იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში, წმინდა ცეცხლის ცერემონიალი შესრულდა.

კორონავირუსის გამო, რიტუალი მომლოცველების გარეშე გაიმართა. მორწმუნეები პროცესს თვალს პირდაპირ ეთერში ადევნებენ.

ქრისტეს აღდგომის ტაძარში მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიებიდან 15 წარმომადგენელი დაუშვეს. რაც შეეხება წმინდა ცეცხლს, მას სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, სპეციალური რეისებით წაიღებენ.

წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა, ყოველ დიდ შაბათს, ადგილობრივი დროით 13:00-დან 15:00 საათამდე ხდება.

მართლმადიდებელი სამყარო ხვალ, 19 აპრილს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს.

წმინდა ცეცხლის რიტუალისგან და მართლმადიდებელი ეკლესიების სრული უმრავლესობისგან განსხვავებით, საქართველოს საპატრიარქო კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში და სახლში დარჩენის რეკომენდაციის საწინააღმდეგოდ, სააღდგომო ღვთისმსახურებებს, ფაქტობრივად, უცვლელად ასრულებს. საქართველოს მთავრობა და საპატრიარქო შეთანხმდნენ, რომ აღდგომის ლიტურგიას მრევლი დაესწრება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ინფიცირებულები, რომლებმაც არ იციან დაავადების არსებობის შესახებ, ეკლესიებში მივლენ და ავად გახდიან ყველას. მან ასევე აღნიშნა, რომ თუ არ გვინდა საქართველო კუბოების რაოდენობას ვეღარ აუდიოდეს, ყველა სახლში უნდა დარჩეს. მეორე დღეს გამყრელიძემ მოსახლეობას მოუწოდა, რომ ეკლესიაში არ წავიდნენ და სახლში დარჩნენ. მისი თქმით, ერთხელ ტრადიციაზე უარის თქმის გამო, ღმერთი არ გაბრაზდება და ასე ქვეყანა გადაარჩენენ. მანვე სთხოვა ეკლესიას, რომ შეეცვალათ სააღდგომო ლიტურგიის ფორმატი.

ვირუსის ფართოდ გავრცელების საფრთხის შესახებ ეპიდემიოლოგებისა და ექიმების არაერთი მოწოდების მიუხედავად, მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილებაა, რომ აღდგომის ღამეს დიდ ეკლესიებში მრევლმა ორმეტრიანი დისტანცია დაიცვას, პატარა ტაძრებში კი ეზოში განაწილდეს. საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, მრევლი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და დილის 6 საათზე წამოვა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება პოლიცია.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 385 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 84, ხოლო გარდაიცვალა 3 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4971 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი — 519.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: