"ძირითადი პრინციპი დაირღვა" — დღის ცენტრები პანდემიის წინაშე
17 წლის ბაჩანა კახელიშვილი ერთ-ერთი იმ 2 200 ბენეფიციარს შორის, რომელსაც კორონავირუსის გამო, დღის ცენტრში სერვისების მიღების ნაცვლად სახლში ყოფნა და ონლაინ გაკვეთილებში ჩართვა მოუწია.
დღის ცენტრი არის ადგილი, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე სხვადასხვა ასაკის ადამიანი მისთვის საჭირო და აუცილებელ სერვისს იღებს, იქნება ეს საყოფაცხოვრებო და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება, კულტურული და სპორტული ღონისძიებები თუ აკადემიური საჭიროების გამოვლენა და მათი დაკმაყოფილება. ჩამონათვალი არც ისე მოკლეა.
ბაჩანას ქცევითი აშლილობით გონებრივი ჩამორჩენის დიაგნოზი აქვს. დღის ცენტრში სიარული მან სექტემბერში დაიწყო და მას შემდეგ ცენტრი მისი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა.
დედა, თეა ნათობიძე On.ge-ს უყვება, რომ ბაჩანას სკოლაში სიარული უჭირდა, რადგან გრძელი გზის გავლა უწევდა და გაკვეთილებზეც იშვიათად შედიოდა, მხოლოდ სპეციალურ მასწავლებლებთან ჰქონდა შეხება. ამას ბავშვების დამოკიდებულებაც ემატებოდა. დღის ცენტრში მისვლის შემდეგ კი გააქტიურდა, ახალი ურთიერთობები და სითბო შეიძინა.
"სულ ვამბობდი იმას, რომ ბავშვმა თავისი თავი იპოვა, არ მჯეროდა. ძალიან კარგად შეეწყო ბავშვებსაც, პედაგოგებსაც. არ დავიღლები მადლობების თქმით. მეც გადავრჩი და ბავშვიც. სკოლაში რომ უკვე არ უნდოდა სიარული, მეც ხომ ვითრგუნებოდი და ვნერვიულობდი. ერთი ნახევარი წელი არ გვივლია სკოლაში", — ამბობს თეა ნათობიძე.
დღის ცენტრის დახურვის შემდეგ ბაჩანა ონლაინ სწავლებაზე გადავიდა. თეა ამბობს, რომ მის შვილს სახლში ყოფნა არ გაუჭირდა და დისტანციურ სწავლებაზე ადვილად გადაერთო. ამ ხნის განმავლობაში სხვადასხვა გაკვეთილი უტარდება — აქვთ არტ-თერაპია და კვირაში ერთხელ სტუმარიც ჰყავთ.
მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ სწავლებით კმაყოფილები არიან, თეა ამბობს, რომ ადგილზე ბავშვის განვითარებას მეტად ეწყობოდა ხელი — სწავლობდა ურთიერთობებს და ჩართული იყო აქტივობებში.
"ეგ დააკლდა. პედაგოგები მაქსიმალურად ცდილობენ, ბავშვები გაახალისონ, მაგრამ, რა თქმა უნდა, დაგვაკლდა. თუნდაც ის, რომ ყოველ დღე ვიცოდით, რომ რეჟიმში ვიყავით, უნდა ავდგეთ, მოვემზადოთ, წავიდეთ. ახლა რეჟიმიდან ამოვარდა", — ამბობს თეა.
კორონავირუსის პანდემიის გამო, ადამიანებისთვის საჭირო და აუცილებელი სერვისების უმრავლესობა დისტანციურ რეჟიმში გადავიდა. მათ შორისაა დღის ცენტრებიც, რომლებიც ბენეფიციარებს სხვადასხვა მიმართულებით ეხმარება.
"პანდემიის დროს ძირითადი პრინციპი დაირღვა"
სახელმწიფომ ბენეფიციარებისთვის სერვისის უწყვეტობისა და მშობლების მხარდაჭერის მიზნით დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ დისტანციური სწავლების მოდულის დანერგვა დაიწყო. დღის ცენტრების მოდიფიცირებული პროგრამები დისტანციური მეთოდების გამოყენებით ინდივიდუალური და ჯგუფური აქტივობების, ასევე, მხარდაჭერის უზრუნველყოფას გულისხმობს.
ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების ხელმძღვანელი, გუნა ბიბილეიშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მთავრობამ დღის ცენტრების დახურვის მითითება გასცა, მაშინვე დაიწყეს იმაზე ფიქრი, როგორ უნდა გაეგრძელებინათ ბენეფიციარებისთვის სერვისების მიწოდება.
როგორც ბიბილეიშვილი ყვება, გლობალურმა პანდემიამ შექმნა იმის საფრთხე, რომ სხვადასხვა საჭიროების პირები ისევ იზოლაციაში უნდა ყოფილიყვნენ და მრავალწლიანი შრომა საფრთხის წინაშე დადგებოდა.
"ამ სერვისის ძირითადი დანიშნულება არის ამ ადამიანების ინტეგრაცია საზოგადოებაში და ოჯახების მხარდაჭერა. პანდემიის დროს ძირითადი პრინციპი დაირღვა", — ამბობს გუნა ბიბილეიშვილი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ თავდაპირველად მთავრობისგან არ ჰქონდათ მითითებები, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ დღის ცენტრის დახურვის შემდეგ. ამავე დროს, არც დღის ცენტრში მომუშავე ადამიანებისთვის იყო მარტივი მუშაობის შეწყვეტა:
"იმ წამსვე ვუთხარი [თანამშრომლებს], რომ ჩვენ უნდა გადავიდეთ ონლაინრეჟიმში. ეს იყო პირველი საათები. სახლში რომ ვბრუნდებოდი, ვფიქრობდი, რა საშუალებებით უნდა გამეკეთებინა ეს, მაგრამ შაბათ-კვირას ვიჯექი კოლეგებთან ერთად და შევკარით იდეა".
გუნა ამბობს, რომ ცენტრის 170 ბენეფიციარზე დაყრდნობით შეძლეს გამოეკვლიათ, რამდენს ჰქონდა მზაობა, სერვისების დისტანციურ მიწოდებაში ჩართულიყო, ვის ჰქონდა ინტერნეტთან წვდომა და ა.შ. ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით ინიციატივები მთავრობასაც მიაწოდეს.
"ვეუბნებოდით, რომ ვისაც ინტერნეტი აქვს, იქ მარტივად წავა სერვისი, მაგრამ ვისაც ტელეფონი აქვს, აქ მოვიფიქროთ, რა ვქნათ. და მეორე, რომ რაღაც თანხა ხომ გამოთავისუფლდა, მაგალითად ტრანსპორტის, კვების, ჩვენი შეთავაზება იყო, რომ ეს თანხა ამ ადამიანებს რაღაცნაირად დაბრუნებოდათ".
ბიბილეიშვილი აღნიშნავს, რომ ონლაინ სწავლების დროს ოჯახებს მოერგნენ და ისეთ საყოფაცხოვრებო ნივთებს იყენებდნენ, როგორიცაა ზეთი, ფქვილი, თოკები და სარეცხის სარჭი. მშობლებს ამ დროს ყველაზე მეტად მომავლის გაურკვევლობა აწუხებდათ:
"მშობლები მოგვმართავდნენ, გვიზიარებდნენ თავის გულის ტკივილს. ჩვენ ვცდილობდით, ერთად დაგვეძლია ყველაფერი და გვეპოვა პასუხები კითხვებზე. რა მიგნებაც გვაქვს, რაც ორი თვის ფილოსოფია გახდა გუნდთან და მშობლებთან მუშაობისთვის — შემიძლია ვთქვა, რომ სიმშვიდე მოაქვს სტაბილურობას... მთავარი იყო ტვინის სტიმულაცია დაგვეწყო და მშობლებისთვის აგვეხსნა, რას ვაკეთებდით და ეს რუტინა გადასულიყო სიმშვიდეში. ამან მართლა მოიტანა შედეგი".
