როგორ ყვება ამბავს კონცეპტუალური ფოტოგრაფია
როდესაც ფრანგმა გამომგონებელმა, ნისეფორ ნიეფსმა 1826 წელს მსოფლიოში პირველი ფოტოსურათი გადაიღო და ლე გრას ფანჯრიდან ასახული ხედით ხალხი გააოგნა, ნათელი გახდა, რომ ფოტოგრაფია ცივილიზაციას შთამბეჭდავ მემკვიდრეობას დაუტოვებდა.
დღეს ფოტოგრაფია ხელოვნების დარგთა შორის საპატიო ადგილს იკავებს და ბევრ მიმართულებას მოიცავს. თანამედროვე ფოტოგრაფიაში ვხვდებით ნარატიულ, სიურრეალისტურ თუ კონცეპტუალურ ნამუშევრებს, რომელთა მიზანს დახვეწილი კომპოზიციის შექმნაზე მეტად იდეის ფორმირება წარმოადგენს.
თუ ფოტოგრაფიის სფეროში ბოლოდროინდელ ტენდენციებს თვალს გადავავლებთ, დავინახავთ, რომ იდეის გადმოსაცემად ფოტოგრაფები სიტყვებს, წინადადებებსა და ხშირად დიდ აბზაცებსაც იყენებენ ხოლმე, რომლებიც დამთვალიერებლებმა პარალელურ რეჟიმში უნდა წაიკითხონ, გაშიფრონ და კომპოზიციას მიუსადაგონ; წინააღმდეგ შემთხვევაში, ფოტოსურათი, როგორც ამბის გადმომცემი წყარო, აზრს დაკარგავს და მნახველსაც იმედგაცრუებულს დატოვებს.
ქვემოთ იმ რამდენიმე გამორჩეულ ფოტოგრაფზე გიამბობთ, რომელთა შემოქმედებაშიც სიტყვებში დატეულ იდეებს ვიზუალის თანაფარდი დატვირთვა აქვს.
1. სოფი ქალი
სოფი ქალი ცნობილი ფრანგი ფოტოგრაფი და რამდენიმე წიგნის ავტორია. თუ მის გამოფენაზე აღმოჩნდებით, დიდი ალბათობით, ფოტოსურათების დათვალიერებისას ავტორის მოზრდილი ტექსტების წაკითხვა მოგიწევთ, რადგან მათ გარეშე ჩანაფიქრს ოდნავადაც ვერ ჩაწვდებით. ეს ხელოვანი სიტყვებსა და ფოტოსურათებს თავის შემოქმედებაში თანაბარი მნიშვნელობით წარმოადგენს და ამგვარი კონცეფციით გვაჩვენებს, რომ მათი სინთეზი საერთო იდეის გამოხატვას ემსახურება.
ფოტოსურათი, სათაურით პლასტიკური ქირურგია, ავტოპორტრეტია, რომელზეც თვალდახუჭული, სევდისმომგვრელი გამომეტყველების და კეხიანი ცხვირის მქონე ხელოვანის პროფილი კომპოზიციის ნახევარს იკავებს. ერთი შეხედვით, დამთვალიერებელი კეხიან ცხვირს ფოტოსურათის ემოციურ ცენტრად ჩათვლის და მას, სავარაუდოდ, მხოლოდ ესთეტიკურ ღირებულებას მიანიჭებს. თუმცა მას შემდეგ, რაც ამ ფოტოსურათისათვის განკუთვნილ ტექსტს წაიკითხავთ, პორტრეტს მიღმა არსებული ამბავი გაგიცხადდებათ და გამოსახულებას სულ სხვანაირი ემოციით დაუწყებთ მზერას:
"როდესაც თოთხმეტი წლის ვიყავი, ჩემმა მშობლებმა პლასტიკური ოპერაციის გაკეთება შემომთავაზეს. შეხვედრა ცნობილ ექიმთან დანიშნეს და საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩემი ცხვირი გასწორდებოდა. გადაწყდა ისიც, რომ ჩემს მარცხენა ფეხზე არსებული ნაიარევი ჩემი საჯდომიდან აღებული კანით გადაიფარებოდა. ისიც გადაწყდა, რომ წინ წამოწეულ ყურებს უკან გადამიწევდნენ. მე მაინც ვყოყმანობდი, მაგრამ ისინი მაგულიანებდნენ. გადაწყვეტილების შეცვლა უკანასკნელ მომენტამდე შემეძლო. თუმცა, საბოლოოდ, ამ დილემის გადაჭრაში თვითონ ექიმი დამეხმარა. ოპერაციამდე ორი დღე იყო დარჩენილი, როცა მან ცხოვრება სუიციდით დაასრულა".
2. ჯეფრი უოლინი
გახმაურებული სერიების ავტორი, ჯეფრი უოლინი, თავის ფოტოსურათებს უჩვეულო ფორმით წარმოგვიდგენს. ქალისაგან განსხვავებით, უოლინის შემოქმედებაში სიტყვებმა ბინა პირდაპირ ფოტოსურათებში დაიდო. ისინი ხშირად ფონის ფუნქციას ასრულებს და აღბეჭდილ ადამიანებთან ბუნებრივ კონტრასტსაც კი ამყარებს.
ფოტოგრაფისათვის პოლიციის დღეები სიტყვებისა და სურათების კომბინაციის ერთ-ერთ პირველ ნიმუშს წარმოადგენს. ინდიანას უნივერსიტეტში ლექტორად მუშაობისას უოლინმა ადამიანის დასპირტული თავი იხილა, რომელიც წარსულში სიკვდილით დასჯისას მოეკვეთათ. ბიოლოგიის დეპარტამენტის ნებართვით მან ეს შემაძრწუნებელი გამოსახულება კამერაზე აღბეჭდა. ლექტორობამდე უოლინი კრიმინალური ფოტოგრაფიის სფეროში მუშაობდა, ამიტომაც გადაწყვიტა, რომ ფოტოსურათის ცარიელი ფონი ისეთი წინადადებებით შეევსო, რომლებიც მის მიერ პირადად შესწრებულ ტრაგიკულ სცენებს მოყვებოდა.
უოლინის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი 80-იან წლებში დაწყებულ სერიას — პიჯენ ჰილის პორტრეტები: მაშინ და ახლა — უკავია, რომელიც პიჯენ ჰილში ბლუმინგტონის ღარიბულ უბანში მცხოვრები ადამიანების სევდისმომგვრელ ყოფას ასახავს. "ბევრ თინეიჯერს უკვე შვილები ჰყავდა და მათ სიდუხჭირეში ცხოვრებას დასასრული აღარ უჩანდა. ამ სერიაზე მუშაობისათვის ცოტა ხნით თავი უნდა დამენებებინა", — იხსენებს უოლინი.
ის ამ ემოციურად რთულად შესასრულებელ სერიაზე მუშაობას ალბათ აღარც გააგრძელებდა, რომ არა 2010 წლის გახმაურებული მკვლელობა. მოკლული პიჯენ ჰილის მაცხოვრებელი, კრისტალ გრაბი აღმოჩნდა, რომელიც უოლინის ობიექტივში ოცი წლის წინ, ჯერ კიდევ ბავშვი, მოხვდა.
ეს შემზარავი ამბავი უოლინისათვის მთავარი ბიძგი აღმოჩნდა, რათა სერიაზე მუშაობა საბოლოოდ დაესრულებინა. იგი ისევ ეწვია პიჯენ ჰილს და გადაწყვიტა, რომ ბლუმინგტონელები, მათ შორის გრაბის ოჯახი, კვლავ გადაეღო და სიტყვებისა და ფოტოსურათების კომბინაციით სპეციფიკური ამბები მოეყოლა.
შედეგად, უოლინის სერიაში ერთი და იგივე ადამიანები ორჯერ, ოცწლიანი ინტერვალის დაშორებით გვევლინებიან. თითოეული ფოტოსურათის ტექსტი მათ მოგონებებსა და იმ მიმდინარე ამბებზე მოგვითხრობს, რომლებსაც ბლუმინგტონელების ცხოვრების ჩვეული სტილი, მრავალი ტრაგიკულ მომენტი და მათი შევიწროების სცენები დღის შუქზე გამოაქვს.
ჯეფრი უოლინი, თინა ახალი ტატუთი, სერიიდან, პიჯენ ჰილი: მაშინ და ახლა, 1991 წელი.
ფოტო: Jeffrey A. Wolin
ჯეფრი უოლინი, თინა მობილურ სახლში გაჩენილი ხანძრის შემდეგ, სერიიდან, პიჯენ ჰილი: მაშინ და ახლა, 2013 წელი.
ფოტო: Jeffrey A. Wolin
3. მეთ სიბერი
წარმოიდგინეთ, რომ ერთ დღეს იღვიძებთ, გარეთ გადიხართ და ირგვლივ ყველა სარეკლამო ტექსტი გაუჩინარებული გხვდებათ. მეთ სიბერმა ამ წარმოსახვას ხორცი შეასხა და სერია უსახელო პროექტი შექმნა, რომელიც ფოტოსურათებისა და სიტყვების კომბინაციის უიშვიათეს ნიმუშს წარმოადგენს.
სიბერი სერიაზე რვა წლის განმავლობაში მუშაობდა და ის რამდენიმე ათეულ სურათს ითვლის. თითოეული მათგანის მართკუთხა ფორმატი ორი თანაბარი ნაწილისაგან შედგება. ფოტოსურათების მარცხენა ნაწილი სიტყვებისაგან საგანგებოდ დაცლილ გამოსახულებებს ასახავს, ხოლო მარჯვენა ნაწილი იმ სიტყვებს უკავია, რომლებიც სიბერმა ორიგინალი ვერსიიდან გააქრო. ისინი ცარიელ თეთრ ფურცელზე ზუსტი თანმიმდევრობითაა განლაგებული და ფონტის ზომაცა და ფორმაც შენარჩუნებული აქვთ. სიბერის სერიის დათვალიერებისას ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს სიტყვები აღბეჭდილი ობიექტების კონტურებია და ისინი სხვა არაფერია, თუ არა ფოტოსურათებში ასახული გეომეტრიული მონახაზების ალტერნატიული სახეები.
მეთ სიბერი, #46, უსახელო პროექტი, 2009 წელი.
ფოტო: Matt Siber
"ბეჭდური სიტყვების არარსებობა არა მხოლოდ ყურადღებას იქცევს, არამედ თანამედროვე გარემოში ტექსტის მნიშვნელობაზეც გვაფიქრებს", — ამბობს სიბერი, — "რაც ამავდროულად კომუნიკაციის ისეთ ალტერნატიულ ფორმებს ხდის მეტად თვალსაჩინოს, როგორებიცაა სიმბოლოები, ფერები, არქიტექტურა, კორპორაციული ბრენდები. სერიაზე მუშაობის დაწყების მთავარი მიზეზი იყო, მეჩვენებინა, რომ გონიერი დიზაინერების წყალობით ადამიანებს ინფორმაციის მიღება მხოლოდ ვიზუალური ფორმებიდანაც შეუძლიათ და დამატებით ტექსტის წაკითხვა აუცილებლობას არ წარმოადგენს".
მეთ სიბერი, #36, უსახელო პროექტი, 2005-2006 წლები.
ფოტო: Matt Siber
მეთ სიბერი, #26, უსახელო პროექტი, 2004 წელი.
ფოტო: Matt Siber
4. ლორნა სიმფსონი
ლორნა სიმფსონი აფროამერიკელი ხელოვანია, რომლის შემოქმედების მთავარი მამოძრავებელი ძალა იდენტობის ძიებაა. მისი ობიექტივი შავკანიან ქალებთან უკვე დიდი ხანია მეგობრობს და მათი დახმარებით სიტყვებისა და სურათების შთამბეჭდავ კონცეპტუალურ ნამუშევრებს ქმნის.
სიმფსონის ნამუშევრით, ვისთვისაა სათქმელად მარტივი, გადმოცემული იდეა, ერთი შეხედვით, ბუნდოვანია. ხელოვანმა ქალის სახის ხუთივე ასლი თეთრი წრით დაფარა და მათში ხმოვნები მოათავსა, რომლებიც ამავდროულად სხვადასხვა მნიშვნელობის სიტყვების პირველ ასო-ბგერებს წარმოადგენს. სიმფსონი ამ გზით იმ აფროამერიკელი ქალების მიერ გადატანილ სირთულეებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებსაც რასობრივი დისკრიმინაციის გამო საზოგადოების სრულფასოვან წევრებად არ მოიაზრებდნენ და იდენტობისგან ძარცვავდნენ.
ლორნა სიმფსონი, ვისთვისაა სათქმელად მარტივი, 1989 წელი.
ფოტო: Lorna Simpson Studio
სიმფსონის ადრეულ ნამუშევრებში ქალების სახეები ძირითადად არ ჩანს და ხშირად მათი ზურგის ცქერა გვიწევს. ისინი თეთრ სამოსს ატარებენ, რაც ბამბის პლანტაციებში მუშაობის სიმბოლოს წარმოადგენს. სიმფსონის ფოტოგრაფიაში ქალები მანეკენებს ჰგვანან, რომლებსაც დამოუკიდებელი ხმა არ გააჩნიათ და საზოგადოებისგან ზეწოლას განიცდიან.
ხელოვანი სოლიდარობას უცხადებს რასობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლებს და თავისი შემოქმედებითი მუშაობით ცდილობს, რომ მათ გამბედაობას ძალა შემატოს. "ისეთი უტოპიური მოლოდინი მაქვს, რომ ამ ნამუშევრებზე ხალხის დამოკიდებულება შეიცვლება და პირველი აზრი, რაც მათ თავში მოუვათ, არ იქნება: 'აჰ, ისინი შავკანიანები არიან!'", — აცხადებს სიმფსონი.
ლორნა სიმფსონი, დაცული პირობები, 1989 წელი.
ფოტო: Lorna Simpson Studio
ლორნა სიმფსონი, ID, 1990 წელი.
ფოტო: Lorna Simpson Studio
5. ჯილიან ვეარინგი
ბრიტანელი ფოტოგრაფი ჯილიან ვეარინგი განსაკუთრებით ცნობილი 1990-იან წლებში გადაღებული ერთ-ერთი სერიით გახდა. სერიაში შესულ ნამუშევრებს რომ თავი დავანებოთ, ჩვენს ყურადღებას მხოლოდ მისი გრძელი სათაურიც მიიქცევს: ხელწერა, რომელიც იმას ამბობს, რასაც ისურვებდი, რომ სხვებს ეთქვათ და არა ხელწერა, რომელიც იმას ამბობს, რაც სხვებს უნდა, რომ ამბობდე. სერია ადამიანების იმ გრძნობებსა და განცდებს ააშკარავებს, რომლებსაც მათი ცნობიერი სამყარო აქვთ მოცული.
ჯილიან ვეარინგი, სასოწარკვეთილი ვარ, 1992-1993 წლები.
ფოტო: Gillian Wearing / Maureen Paley / Interim Art, London
ხელოვანი ქუჩაში რიგით გამვლელს აჩერებდა, შემდეგ ცარიელ თაბახის ფურცელს აწვდიდა და სთხოვდა, მასზე ის დაეწერა, რასაც თავად მოისურვებდა. ფოტოგრაფი სერიაზე ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა და ჯამში ექვსასამდე გამვლელთან მოუწია საუბარი. ამ ფოტოსურათებით ვეარინგმა ბრიტანელებზე გავრცელებული იმ სტერეოტიპის წინააღმდეგაც გაილაშქრა, რომლის მიხედვითაც, იქაური მაცხოვრებლები ურთიერთობებში ძალიან ცივები არიან.
ვეარინგმა თითოეული გამვლელისაგან საინტერესო და უნიკალური სიტყვები გაიგო. ფოტოსურათებში ვკითხულობთ, რომ ზოგიერთი ადამიანი ცხოვრებით უკმაყოფილოა, ვიღაც ნახევრად შეშლილია, ვიღაც სიყვარულის სტუმრობის მოლოდინშია ან სულაც ეგზისტენციალურ ფიქრებშია ჩაძირული.
ბრიტანელი ფოტოგრაფის ამ სერიის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ სურათზე ოფიციალურ სამოსში ჩაცმული კაცია აღბეჭდილი, რომელიც ობიექტივს ოდნავ შესამჩნევი ღიმილით უმზერს და ხელში უკავია დაფა მის მიერვე დაწერილი სიტყვებით — "სასოწარკვეთილი ვარ". "ხალხს დღესაც კი უკვირს, რომ ადამიანი, რომელიც ოფიციალურ კოსტიუმშია გამოწყობილი, ვინმეს გულწრფელ აღსარებას აბარებს — განსაკუთრებით კი ადრეულ 1990-იანებში, საფონდო ბირჟის კრახის პერიოდში", — განაცხადა ვეარინგმა 1997 წელს გამოქვეყნებულ ინტერვიუში, — "ვგონებ, თავადაც შოკირებული იყო, ეს სიტყვები რომ დაწერა, რაც იმას მაფიქრებინებს, რომ გულწრფელი იყო. მახსოვს, იგი შემდეგ ოდნავ გაბრაზდა, ფურცელი დამიბრუნა და სწრაფი ნაბიჯით გამეცალა".
ჯილიან ვეარინგი, ცხოვრებაში ყველაფრი ურთიერთდაკავშირებულია, 1992-1993 წლები.
ფოტო: Gillian Wearing / Maureen Paley / Interim Art, London
ჯილიან ვეარინგი, მსუბუქად შეშლილის დიაგნოზი დამისვეს, 1992-1993 წლები.
ფოტო: Gillian Wearing / Maureen Paley / Interim Art, Londo
კომენტარები