ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებები მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს. კერძოდ, იგი შეუსაბამოა კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნებთან და ზრდის მთავრობის მიერ უფლებების არაპროპორციულად შეზღუდვის რისკებს.

  • GDI მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს შემოთავაზებულ კანონპროექტს და დაიწყოს მუშაობა კონსტიტუციასთან შესაბამი კანონპროექტის შემუშავებაზე;
  • GDI გამოთქვამს მზადყოფნას, ჩაერთოს აღნიშნულ პროცესში და წვლილი შეიტანოს კანონმდებლობის დახვეწაში.

ორგანიზაცია გავრცელებულ განცხადებაში გამოყოფს მათ მიერ გამოვლენილ კონკრეტულ ხარვეზებსაც:

"კანონპროექტი არ აკმაყოფილებს კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნას, რომ უფლებების შეზღუდვა უნდა მოხდეს კანონის საფუძველზე".

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კანონპროექტით ერთი მხრივ გაფართოებულია საკარანტინო ღონისძიებების ცნება, მეორე მხრივ კი ამ ღონისძიებებს კონკრეტულ შემთხვევებში მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლება განსაზღვრავს.

GDI-ს შეფასებით, კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის მთლიანად მთავრობაზე დელეგირება, ისე რომ თავად კანონი არ განსაზღვრავს უფლების შეზღუდვის წინაპირობებსა თუ მასშტაბს, ეწინააღმდეგება კონტიტუციურ მოთხოვნებს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებს.

"კანონპროექტი არ აკმაყოფილებს კანონის ხარისხის მოთხოვნებს".

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კანონპროექტში ბუნდოვანია ის, თუ რა შემთხვევაში ჩათვლის შესაბამისი სახელმწიფო უწყება პირს "შესაძლო ინფიცირებულად", ან რა ჩაითვლება "ფიზიკურ პირთა მიერ სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრად".

"კანონპროექტი ზრდის შეზღუდვების თვითნებურად და არაპროპორციულად გამოყენების რისკებს".

GDI-ს განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც კანონი არ ადგენს კონკრეტულ წინაპირობებსა და უფლების შეზღუდვის ფარგლებს, აღნიშნული მოთხოვნების და არააუცილებელი/არაპროპორციული საშუალებების გამოყენების რისკები მთავრობის მხრიდან საკმაოდ მაღალია.

"მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს სასამართლო სხდომების საჯაროობა".

კანონპროექტით ცვლილებები შედის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშიც, კერძოდ 185-ე მუხლს ემატება 11 ნაწილი, რომელიც დასაშვებს ხდის პანდემიის დროს პროცესის დისტანციურად გამართვას.

"ამგვარი შესაძლებლობის შემოტანა თავისთავად დადებითად უნდა შეფასდეს. თუმცა, მნიშვნელოვანია რომ უზრუნველყოფილი იყოს სასამართლო სხდომების საჯაროობა (იმ საგამონაკლისო წესების გათვალისწინებით, რაც ზოგადად არსებობის სხდომის დახურვასთან დაკავშირებით), რასთან დაკავშირებითაც საგანგებო მდგომარეობის დროს უკვე არსებობდა პრობლემა", — წერია განცხადებაში.

კანონპროექტი: რა შეეძლება მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე

პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ხელისუფლებას გარკვეული უფლებები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე ეძლევა. მათ შორისაა მიმოსვლის, საკუთრების, სოციალური ღონისძიების მიზნით თავშეყრის შეზღუდვის შესაძლებლობაც. კანონპროექტის ავტორი ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძეა. მას ორი კანონის შეცვლა სურს — კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.

კანონპროექტის იცვლება ტერმინ "საკარანტინო ღონისძიებების" განმარტება. არსებულ კანონში ეს არის იმ ღონისძიებების ერთობლიობა, რომლებიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, ვინც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში. დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით კი, საკარანტინო ღონისძიებებში ჩაითვლება ეს:

"ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში, აგრეთვე ღონისძიებები, რომელიც გულისხმობს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, უკანონო მიგრაციის/საერთაშორისო დაცვის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას და რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად".

გარდა ამისა, დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, იზოლაციის ან/და კარანტინის წესს, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებაში შემავალი დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ადმინისტრირების, ასევე საჯარო სერვისების მიწოდების კანონმდელობისგან განსხვავებულ დროებით წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო.

რაც შეეხება ცვლილებებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი კანონს მიიღებს, საგანგებო მდგომარეობის გარეშეც, პანდემიისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის გავრცელების საფრთხის არსებობის შემთხვევაში, სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ამ წესით სხდომის გამართვის შემთხვევაში, მასში მონაწილე არცერთ ადამიანს არ აქვს უფლება, უარი განაცხადოს დისტანციურად სხდომის ჩატარებაზე, მასზე უშუალო დასწრების სურვილის მოტივით.

გაიგეთ მეტი: