"სალამი დას, სიძეს და ნუნუს. ხელში ვიღებ ფანქარს და გისურვებთ ძვირფას სალამს. პირველ რიგში გისურვებთ ჯანმრთელობას, რაც ადამიანისთვის აუცილებელია. ასე, რო იყავით კარგათ და ჯანმრთელათ.

ქეთო მომიკითხე შაქრო ძია და ნინა ძალო და ყველა თქვენი კარგი მდომი. შალიკოს საქმე როგორ არის გამაგებინე, ხო არ გამოუძახეს.

ასე დაო, ქეთო, ახლა გამაგებინე დედაჩემის საქმე. ხო არა დარდობს. ნუ ეშინიან, მე ძალიან კარგათ ვარ. თქვენ გაამაგრეთ დედაჩემი.

არ იდარდოთ. ახლა ვიცი ჩემი ამბის გაგება გაინტერესებთ. მე ძალიან კარგათ ვარ. პირველად კიროვაკანში ჩამოვედით. ორი დღე იქ ვიყავით, შემდეგ დილიჯარში წაგვიყვანეს ორმოცდა ათი ვერსის დაშორებით მატარებელი არ უდგება. სულ ფეხით ვიარეთ, მარამ ვერცკი გავიგეთ ისე ჩავედით. სუ ვმასხარაობდით. ისევ სულ ერთადა ვართ, ვანოც სულ ჩემთან არის.

ქეთო, რატო ერთ წერილს არ მწერამთ ან თქვენა და ჩვენები. რაც აქავარ ათი წერილი კაჯირში გავგზავნე, ხუთი კი თქვენ გამოგიგზავნეთ. ამ წერილს კი ხელზე ვატან. [...]

საჩქაროთ ვწერ. ახლა მისამართს არ ვაწერ, ვინაიდან მეთაურები გვეუბნებიან, ამ ორ სამ დღეში საქართველოში უნდა დაგაბრუნოთო. შეიძლება თბილისშიც ჩამოვიდე.

ასე იყავით კარგათ და ჯანმრთელად და კოჩაღათ. ახლა შორიდან გამარჯობით და მშვიდობით გწერთ თქვენი კარგი მდომი სოსო".

ეს წერილი 1942 წლის 21 თებერვალს სოსო ხატიაშვილმა ოჯახს გამოუგზავნა. მისი სიტყვები გაყვითლებული ფურცლიდან ამოვიკითხეთ, რომელიც პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული.

ხატიაშვილი სოსოს წერილი ფრონტიდან. 1942 წლის 21 თებერვალი

ხატიაშვილი სოსოს წერილი ფრონტიდან. 1942 წლის 21 თებერვალი

ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

სოსოს რითმებით წერა უყვარდა და ცნობისმოყვარეც იყო, ამიტომ წერილებში უამრავ კითხვას სვამდა. ამას მოწმობს რამდენიმე თვეში, 6 ივლისს, ლენასთვის გაგზავნილი წერილიც, რომელიც ასე იწყება:

"სალამი ლენას. ხელში ვიღებ საწერ კალამს და გისურვებ ძვირფას სალამს, ცხოვრებაში გამარჯვებას და მშვიდობით გზების გავლას".

ხატიაშვილი სოსოს წერილი ფრონტიდან. 1942 წლის 6 ივლისი

ხატიაშვილი სოსოს წერილი ფრონტიდან. 1942 წლის 6 ივლისი

ფოტო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

რა თქმა უნდა, სოსო არ ყოფილა ერთადერთი, ვინც ოჯახის წევრებს თავის ამბებს უყვებოდა და მათგან ყურადღებას ითხოვდა. ომგამოვლილი, ცრემლებით დალაქავებული წერილები კითხვებითაა გაჯერებული. მათ მხოლოდ ერთი რამ უნდოდათ — მეტი გაეგოთ სახლზე, რომელიც ძალიან შორს იყო.

მხოლოდ ომია დამნაშავე

"სალამი ძვირფასო დედიკო. უპირველეს ყოვლისა გისურვებ კარგად ყოფნას და დასახული მიზნების განხორციელებას სრული 100%-ით. ბევრი ხანია თქვენ ჩემი ამბავი არ იცით და მე თქვენი. რა თქმა უნდა, ბრალი მე მიმიძღვის ნაწილობრივ, მაგრამ მთავარი დამნაშავე კი ომია, რომელიც აძნელებს ყველაფერს", — წერდა პავლე ლაბაძე 1945 წელს. ამ დროისთვის ის უკვე სამი წლის განმავლობაში იბრძოდა.

