რომელი რძეა ბუნებისთვის ყველაზე ნაკლებად საზიანო?
ბევრი მომხმარებლისთვის, რომელიც გარემოს დაცვის მიზნით ძროხის რძეზე უარს ამბობს და მცენარეულ რძეს მოიხმარს, ცუდი ამბავი გვაქვს:
ცხოველური რძის ყველაზე პოპულარულ ჩამნაცვლებელს — ნუშის რძეს ბუნებაზე არც ისე კარგი გავლენა აქვს. აღმოჩნდა, რომ ნუშის რძის მასობრივი წარმოება ეკოსისტემისთვის საკმაოდ საზიანოა.
ბოლო კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ, მაგალითად, კალიფორნიაში, ნუშის რძის ინდუსტრიამ 50 მილიარდი ფუტკარი იმსხვერპლა. ფუტკრები კი ეკოლოგიაში ძალიან მნიშნველოვან როლს თამაშობენ.
ჩნდება ბუნებრივი კითხვა: რომელი მცენარეული რძე არის გარემოსთვის ყველაზე ნაკლებად საზიანო?
ამ კითხვაზე მარტივი პასუხი არ არსებობს. ძროხის რძის ყველა ალტერნატივას აქვს თავისი მინუსები, თუმცა რომელიც არ უნდა იყოს ეკოლოგიურად ყველაზე უვნებელი ალტერნატივა, ძროხის რძის წარმოებას ყველა მათგანი სჯობს.
2018 წლის ოქსფორდის კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ ერთი ჭიქა ძროხის რძის წარმოება სამჯერ მეტ სათბურის აირის ემისიას უკავშირდება და მიწის ცხრაჯერ დიდ ფართობს საჭიროებს, ვიდრე ნებისმიერი მცენარეული რძე.
მიუხედავად ამისა, "ბნელი მხარე" მცენარეულ რძესაც აქვს. ხშირად ამ მცენარეების გაზრდა და მონომარცვლეული კულტურები (მიწის დიდ ფართობზე ერთი და იგივე მცენარის მოყვანა) ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ეკოსისტემისთვის საზიანოა.
ქოქოსი: აბსოლუტური ტრაგედია
ქოქოსის რძეს ეგზოტიკური და ჯანსაღი სასმელის რეპუტაცია აქვს, თუმცა გაჭირვებული რეგიონებისთვის, როგორიცაა ფილიპინები, ინდონეზია და ინდოეთი, ის ცუდ სამუშაო პირობებს უკავშირდება.
ზემოხსენებულ ქვეყნებში, ქოქოსის შემგროვებლებს ხშირად დღეში ერთ აშშ დოლარზე ნაკლებს უხდიან.
რადგან ქოქოსი მხოლოდ ტროპიკულ კლიმატში იზრდება, გლობალური მოთხოვნა მუშების ექსპლოატაციას და ჯუნგლების განადგურებას იწვევს.
"ქოქოსის ინდუსტრია აბსოლუტური ტრაგედიაა. ქოქოსის რძით სამჭლის მომზადება ძალიან მიყვარს, თუმცა ქოქოსის პროდუქტების ყიდვა თავს ცუდად მაგრძნობინებს. ინდონეზიის ფერმერები საჭმელს ოჯახების გამოსაკვებად და ადგილობრივი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად უნდა ზრდიდნე", — ამბობს საკვების მდგრადი განვითარების კონსულტანტი ისააკ ემერი.
არაეთიკური პროდუქციის მოხმარებისგან თავის ასარიდებლად, უმჯობესია "Fair trade" სერტიფიკატის მქონე პროდუქტი შეიძინოთ.
ნუში: საფრთხე ფუტკრებისთვის
ნუშის ხეები, რძის მწარმოებელ სხვა მცენარეებთან შედარებით, ნაკლებ ადგილს იკავებენ. თუმცა მათი გაზრდა დიდი რაოდენობით წყლის მარაგს საჭიროებს. მომრწყავი სისტემების მასობრივი გამოყენება კი ნახშირორჟანგის მაღალ ემისიებს უკავშირდება.
აქვე აღსანიშნავია, რომ ნუშის ხეების დამტვერვისთვის მწარმოებლები ფუტკრებს იყენებენ. ამ პროცესს 2019 წელს აშშ-ში კომერციული ფუტკრების 1/3 ემსხვერპლა.
ბრინჯი: წყალი, წყალი, წყალი
მიუხედავად იმისა, რომ ბრინჯის რძის წარმოება იაფი და ხელმიწსაწვდომი ალტერნატივაა, მას ბევრი მკვებავი ელემენტი აკლია და არც გარემოსთვისაა დიდად სასარგებლო.
ბრინჯის წარმოება წყლის უზარმაზარ რაოდენობას საჭიროებს და მცენარეული რძეებიდან სათბურის აირების ყველაზე დიდ ემისიებთან არის დაკავშირებული. ბრინჯის ფერმებში მობინადრე ბაქტერიები მეთანის უზარმაზარ რაოდენობას გამოყოფენ.