რაც შეეხება უახლოეს მომავალში დღის ცენტრების გახსნას, გუნა ბიბილეიშვილი ამბობს, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა:
"ზოგადი რეკომენდაციები არის მოცემული და ჩვენ გვინდა მათ შინაარსში კარგად გავერკვეთ. მით უმეტეს, როცა ხელმძღვანელი ხარ. აი, დავუშვათ, სადმე მოხდა [ინფიცირება], ვინ აგებს ამაზე პასუხს? ეს არის ყველაფერზე მნიშვნელოვანი კითხვა. როგორ უნდა დავამტკიცო, რომ მე ვიცავდი ამ რეკომენდაციებს".
"უწყვეტობა უნდა შეგვენარჩუნებინა, თორემ არ გვაქვს მოლოდინი, რომ იგივე მიზანს მივაღწევთ"
ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს სერვისის პროვაიდერ ორგანიზაციებთან შეხვედრა 11 ივნისს ჰქონდათ. უწყების სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი, თათია გვარამაძე ამბობს, რომ დღის ცენტრების გახსნის გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ის მიუთითებს ეპიდემიის შიშის გამო აზრთა სხვადასხვაობაზეც მშობლებსა და ორგანიზაციებს შორის.
გვარამაძის ინფორმაციით, დისტანციურ სწავლებაში დღის ცენტრების ბენეფიციარების 90 პროცენტია ჩართული, კომპიუტერის არ ქონის შემთხვევაში კი მშობლები კონსულტაციებს ტელეფონით იღებენ. ამასთან, დღის ცენტრების დაფინანსება გრძელდება, ხოლო ბენეფიციარები 80-ლარიან კვების ვაუჩერს იღებენ.
"ჩვენ გვაინტერესებს ბენეფიციარებისა და მშობლების აზრი. ამ დისტანციური სწავლების აზრი იყო უწყვეტობა შეგვენარჩუნებინა, თორემ არ გვაქვს მოლოდინი, რომ იგივე მიზანს მივაღწევთ... ერთ-ერთმა დღის ცენტრმა ისიც კი გვითხრა, რომ მათ თვითონ იმუშავეს დონორებთან და რამდენიმე ბავშვი, ვისაც არ ჰქონდა ჩართვის საშუალება რეგიონში ინტერნეტის პრობლემის გამო, ამით უზრუნველყვეს", — ამბობს გვარამაძე.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის რეკომენდაციები, რომელთა დაცვაც როგორც დღის ცენტრებს, ისე ბენეფიციარებს მოუწევთ.
"რეკომენდაციების დაცვაც არის რთული, თუნდაც ნიღბის მოხმარება და დისტანციის დაცვა და ა.შ. ჩვენს სერვისში ყველაზე მეტად კონცენტრირებული არიან ბენეფიციარები ერთ სივრცეში. ახლა მიმდინარეობს მსჯელობა. აუცილებლად შევხვდებით მშობლებსაც და ვიმსჯელებთ", — აღნიშნავს თათია გვარამაძე.
სამინისტროში ფიქრობენ, რომ დღის ცენტრების სერვისების განახლება სექტემბრიდან დაიწყონ, შემოდგომამდე დარჩენილ სამ თვეს კი მომზადებისთვის გამოიყენებდნენ:
"ჩვენც რაღაცნაირად ვემზადებით და უნდა ველოდოთ პანდემიის მეორე ტალღას. გვინდა, მზად ვიყოთ ამისთვის და გავიგოთ მშობლებისა და პროვაიდერების პოზიცია, რომ დავნერგოთ ჰიბრიდული მოდელი".
თათია გვარამაძეც აღნიშნავს, რომ მშობლების ნაწილს პანდემიის გავრცელების რისკების ეშინია.
ასეა 17 წლის ბაჩანა კახელიშვილის დედაც — თეა ნათობიძე პანდემიის დასასრულს ელოდება. ის ამბობს, რომ სანამ კორონავირუსი არ დასრულდება დღის ცენტრში ბავშვის მიყვანისგან თავს შეიკავებს.
სტატია მომზადდა პროექტის "კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შემცირება საზოგადოებაში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფონდი პროდემოსის ფინანსური მხარდაჭერით.
კომენტარები