საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სოციალურ პლატფორმა TikTok-ზე არსებული ხარვეზი აღმოიფხვრა, ვებგვერდზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ ერთეულებად აღარ არის მოხსენიებული.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით უწყება ჩინურ მხარესთან მუშაობდა:

"როგორც თბილისში ასევე პეკინში “საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატმა, ისევე როგორც ჩვენმა საელჩომ ჩინეთში, ინფორმაციის გავრცელებისთანავე დაიწყო მუშაობა ამ საკითხზე. შეხვედრები გაიმართა თბილისსა და პეკინში, მათ შორის ჩვენი ელჩი ჩინეთში შეხვდა კომპანიის ხელმძღვანელობას რა დროსაც მათ ბოდიში მოიხადეს აღნიშნული ხარვეზის გამო და დაგვპირდნენ მის მალევე გამოსწორებას", — აცხადებენ უწყებაში.

აპლიკაციაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამატების შესახებ ინფორმაცია ფეისბუქით ზვიად აძინბაიამ გაავრცელა. TikTok-ის აპლიკაცია 2016 წელს შეიქმნა და მას 150 ქვეყანაში 500 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს.