მიმოსვლის, თავშეყრის, საკუთრების შეზღუდვა — რა შეეძლება მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე
პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ხელისუფლებას გარკვეული უფლებები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე ეძლევა. მათ შორისაა მიმოსვლის, საკუთრების, სოციალური ღონისძიების მიზნით თავშეყრის შეზღუდვის შესაძლებლობაც.
კანონპროექტის ავტორი ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძეა. მას ორი კანონის შეცვლა სურს — კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.
On.ge-მ მოიპოვა კანონპროექტი, რომლის მიხედვით, იცვლება ტერმინ "საკარანტინო ღონისძიებების" განმარტება. თუ არსებულ კანონში ეს არის იმ ღონისძიებების ერთობლიობა, რომლებიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, ვინც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში.
დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით კი, საკარანტინო ღონისძიებებში ჩაითვლება ეს:
აქ ჩამოთვლილი ყველა ღონისძიების გატარება მთავრობას შეეძლება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც.
გარდა ამისა, დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, იზოლაციის ან/და კარანტინის წესს, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებაში შემავალი დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ადმინისტრირების, ასევე საჯარო სერვისების მიწოდების კანონმდელობისგან განსხვავებულ დროებით წესს ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო.
"ამ წესით შეიძლება განისაზღვროს შესაბამისი საკარანტინო ღონისძიებებიც, რომლებიც ამ შემთხვევაში ამ წესის შემადგენელი ნაწილია", — მითითებულია კანონპროექტში.
ინიციატორი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს. დიმიტრი ხუნდაძეს განმარტებით ბარათში უწერია, რომ ეს აუცილებელია, რადგან ამოქმედების დრო დაკავშირებულია არსებული საგანგებო მდგომარეობის გაუქმების დროსთან, 2020 წლის 23 მაისთან
"კერძოდ, იმისათვის, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, კორონავირუსის (COVID-19-ის) მასობრივ გავრცელებასთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით, პროცესები უმართავი არ გახდეს და საქართველოს მთავრობასა და სხვა შესაბამის უწყებებს კვლავ ჰქონდეთ შესაძლებლობა, საჭირო ღონისძიებები სათანადოდ განახორციელონ, აუცილებელია, რომ კანონპროექტით წარმოდგენილი ნორმები დროულად იქნეს მიღებული და ამოქმედებული", — წერია დოკუმენტში.
რაც შეეხება ცვლილებებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი კანონს მიიღებს, საგანგებო მდგომარეობის გარეშეც, პანდემიისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის გავრცელების საფრთხის არსებობის შემთხვევაში, სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ამ წესით სხდომის გამართვის შემთხვევაში, მასში მონაწილე არცერთ ადამიანს არ აქვს უფლება, უარი განაცხადოს დისტანციურად სხდომის ჩატარებაზე, მასზე უშუალო დასწრების სურვილის მოტივით.
იურისტი ლევან ალაფიშვილი ინიციატივას ტელეკომპანია ფორმულასთან სახიფათოს უწოდებს და იმედს გამოთქვამს, რომ დეპუტატები მხარდაჭერამდე დაფიქრდებიან კონსტიტუციით დაცულ უფლებებზე.
"ეს არის საკმაოდ სახიფათო ინიციატივა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვეულებრივ პირობებში, მაშინ, როდესაც საგანგებო მდგომარეობაც კი არ იქნება გამოცხადებული, მთავრობას ეძლევა პრაქტიკულად შეუზღუდავი უფლებამოსილება, შეზღუდოს არამხოლოდ კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებები და დაადგინოს პირობები, გადაადგილების იქნება თუ სხვა, არამედ დაადგინოს არსებული კანონმდებლობისგან განსხვავებული რეგულაციებიც კი. მინდა მჯეროდეს, რომ პარლამენტში აღმოჩნდებიან ადამიანები, რომელიც განსხვავებით პირველი დეკრეტის დამტკიცებისგან, რომელიც ერთხმად მიიღეს, ახლა ცოტა მეტად დაფიქრდებიან კონსტიტუციაზე და კონსტიტუციით დაცულ უფლებებზე და შესაბამისად წარიმართება მსჯელობა", — ამბობს ის.
დაგეგმილ ცვლილებებს მკვეთრად უარყოფითად ახასიათებენ ოპოზიციაში და არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ. უკვე ცნობილია, რომ ისინი კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ.
ევროპული საქართველოს წევრი, სერგო რატიანი ამბობს, რომ ასეთი უფლებების მინიჭება ნებისმიერი დემოკრატიული მთავრობისთვის სახიფათოა, არათუ ქართული ოცნებისთვის. დეპუტატის თქმით, თუ მთავრობას მიაჩნია, რომ კონკრეტული შეზღუდვა უნდა იყოს დაწესებული, პარლამენტისგან უნდა მოითხოვოს ნებართვა ყველა ცალკეულ შემთხვევაში.
"არათუ ქართული ოცნების, არამედ დემოკრატიულ სამყაროში ნებისმიერი მთავრობისთვის ამ უფლებების მინიჭება არის სრულიად დაუშვებელი და შემაშფოთებელიც კი, როცა მთავრობა ამას ითხოვს. ბუნებრივია, ქართული ოცნების მთავრობის პირობებში კიდევ უფრო მძიმეა ეს ვითარება, რადგან ჩვენ ვხედავთ გარკვეულ სურვილებს და მიდრეკილებებს ავტორიტარიზმისკენ", — ამბობს ის.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე კი აღნიშნავს, რომ ამ ცვლილებებით საპარლამენტო კონტროლი იშლება და მთავრობას საკანონმდებლო ორგანოსთვის გვერდის ავლით შეეძლება მნიშვნელოვანი შეზღუდვები დაწესება.
"ამ კანონის შინაარსი არის ძალიან მარტივი — რაც გვინახავს დღეს საგანგებო მდგომარეობის სახით, ადამიანების სახლში ჩაკეტვა, ქალაქების დაკეტვა, თავშეყრის შეზღუდვა, მთელი ეკონომიკის ერთ დღეში შეზღუდვა — ყველაფერს გააკეთებს მთავრობა პარლამენტის გარეშე, ფაქტობრივად მოშლილია საპარლამენტო ფილტრი, პარლამენტი არის განულებული", — აღნიშნავს გოცირიძე.
თავად კანონპროექტის ინიციატორი, დიმიტრი ხუნდაძე კი ამტკიცებს, რომ ეს რეგულაციები იმოქმედებს იმ მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ პანდემიის გამოცხადების შემთხვევაში.
"საკანონმდებლო ინიციატივაში მკვეთრად არის განსაზღვრული ის პირობა, რა შემთხვევაშიც იმოქმედებს ეს რეგულაციები. ეს არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ პანდემიის გამოცხადების შემთხვევაში და ამისთვის ადგილობრივი ბერკეტი არ არის საკმარისი, ასე რომ სპეკულაციები არის უადგილო. ეს კანონპროექტი და ინიციატივა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს პანდემიას ან საშიში ინფექციების გავრცელებას", — ამტკიცებს ხუნდაძე.
მისი თქმით, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, მინიმალური შეზღუდვების გარკვეული დროით შენარჩუნება აუცილებელია. მან ჩამოთვალა ის შეზღუდვები, რომელთა შენარჩუნების უფლებაც ეხენაბა მთავრობას მისი თქმით:
- საზღვრების ეპიდემიოლოგიური კონტროლი,
- საკარანტინო სივრცეების მართვა
- საჭიროების შემთხვევაში კლინიკებისა და ლაბორატორიების მობილიზება
- საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეგულირება
- პრევენციული ღონისძიებებისთვის აუცილებელი ვალდებულებების შემოღება, მაგალითად, პირბადეების ტარება, ფიზიკური დისტანცირება და ა.შ.
კანონპროექტს ბიუროს სხდომაზეც მოჰყვა დისკუსია. კომიტეტებში განხილვის შემდეგ ცვლილებას პლენარულ სხდომაზე უნდა უყარონ კენჭი.
კომენტარები