ყველაფერი, რაც ცნობილია ახალ 120/30 სისტემაზე — მოკლედ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა არის სისტემა 120/30?

დიპლომატებთან ფორმალური და არაფორმალური მოლაპარაკებების თითქმის სამთვიანი ეტაპი დასრულდა — ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა. შედეგად, საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული სისტემით ჩატარდება — 120/30-ზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში პარტიული სიით 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატს ავირჩევთ, მაჟორიტარი კი 73-ის ნაცვლად მხოლოდ 30 იქნება.

რას გულისხმობს ახალი სისტემა?

საქართველოს პარლამენტში 150 წევრია და ამ დრომდე ქვეყანაში შერეული სისტემა მოქმედებს — თითქმის თანაბარი რაოდენობით ვირჩევთ დეპუტატებს სიით და მაჟორიტარული პრინციპით. ახალი სისტემა შეცვლის მაჟორიტარულ ოლქებსაც, რადგან ამჯერად უფრო ნაკლები მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა იქნება საჭირო. რა პრინციპით გაიყოფა ან გაერთიანდება ოლქები, ჯერ უცნობია.

ცვლილება შეეხება საარჩევნო ბარიერსაც. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი აქამდე პარტიას პარლამენტში მოსახვედრად მოსახლეობის 5%-ის მხარდაჭერა სჭირდებოდა, ახალი სისტემით 1%-იანი ბარიერის გადალახვაც საკმარისი იქნება. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში ბევრი პატარა პარტიაც მოხვდება.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმდნენ, ე.წ. 40%-იანი ჩამკეტის შემოღებაა, რაც იმას გულისხმობს, რომ პოლიტიკური ძალა, რომელსაც 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერა ექნება, პარლამენტში კი მოხვდება, მაგრამ მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს.

შეთანხმების შემდეგ, ყველაზე მეტი კითხვა მაჟორიტარების ირგვლივ რჩება. მაჟორიტარული მანდატების შემცირება საარჩევნო ოლქების შემცირებას გულისხმობს, ანუ დღის წესრიგში ოლქების საზღვრების გადახედვა დგება. ამიტომ, საარჩევნო სისტემის ცვლილების პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ მაჟორიტარები და საარჩევნო გეოგრაფიაა.

რა პოზიცია აქვთ პარტიებს?

როგორც უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, ოლქების საზღვრებს ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად განსაზღვრავენ და "სასურველია", რომ ეს საზღვრები უკვე აისახოს იმ პროექტში, რომელიც პარლამენტში 11 მარტს იქნება ინიცირებული.

"საზღვრები 30 ოლქად უნდა განაწილდეს. თბილისს 7-8 მანდატი უწევს, იმის მიხედვით, როგორ განაწილდება საზღვრები. ქუთაისს, ბათუმს, რუსთავს თითო მანდატი უწევს. არის შემთხვევები, როცა ერთი რეგიონი უნდა იყოს ერთი ოლქი, მაგალითად, გურიის რეგიონი იქნება ერთი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. სხვა შემთხვევებში შესაძლოა 2-3- 4 ოლქად დაიყოს რეგიონები. მთავარია, რომ თანაბრობის პრინციპი იქნება დაცული", — ამბობს კობახიძე.

ოპოზიციაში 2020 წლის არჩევნებისთვის საერთო მაჟორიტარების დაყენებაზე მსჯელობენ. გაიჟღერა გვარებმაც, რომლებიც შესაძლოა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატები იყვნენ. თუმცა, საერთო მაჟორიტარებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

ის პარტიები კი, რომლებიც ამ მოლაპარაკებებში ჩართულნი არ არიან, ერთიან ოპოზიციასთან ამ საკითხზე თანამშრომლობას არ გამორიცხავენ.

როგორც სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, მზად არიან, საერთო მაჟორიტარებთან დაკავშირებით ახალ დისკუსიაში ჩაერთონ.

"30 მაჟორიტართან დაკავშირებით მსჯელობაში ჩავერთვებით და საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე აზრებს გავცვლით, თუმცა ჯერ ნაადრევად მიგვაჩნია, იმიტომ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ახლა ეს შეთანხმება კანონში და კონსტიტუციაში აისახოს", — აცხადებს ელისაშვილი.

