28 ოქტომბრის დილას, Serv.ge-ის სერვერებზე თავდასხმის შედეგად, საქართველოში სამთავრობო, არასამთავრობო თუ კერძო ორგანიზაციის 15 000-მდე საიტი გაითიშა. მათ შორის იყო საქართველოს პრეზიდენტის, სასამართლოების, საკრებულოებისა და მედიასაშუალებების საიტები. რამდენიმე ტელევიზიამ ფუნქციონირება შეწყვიტა.

გამოძიების შედეგი, რომლის მიხედვითაც საქართველოში 2019 წლის ოქტომბერში განხორციელებულ კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისრა, კრემლმა უარყო და საქართველო დასავლელ პარტნიორებთან ერთად რუსოფობიაში დაადანაშაულა.

ერთობლივ გამოძიებას საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი უძღვებოდნენ. შედეგები 2020 წლის 20 თებერვალს გამოქვეყნდა და დასკვნის მიხედვით, საქართველოზე მასშტაბური კიბერთავდასხმა რუსეთის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ განახორციელა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ შეტევის მიზანი ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრა და სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების მოშლა იყო.

გამოძიების შედეგების გამოქვეყნებას კრემლი მომზადებული შეხვდა — რუსული ვერსიის მაქსიმალურად დიდ აუდიტორიაზე გასავრცელებლად საქმეში დიპლომატიური არხები, მართული და დაფინანსებული მედია და რადიკალური გამოცემები ჩაერთნენ. საქართველოში არსებულმა პრორუსულმა გამოცემებმა ასევე გააკრიტიკეს საქართველოს ხელისუფლება და განაცხადეს, რომ "ბრალდებამ" საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ნორმალიზების შანსები შეამცირა.

მრავალი არხის გამოყენებას თავისი მიზეზი აქვს: როცა ერთი და იგივე ნარატივი რამდენიმე წყაროდან ვრცელდება, უფრო დიდი შანსია, რომ მკითხველებმა ის სანდოდ მიიჩნიონ.

ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა ცენტრმა (NCSC) განაცხადა, რომ "მაღალი შესაძლებლობით", თავდასხმის უკან GRU-ს კიბერშეტევის სპეციალური ჯგუფი Sandworm იდგა. ამავე ჯგუფმა ბოლო წლებში რამდენიმე შეტევა მიიტანა უკრაინაზე (BlackEnergy 2015 წელს, Industroyer 2016 წელს, NotPetya 2017 წელს და BadRabbit ამავე წელს). 20-მდე ქვეყანამ საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაში რუსეთი დაადანაშაულა. აშშ-ის, კანადისა და დიდი ბრიტანეთის აზრით, კიბერშეტევა კრემლის გრძელვადიანი კამპანიის ნაწილია, რომელიც საქართველოს დესტაბილიზაციასა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად.

მართალია, დასკვნის გასამყარებელი ტექნიკური დეტალები საჯაროდ არ გავრცელებულა, თუმცა მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ დიდი ბრიტანეთი 95+%-ით დარწმუნებულია გამოძიების შედეგების სიზუსტეში. მსგავს დასკვნამდე მივიდა აშშ-ც, რასაც მხარს უჭერენ მოკავშირე ქვეყნები. რუსეთი კი ბოროტად იყენებს იმ ფაქტს, რომ ანალიტიკური მეთოდოლოგიის დაცვის მიზნით კიბერშეტევის "გამოძიების" დეტალები საჯაროდ ვერ გამოქვეყნდება.

გამოძიების შედეგებს უარყოფენ რუსი პოლიტიკოსები და ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პირველი იყო, ვინც გამოძიების შედეგები საჯაროდ უარყო და საქართველო რუსეთის დემონიზებაში დაადანაშაულა. უწყების განცხადებით, საქართველო და ამერიკა "საეჭვოდ ერთსულოვნები" იყვნენ ამ ბრალდებაში. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა, ანდრეი რუდენკომ და გრიგორი კარასინმა განაცხადეს, რომ ქვეყანას საქართველოს საშინაო საქმეების ჩარევის სურვილი არ გააჩნია, ბრალდება კი ანტირუსული პროპაგანდის გამოვლინება იყო.