კაკალი: შედარებით სუფთა ალტერნატივა
კაკლის რძე მკვებავი ელემენტებით სავსეა და გემრიელიც არის, ამასთანავე მისი წარმოება ეკოლოგიურად სუფთად ხდება. ნუშის ხეებისგან განსხვავებით, კაკლის ხეები ქარით იმტვერებიან, შესაბამისად მათ კომერციულ წარმოებას მწერებზე ნაკლები უარყოფითი ეფექტი აქვთ.
კაკალი შედარებით ნესტიან გარემოშიც იზრდება, შესაბამისად წყალმომარაგება დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.
კანაფი და სელი: ნაკლებად ცნობილი ნიშა
კანაფის და სელის რძე, ცხოველურ და სხვა მცენარეულ რძესთან შედარებით ეკოლოგიურად უფრო სუფთაა. ორივე მცენარე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში იზრდება და მონოკულტურებისგან განსხვავებით, ბუნებისთვის ნაკლებად საზიანოა. ორივე მცენარის თესლი მკვებავი ელემენტებით არის სავსე.
სოიო: წარმოების მასშტაბების მიუხედავად, ნაკლებად საზიანო ბუნებისთვის
ოქსფორდის უნვიერსიტეტის კვლევის მიხედვით, საერთო ჯამში სოიოს რძეს, მასობრივ წარმოებასთან შედარებით, ბუნებაზე ყველაზე ნაკლები უარყოფითი ეფექტი აქვს. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ სოიოს რძე მკვებავი ელემენტების რაოდენობით, ცხოველურ რძესთან ყველაზე ახლოსაა.
ნუშის პოპულარულობამდე, სოიოს რძე ყველაზე გავრცელებული ალტერნატიული მცენარეული პროდუქტი იყო. ბევრისთვის სოიოს რძის ჰორმონალური შემადგენლობა განგაშის მიზეზი გახდა. აღსანიშნავია, რომ სოიოს რძე ისეთ ჰორმონებს შეიცავს, რომელიც ადამიანებსაც აქვთ, ამიტომ ბევრი შიშობს, რომ სოიოს პროუდუქტები ენდოკრინოლოგიურ პრობლემებს გამოიწვევს.
თუმცა ექსპერტების თქმით, ამისთვის სოიოს რძის არაადამიანურად დიდი რაოდენობის მიღებაა საჭირო.
სოიოს ერთადერთი უარყოფითი მხარე ისევ პირუტყვთან არის ასოცირებული. აღსანიშნავია, რომ სოიოს ხშირად საქონლის გამოსაკვებად იყენებენ. ფერმების გასაშენებლად კი დიდი რაოდენობით ტყეები იკაფება.
შვრია: ყველაზე კარგი ალტერნატივა
შვრიის რძე სოიოსავით პოპულარული არ არის, თუმცა ეკოლოგიურად ყველაზე უსაფრთხო მცენარეული ალტერნატივაა.
Good Food ინსტიტუტის მეცნიერების და ტექნოლოგიების ასოცირებული დირექტორის, ლიზ სპექტის თქმით, "ნაკლებად სავარაუდოა, რომ შვრიის რძის წარმოების ზრდა გაუთვალისწინებელ ეკოლოგიურ პრობლემებს გამოიწვევს".
შვრია შედარებით გრილ კლიმატურ პირობებში იზრდება, მაგალითად, აშშ-ის ჩრდილოეთ ნაწილში და კანადაში, შესაბამისად, ის გაჭირვებული ქვეყნების გაუტყეურებასთან ნაკლებად არის ასოცირებული.
შვრიის ერთადერთი უარყოფითი მხარე მისი მონოკულტურული წარმოება და პესტიციდების ჭარბი გამოყენებაა. მკვლევრებმა შვრიის პროდუქტების 1/3-ში გლოკოფოსფატი იპოვეს, რაც პოტენციური კარცენოგენია.
ამის მიუხედავად ბევრი შვრიის რძის მწარმოებლის პროდუქცია გლიკოფოსფატისგან თავისუფალია და შესაბამისი სერტიფიკაცია გააჩნია.
ძროხის რძეს ყველაფერი სჯობს
საბოლოო ჯამში, რომელი მცენარეული რძეც არ უნდა მოიხმაროთ, ცხოველურ რძეს სავარაუდოდ ყველა მათგანი ჯობს. ყველა არსებული მეტრიკით, ძროხის რძის წარმოება მცენარეულ რძესთან შედარებით, ბუნებისთვის ბევრად საზიანოა.
"რაც გსურთ ის დალიეთ", — ამბობს ემერი, "თუ ცხოველურ რძეზე უარი თქვით, ბუნებას ამით უკვე მნიშვნელოვნად ეხმარებით".
კომენტარები