომა აქვთ ტრენინგებზე, კონსულტაციებზე, სტარტაპ სესხზე და ისეთი ტიპის დახმარებაზე, რომელიც დამწყები სტარტაპისთვისაა საჭირო.
ასე რომ, სტარტაპ დეკრეტი თიბისელებს აქ, ახლა საშუალებას აძლევს, დაწერონ ბიზნეს იდეა, მიიღონ მონაწილეობა კონკურსში, გაიმარჯვონ და წამოიწყონ საქმე, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდნენ.
კომენტარები