დუმის ერთ-ერთმა დეპუტატმა, ანტონ მოროზოვმა კი ალტერნატიული "ახსნა" მოიფიქრა იმისთვის, თუ რატომ შეიძლება საქართველოს რუსეთისაკენ გაეშვირა ხელი. მისი აზრით, ეს მზარდი პრორუსული სენტიმენტების ჩასახშობად ხდება. მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას რუსეთთან მეგობრობა სურს, თუმცა საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ორი ერი "ხელოვნურად დააშოროს".

მოროზოვის კომენტარები რუსულმა მედიაპორტალებმა აქტიურად გააშუქეს.

ფოტო: ზემოთ, მარცხნიდან მარჯვნივ: Polit Ekspert/archive, Nation News/archive, Media Repost/archive;
ქვემოთ, მარცხნიდან მარჯვნივ: Imag.one/archive, Federal News Agency/archive, Economy Today/archive.

მოროზოვის მტკიცება იმაზე, რომ ორ ქვეყანას შორის უთანხმოებას ქართული მხარე ქმნის, ირონიულია — მზარდი უკმაყოფილების მიზეზი (მხოლოდ უკანასკნელ ისტორიულ მოვლენებს რომ გადავხედოთ) რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციაა. NDI-ის 2019 წლის გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 21%-ს სურს რუსეთთან ურთიერთობის დათბობა. იგივე მაჩვენებელი 2015 წელს 30% გახლდათ. გამოკითხვაში ქართველების 31% ამბობს, რომ საქართველოს უსაფრთხოებას მთავარ საფრთხეს რუსეთის სამხედრო აგრესია უქმნის. ამ საფრთხეების გასანეიტრალებლად მოქალაქეების 74% ნატოში ინტეგრაციის მომხრეა.

რუსი დიპლომატები სოციალურ მედიაში საგარეო საქმეთა სამინისტროს ნარატივს აძლიერებენ

როგორც კი ჩვენმა დასავლელმა მოკავშირეებმა კიბერთავდასხმა დაგმეს, რუსი დიპლომატები სოციალურ ქსელებში გააქტიურდნენ და საქართველოს მხარდამჭერების მიმართ საყვედურები არ დაიშურეს. რუსეთი დიდი ხანია, ამ ტაქტიკას იყენებს — კრიტიკის მიღების შემთხვევაში დიპლომატიური ორგანოები ოფიციალური ანგარიშებიდან დეზინფორმაციას ავრცელებენ და დასავლური ქვეყნების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. მაგალითად, 22 თებერვალს, აშშ-ში რუსეთის საელჩომ ფეისბუქზე დაპოსტა, რომ "უსაფუძვლო ბრალდებები" რუსეთის მიმართ გულდასაწყვეტია, თუმცა არა — გასაკვირი. საელჩომ ამერიკელ დიპლომატებს "ყვითელი პრესის მეთოდების გამოყენებისთვის" უსაყვედურა, ხოლო ვაშინგტონი საერთაშორისო სტანდარტების უგულებელყოფაში დაადანაშაულა.

წინა დღეს კანადაში მდებარე რუსეთის საელჩომ დატვიტა, რომ აშშ, კანადა და საქართველო "რუსოფობიის შემცველ ტყუილებს და ყალბ ამბებს" ავრცელებდნენ. რუსოფობიის შესახებ ბრალდებები კრიტიკის საპასუხოდ კრემლის კარგად ცნობილი სტრატეგიაა. DFRLab-მა ცოტა ხნის წინ აჩვენა, რომ სიტყვა "რუსოფობიის" გამოყენება სოციალურ ქსელებში ყირიმის 2014 წლის ანექსიის შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა. კონტექსტი მაშინაც იგივე იყო — უცხოეთის კრიტიკაზე რუსეთის მთავრობის პასუხი და თავის მსხვერპლად წარმოჩენა. ცოტა ხნის წინ კრემლმა ასევე უარყო კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელება და მიუხედავად მტკიცებულებებისა, კვლავ რუსოფობია მოიყვანა "თავდასხმის" მიზეზად.

რუსეთის დიპლომატიური სოციალური მედიის ანგარიშები საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ანტი-ქართული და ანტი-დასავლური ნარატივით ამყარებენ.

ფოტო: მარცხნიდან მარჯვნივ: Embassy of Russia in Canada/archive, Embassy of Russia in the United States/archive, Embassy of Russia in the United Kingdom/archive.

დიდ ბრიტანეთში მდებარე რუსეთის საელჩომ ასევე ოფიციალური ანგარიშიდან დატვიტა, რომ ბრიტანეთი ცდილობდა, რუსეთისთვის იმიჯი შეელახა. საელჩომ განაცხადა, რომ კიბერუსაფრთხოება რუსეთისა და ბრიტანეთის საერთო ინტერესია.

დიპლომატიური არხებიდან გავრცელებული ეს ონლაინ მესიჯები ფარისევლურია. 2006-2016 წლებში კრემლთან დაახლოებულმა ჯგუფებმა ჯამში 14 კიბერთავდასხმა განახორციელეს სხვადასხვა ქვეყნის წინააღმდეგ. ამ მოვლენების გათვალისწინებით, წარმოუდგენელიც კია, რომ აშშ-მ და ბრიტანეთმა კიბერუსაფრთხოების ასამაღლებლად რუსეთთან ითანამშრომლონ.

მოედანზე გამოდის Russia Today და სპუტნიკი

შემდეგი ნაბიჯი, რომელსაც კრემლმა თავის პროპაგანდისტულ სტრატეგიაში მიმართა, რუსულ მასშტაბურ გამოცემებთან, Russia Today-სთან (RT) და სპუტნიკთან იყო (Sputnik) დაკავშირებული. 2020 წლის 22 თებერვალს რაშა თუდეიმ გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერდა, რომ ამ "ვითომდა გამოძიებით" აშშ რუსეთის დაზარალებას ცდილობდა და საქართველოს კვლევის ყალბ შედეგებს აწვდიდა. აქვე იყო მოყვანილი იური როგულევის ციტატა, სადაც ის ყოველგვარი არგუმენტის გარეშე აცხადებდა, რომ დასავლეთი პროპაგანდისტულ მეთოდს მიმართავს და ტყუილებს იმეორებს, რათა საკუთარი ვერსია სიმართლედ წარმოაჩინოს.

Sputnik Georgia-მ კი ინტერვიუ ჩამოართვა საინფორმაციო უსაფრთხოების ექსპერტს, ვიტალი ვეხოვს, რომელიც ირწმუნებოდა, რომ გრუ-ს რომ საქართველოს წინააღმდეგ კიბერთავდასხმა მოეწყო, ეს უფრო პროფესიონალურ დონეზე განხორციელდებოდა. ის ასევე ამბობს, რომ თავდასხმა საქართველოში არსებული პოლიტიკური ძალების მიერ იყო დაფინანსებული და არც იმას გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ თავად შეუწყო ხელი შეტევას, რათა საბოლოოდ რუსეთი დაედანაშაულებინა.

სპუტნიკმა ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, სახელად "დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ საინფორმაციო ომი წამოიწყო". Sputnik Abkhazia-მ კი ტექ-ჟურნალისტი, ალექსანდრ მაიარევსკი ჩაწერა, რომელმაც განაცხადა, რომ ეს უფრო ხულიგნობა იყო, ვიდრე მთავრობის მხრიდან მიზანმიმართული ქმედება. ის ირწმუნებოდა, რომ GRU ამ თავდასხმის უკან ვერ იდგებოდა, რადგან კრიტიკული ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა, რაც რუსეთის მთავარი ინტერესი იქნებოდა საქართველოში

საქართველოს არასდროს უარუყვია გამოძიებაში აშშ-სა და ბრიტანეთის ჩართვა. უფრო მეტიც, მსგავსი მასშტაბების კიბერთავდასხმის გამოსაძიებლად მათი რესურსების გამოყენება უმნიშვნელოვანესი იყო. რაც შეეხება სამიზნეს, მართალია, ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა, თუმცა კიბერთავდასხმამ არეულობა და დაუცველობის შეგრძნება ნამდვილად გამოიწვია, რაც რუსეთის ინტერესებთან თანხვედრაშია.

ასპარეზზე რუსული არამეინსტრიმული მედიებიც გამოვიდნენ

რუსულმა არამეინსტრიმულმა ონლაინ მედიებმა სასწრაფოდ აიტაცეს ნარატივი იმაზე, რომ დასავლეთი თავდასხმას რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკურ იარაღად იყენებდა. მაგალითად, Voennoe Obozreniye-ის სტატიის ავტორმა დაწერა, რომ აშშ ამ "ე.წ შეტევით" ისარგებლებდა და რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო პროვოკაციისთვის ქართულ მხარეს საკუთარ ძალებს დაახმარდა. სინამდვილეში კი აშშ-მ საქართველოს კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად შესთავაზა ტექნიკური დახმარება.