პავლე დედას უყვებოდა, როგორ გაიარა პოლონეთი, რაც "სათქმელად არის ადვილი, თორემ საქმე ძნელია" და როგორ აღმოჩნდა "მტრის ტერიტორიაზე".

პავლე ლაბაძის წერილი ფრონტიდან. 1945 წლის 13 თებერვალი

პავლე ლაბაძის წერილი ფრონტიდან. 1945 წლის 13 თებერვალი

"სახლიდან წერილი ვერ მივიღე. თქვენ მაინც გამომიგზავნეთ. ადრესი კანვერტზე იქნება და წერილი იმ ადრესით გამომიგზავნეთ მაქეთური მისამართიც დაწერეთ ქვეშ. მალე გამომიგზავნეთ წერილი.

შვიდობით. ბევრი პატივი მეცით, მაგრამ კიდევ თქვენი იმედი მაქვს ჩემო ანიტა და გიორგი", — წერდა იონა ფურცხვანიძე 1942 წლის 26 აპრილს.

ფურცხვანიძე იონას წერილი ფრონტიდან. 1942 წლის 26 აპრილი

ფურცხვანიძე იონას წერილი ფრონტიდან. 1942 წლის 26 აპრილი

როგორც ჩანს, მეგობრები, ან იქნებ ნათესავები, უყურადღებოდ არ ტოვებდნენ, რადგან ბიბლიოთეკაში ინახება იონას მიერ 1942 წლის 15 ივლისს გაგზავნილი წერილიც. ის მადლიერებას ვერ მალავს ყურადღების გამო, განსაკუთრებით კი თუთუნი და ხაჭაპური ახარებს.

"შენი გამოგზავნილი თუთუნი მივიღე და ფულიც და ეთი ხაჭაპური, 4 პაჩკა თუთუნი. [...] მომივიდა იმისთანა დროს, რომ ერთ პაპიროსს ათი კაცი ვსვამდით. ახალი მოსული ვიყავი ზინაიტიდან და მშიოდა. ძალიან მინდოდა ჩუმათვე შემეჭამა, მაგრამ ნიკიფორემ შემიხედა და იმა წამართვა, მაგრამ მაინც გული დამიწყნარა".

ფურცხვანიძე იონას წერილი ფრონტიდან. 1942 წლის 15 ივლისი

ფურცხვანიძე იონას წერილი ფრონტიდან. 1942 წლის 15 ივლისი

წერილების უმეტესობას ერთმანეთს ჰგავს. ემოციების გარდა, მათ ფურცლის ბოლოსკენ შეწეპებული სიტყვები და ნაკეცები აერთიანებს. ნაკეცები, რომლებიც ათასობით განცდას სამკუთხედ კონვერტად აქცევდა.

"სალამი ქიოს. რასა იქ, როგორ გიკითხო? სჩანს შენი წერილებიდან, რომ ხარ კარგად, რაც ჩემთვის გასახარელია. იყავი კარგად, გაუმაგრდი დროებით გასაჭირს. თუმცა, ძალიან ვფიქრობ, არ გიჭირს. გასაჭირი ქიოს კიდევ სხვანაირია, რომელიც არც შენ და არც ბევრ სხვა ადამიანებს, არ გამოუცდია", — წერდა ტიტე ჯაფარიძე 1941 წლის 20 აპრილს.

ვრცელ წერილში ტიტე ქიოსთან ერთად განიხილავს სოფლისა და ქალაქის ამბებს და უმხელს ყველაზე ძვირფასს, რაც ფრონტის ხაზზე დარჩა — სიზმრებს.

"სხვა რა მოგწერო. მართლა ქიო, გუშინ ღამ გნახე სიზმარში ვიყავით ზევით სხვავაში. შენ ძალიან კარგად იყავი ვფიქრობდი როგორ გამოცვლილა თქო და იყო კიდევ იქ რაღაც-რაღაცები...

ნავხე აგრთევე დედაჩემი ვითომ აქ ჩამოსულიყო. გავედი, ეზოში შემხვდა. ჯერ ვითომ ვერ ვიცანი, მაგრამ იგი თვითონ მომვარდა და გადამკოცნა. მოკლედ, ქიო, სიზმარში ხშირად გნახულობთ ყველას, რაც ძალიან მოქმედებს.

როცა ვწვებით, ბიჭები ერთმანეთს ვეუბნებით, ამაღამ სახლში მივდივართო, რადგან სიზმრის ნახვას მოველით და შინაურს ვნახავთ ვინმეს".

ტიტე ჯაფარიძის წერილი ფრონტიდან. 1941 წლის 20 აპრილი

ტიტე ჯაფარიძის წერილი ფრონტიდან. 1941 წლის 20 აპრილი

ტიტე ჯაფარიძე ჯარში 1939 წელს გაიწვიეს. ის ომში უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

"წერილი მალე გამომიგზავნე და მეც ხშირათ გამოგგიზავნი", — ასე სრულდება ლონგინოზ დოგრაშვილის წერილი, რომელიც ფრონტიდან 1942 წელს გამოგზავნა. წერილში ჩამოთვლილია უამრავი ადამიანის სახელი და გვარი. თითოეული ახალი წინადადება კი იწყება: "ახლა მომიკითხე".

ახლა ნინა მომიკითხე, ანგელინა, ხელის ჩამორთმევით, დიდი სიყვარულით. ახლა მომიკითხე მიტუშა ხელის ჩამორთმევით, დიდი სიყვარულით. ახლა მომიკითხე არკაშა ტუჩზე კოცნით

მოკითხების გრძელი სია ლონგინოზის სევდით სრულდება: "ახლა იმედი მაქვს, რომ ჩემს ამბავს იკითხავ. მე კარგად ვარ, ჯერჯერობით".

დოგრაშვილი ლონგინოზის წერილი ფრონტიდან. 1942 წელი

დოგრაშვილი ლონგინოზის წერილი ფრონტიდან. 1942 წელი

წერილების უმეტესობა დალაქავებულია და ალაგ ალაგ მელანია წაშლილი. ალბათ, სიტყვები ავტორის ცრემლებმა შეიწირა, ან ადრესატის, ან იქნებ იმ გრძელი და რთული გზის დაღია, რომელსაც დანიშნულების ადგილამდე გადიოდნენ. ერთ-ერთ ასეთ წერილში, რომელიც 1945 წლის 16 დეკემბერს ნიკოლოზ კვირკველიამ გაგზავნა, რამდენიმე წინადადების ამოკითხვა შევძელით:

"ძვირფასო მამა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა შენი ხელით დაწერილი წერილი (ერთი ღია და ერთი დახურული) მივიღე. ეს იყო 14 ნოემბერს, ამას წინად დეპეშაც მივიღე, მხოლოდ ეს იყო ჩემთვის არადასაჯერებელი. მხოლოდ შენმა წერილმა გამახარა ისე, რომ თითქოს სახლში მგონია თავი".

ნიკოლოზ კვირკველია 1945 წლის 16 დეკემბერი

ნიკოლოზ კვირკველია 1945 წლის 16 დეკემბერი

კოტე, გუგული, ჟუჟუ, ტასო, ელისო და კიდევ ათასობით ადამიანი, რომელიც ჯარისკაცებს ენატრებოდათ, ფურცლებს შემორჩენ. ისევე, როგორც პავლე, ივანე, ნიკოლოზი, ლონგინოზი და ათასობით სხვა, ვისი სიცოცხლე თუ არა, ცხოვრების დიდი ნაწილი მაინც, მეორე მსოფლიო ომმა იმსხვერპლა.

წაიკითხეთ ბიბლიოთეკაში დაცული სხვა წერილებიც:

ნიკა გოგიჯანაშვილის წერილი ფრონტიდან. 1943 წლის 14 იანვარი.

ნიკა გოგიჯანაშვილის წერილი ფრონტიდან. 1943 წლის 14 იანვარი.

ნიკა გოგიჯანაშვილი სამ ძმასთან ერთად წავიდა ომში. ცოცხალი მხოლოდ ერთი დაბრუნდა. ნიკა გოგიჯანაშვილი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ბენიამინ ხვედელიძის წერილი. 1940 წლის 18 იანვარი.

ბენიამინ ხვედელიძის წერილი. 1940 წლის 18 იანვარი.

ბენიამინ ხვედელიძე მეორე მსოფლიო ომში, ფინეთის ბრძოლებში დაიღუპა.

ნიკოლოზ კვირკველიას წერილი ფრონტიდან. 1946 წლის 2 მარტი

ნიკოლოზ კვირკველიას წერილი ფრონტიდან. 1946 წლის 2 მარტი

მეორე მსოფლიო ომი 1939-1945 წლებში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას 60-ზე მეტი სახელმწიფო ღებულობდა. დაპირისპირებული მხარეები მოკავშირეები და ნაცისტური გერმანია იყო, სანამ პროცესებში საბჭოთა კავშირი არ ჩაერთო და მსოფლიო ომს სამამულო ომი არ უწოდა. 1945 წლის 8 მაისს ნაცისტური გერმანია მოკავშირეებთან დამარცხდა და კაპიტულაცია გამოაცხადა. თუმცა, ომმა, ისევე, როგორც ნაცისტურმა, ფაშისტურმა და კომუნისტურმა რეჟიმებმა 80 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.