ლელო საქართველოს წევრი, დავით უსუფაშვილი On.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ საერთო მაჟორიტარებთან დაკავშირებით ოპოზიციის კონსულტაციებში ლელო, ალბათ, მაისის ბოლოს ჩაერთვება. მისი თქმით, ოლქების რაოდენობისა და საზღვრების დადგენა კონსტიტუციის დონეზეა საჭირო.

"შესაძლოა იყოს სხვადასხვა ტიპის შეთანხმებები სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის. ლელოს სახელით, ჯერ ჩვენ ამ თემაზე არავისთან არ შევთანხმებულვართ. ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა, რომ რამდენიმე ოლქში, თუ ეს იქნება 30 ოლქი, შესაძლოა ჩვენ კონკურენტები არ დავუყენოთ ძლიერ ოპოზიციურ კანდიდატებს, რომელსაც ჩვენი მხარდაჭერა ისედაც შეიძლება ჰქონდეს. ბუნებრივია, სანაცვლოდ, შესაძლოა მათ ჩვენს კანდიდატებს არ დაუყენონ კონკურენტები", — ამბობს უსუფაშვილი.

რას ფიქრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები?

თუმცა, ხელისუფლების მიერ შეთავაზებული 1%-იანი ბარიერი, შესაძლოა, სწორედ ოპოზიციის ერთიანობის წინააღმდეგ იყოს მიმართული და შედარებით მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიების ოპოზიციური ერთობისგან გამოყოფას ისახავდეს მიზნად.

მიუხედავად ამისა, არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელი, მიხეილ ბენიძე On.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ 120/30-ზე საარჩევნო სისტემაში 1%-იანი ბარიერი გარკვეულწილად "მისასალმებელია". მისი თქმით, ეს დაკარგული ხმების რაოდენობას შეამცირებს და მაჟორიტარული არჩევნების შედეგად მიღებული დისპროპორცია კიდევ უფრო მეტად არ გაიზრდება.

"აღარ იქნება დისპროპორცია დაკარგული ხმების შედეგადაც. ვგულისხმობ, რომ მაგალითად, ბოლო არჩევნებზე, როდესაც 5%-იანი ბარიერი იყო, დაახლოებით 20% მოსახლეობის ხმებისა წავიდა ისეთ პარტიებთან, რომელთაც ეს 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს. შესაბამისად 20%-ის წარმომადგენლობა პარლამენტში უზრუნველყოფილი არ იყო", — ამბობს ბენიძე.

მიხეილ ბენიძე, ასევე, საუბრობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტზეც და ამბობს, რომ ამ დათქმით მთავრობის ერთპიროვნულად დაკომპლექტება არცერთი პოლიტიკური პარტიისთვის იქნება მარტივი. მისივე თქმით, ასეთ პირობებში ლოგიკური გამოსავალი გარკვეული სახის კოალიციური მთავრობის შექმნა იქნებოდა.

"კონკრეტული საარჩევნო სისტემის მოდელი არც ოპოზიციას აყენებს უპირატეს პირობებში და არც ხელისუფლებას. არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ გამარჯვება შეიძლება ჰქონდეს გარანტირებული ასეთი ტიპის საარჩევნო სისტემაში. ეს საერთო ჯამში სამართლიანია", — აცხადებს ბენიძე.

რა უნდა ვიცოდეთ კიდევ?

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება პარლამენტში ყველაზე გვიან 11 მარტისთვის უნდა მოხდეს. ინიცირების შემდეგ დასამტკიცებლად საჭირო პროცედურებს დაახლოებით სამი თვე დასჭირდება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პრეზიდენტი: ამ პირობებში არ შეიძლება სხვა პოლიტიკური გამოსავალი იყოს, თუ არა არჩევნების დანიშვნა

იმედი მაქვს, რომ ყველამ დეტალურად წაიკითხა [ეუთო/ოდირის დასკვნა] იმიტომ, რომ ყველამ დეტალურად უნდა წაიკითხოს ეს…