2020 წლის 21 თებერვალს Mirovoe Obozrenie-მ გამოაქვეყნა ინტერვიუ კრემლის მხარდამჭერ ექსპერტთან, მიხაილ სინელნიკოვ-ორიშაკთან, რომელიც ამბობდა, რომ საქართველო და აშშ რუსეთს განტევების ვაცად გამოიყენებდნენ. ერთი დღით ადრე, Pravdo Ryb-მა მკითხველს ასევე კრემლის მხარდამჭერი ექსპერტის, ანატოლი ვასერმანის მოსაზრებები შესთავაზა, რომელიც ირწმუნებოდა, რომ მსოფლიოში მომხდარი კიბერთავდასხმების უდიდესი ნაწილი ამერიკის დაზვერვიდან მოდის, რომელიც საკუთარ დანაშაულს ოპონენტებს აბრალებს.

კრემლის მხარდამჭერი არამეინსტრიმული მედია მოსკოვის ნარატივს აძლიერებს.

ფოტო: მარცხნიდან მარჯვნივ: Mirovoe Obozrenie/archive, Voennoe Oborenie/archive, Pravdo Ryb/archive, right.

პრორუსულმა ქართულმა მედიებმა ანტიდასავლური მესიჯები გაავრცელეს

ანტიდასავლურ რიტორიკას არც საქართველოში არსებული პრორუსული მედიები გამოჰკლებიან. 2 მარტს პრორუსულმა გამოცემა საქინფორმმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ავტორი წერდა, რომ რუსეთის დადანაშაულებით საქართველო და აშშ თბილისში ჩანიშნულ ევროპის საბჭოს მინისტერიალში ლავროვის მონაწილეობისთვის ხელის შეშლას გეგმავდნენ.

თუმცა, ჯერ კიდევ 26 თებერვალს გახდა ცნობილი, რომ მინისტერიალი თბილისის ნაცვლად სტრასბურგში, საფრანგეთში გაიმართებოდა. ადგილის შეცვლა პროტესტის სავარაუდო ტალღამ გამოიწვია, რაც ლავროვის ჩამოსვლას მოჰყვებოდა. თუ გავითვალისწინებთ, რამდენად სურდა მთავრობას ამ ღონისძიების საქართველოში ჩატარება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლიტიკოსებს კიბერთავდასხმაში რუსეთის დადანაშაულებით სპეციალურად გაეღვივებინათ უარყოფითი განწყობა კრემლის მიმართ.

შეჯამება

პოსტსაბჭოთა ქვეყნების გამოცდილებამ არაერთხელ აჩვენა, რომ რუსეთი მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებს და, განსაკუთრებით, არჩევნებს პოლიტიკური უპირატესობის მოსაპოვებლად იყენებს. ამისთვის მოსკოვს როგორც ღია, ისე ფარული ტაქტიკა აქვს. გასულ წელს USAID-ისა და East-West Management Institute-ის მიერ გამოქვეყნებულმა ერთობლივმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტები რუსული ოპერაციების წინააღმდეგ დაუცველნი არიან.

ამ შემთხვევაში მოსკოვმა მრავალარხიანი, სრულფასოვანი პროპაგანდის ჩართვა მაშინვე შეძლო, როგორც კი გამოძიების შედეგები ცნობილი გახდა. ერთი მხრივ, მედიის გამოყენებით, მეორე მხრივ კი, საკუთარი თანამონაწილეობის უარყოფით, რუსეთმა სცადა, წარმოეჩინა, თითქოს მისი ვერსია უფრო დამაჯერებელია. ირონიულია, რომ უარყოფისკენ მიმართულმა ამგვარმა ქმედებებმა კრემლის კვალი კიდევ უფრო შესამჩნევი გახადა.

გაეცანით DFRl-ის წინა კვლევას ქართულ ენაზე:

ატლანტიკური საბჭო მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, რომლის მისიაც "გლობალური მომავლის ჩამოყალიბებაა". ატლანტიკური საბჭო მსოფლიო მოვლენებში აშშ-ის ჩართულობის გაზრდითა და პარტნიორებთან მუშაობის გზით გლობალური გამოწვევებისთვის გამოსავალს ეძებს.

ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორია იდენტიფიცრებას უკეთებს და ააშკარავებს დეზინფორმაციას მსოფლიოს გარშემო, რითაც ღია კვლევის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.
სტატია მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებლები არიან On.ge და DFRLab. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.