საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ქართული ოცნება საპარლამენტო არჩევნებზე 50%-ზე მეტი მხარდაჭერის მოპოვებას გეგმავს და ამიტომ, ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული 40%-იანი მხარდაჭერის სისტემას "დაუფიქრებლად" თანხმდებიან.

"ჩვენ არა თუ 40%-ის ფარგლებში, არამედ 50%-ზე მეტის მიღებას ვგეგმავთ. აქედან გამომდინარე ეს ჩვენთან დღის წესრიგში საერთოდ არ იდგა. მაგრამ რადგან ოპონენტები ამბობენ, რომ 40%-ზე მეტი მაინც ხომ უნდა ჰქონდეს მმართველ გუნდს, რომელსაც მთავრობის დაკომპლექტების პრეტენზია აქვს, კი ბატონო, ჩვენ ამაზე, ფაქტიურად, დაუფიქრებლად ვთანხმდებით", — განაცხადა მდინარაძემ.

ოპოზიციის ლიდერის დაკავება და შეწყვეტილი დიალოგი

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაპირება არ შეასრულა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უმრავლესობის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიპლომატების მედიატორობით დაიწყო. სადაც მმართველმა გუნდი ოპოზიციას პროპორციული მანდატების 100-მდე გაზრდას და მაჟორიტარულის 50-მდე შემცირებას სთავაზობდა.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიპლომატების ორგანიზებული მოლაპარაკებები ოპოზიციონერ გიგი უგულავას დაკავების შემდეგ ჩაიშალა. თბილისის ყოფილ მერსა და ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს პატიმრობაში ყოფნა ისევ 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით მოუწევს. საქმეზე, რომელზეც უგულავა რამდენიმე წლის წინ მსჯავრდებული იყო, გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ დღეს, 10 თებერვალს გამოაცხადა.

უგულავას განაჩენის გამოცხადების შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემაზე მთავრობასთან მოლაპარაკებას წყვეტს და საპროტესტო აქციები დაიწყება. მათი თქმით შემდგომ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს, თუ მმართველი გუნდი პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებს და ისეთ საარჩევნო მექანიზმს არ დათანხმდება, რომელიც 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიას არ მთავრობის დაკომპლექტების საშუალებას არ მისცემს.

სამთავრობო გუნდის ლიდერებმა მომხდარის შეფასება არ ისურვეს და აშშ-ის ელჩთან შეხვედრის დატოვების შემდეგ კი განაცხადეს, რომ მოგვიანებით ისაუბრებენ. დეპუტატებმა კი მომხდარი "ადეკვატურ განაჩენად შეაფასეს".