პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ირაკლი შოთაძის მოსმენისას ოპოზიციის წევრების ბიძინა ივანიშილის ნიღბით შესვლას გამოეხმაურა და თქვა, რომ "ძალიან შემაძრწუნებელი იყო".

ვოლსკიმ გენერალური პროკურორის დანიშვნაზე საუბრისას წინა ხელისუფლებასთან პარალელი გაავლო და თქვა, რომ დღეს პროკურატურაზე გაცილებით "ინტენსიური კონტროლია".

"ძალიან შემაძრწუნებელი იყო რასაც ვუყურე. ადამიანები არიან იმ პოლიტიკურ ძალაში, თვითონ არ ჩაუდენიათ, მაგრამ სისხლი დაღვარეს. ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანი გააუბედურეს. დღეს ისე იქცევიან გეგონება დემოკრატიის ერთადერთი მაძებარები არიან და თანაც ევროპის ეგიდით... ეს არის სირცხვილი. არაფერი ისეთი არ ხდება, ზოგი მხარს უჭერს, ზოგი არ უჭერს. სკანდალის შექმნის ასეთ სურვილს ნუ აყვებით. რა მოხდა, არაფერი არ არის", — განაცხადა გია ვოლსკიმ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს უნდა მოუსმინონ, ოპოზიციის წევრები ბიძინა ივანიშვილი ნიღბებით მივიდნენ.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, რომელსაც ივანიშვილი ნიღაბი ეკეთა, შოთაძეს მიმართა: "ჩახედეთ თვალებში პოლიტპატიმრებს, ამის მონა ხართ".

ოპოზიციის წევრებმა, იურიდიული კომიტეტზე დამსწრე დეპუტატებს პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ბუკლეტებიც დაურიგეს.

დღეს, 17 თებერვალს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ. ყოფილი გენერალური პროკურორი საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატად შეარჩია. შოთაძემ კენჭისყრაზე ყველაზე მეტი, 11 ხმა მიიღო. ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს უჭერს მმართველი გუნდი.

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაინიშნა.

ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია შოთაძის კანდიდატურამ, რომელმაც თანამდებობა 2018 წელს, მას შემდეგ დატოვა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხორავას ქუჩის საქმეზე არასრულწლოვანი დავით სარალიძის მკვლელი ვერ გამოვლინდა და საპროტესტო აქცია დაიწყო. შოთაძის გადადგომას მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები ითხოვდნენ.

პროკურატურიდან წასვლის შემდეგ შოთაძე ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მიწვეულ ასოცირებულ პროფესორად მუშაობდა. გარდა ამისა, ის სილქნეტის იურიდიული კონსულტანტი იყო.